fbpx
mirtag asadovi

მუსლიმთა ლიდერს ტელეფონზე საუბრისთვის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

უყვიროდა თუ არა მირტაგი ასადოვი თავის ცოლს ტელეფონზე საუბრისას?

მისი ცოლი ამბობს, რომ არა. აზერბაიჯანის პოლიციამ კი იგი ხმამაღლა საუბრისა და პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო დააკავა. ნარიმანოვის სასამართლომ მას 30 დღიანი წინასწარი პატიმრობა 8 ნოემბერს შეუფარდა.

ასადოვი „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარეა. იგი ქართულ მთავრობას უპირისპირდებოდა იმის გამო, რომ ბიუჯეტიდან სხვა რელიგიური გაერთიანებების მსგავსად, დაფინანსებას ვერ იღებდა.

7 ნოემბერს ასადოვი ბაქოში მისი მეუღლის სანახავად მიდიოდა. წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთისთანავე მან მეუღლეს დაურეკა.

სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ასადოვი ტელეფონზე საუბრისას ყვიროდა და უწმაწურ სიტყვებს იყენებდა, ამიტომ პოლიციამ შეაჩერა.

მისი ცოლი კი ამბობს, რომ ასადოვი წყნარად საუბრობდა და შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც არ იყენებდა. “ის არასდროს საუბრობს ასე,” ამბობს შაჰანა ჰაჯიევა. “თუ ჩვენ რაიმე პრობლემა გვაქვს, მას ქუჩაში არასდროს განვიხილავთ. მან იმის სათქმელად დამირეკა, რომ პოლიციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაჰყავდა.”

ჰაჯიევას სამინისტროსგან მისი ქმრის დაკავების შემდეგ ინფორმაცია არ მიუღია. ასადოვი ბაქოში ტაქსით მიდიოდა. მძღოლი ამბობს, რომ მგზავრს კაზახის რეგიონის პოლიციის შენობასთან 30 წუთი ელოდა. შემდეგ შენობიდან გამოვიდნენ და უთხრეს, რომ მისი მგზავრი ბაქოში გადაჰყავდათ და მას შეეძლო, წასულიყო.

სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ასადოვი ბაქოში, ალიადეს ქუჩაზე 8 ნოემბერს დააკავეს. არადა, აზერბაიჯანულმა პოლიციამ ის 7 ნოემბერს საზღვარზე დააკავა. ასადოვის ოჯახს მისი ნახვის უფლება არ აქვს.

ასადოვის ცოლი ამბობს, რომ საზღვრის გადაკვეთისას მას ქართველი მესაზღვრეები ხშირად აჩერებდნენ და კითხვებს უსვამდნენ. ასადოვი საქართველოში დაიბადა, 90-ან წლებში კი ნათესავებთან საცხოვრებლად აზერბაიჯანში წავიდა. მოგვიანებით ისევ საქართველოში დაბრუნდა და ორმაგი მოქალაქეობით 2016 წლამდე სარგებლობდა. მანამ, ვიდრე ქართულმა იუსტიციის სამინისტრომ მას არჩევანის გაკეთება არ სთხოვა.

“მან საქართველოს მოქალაქეობა აირჩია,” ამბობს ასადოვის ახლო მეგობარი, ოქტაი ქაზიმოვი. “აზერბაიჯანში მაინც თავისუფლად გადაადგილდებოდა და პრობლემა არასდროს შექმნია. მაგრამ როდესაც აზერბაიჯანიდან ან სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოდიოდა, ქართვული მხარე 30-40 წუთიან დაკითხვას უწყობდნენ ხოლმე.”

2017 წელს მან საკუთარ ფეისბუქის გვერდზეც დაწერა, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, შემოსავლების სამსახურისა და შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო, რადგან საზღვარზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ერთი საათის მანძილზე გააჩერეს. ასადოვი ფიქრობდა, რომ ამგვარი ქმედება დისკრიმინაციული იყო.

“სასამართლოში განვაცხადე, რომ რელიგიურ და პიროვნულ ნიადაგზე ჩემს წინააღმდეგ დისკრიმინაციული ქმედება ჩაიდინეს,” წერია მის ფეისბუქის პოსტში. “როდესაც მე შემოვდიოდი საქართველოში, შემაჩერეს საზღვარზე ერთი საათის მანძილზე და არ გამომიშვეს, ვიდრე ვიღაცისგან ნებართვა ტელეფონით არ მიიღეს. შემიყვანეს ოთახში და გამჩხრიკეს. ეს იყო დისკრიმინაციული ქმედება და ამით შეურაცხყოფა მომაყენეს.”

ასადოვმა რელიგიური ორგანიზაცია საქართველოში 2013 წელს დაარეგისტრირა. იგი ქართულ პოლიტიკას მუსლიმთა ორგანიზაციების მიმართ ხშირად და ხმამაღლა აკრიტიკებდა.

ქაზიმოვი, დაკავებულის ახლო მეგობარი ამბობს, რომ საქართველოში მისი რელიგიური საქმიანობა დაკავშირებული იყო მარნეულში მდებარე იმამ ალის სახელობის მეჩეთთან და იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდთან, რომელიც რამდენიმე მეჩეთესა და გაჭირვებულ მოსახლეობას ეხმარება.

“ასადოვს არასდროს ჰქონია პროტესტი რელიგიური ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ქართული კანონმდებლობის მიმართ. მას უბრალოდ სურდა, რომ ყველას დაეცვა ეს კანონები,” ამბობს ქაზიმოვი.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ააშენე შენი თბილისი
Screenshot 2022 11 21 at 11.23.16

ააშენე შენი თბილისი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
პარლამენტარმა ხაბულიანმა ხმა ოცნების სასარგებლოდ გაყიდა

პარლამენტარის ხმის საფასური – რაში გაუცვალა ოპოზიციონერმა  ხაბულიანმა ხმა “ქართულ ოცნებას”

ავტორები: აიდან იუსიფი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, მანანა ღოღობერიძე კომენტარები

Total
0
Share