მასალის ინგლისური ვერსია ხელმისწავდომია ამ ბმულზე.
ინტერნეტ არქივი (Internet Archive) და Wayback Machine გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის შეუფასებელი წყაროა.
Internet Archive არაკომერციული ბიბლიოთეკაა, რომელიც უკვე 25 წელია სხვადასხვა ინფორმაციას მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომს ხდის. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტია Wayback Machine, რომელიც დღეში 1 მილიარდზე მეტ ინტერნეტ-ბმულს აარქივებს და უზრუნველყოფს საჯარო ქსელის დიდი ნაწილის ხელმისაწვდომობას.
თუ დაინტერესდით გამოძიებასთან დაკავშირებული რჩევებითა და ინსტრუმენტებით, არ დაგავიწყდეთ, ეწვიოთ გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის რესურსცენტრის გვერდს (GIJN’s Resource Center).
ჟურნალისტებს, მკვლევარებს, ფაქტების შემმოწმებლებს, აქტივისტებსა და საზოგადოებას ყოველდღიურად სხვადასხვა გზით შეუძლია Wayback Machine-ის უფასო მომსახურებით სარგებლობა. რამდენიმე ათასი სტატია ეძღვნება ამ ხელსაწყოს სარგებლიანობას. მაგალითად, გლობალური საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის (GIJN) „ჩემი რჩეული ინსტრუმენტების“ სერიის 2020 წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში რამდენიმე წამყვანმა გამომძიებელმა ჟურნალისტმა Wayback Machine ერთ-ერთ საკვანძო ინსტრუმენტად დაასახელა.
ქვემოთ მოცემული შესავალი განკუთვნილია იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან სამომავლო გამოძიების პროცესში Wayback Machine-ის გამოყენებით.
URL-ს ანუ ვებსაიტის ბმულის დაარქივება
მაგალითად, გამოაქვეყნეთ სტატია, რომელშიც ნახსენებია კონკრეტული ვებგვერდი, საიტის მფლობელმა კი, გარკვეული დროის შემდეგ, ეს გვერდი ან მთელი საიტი წაშალა. ბმული მთლიანად დაიკარგება, თუ დაარქივებული არ არის.
მომხმარებლები ყოველ დღე ათობით მილიონ URL-ს აარქივებენ Wayback Machine-ის “Save Page Now (შეინახე გვერდი ახლა)” მომსახურების საშუალებით. ნებისმიერს შეუძლია სასურველი URL-ის შეყვანა, თუმცა, თუ არქივის უფასო ანგარიშით სარგებლობთ, მაშინ, შეგიძლიათ, რომ დაარქივოთ ნებისმიერი „გარე ბმული“ (outlink) _ შერჩეულ ვებგვერდზე არსებული გარე ბმულები, რომელთა დამახსოვრებაც (capture) ასევე გსურთ. შემდეგ დამახსოვრების პროცესის ანგარიში ელ-ფოსტით გადმოგეგზავნებათ.
აქვე ერთი ტექნიკური დეტალი: თუ გაქვთ იმ URL-ების ჩამონათვალი, რომელთა დაარქივებაც გსურთ, დაურთეთ ისინი Google Sheet-ის “A სვეტს” და დაიმახსოვრეთ გვერდის შენახვის ფუნქციის (“Save Page Now”) საშუალებით, რომელიც, შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე. B, C, და D სვეტებში ჩასმული იქნება სტატუსკოდი, დაარქივებული URL და დროშა იმ შემთხვევაში, თუ URL მანამდეც იყო დაარქივებული Wayback Machine-ის საშუალებით.
კიდევ ერთი ვარიანტია ცალკეული URL-ს დამახსოვრება ელ-ფოსტის საშუალებით. შეგიძლიათ, სასურველი URL გაგზავნოთ spn@archive.org-ზე და, სურვილის შემთხვევაში, დაურთოთ სიტყვები “capture outlinks” („დაიმახსოვრე გარე ბმულები“) საგნობრივ ველში. ამგვარად ისინიც შენარჩუნდება. პროცესის დასრულებისთანავე, ანგარიშს მიიღებთ ელ-ფოსტით.
