fbpx
metro

თბილისის მეტრო შეკეთებას ელის

ავტორი: გვანცა ნადიბაიძე

ახლა თბილისის მეტროთი 100 ათასი ადამიანით მეტი მგზავრობს, ვიდრე სამი წლის წინ. მეტროს ხარვეზებს უკვე ყველა ვამჩნევთ: სადგურები დაზიანებულია, იერ-სახე მოძველებული აქვს და მოძრაობაც ხშირად ფერხდება. ნახევარი საუკუნეა მეტროს კაპიტალური შერემონტება ვერ ეღირსა. გასულ წლებში მეტროს შესაკეთებლად მილიონები იხარჯებოდა, მაგრამ უშედეგოდ.

2016 წლიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისის მერიასთან ერთად მეტროსადგურების განახლების პროექტი შეიმუშავა. პროექტის ფარგლებში სარემონტო სამუშაოები დაიწყო „ახმეტელის თეატრში“, „ავლაბარში“, „გურამიშვილსა“ და „ვარკეთილში“. თუმცა, მხოლოდ „ახმეტელის თეატრში“ ჩატარებული სამუშაოები აღმოჩნდა წარმატებული. დანარჩენ სამ სადგურზე კი სამუშაოები კრახით დასრულდა.

ყველაფერი 2018 წლის იანვარში „ვარკეთილის“ სადგურში ჭერის ჩამოვარდნით დაიწყო, რასაც 14 ადამიანის დაშავება მოჰყვა. იქ რეაბილიტაციას შპს „ყვარელმშენი“ ხელმძღვანელობდა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2016 წლის ნოემბერში დაიდო და ერთ წელში სამუშაოებიც დასრულდა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, “ყვარელმშენმა” და “გეომეფმა”, რომელიც ვარკეთილის სარემონტო პროექტის ავტორია, ყალბი კონსტრუქციული დასკვნა შეადგინეს. ეს დასკვნა კი შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში წარადგინეს. თუმცა, კომპანიაში დოკუმენტების ვალიდურობა არავის გადაუმოწმებია. „ყვარელმშენს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 334 ათას ლარამდე მეტი დაუჯდა.

ამ შემთხვევის გამო სარემონტო სამუშაოები შეაჩერეს ავლაბარში, სამგორსა და გურამიშვილზეც. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ყველა მათგანზე ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. ექსპერტიზის შედეგად დარღვევები დაფიქსირდა სამგორისა და ავლაბრის მეტროსადგურებზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოებს „აბსოლუტპლუსი“ და „კიევმშენმოტორსი“ ახორციელებდნენ. საბოლოოდ, ორივე კომპანიასთან ხელშეკრულება შეუსრულებელი ვალდებულებების გამო შეწყდა. კომპანიებმა სარემონტო სამუშაოების თავის დროზე დასრულება ვერ მოახერხეს.

მას შემდეგ თბილისის მეტრო კაპიტალურად აღარ შეუკეთებიათ. თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, მეტრო სადგურების მხოლოდ ერთჯერადი, ფასადური რემონტი აღარ შედგება და შესაბამისად, შეწყვიტეს სამუშაოები „გურამიშვილის“ სადგურზეც.

არადა, 2018 წელს თბილისის მერიას მ/ს „გოცირიძის“ საფუძვლიანად შესაკეთებლად 2.1 მილიონი ლარი ჰქონდა გამოყოფილი. „ისნის“, „რუსთაველის“, „თავისუფლების“, „მარჯანიშვილისა“ და „300 არაგველისთვის“ კი თითო-თითო მილიონი. თუმცა, 2018 წელს აღნიშნულ მეტროსადგურებზე მსგავსი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერები არ გამოცხადებულა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში გვითხრეს, ეს თანხები კომპანიამ თბილისის მერიისგან მოითხოვა და უკვე მათ ანგარიშზეა, თუმცა, ჯერ არ გაუხარჯავთ. კომპანიის ინფორმაციით, კაპიტალური რემონტის დაწყებამდე ყველა სადგურზე ჯერ კვლევა უნდა ჩატარდეს:„საფუძვლიანი კვლევა გულისხმობს როგორც გეოლოგიურ, ისე ინსტრუმენტალურ კვლევებს და შენობის მდგრადობის დადგენას. ამ კვლევის საფუძველზე მომზადდება შემდეგ პროექტი,“ გვითხრა თამაზ რობაქიძემ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა.

ჩამოთვლილ სადგურებზე ჯერ მსგავსი კვლევები არ დაწყებულა და შესაბამისად, ტენდერებამდე შორია. თუმცა, კომპანიაში ამ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის თანხა უკვე გამოყოფილია.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამი სადგურის – ვარკეთილის, გურამიშვილისა და ავლაბრის კვლევა მიმდინარეობს. ამ სადგურების პროექტები წელსვე დასრულდება, ხოლო სარემონტო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია კიდევ ერთხელ გამოაცხადებს ტენდერებს იმ სადგურების რეაბილიტაციისთვის, რომლის შეკეთებასაც კომპანია 2017 წლიდან ცდილობდა, რამდენიმე ათასი ლარიც დახარჯა, მაგრამ სამუშაოები ხარისხიანი არ აღმოჩნდა.

