fbpx
ქუთაისის მე-9 სკოლის უსასრულო რეაბილიტაცია

ქუთაისის მე-9 სკოლის უსასრულო რეაბილიტაცია

ახალ სასწავლო წელს ისევ სხვაგან შეხიზნულები შეხვდნენ ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. მესამე წელია, მათი თავშესაფარი მე-12 და მე-11 საჯარო სკოლებია. ამ დროის განმავლობაში 1170 მოსწავლეს არეული გრაფიკი აქვს, არასაკმარისი ფართის გამო მეორე ან მესამე ცვლაში დადიან. 

“გაწამებული ვარ, მეორეკლასელი სხვაგან დამყავს, უფროსი-სხვაგან. როგორ უნდა ვატარო ასე ერთი ალთას, მეორე ბალთას…”- გვეუბნება მე-9 სკოლის მოსწავლეების მშობელი. 

ეს არეულობა გამოიწვია იმან, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტი დათქმულ დროში ვერ დასრულდა. “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო” რომ ამბობენ, ასეა ამათი საქმეც. როგორც ჩანს, ვერ მოიშალეს ჩვევა, რომ შენობების რეაბილიტაციას არასაკმარისი კვლევებით იწყებენ, პრობლემებს მოულოდნელად აწყდებიან, პროექტს გზადაგზა ცვლიან და საქმეც უჭიანურდებათ.

ადრე გიყვებოდით, როგორ გაწელეს ხონის სოფელ გორდის საჯარო სკოლის და ტყიბულში სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ახლა მათ ბედს ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა იზიარებს. თანაც, ამბის “მოქმედი გმირები” უცვლელია, დამკვეთი – მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროექტების ავტორი – შპს “ინდუსტრია.”

ვინ ზარალდება გაჭიანურებული სამუშაოებით?

მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მოსწავლეებს 15 სექტემბერს ახალგარემონტებულ სკოლაში მიიყვანდნენ. თუმცა, ცოტა ხნით ადრე გაიგეს, რომ ოქტომბრის ბოლომდე ისევ ონლაინ სწავლებას სთავაზობდნენ. ამას მშობლები არ დათანხმდნენ და კვლავ სხვა სკოლის შენობებში მოუწიათ გადანაწილება.

უკანა ეზო 1 აგვისტოს ფოტო სკოლის ფეისბუქი
სკოლის უკანა ეზო რეაბილიტაციის პროცესში, 01.08.2023.
ფოტო: მე-9 სკოლის ფეისბუქ გვერდი

ერთ-ერთი მშობლის თქმით, სკოლა დროულად იმიტომ ვერ გაიხსნა, რომ ლიფტების დამონტაჟება გაჭირდა. ლიფტები ჯერ დაგვიანებით მიიღეს, ხოლო როცა ჩამოვიდა, დიდი ზომის აღმოჩნდა და შენობას ვერ მოარგესო. ამიტომ, სიმყარისთვის, კედლებში რკინაბეტონის კონსტრუქციების დამატება გახდა საჭირო.

ლიფტების გარდა მე-9 სკოლის გახსნა ბევრი სხვა მიზეზით შეფერხდა. მუნიციპალური განვითარების ფონდი გვეუბნება, სექტემბრის ბოლოს ყველაფერს მოვრჩებითო. ჩვენც დავაკვირდებით, ამჯერად მაინც შესრულდება თუ არა პირობა. იქამდე კი მოგიყვებით, რატომ ვერ ეღირსათ ბავშვებს ახალი სკოლა მთელი სამი წლის განმავლობაში.

აი, ფაქტი” ესაუბრა ამ ამბით შეწუხებულ მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს, თუმცა მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს. ამიტომ, სტატიაში ნახსენები ყველა სახელი და გვარი პირობითია.

