ავტორები: თამუნა ქიმაძე და გიორგი ჯანგავაძე
სოფელ მუხურაში სკოლა 2015 წლიდან რემონტდებოდა. სამუშაოების შემსრულებელი რამდენჯერმე შეიცვალა. დაიხარჯა 2 მილიონ ლარზე მეტი. თუმცა, მუხურელებმა რაც შეუკვეთეს, ის არ ჩამოსულა.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 7 დეკემბერს სოციალური ქსელით მუხურის საჯარო სკოლის მშენებლობის დასრულება გვამცნო. წერდნენ, რომ ტერიტორიაზე მოწყობილია დახურული სპორტული დარბაზი და ფეხბურთის ბუნებრივ საფარიანი სპორტული მოედანი, ასევე, გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე და სათამაშო მოედანი.
მუხურაში ვიყავით. ვნახეთ, რომ ფეხბურთის ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედანი მუხურის სკოლას არ აქვს. მოედნის ნაცვლად ატალახებული ტერიტორია დაგვხვდა, სადაც მხოლოდ ფეხბურთის კარი და ტრიბუნა დგას.
სკოლის დირექტორს ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა სპორტულ მოედანზე, რომელიც დასრულებული უნდა ყოფილიყო. გვითხრა, რომ კომპანიამ ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც ხარჯთაღრიცხვაში ეწერა.
“იმ თანხიდან რაც იმათ ტენდერი ქონდათ, დარჩათ 10,000 ლარამდე. ეს თანხა ჩემს ანგარიშზე დევს და მისი გამოყენება მე უკვე შემეძლება ამ ადგილის მოსაწესრიგებლად. ახლა, ამ ზამთრის პერიოდში, შეუძლებელი იყო და გაზაფხულზე უკვე დაიწყება რეაბილიტაცია”, – გვეუბნება თამაზ ბარბაქაძე.
პროექტის მიხედვით, სპორტული დარბაზი უნდა აშენებულიყო. შენობა სკოლისგან განცალკევებულია. კედელი უკვე დაზიანებულია, საპირფარეშოში მეტლახის ფილები ერთმანეთისგან დაშორებულია.
სკოლის ეზოც გადათხრილია. სრულებით არ შეესაბამება იმ ფოტოს, რომელიც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გაავრცელა.
თამაზ ბარბაქაძეს ვკითხეთ, როგორ მოეწონა სააგენტოს გვერდზე დადებული ის ფოტო, რომელიც რეალობისგან განსხვავებულია. გვითხრა, ეზოს კეთილმოწყობა ჩემი პრობლემაა და გაზაფხულზე მივხედავო: “გაზაფხულზე მობრძანდით და იქნება ეს ისე, როგორც იმათ უდევთ პოსტში”.
მუხურაში 2017 წელს ახალგაზრდებმა მოძრაობა “ძლიერი მუხურა” შექმნეს. მათი მიზანი სოფლის განვითარებაა და ცდილობენ, თავიანთი აქტივობით ტურიზმის, განათლების, კულტურის და სპორტის სფეროებში ცვლილება გამოიწვიონ. ორგანიზაციის დამფუძნებელი, ცოტნე აბესაძე გვიყვება, რომ სოფელში ამ მოედნის არსებობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზაფხულში ტურნირი გაიმართოს და ადგილობრივებს ახალი სიცოცხლე შემატოს.
არ ვიცით, როგორი ხარისხისაა სკოლის რემონტი, რომელსაც მუხურელი ბავშვები ხუთი წელი ელოდნენ. სკოლის შენობაში დირექტორმა პანდემიის გამო არ შეგვიშვა.
მუხურის სკოლის რემონტი გრძელვადიანი და ძვირი პროცესი იყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართა:
- პირველი ტენდერი სააგენტომ 2014 წლის დეკემბერში გამოაცხადდა. ხელშეკრულების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტი იყო. შპს “ არქიკულტურას” სამუშაოები 2016 წლის 2 იანვარს უნდა დაესრულებინა. თუმცა, 14-ჯერ შეცვალეს ვადები და საბოლოოდ, სამუშაოების დასრულების პერიოდად 2017 წლის 1 აგვისტო განსაზღვრეს. ამ დროისთვის, “არქიკულტურამ” 1 421 377 ლარი აიღო. 2017 წლის ივნისში, სააგენტოს ინსპექტირების შემდეგ, კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტეს. შპს “ არქიკულტურა” 400,000 ლარამდე თანხითაც დაჯარიმდა.
- 2017 წლის 28 ივლისს სააგენტომ პირდაპირ (ტენდერის გარეშე) შპს “ენდეკა ბილდინგს” გაუფორმა ხელშეკრულება. ამჯერად სამუშაოების ღირებულება 697,086 ლარი იყო. სააგენტოს განმარტებით, გამარტივებული შესყიდვა საჭირო იყო იმისთვის, რომ დროულად დასრულებულიყო სკოლის რემონტი და 2017 წლის 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ხელი არ შეშლოდა. ამავე წლის 24 სექტემბრისსათვის “ენდეკა ბილდინგს” სამუშაოები დასრულებული უნდა ჰქონოდა. კომპანიამ ვადები კვლავ ვერ დაიცვა. 2017 წლის 22 ნოემბერს, სკოლის სარდაფში დაუდგენელი წარმოშობის წყლების დაგროვების გამო, კომპანიას დროებით შეუჩერდა სამუშაოების გაგრძელების უფლება. “არქიკულტურისა” და “ენდეკა ბილდინგის” შესრულებული სამუშაოები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა. დასკვნაში წერია, რომ ხის რაფები თავიდანაა გადასაღები, სპორტული დარბაზის კედლებზე მოჭიქული ფილები უხარისხოდაა დამაგრებული, მდფ-ის კარებები უხარისხო დეტალებითაა მოწყობილი და შესაცვლელია, იატაკი გასაახლებელია.
- ბოლო ტენდერი ესიდამ 2020 წლის ივნისში გამოაცხადა. მასში ინდ. მეწარმე რუბენ ლუტიძემ გაიმარჯვა და ხელშეკრულების თანხა ამჯერად 500,493 ლარი იყო. სამუშაოები 9 ნოემბერს უნდა დაესრულებინა. თუმცა, 11 ნოემბერს ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, პროცესში დამატებითი სამუშაობის შესრულება გახდა საჭირო. ამიტომაც, დასრულების ვადამ 16 ნოემბრამდე გადაიწია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ 10,000 ლარი ამ თანხიდან დარჩათ. ის დირექტორს მისცეს დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად.
რატომ ჩაიბარა სააგენტომ დაუსრულებელი პროექტი? ამ კითხვით რამდენჯერმე მივმართეთ მათ, თუმცა, პასუხის გაცემაზე თავი არ შეუწუხებიათ. არ გვიპასუხეს, თუ რატომ გადაურიცხეს სკოლის დირექტორს 10,000 ლარი და რატომ არ მოსთხოვეს შემსრულებელ კომპანიას სპორტული მოედნის დასრულება.