fbpx

რატომ დაიკეტა ნავენახევის მღვიმე?

navenakhevi cover scaled 2


ნავენახევის მღვიმე ორ წელზე მეტია დაკეტილია. მე-20 საუკუნეში აღმოჩენილი კარსტული გამოქვაბული სამი წლის წინ განაახლეს, მაგრამ მალევე დაიხურა, რადგან უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. აქ დამთვალიერებლები აღარ ჩადიან, სოფელი კი უმუშევრობის გამო თანდათან იცლება. 

თერჯოლის პატარა სოფლის მღვიმე ჩამოსულებისთვის მიმზიდველი სანახობა, აქაურებისთვის კი შემოსავლის დამატებითი წყარო იყო.

cave 1
ნავენახევის მღვიმე

ბუნების ძეგლი სოფლის შუაგულშია. იქამდე მისასვლელად, ფოთლოვანი ტყის ხეივანი უნდა გაიაროთ, თუმცა ახლა მღვიმის დათვალიერებას ვერ შეძლებთ. შესასვლელი ორი წელია დაკეტილია. 

მღვიმე დამთვალიერებლებისთვის საბჭოთა პერიოდში, 80-იან წლებში გაიხსნა და მოგვიანებით, ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო დაიხურა. 2018 წლის ზამთარში კი ნავენახევის მღვიმის ისტორია თავიდან დაიწყო. ერთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ვიზიტორთა ცენტრის შენობის, სუვენირების მაღაზიის, კაფის, პარკინგის, ელექტროგადამცემი ტრანსფორმატორის და ბავშვებისთვის გასართობი სივრცის მოსაწყობად.

2019 წლის ზაფხულზე, გახსნიდან რვა თვეში მღვიმე გაურკვეველი ვადით დახურეს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მღვიმე გადაუდებელი ტექნიკური და კვლევითი სამუშაოების გამოა დაკეტილი. ნავენახევში ჩავედით და ვნახეთ, რომ იქ არაფერს იკვლევენ და სარემონტო სამუშაოებიც დასრულებულია. სამანქანო პარკინგი ცარიელია, მღვიმემდე მისასვლელ ბილიკთან ჭიშკარს ბოქლომი ადევს. არავინ იცის, როდის გაიხსნება მღვიმე დამთვალიერებლებისთვის. 

როგორც “აი, ფაქტმა” გაარკვია, ორი წლის წინ ნავენახევის მღვიმე იმიტომ დახურეს, რომ იქ უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოთ. ამაზე თავიდანვე არ უზრუნიათ. როგორც ჩანს, მღვიმეში სტუმრებს უშვებდნენ ისე, რომ მოაჯირები, საფეხურები, სატელეფონო კომუნიკაცია და მღვიმის განათება მოწყობილი არ იყო. არც მეხამრიდი განუახლებიათ. 

მღვიმის მცველმა (რომელმაც სამსახურის დაკარგვის შიშის გამო გვთხოვა, ვინაობა არ გაგვემხილა) გვითხრა, გახსნისას, მღვიმის განათებასაც ჰქონდა პრობლემაო. მღვიმის შიდა ინფრასტრუქტურა 2020-21 წლებში გაკეთდა და ჯამში, 86 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოები 2021 წლის მარტში დასრულდა, თუმცა მღვიმე დღემდე დაკეტილია. 

‘’ვიზიტორებმა რომ დაიწყეს მოსვლა, მაშინ დაიკეტა ზუსტად. რომ ავიდა 300-500 კაცზე დღეში, დაკეტეს მეორე დღესვე. სარემონტო შიგნით აღარაფერია, განათება ნორმალურია, მოაჯირები ნორმალურია, კიბეები ნორმალურია,” – გვითხრა მცველმა. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვკითხეთ, რას იკვლევენ მღვიმეში და რატომ არ ჩატარდა უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი სამუშაო მღვიმის გასხნამდე, 2018 წელს.  დაცული ტერიტორიების სააგენტოს პიარს, ნიკო თევდორაშვილს კითხვები წერილობით პირველ დეკემბერს გავუგზავნეთ. პასუხები დღემდე არ მიგვიღია. 

უცნობია, როდის აპირებს სააგენტო მღვიმის გახსნას. არადა, თერჯოლის პატარა სოფლისთვის უცხოელი და ქართველი დამთვალიერებლების ხშირი სტუმრობა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდებოდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, ახლადგახსნილი მღვიმე 2018-19 წლებში 3,500-მდე სტუმარმა ნახა. რვა თვის განმავლობაში დამთვალიერებლებმა ნავენახევში 21 ათასი ლარი დახარჯეს.

navenakhevi 2 1 scaled
განახლებული, მაგრამ ცარიელი ინფრასტრუქტურა ნავენახევში

ლია ყურაშვილი ნავენახევში, მღვიმესთან ახლოს ცხოვრობს. ამბობს, რომ აქ ჩამოსული ტურისტები გლეხებისგან ღამის გასათევს ხშირად ქირაობდნენ. ეს დამატებით შემოსავალს ქმნიდა, ახლა კი თავის რჩენა მხოლოდ მესაქონლეობით უწევთ. სოფელი ნელ-ნელა იცლება. ლიას სამი შვილიც ქალაქში ცხოვრობს. საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს ნავენახევში 327 ადამიანი ცხოვრობდა.

“თითქმის ნახევარი სოფელი აქ მუშაობდა, ფურნე იყო, რესტორანი იყო, ჩვენიანები იყვნენ სულ. რეინჯერები რომ მუშაობენ ახლა, ისინიც აქაურები არიან. ნახშირღელედანაც მუშაობდნენ… [ტურისტები] ჩემთანაც იყვნენ მოსულნი, ერთი კვირით ბინას თუ მოგვაქირავებთო. ჩვენც გვინდა გაიხსნას, ნეტავი კი გაიხსნებოდეს. დაიცალა სოფელი, ძალიან ცოტა ადამიანი ცხოვრობს, 47 ოჯახიც არ იქნება,” – გვეუბნება ლია ყურაშვილი.

ტურისტების სიმრავლე ნავენახევის მეზობელი სოფლის, ნახშირღელესთვისაც ხელსაყრელი იყო. ბექა ბრეგაძე სოფლის მაღაზიაში პროდუქტს ყიდის. ამბობს, რომ აქ ტურისტებს ხშირად ხედავდა.

“ტურისტების ექსკურსიები იყო, ახალგაზრდებიც რომ ადიოდნენ, ერთობოდნენ, სტადიონიც იყო. ჩვენი სოფლიდან ახლა სათაფლიაზე მუშაობენ. აქ ვინც მუშაობდა მღვიმეში, იქ გადავიდნენ.”

ნავენახევის მღვიმის დაკეტვის გამო თანამშრომლებს სამუშაო არ დაუკარგავთ. ისინი იმერეთის სხვა მღვიმეებში გადაანაწილეს.


კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ ურთიერთობს წყალტუბოს მერია მოსახლეობასთან?
IMG 0203ჯჰვჯ scaled 2

როგორ ურთიერთობს წყალტუბოს მერია მოსახლეობასთან?

სოფელს ერთადერთი წყარო აქვს, სოფლის ცენტრიდან ნახევარ კილომეტრში

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share