“ყოველ წელს გვეუბნებიან, აი, ამ სემესტრში შევალთო და ასე მოგვიყვანეს აქამდე. ჩვენს ჯგუფში 30 ბავშვი იყო, ახლა 19 არის დარჩენილი, გადავიდნენ სხვაგან… შარშან მეექვსეკლასელს მთელი წელი არ ჩატარებია მუსიკა, ხელოვნება და სპორტი, საგანიც კი არ იციან რა არის. რაც უტარდებოდათ, გაკვეთილების შემცირების ხარჯზე, ტექსტის წაკითხვას და გააზრებას ვერ ასწრებდნენ, გაკვეთილებიც და შესვენებაც შემცირებული იყო… .”- გვითხრა მარიამმა. მისი ორივე შვილი მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ფასადი 22 სექტემბერი
მე-9 საჯარო სკოლის ფასადი.
ფოტო: 2023 წლის 22 სექტემბერი

“იმ პირობით დავრჩით ამ სკოლაში, რომ 15 სექტემბერს ძველ შენობაში შევიდოდით. კი მინდოდა გადაყვანა, მაგრამ ახალი სკოლა და თავიდან ადაპტაცია ძალიან რთულია ბავშვებისთვის. ამ არეული გრაფიკის გამო უფროსი სწავლას ჩამორჩა და მხოლოდ ჩემი შვილი არაა ასე ,”- გვითხრა სოფომ.

მე-9 საჯარო სკოლის კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი შიშობს, რომ სკოლა გახსნის შემდეგაც არ იქნება სანდო და უსაფრთხო. 

“არ ვიცით, შენობის დასრულების შემდეგ რა დასკვნას დადებს ექსპერტიზა, იქნება თუ არა საჯარო, ან შეგვეძლება თუ არა ნდობა. მეშინია ძალიან,”- ამბობს თამარი.

როგორ და ვის მიერ მომზადდა სკოლის რეაბილიტაციის პროექტი?

2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მე-9 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი შპს “სამეცნიერო, საპროექტო – ტექნოლოგიურ საწარმო ინდუსტრიას” 47,900 ლარად მოამზადებინა.

კომპანიის უნდა ეკვლია როგორც ტერიტორიის გეოლოგია, ისე სკოლის შენობების მდგრადობა, ფუძე საძირკვლების და მზიდი ელემენტების მდგომარეობა. ბოლოს, ამ სამუშაოებზე დაყრდნობით კი შეედგინა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

სამუშაოები სკოლის ტერიტორიაზდე ფგოტო ინუსტრიას პროექტი
“ინდუსტრიას” სამუშაოები სკოლის ტერიტორიაზე.
ფოტო: რეაბილიტაციის პროექტი

“ინდუსტრიას” ექსპერტებმა მე-9 სკოლის შენობაზე რამდენიმე სტრუქტურული პრობლემა დაინახეს. მაგალითად ის, რომ ბათქაშჩამოცლილი იყო ინტერიერის და ექსტერიერის კედლები და სჭირდებოდა შელესვა-მოპირკეთება, ასევე დეფორმირებული იყო სართულშუა გადახურვების კოჭები. თუმცა, 94-გვერდიან დოკუმენტში არსადაა ნახსენები სკოლის კედლების დეფორმირება ან დაბზარვა.

სანამ მოგიყვებით, რა სიურპრიზები დახვდა მშენებელ კომპანიას ადგილზე, გაგახსენებთ რეაბილიტაციის პროექტზე პასუხისმგებელი “ინდუსტრიის” ბიოგრაფიას.

ამ კომპანიამ შეისწავლა ხონში, სოფელ გორდის სკოლის ტერიტორია, საინჟინრო-გეოლოგიური პირობები და შენობის საძირკველი. დაწერა, ყველაფერი კარგად არისო. არადა, თურმე, ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაში იყო და შენობის ფლიგელს ნაპრალები ჰქონდა. ამის გამო სამუშაოები გაიწელა და ხონის სამი სოფლის ბავშვები, სამი წლის განმავლობაში კერძო სახლებში შეყუჟულები სწავლობდნენ.

