fbpx
melikidze

მელიქიძის ქსელი “ოცნების” სამსახურში

ჩვენი მოქმედი მთავრობა სოციალურ მედიას, განსაკუთრებით facebook-ს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: ან სათავისო პროპაგანდას ეწევა ან ოპოზიციურ ძალებს ესხმის თავს. 

facebook-ის ადმინისტრაციამ სულ რამდენიმე თვის წინ 1,100-ზე მეტი ქართული ანგარიში, ჯგუფი თუ გვერდი წაშალა. მთავრობის მეხოტბე შპს “პანდა” და კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი “ესპერსონა” ამ ანგარიშების საშუალებით ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას და თავს ესხმოდა ოპოზიციას თუ სამოქალაქო აქტივისტებს. მათ მხოლოდ facebook რეკლამაში მილიონ ლარზე მეტი ჰქონდათ დახარჯული. 

მიუხედავად წმენდისა, საქართველოში facebook კვლავ აქტიურად გამოიყენება სამთავრობო პროპაგანდისთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე მიბმული 18 ვებგვერდი, სადაც ქვეყნდება (ქვეყნდებოდა) მთავრობის მხარდამჭერი მასალები, რომლებიც შემდეგ facebook-ის 17 ჯგუფში და 10 გვერდზე ვრცელდება. ამ მასალებს ავრცელებს 13 ფეისბუქანგარიში, მათგან ნაწილი ყალბია, ნაწილი კი ნამდვილ ადამიანებს ეკუთვნით. 

სქემის სათავეში გიორგი მელიქიძე, 29 წლის პროგრამისტი დგას. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობდა. ცხოვრობს თბილისში, მუხიანში. წარმოშობით თელავიდანაა. მუშაობდა ინტელექტუალური ოლიმპიადების მოწყობასა და სხვადასხვა კომპანიაში პროგრამულ უზრუნველყოფაზე. საჯარო რეესტრში მას ინდივიდუალურ მეწარმის სტატუსი და ორი კომპანია უფიქსირდება. ორივე კომპანია პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს.  შპს “გმ კორპორეიშენი” და შპს “w.o.m.  w.o.m”-ში მელიქიძის პარტნიორი კობა ვასაძეა.

მელიქიძე და ვასაძე ქმნიან ვებგვერდებს მსგავსი დიზაინით, სადაც ქვეყნდება, ძირითადად, ერთი შინაარსის მასალები განსხვავებული სათაურებით. საიტები, გარდა სამთავრობო პროპაგანდისა, მომხმარებლების მოზიდვაზეც მუშაობს. მასალებს ისეთი სათაურები აქვს, რომ მეტი მომხმარებელი გადავიდეს ბმულზე. 

კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც ისინი იყენებენ კლონირებული გვერდებია. კლონირებული გვერდები იღებენ რომელიმე უკვე არსებული და ნეიტრალური მედიასაშუალების სახელს და მას უმნიშვნელოდ ცვლიან. მაგალითად, abcnews.com-ის ნაცვლად abcnews.com.ge, newpost.ge-ის ნაცვლად newpost.com.ge და ა.შ. 

2017 წლიდან დღემდე მელიქიძისა და მასთან დაკავშირებული პირების მიერ შექმნილი ვებგვერდების ქსელი ასე გამოიყურება:

  1. abcnews.com.ge (აქტიურია);
  2. pirveli.com.ge (აქტიურია);
  3. netlife.ge (არ მუშაობს);
  4. timesnews.ge (აქტიურია);   (კომპანია “w.o.m.  w.o.m” ფლობს); 
  5. timenews.ge (აქტიურია)
  6. worldnews.com.ge (აქტიურია); 
  7. rchevebi.net.ge (აქტიურია);
  8. publishers.ge (აქტიურია);
  9. ambebi.com.ge (არ მუშაობს);
  10. goodnews.com.ge (არ მუშაობს);
  11. newpost.com.ge (არ მუშაობს); 
  12. newday.com.ge (არ მუშაობს); 
  13. meganews.com.ge (არ მუშაობს);
  14. pressroom.ge (არ მუშაობს);
  15. tvlazika.ge (არ მუშაობს);
  16. ambebi.net.ge (არ მუშაობს);
  17. new.net.ge (არ მუშაობს);
  18. hold.ge (არ მუშაობს) – (hold-ის ეკუთნოდა:  1. ge.hold.ge;  2. hope.hold.ge; 3. newsroom.hold.ge; 4. newsday.hold.ge; 5. news.hold.ge).  

