ლიცენზიისგან გათავისუფლების პროცედურები
● სამშენებლო მასალებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად ბუნებიდან მშენებლობისთვის საჭირო რესურსების – ქვიშა-ხრეშის, ბალასტის, გრანიტის – ამოღების ტენდენცია იმატებს;
● ყოველწლიურად კერძო კომპანიები თუ მუნიციპალიტეტები მილიონობით კუბური მეტრი სამშენებლო მასალის ულიცენზიოდ ამოღების ნებართვას იღებენ. ამოსაღები რესურსის ოდენობა, საერთო ჯამში, 6,6 მილიონ კუბურ მეტრს აჭარბებს;
● ლიცენზიას გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო გასცემს, მაგრამ კომპანიებს და მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ მოიპოვონ რესურსი ლიცენზიის გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტზეა საუბარი;
● თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ბუნებრივი რესურსების ლიცენზიისგან გათავისუფლებულან კომპანიები, რომლებიც არასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე, კერძო კომერციულ პროექტებს ახორციელებენ;
● საქართველოს მთავრობასთან კომპანიას ან მუნიციპალიტეტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შუამდგომლობს;
● ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ 93 განკარგულება გასცა და საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ მუნიციპალიტეტსა და კერძო კომპანიას რესურსების ულიცენზიოდ ამოღების უფლება მისცა;
● ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ მოპოვების უფლება ჩინურ კომპანია შპს “ჩაინა ნუქლეარ ინდასტრის” მისცეს. ჯამურად, მან თითქმის ერთი მილიონი კუბური მეტრის მოპოვების უფლება მიიღო;
● საქართველოს მთავრობამ კორპორაცია “სინოჰიდროს ფილიალს საქართველოში” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის ულიცენზიოდ ამოღების უფლება მისცა. იგივე კომპანია გარემოს დაცვის სამინისტრომ უკანონოდ მოპოვებისთვის დააჯარიმა.
გარემოზე ზემოქმედება
● ქართული კანონმდებლობით, მდინარიდან ქვიშა-ხრეშის ამოღება მხოლოდ 3 მეტრ სიღრმემდე შეიძლება. თუმცა, არის შემთხვევები, როცა კომპანიები/მუნიციპალიტეტები გადაჭარბებით და წესების დარღვევით იღებენ რესურსებს;
● კვლევა იმაზე, თუ რა სოციალური და გამორემოსდაცვითი გავლენა აქვს რესურსების ამოღების მზარდ ოდენობას, არ არსებობს;
● კვლევა არ არსებობს არც იმაზე, თუ კონკრეტულად რა ოდენობის ქვიშა-ხრეშის ამოღებაა ოპტიმალური ამა თუ იმ მდინარის კალაპოტიდან ისე, რომ არ დაზიანდეს ადგილობრივი ეკოსისტემა.
ზედამხედველობა
● რესურსების გეგმაზომიერად ამოღებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამოწმებს;
● საქართველოს მასშტაბით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 221 სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელი და 104 ინსპექტორი ჰყავს;
● სწრაფი რეაგირების სამსახურის წარმომადგენლები მუდმივად პატრულირებენ, თუმცა მათ მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა შეუძლიათ. სისხლის სამართლის აქტის გამოწერის უფლებამოსილება მხოლოდ ინსპექტორს აქვს;
● გასული თვის მონაცემებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს 3,100-მდე სხვადასხვა სახის ბუნებრივი რესურსის მოხმარების ლიცენზია აქვს გაცემული (რიცხვი მუდმივად იცვლება);
● ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 73 კომპანია გამოავლინა, რომლებიც ქვიშა-ხრეშს უკანონოდ მოიპოვებდნენ.
დააკლიკეთ რუკაზე დეტალური ინფორმაციის და დოკუმენტაციის სანახავად
რუკის დიზაინი: ირაკლი შევარდენიძე & ნინო გაგუა.