“ინდუსტრია” უყურადღებობა არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ კვლევის დოკუმენტებში ხონის ნაცვლად, ხან ზესტაფონს წერდნენ, ხან ვანს, ხანაც – ზუგდიდს.

რამ შეაფერხა მე-9 სკოლაში მიმდინარე სამუშაოები?

2020 წლის შემოდგომაზე სკოლის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 3-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს “დამბამ” გაიმარჯვა. კომპანიას საქმის დასარულებლად, თავდაპირველად, თერთმეტი თვე ჰქონდა.

რეაბილიტირებულ სკოლას განახლებული უნდა ჰქონდეს კედლები, ფასადი, კარ-ფანჯრები, გადახურვა, ჭერი და იატაკი. ეს ყველაფერი კი 2021 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო. რატომ გაჯანჯლდა საქმე?

9 სკოლის რეაბილიტაციის პროცესი 1 აგვისტო ფოტო სკოლის ფეისბუქი
მე-9 სკოლა რეაბილიტაციისას, 01.08.2023. ფოტო: სკოლის ფეისბუქ გვერდი

კომპანიამ ხელშეკრულება 2020 წლის 28 ოქტომბერს დადო, მაგრამ საქმეს თვენახევრის შემდეგ შეუდგა. ამბობენ, რომ დაყოვნების მიზეზი სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბანი და პანდემიის გამო დაწესებული კომენდანტის საათი იყო.

ამას მოჰყვა ის, რომ მუშაობის დაწყებისთანავე შეფერხდნენ, ადგილზე “სიურპრიზი” დახვდათ – დეფორმირებული და დასანგრევი კედელი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მშენებლობა შეაჩერა, კედლის დემონტაჟი-მონტაჟისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებამდე. საბოლოოდ, ამ კედლის სრულად დანგრევა და ახლის აგება გადაწყდა, რის გამოც “დამბას” სამუშაოების ვადა რვა თვით გადაუწიეს, 2022 წლის 28 მაისამდე.

მოგვიანებით, მშენებელი კომპანია “დამბა” ახალ თავსატეხს წააწყდა – სამუშაო პროცესში გამოჩნდა, რომ ამორტიზებული იყო სპორტული დარბაზის ფლიგელი და სამხარაულის ბიუროს დასკვნით, ის სრულად უნდა დანგრეულიყო. გეგმებში შეიცვალა ისიც, რომ სართულებს შორის რკინა-ბეტონის და ლითონის კოჭების მაგივრად ხის მსუბუქი კონსტრუქციები უნდა მოეწყოთ.

დარბაზი 2019 წლის მდგომარეობით. ინდუსტრიას პროექტიდან
სპორტული დარბაზი 2019 წლის მდგომარეობით.
ფოტო: “ინდუსტრიას” პროექტიდან

საბოლოოდ, სპორტული დარბაზი რომ დაენგრიათ და განახლებულ პროექტს მიჰყოლოდნენ, ამისთვის “დამბას” ვადა კიდევ შვიდი თვით გადაუწიეს – 2022 წლის 5 დეკემბრამდე.

2023 წლის გაზაფხულზე მორიგი გაუთვალისწინებელი პრობლემა გამოჩნდა. “შენობის მარჯვენა ფლიგელში, მესამე საერთულიდან მეორე სართულის გასწვრივ გამოიკვეთა ორი ვერტიკალური, საკმაოდ დიდი ბზარი, რომლებიც აქამდე ხილული არ იყო,”- წერდა “დამბა” მგფ-ს, 15 მარტს გაგზავნილ წერილში. ფლიგელის გამაგრების პროექტს კი ორი თვის განმავლობაში ელოდნენ.