თუ დააკვირდებით, ამ გვერდებზე მითითებული სხვადასხვა კატეგორიისა და საკონტაქტო ინფორმაციის ველები არ მუშაობს. საიტებიდან ვერაფერს შეიტყობთ მათ მფლობელზეც.  

ამ ვებგვერდებზე ხშირად იპოვით მთავრობის მხარდამჭერ სტატიებს მსგავსი სათაურებით: 

  1. ბიძინა ივანიშვილის სიურპრიზი ქართველ ხალხს! ამ პატარა ქვეყანაში ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდით
  2. ქართული ოცნების კიდევ ერთი საჩუქარი! ყველა ახალშობილს გადაეცემა ფინანსური დახმარება 
  3. სასწრაფოდ! გილოცავთ მიღებულია უპრეცედენტო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა 1 მილიარდი…
  4. ახლახანს მიღებულია უმაგრესი გადაწყვეტილება ყველა ახალშობილი, რომელიც პირველ დეკემბრამდე დაიბადება მიიღებს…
  5. ძალიან სასიხარულო ინფორმაცია მოსახლეობისთვის გიორგი გახარიას გადაწყვეტილება

პროპაგანდისტული სიახლეების გარდა ეს საიტები არც ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და პანიკის დათესვას ერიდება. covid-19-ის შესახებ ეს გამოცემები აქტიურად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას პირველად დაჩიპული ქართველის, ვირუსის განგებ გავრცელებისა და 5G ინტერნეტის თეორიებზე. 

საიტზე გამოქვეყნების შემდეგ ეს მასალები სხვადასხვა facebook ანგარიშის მიერ ჯგუფებში ვრცელდება. ამ პროცესში თავად მელიქიძე და ვასაძეც მონაწილეობენ.

საერთო ჯამში, მხოლოდ მათ გვერდებთან დაკავშირებული 17 ჯგუფი ვიპოვეთ: 

  1. მთავარი არხი / mtavari arkhi;
  2. facebook ამბები
  3. საინფორმაციო ჯგუფი
  4.  georgia საქართველო
  5. ქართველი ემიგრანტები;  
  6. თვითიზოლაციაში მყოფთა გაერთიანება
  7. პოზიტივი
  8. აქ ყველაფერია
  9. მუსიკა ჩემი ცხოვრებააა;
  10. ქართული ოცნების მხარდამჭერები / georgian dream
  11. მოაზროვნეთა ჯგუფი
  12. კორონა – ექიმის რჩევები და ყველა სიახლე ვირუსზე
  13. <—-(*_*)—-> 449 წევრი
  14. ლევან კობიაშვილის მხარდამჭერები – 526 წევრი
  15. მუსიკა ჩემი ცხოვრებააა;
  16.  სასტავი ∆. 
  17. ლეონიდ ჩერნოვეცკის მხარდამჭერები

ჯგუფებში მელიქიძის  გვერდების მიერ შექმნილი საიტების ბმულებს აზიარებს 13 ანგარიში. მათი ნაწილი ყალბია, ნაწილი კი რეალურ ადამიანებს ეკუთვნით. ეს ანგარიშები არიან ჯგუფების ადმინისტრატორებიც და მელიქიძესთან ერთად სხვა საიტების დამფუძნებლები. მაგალითად,  ლადო არჯევანიძის მეილით სამი გვერდია (hold.ge; rchevebi.net.ge და netlife.ge) რეგისტრირებული, კობა ვასაძის მეილით კი – ორი საიტი (publisher.ge; pirveli.com.ge).

გიორგი მელიქიძე, ჩვენდა გასაკვირად, ინტერვიუზე პირველივე მცდელობისას დაგვთანხმდა. 

https://youtu.be/KN2zavkHG3Y
კომენტარები
Total
0
Shares
Next
ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი
bodbeli

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share