fbpx
mechiauri

მეჭიაურმა კანონი დაარღვია: მისმა მიწამ ადგილი შეიცვალა

თამაზ მეჭიაურმა თანამშრომლების დახმარებით იუსტიციის სამინისტრო მოატყუა. თიანეთის მერმა 16 წლის წინ სახელმწიფოსგან მიწა მიიღო, რომელიც მისი სახლისგან მოშორებით მდებარეობს. ახლა მეჭიაურმა მოახერხა, რომ მოშორებით არსებული ნაკვეთები მისი სახლის სიახლოვეს გადმოეტანა. ამით მან დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ჯარიმას ან 2-4 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

ალბათ, იკითხავთ, მიწა როგორ გადმოიტანაო. მარტივად, საბუთების გაყალბებით. საქართველოში ასეთი პრაქტიკა დამკვიდრდა: მაგალითად, მე ნაკვეთი წლების წინ A პუნქტში შევიძინე, ან სახელმწიფომ მომაკუთვნა, თუმცა, საჯარო რეესტრის ციფრულ ბაზაში ამ ნაკვეთის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. დღეს უკვე აღარ მომწონს ამ ნაკვეთის მდებარეობა და ვფიქრობ, რომ უკეთესიც შეიძლებოდა. გადავწყვეტ, რომ ჩემი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების დახმარებით ნაკვეთს ადგილი შევუცვალო. რას ვაკეთებ ამისთვის?

1. ვპოულობ სასურველ ნაკვეთს, რომელიც ასევე არაა რეგისტრირებული ციფრულ ბაზაში და რომელიც ჩემი ნამდვილი მიწის ზომისაა (დოკუმენტებში მითითებული რიცხვები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს);
2. მივმართავ საჯარო რეესტრს ამ ახალი ნაკვეთის ჩემს სახელზე რეგისტრირებისთვის;
3. საჯარო რეესტრი საქმეს განსახილველად უგზავნის ადგილობრივ მთავრობასა და სპეციალურ კომისიას, რომელიც მხოლოდ მიწის რეგისტრაციის პროცესსზეა პასუხისმგებელი;
4. ადგილობრივმა მთავრობამ, წესით, ადგილზე უნდა გაგზავნოს პირი, რომელმაც უნდა ნახოს ნაკვეთი, შეამოწმოს დოკუმენტები და მისწეროს საჯარო რეესტრს, რომ ნაკვეთი ნამდვილად ამ პირის საკუთრებაა და ყველა საბუთი წესრიგშია.

მეჭიაურმა მერად არჩევიდან 5 თვის შემდეგ გადაწყვიტა, თავისი კუთვნილი 4,720 კვ.მ. მიწა სახლთან ახლოს დაერეგისტრირებინა. მეჭიაურის პირველი მიმართვის საპასუხოდ, 2018 წლის ივნისში საჯარო რეესტრმა განაცხადა, რომ საკუთრების უფლებისდამდგენ დოკუმენტსა და აზომვით ნახაზზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამიტომ საქმე განსახილველად თიანეთის მერიას გადაუგზავნა. და აი, აქ დაიწყო საქმის მოკვარახჭინება. თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა თავადაც მოაწერა დოკუმენტს ხელი და სხვა მოწმესაც მოაწერინა. ამ დოკუმენტით დადასტურდა, რომ მეჭიაურის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში აღნიშნული ნაკვეთები ერთმანეთს ემთხვეოდა. თუმცა, არც ერთი მოწმე ადგილზე არ მისულა და ნაკვეთი არ უნახავთ.

დარიკო ყირიმელაშვილი თიანეთის ბიბლიოთეკაში მუშაობს. ჯუნა მოსახლიშვილი კი მერიის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებს. ოქმზე სწორედ მათი ხელმოწერაა. ჩვენ ორივეს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ. “მე ის მიწის ნაკვეთი არ მინახავს. ჯუნამ მთხოვა და მოვაწერე. იმიტომ მთხოვა, რომ მე იქ ვიყავი, შემიძლია გავიდე და აგერ ნებისმიერი მოაწერსო, ასე მითხრა. ვიცოდი, რომ მიწის ნაკვეთის დაკანონება იყო. ის, რომ ადგილზე მივსულიყავი და მიწის ნაკვეთი მენახა, პეტრესი თუ პავლესი, ეს არ ყოფილა,“ გვითხრა ყირიმელაშვილმა.

ჯუნა მოსახლიშვილი კი ამბობს, რომ მან გამზადებული დოკუმენტები და ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, თიანეთის გამგეობისგან მიიღო. “ვიკითხე, ეს არასდროს გამიკეთებია და როგორ გავაკეთოთქო. ამიხსნეს, ორთოფოტოზე და აზომვით ნახაზზე ფართობი თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ ამას ხელს მოაწერო.”