საბოლოოდ, კომპანიამ ეს ფლიგელი კი მოიყვანა მწყობრში, მაგრამ სხვა საქმეს მოცდნენ. ამიტომ, აგვისტოში დროის გახანგრძლივება კიდევ ითხოვეს – 2023 წლის 30 სექტემბრამდე.

პროექტის ავტორისგან გვაინტერესებდა, რატომ არ იცოდა არაფერი დაბზარულ და დეფორმირებულ კედლებზე, ან სპორტული ფლიგელის არამდგრადობაზე მაშინ, როცა შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული კვლევა ევალებოდათ. “ინდუსტრიას”, მფლობელმა და დირექტორმა კახა მახვილაძემ გვითხრა, პროექტზე დეტალურად მე ვერა, მაგრამ მიხეილ ფაშიაშვილი გაგესაუბრებათო. აღმასრულებელ დირექტორ ფაშიაშვილთან ოთხჯერ დავრეკეთ – პირველ ზარზე არ გვიპასუხა, მეორედ დაკავება იყო, ბოლო ორ ჯერზე კი გაგვითიშა.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

“დამბას” დირექტორმა გიორგი ჯაბიძემ გვითხრა, რომ სკოლაზე მუშაობისას ბევრ სირთულეს წააწყდნენ:

“უკანა მხარის შუა კედლები ჩამოიშალა და აღვადგინეთ. მერე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ სკოლა და მარჯვენა ფლიგელში შევამჩნიეთ ბზარები. გადავწყვიტეთ, დამატებით გამაგრებულიყო შენობა [გარედან რკინის კონსტრუქციებით]. ბავშვები არიან, მაინც აუცილებელია, რომ თავი დაგვეზღვია. სპორტული ფლიგელიც დავანგრიეთ, მეორე ფლიგელიც დავანგრიეთ, არ შეიძლებოდა იმის აღდგენა.”

ინტერიერი 1 აგვისტო სკოლის ფეისბუქიდან
განახლებული ინტერიერი 1 აგვისტოს მდგომარეობით. ფოტო: ფეისბუქი

“რეაბილიტაცია ბოლო ფაზებშია, მინიმალური სამუშაოებია დარჩენილი, პირველ სემესტრში შევალთ ჩვენს სკოლაში აუცილებლად. ეს რკინის კონსტრუქციები ისეთი სერიოზული არაფერია, როგორც სარტყელი, ისეა შენობაზე,”- გვითხრა მე-9 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო ქუთათელაძემ. ისიც დაამატა, შენობაში შესვლამდე ექსპერტიზა ჩატარდება და სწავლას ამის შემდეგ დავიწყებთო. თუმცა, როგორც ჩანს, არ აქვს ინფორმაცია, რომ რკინის “სარტყელი” ბზარების აღმოჩენის შემდეგ, სკოლის სიმყარისთვის გახდა საჭირო.

მუნიციპალური განვითარების ფონდიც თამამად გვეუბნება, რომ სკოლის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია, მაგრამ არ ვიცით, რამდენად სანდოა მათი სიტყვები, ასეთი უთავბოლო და ზერელედ დაგეგმილი სამუშაოების ფონზე.

“აი, ფაქტი” იმერეთის სკოლების რეაბილიტაციის პროცესს მომავალშიც მიადევნებს თვალს. ფაქტია, პასუხისმგებელი პირები ამ საქმეს გულგრილად უდგებიან და ვერც წარსულის შეცდომებზე სწავლობენ. აგერ უკვე მესამე სკოლის მოსწავლეები დააზარალეს – ზოგი ხონში, ხოგი ტყიბულში და ზოგიც ქუთაისში.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს ინფრასტრუქტურის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
მიწის საკუთრების ამონაწერები: სასარგებლო, მაგრამ რთულად მისაგნები
მიწის საკუთრების ამონაწერები

მიწის საკუთრების ამონაწერები: სასარგებლო, მაგრამ რთულად მისაგნები

მასალის ინგლისური ვერსიის სანახავად მიჰყევით ბმულს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share