და ბოლოს, ტექნიკურად უფრო განსწავლულთათვის, Wayback Machine უზრუნველყოფს API-ს, ანუ პროგრამულ ინტერფეისს, რომლის ინტეგრირებაც შესაძლებელია სამუშაო ნაკადის მართვის პროგრამებში და, ასევე, ხელს უწყობს ახალი აპლიკაციების შემუშავებისას სამუშაოს ავტომატიზაციას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში არსებულ არაკომერციულ ტექნოლოგიურ ორგანიზაცია „მიდანს“ (Meedan), რომელიც გლობალური ჟურნალისტიკის გაძლიერების ინიციატივებსა და კომპიუტერულ პროგრამებს შეიმუშავებს, თავისი “Check” (შემოწმების) მომსახურება ინტეგრირებული აქვს Wayback Machine-ში.
სხვადასხვა დაარქივებულ ვერსიაში შეტანილი ცვლილებების შედარება
ოდესმე დაგჭირვებიათ თუ არა ერთი და იმავე ვებგვერდის ორი ვერსიის შედარება? მაგალითად, კომპანიის ან ინდივიდის მიერ საიტზე განხორცილებული ცვლილების ან გადაკეთებული ფორმულირების გამოსავლენად? ამის საშუალებას „ცვლილებების“ (“Changes”) ფუნქცია გაძლევთ.
ამ ფუნქციის გამოსაცდელად, Wayback Machine-ის საწყის გვერდზე მოცემულ საძიებო ველში შეიყვანეთ ნებისმიერი დაარქივებული URL. შემდეგ, აირჩიეთ „Change“.
ჩამოიშლება სხვადასხვა დროს დაარქივებული ვერსიების ჩამონათვალი; ცვლილებები ფერებითაა აღნიშნული, რათა აისახოს ორ სხვადასხვა დროს დაარქივებულ URL-ს შორის განსხვავების (ცვლილების) ხარისხი.
შემდეგ, მონიშნეთ URL-ის ნებისმიერი ორი დათარიღებული ვერსია, რომლებიც გვერდიგვერდ გამოჩნდება, ხოლო ტექსტებს შორის სხვაობები აღინიშნება ლურჯად და ყვითლად. Wayback Machine-ის ეს ფუნქცია გამოიყენეს ბრიტანელი ბლოგერისა და პოლიტიკური მრჩეველის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობის გამოაშკარავებისას. როგორც ნაჩვენებია ქვემოთ დართულ სკრინშოტზე.
Wayback Machine-ის „ცვლილებების“ (“Changes”) ფუნქციამ ასახა, თუ როგორ შეიტანა ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ყოფილმა უფროსმა მრჩეველმა დომინიკ კამინგსმა ფარული შესწორებები (მარჯვნივ, ლურჯად) თავდაპირველ ბლოგპოსტში (მარცხნივ).
დეტალიზებული ძიება ინტერნეტ არქივში
რადგან Wayback Machine-ში დაარქივებულ URL-ებთან დაკავშირებული ტექსტი ინდექსირებული არ არის, მომსახურებას ჯერ არ შეუძლია სრული ტექსტის ძიების ინტერფეისის შეთავაზება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ სასურველი URL, რათა ვებგვერდის არქივს მიაგნონ.
თუმცა Wayback Machine-ის ინჟინრები ამჟამად მუშაობენ ვებგვერდებთან დაკავშირებული სხვადასხვაგვარი მეტამონაცემის ინდექსირებაზე არქივების კონკრეტული კოლექციებისთვის. (გთხოვთ, კონკრეტულ კოლექციებთან დაკავშირებული მომსახურებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიძიოთ Internet Archive-ის საწყის გვერდზე.)
API-ების (პროგრამული ინტერფეისის) გამოყენება Wayback Machine-ის საშუალებით
გარდა API-სა, რომელიც უზრუნველყოფს “Save Page Now” მომსახურების მხარდაჭერას, ასევე, არსებობს API-ები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, გაარკვიოთ, დაარქივებულია თუ არა Wayback Machine-ში სპეციფიკური URL-ები.