თბილისის მეტროსადგურების შესაკეთებლად ტენდერების ჩავარდნის მთავარ მიზეზად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი გუჯაბიძე ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოცდილი კომპანიების ნაკლებობას ასახელებს. მისი თქმით, ქვეყანაში გვყავს პროფესიონალი კადრები, თუმცა, ისინი გაბნეული არიან სხვადასხვა ორგანიზაციებში და ამიტომაც რთულია კომპეტენტური კომპანიების მოძიება.

„ეს გამოიწვია იმან, რომ დაახლოებით ბოლო 35 წელია მეტროში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. არც შეკვეთები იყო, შეკვეთებიც რომ არ იყო, არც ფირმები იყო ორგანიზებული. რამდენიმე დარჩა, რომლებიც გზებზე და ხიდებზე მუშაობენ. უშუალოდ გვირაბებისა და სადგურების რეაბილიტაციისთვის კომპანიების მოძიება ძალიან ჭირს. მსგავს მშენებლობას თავისი სპეციფიკა აქვს. ახალი გვირაბის დაპროექტება სრულიად განსხვავდება უკვე არსებული გვირაბის რეაბილიტაციისგან,“ ამბობს გუჯაბიძე.

მათ შორის არც ვარკეთილის მეტროსადგურის შემკეთებელ კომპანიას, „ყვარელმშენს“ ჰქონდა შესაბამისი გამოცდილება ამ სფეროში. ეს კომპანიისთვის მეტროს რეაბილიტაციის პირველი შემთხვევა იყო. აქამდე, ძირითადად, ბაგა-ბაღებისა და სკოლების რემონტით იყვნენ დაკავებული.
რამდენჯერმე ჩაიშალა ტენდერი “გოცირიძის” სადგურის კაპიტალური რემონტისთვის. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროსაგურის სრული რეაბილიტაციისთვის ხუთჯერ გამოაცხადა ტენდერი. აქედან 4-ში არავინ მიიღო მონაწილეობა, ხოლო ერთში კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.
“გოცირიძის” სადგურის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შპს „მდგრადობის ექსპერტმა“ მოამზადა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ სახეზეა ექსპლოატაციის ნორმების დარღვევა. ნაგებობას დროულად ან სათანადოდ არ უტარდებოდა მიმდინარე, თუ კაპიტალური რემონტები. რის გამოც მწყობრიდან გამოსულია ჰიდროსაიზოლაციო მასალები, რაც კოროზიას იწვევს.

ზაზა ბარბაქაძე დეპო გლდანის თანამშრომელია, სადაც მატარებლებს ამოწმებენ და აკეთებენ. მისი თქმით, აუცილებელი და საჩქაროა მეტროს ეტაპობრივი და სრული რეაბილიტაცია. პირველ რიგში ელექტრო სადენებისა და მატარებლების გამოცვლა ან ახალი ნაწილებით მომარაგება უნდა დაიწყოს.

„ვინც ძველი კადრია, ზედმიწევნით კარგად იცის ყველაფერი ამ სისტემაში და ამ სახის პროფესიონალიზმის ხარჯზეა დღეს თუკი რაიმე კარგად ფუნქციონირებს. თუმცა, როცა დეტალი ძველია, იმას ვერანაირი პროფესიონალი ვერ განაახლებს, რადგან გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა. სატრანსპორტო კოპანიიდან გვეუბნებიან, რომ უნდა შემოვიდეს ნაწილები ძველების ჩასანაცვლებლად“, – გვითხრა ბარბაქაძემ.
გაჭიანურებული ტენდერებისა და ქვეყანაში პროფესიონალთა ნაკლებობის გამო, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ უცხოურ ორგანიზაციებთან აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა.

„2021 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ 40 ახალი ვაგონის შეძენას და ამისთვის გავაფორმეთ ხელშეკრულება უცხოურ საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დავალების მომზადებაში, ტენდერების ჩატარებასა და საბოლოოდ ვაგონების მიღებაში დაეხმარება,” გვითხრა რობაქიძემ.

გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან უკვე გაფორმდა 16 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. შეთანხმება თბილისის მეტროში ელექტროსადენების და სავენტილაციო სისტემის სრულად გამოცვლას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება 2019 წლის 1 ივლისს დაიწყო. აღნიშნულის შედეგად კი, 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ შემცირებული გრაფიკით, 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დიღმის ტყე-პარკში რესტორნის აშენებას აპირებენ
dighomi

დიღმის ტყე-პარკში რესტორნის აშენებას აპირებენ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share