მოსახლიშვილი ფიქრობს, რომ მიწის რეგისტრაციის პროცესი ამ ფორმით არ უნდა მიმდინარეობდეს: “ვინმე რომ მიწას ირეგისტრირებს, გამზადებული საბუთები მოდის ჩვენთან. მანამდე ჩვენთან არავინ მოდის და არავინ გვეკითხება, ეს მართლა მისი საკუთრებაა თუ არა. ამ დროს ჩვენ არანაირი დოკუმენტები არ გვაქვს, არც კომპიუტერი გვაქვს. ასეთი ფურცლები მოდის და როგორც მითხრეს ისე გავაკეთე.“

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კი გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, სახელმწიფოსგან კანონით დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების, ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირების – მათ შორის მოწმეების, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ჩვენებებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, სრულყოფილად გამოიკვლიოს მიწის ნაკვეთის რეალური მდებარეობის საკითხი და მის მიერ შესწავლილი ინფორმაცია დეტალურად აღწეროს შესაბამის ადგილზე დათვალიერების ოქმში.

მოწმეების ჩაწერის შემდეგ ბუნებრივია, დაინტერესებულ პირს, თავად თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურსაც შევხვდით, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ზაქარია ქუცნაშვილის (პარლამენტის წევრი, რომელთანაც მას პიროვნული დაპირისპირება გააჩნია) მიგზავნილები ვართ. მერი ჩვენგან ითხოვდა ზაქარია ქუცნაშვილი ქონება შეგვემოწმებინა და არა მისი საქმიანობა.

ინტერვიუს ბოლოს მერი თავად აღიარებს, რომ 1992 წელს სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი და წელს დაკანონებული მიწის ფართობი იდენტური არ არის და მან ნაკვეთები სხვაგან, მისი სახლის მიმდებარედ დაიკანონა.

„ჩემი სახლის გვერდზე იყო მდინარე „იორის“ კალაპოტი. მას შემდეგ, რაც იორი მოაქციეს ჯებირებში, კალაპოტი დარჩა, რასაც იყენებდნენ სანაგვედ. მე სანაგვე ქვიშით დავაფარინე, ავიყვანე მიწის დონეზე, მერე შემოვღობე. ამ ნაკვეთებს უკვე წლებია მე ვუვლი და რომ მეთხოვა საჯარო რეესტრისთვის, ისედაც დამირეგისტრირებდნენ. მაგრამ მე არ ვქენი ეგრე და იმ 1992 წელს მოკუთვნებული მიწის ფართობზე ნაკლები დავირეგისტრირე სახლთან ახლოს. ისეთი სულელი გგონივართ, ათასი კაცი მყავს ჩასაფრებული და ოქროც რომ ეჩუქებინათ ჩემთვის, ამას ავიღებდი? ამ ჯაგებს კი არ ავიღებდი, აგერ სიონშია ოქროს ფასი და იმ მიწას ავიღებდი.”

მერმა ჩვენი ინტერვიუს პროცესში გამოიძახა მისივე თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ქონების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი და მას სთხოვა ყველაფერი უკეთ აეხსნა. თამარ ზარლუაშვილმა გვითხრა, რომ ნაკვეთები იდენტურია, რაც თავად მერის ნათქვამს ეწინააღმდეგება. „ნაკვეთები იდეტურია, მას ჰქონდა დოკუმენტები რომ ფლობდა 0,75 ჰექტარს და ამის დაკანონების უფლება ჰქონდა. რა დოკუმენტებიც ჰქონდა ბატონ თამაზს, იმ დოკუმენტების საფუძველზე დგინდება იდენტობა. ყველა დოკუმენტი არსებობს, რომ ეს მიწა იდენტურია,“ – გვითხრა მან.

ამ დროს საუბარში მეჭიაური ერთვება: ”არ არის იდენტური.”

ამის შემდეგ ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ოქმზე ხელმომწერი პირები ადგილზე ნაკვეთის სანახავად. მეჭიაურმა გვითხრა, რომ ისინი მას არ წაუყვანია, თუმცა, ადგილზე ნამდვილად იყვნენ.

ბოლოს, თიანეთის მერმა გვითხრა, რომ ის ნაკვეთი, რაც მას რეალურად ეკუთვნოდა, მშვენიერ ადგილას ყოფილა. „გუშინ მოვიკითხე ის ადგილი, რომელზეც მედავებიან, რომ თითქოს ცუდის ნაცვლად კარგი ავიღე, მშვენიერ ადგილას ყოფილა, დიდი სიამოვნებით გავცვლი უკან.”

პ.ს. მეჭიაურმა ინტერვიუს ამსახველი ვიდეო-მასალა საკუთარ იუთუბის გვერდზე ჩვენი შეხვედრიდან მალევე განათავსა, თუმცა, შემდეგ წაშალა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
აზერბაიჯანი საქართველოში ყველაზე მეტ ფულს აბანდებს
azerbaijani

აზერბაიჯანი საქართველოში ყველაზე მეტ ფულს აბანდებს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share