ისევე, როგორც მომსახურებათა უმეტესობის შემთხვევაში, Wayback-ს არ აქვს დაწესებული API-ების მოხმარების სიხშირის ფორმალური ზღვარი. თუმცა, შეიძლება, ხანდახან გაატაროს შემზღუდავი ან მარეგულირებელი ზომები. Wayback Machine-ის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემის შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტით ან Twitter-ის პირდაპირი შეტყობინების (DM) საშუალებით; ჩვენთვის ჟურნალისტების მხარდაჭერა უმთავრესი პრიორიტეტია.
დაარქივებული გვერდებისთვის კონტექსტის დამატება
ვაცნობიერებთ რა იმ ფაქტს, რომ კონტექსტი და წყარო აუცილებელია ნებისმიერი არქივის უკეთ საკვლევად, დავიწყეთ კონტექსტის ბანერების დართვა, რომლებიც მუდმივ მომხმარებლებს არქივის რესურსების უკეთ შესწავლაში დაეხმარება. ამ ტიპის ბანერების გამოყენება ხელსაყრელია, როცა დაარქივებული ვებგვერდი წაშლილია ან როცა გვერდის შესახებ დაწერა რომელიმე ცნობილმა კვლევითმა ორგანიზაციამ.
საიტის თითოეული დაარქივებული URL-ის წარმოშობის წყარო შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ვებგვერდის შესასწავლად. მაგალითად, არის თუ არა კონკრეტული გამოსახულება დაარქივებული იმავე თარიღსა და დროის იმავე მომენტში, რომელშიც ვებგვერდზე არსებული დანარჩენი ელემენტები? ამ ინფორმაციის ნახვა შეიძლება „About this capture” ფუნქციის გამოყენებით, რომელიც მოთავსებულია დაარქივებული URL-ის დათვალიერების (ჩვენების) გვერდზე.
მსოფლიოს სასამართლოთა უმეტესობა Wayback Machine-ის საშუალებით მოპოვებულ სამხილებს მტკიცებულებად მიიჩნევს.
თუ გსურთ, “Save Page Now” („შეინახე გვერდი ახლა“) ფუნქციის გამოყენებით შექმნილ არქივს კონტექსტი დაურთოთ, გთხოვთ, მოგვმართოთ.
ბრაუზერის გაფართოებები
ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ გვაქვს Safari-ს, Firefox-ისა და Chrome-ისთვის, ასევე, iOS-ისა და Android-ისთვის შესაფერისი აპლიკაციები.
საჯარო ქსელის დიდი ნაწილის დაარქივების გარდა, Internet Archive, ასევე, ინახავს მასალების სხვადასხვა კოლექციას, მათ შორის, 25 მილიონზე მეტ გამოქვეყნებულ (საჯარო) სამეცნიერო ნაშრომს და უზრუნველყოფს მათ ხელმისაწვდომობას Internet Archive Scholar-ის მომსახურების საშუალებით; აქ იძებნება დაახლოებით 30 მილიონი ელ-წიგნი და ტექსტი, რომლებიც, შეგიძლიათ, ჩამოტვირთოთ ან დროებით ითხოვოთ; ასევე, იძებნება მილიონობით საათის მოცულობის დაარქივებული სატელევიზიო გადაცემა (ათობით სადგური დაახლოებით 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში) მათთან დაკავშირებული ტიტრების ინდექსირების მეშვეობით.
შეგიძლიათ, Internet Archive-ისა და Wayback Machine-ის პროექტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებულ სიახლეებს თვალი ადევნოთ Twitter-ზე: @internetarchive და @waybackmachine, ასევე, იკითხოთ ჩვენი ბლოგპოსტები.
მარკ გრეჰემი უკვე ხუთ წელზე მეტია, Wayback Machine-ს უძღვება. აქამდე NBC News Digital-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი იყო. გრეჰემი მონაწილეობდა აშშ-საბჭოთა კავშირის დამაკავშირებელი პირველი ელ-ფოსტის ფორმირებაში; შეიმუშავა ონლაინდისკუსიის სისტემის პირველი ქსელური ინტერფეისის შექმნის პროექტი; მონაწილეობდა iVillage-ის, ქალებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი პირველი ონლაინ მომსახურების მართვაში.