ავტორი: შორენა ლაღაძე
ივნისში, ადიდებულმა ოღასკურამ ქუთაისის ქუჩები დატბორა და საცხოვრებელ კორპუსს საძირკველი დაუზიანა. ქუთაისლებისთვის ეს უჩვეულო მოვლენა არაა. ხანგრძლივი წვიმებისას, ერთი შეხედვით უწყინარი და თითქმის დამშრალი მდინარე დიდდება, კალაპოტიდან გადმოდის და საშიში ხდება. ეს პრობლემა ვერც წინა ხელისუფლებამ მოაგვარა და ვერც ამჟამინდელმა.
2016 წლის შემდეგ ბიუჯეტიდან 2.7 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ ამ მდინარის ადიდების და დატბორვის შესაჩერებლად, თუმცა პრობლემა რვა წლის თავზეც მოუგვარებელია.
ოღასკურა 22 კმ სიგრძისაა, სათავეს სათაფლიიდან იღებს და ქუთაისთან, გუბისწყალში ჩაედინება. მდინარე კვეთს ჭონქაძის, ჯავახიშვილის, ბუხაიძის ქუჩებს და ავტოქარხნის დასახლებას. დატბორვისას, ყველაზე მეტად, სწორედ ეს ტერიტორია ზარალდება.
“იმ დონეზე იცის მოვარდნა, მეზობელს მანქანა ეყენა სალონის წინ და ვერ მოასწრო გადაყენება, ახეთქებდა მეორე მანქანას. რამდენჯერაც გადმოვიდა ოღასკურა, იმდენჯერ შემოვიდა მაღაზიაში. ბინიდან რომ გადმოვხედავ, აბსოლუტურად ყველა ჯებირი ჩაცვენილია შიგნით. დატბორვის პრობლემა ამ ბოლოს მოხშირდა, რამდენი წელია ბუხაიძეზე ვცხოვრობ და ასე არ ყოფილა”,- გვეუბნება მიხეილ ბუხაიძის ქუჩის მკვიდრი, რომელმაც თავისი უბნის გასაჭირი კი მოგვიყვა, მაგრამ ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა.
არადა, 2018 წელს, მერიამ დატბორვის შესაჩერებლად ოღასკურას კალაპოტის ნაწილი დააბეტონა – ამისთვის, ბიუჯეტიდან 570 000 ლარი დახარჯეს. ფაქტია, ჩატარებულმა სამუშაოებმა და გაწეულმა ხარჯმა შედეგი არ მოიტანა.
“მდინარიდან ამოსულმა წყალმა წალეკა ღობე და მე ჩავდე მერე ჯებირები. ნაპირზე მოშორებული რაცაა მიწა, ეგ ერთი თვის წინ, მაგარი წვიმები რო იყო, მაშინ წაიღო. სახლების დატბორვის პრობლემა უფრო ზემოთაა, აქ გაბიონებია საჭირო”, – გვიყვება ჯემალ ბარაბაძე დანიელ ჭონქაძის ქუჩიდან. მისი უბნელია ჯემალ ფხაკაძეც, რომელმაც გვითხრა:
“როცა ძლიერი წვიმაა, მდინარეს მოაქვს მოთხრილი ხეები ზემოდან, ტყიდან და ეჩხირება ხიდის ქვემოთ, ვარდება წყალი გზაზე და შემოდის ეზოებში. ხიდს გაუკეთდა მოაჯირები ზემოდან, მაგრამ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს? კი ატარებს წყალს. მდინარეს არ წმენდენ. რომ დატოვებს ხეებს, მეორედ ადიდებისას წაიღებს და ახალს დატოვებს”.
უშედეგო სამუშაოები მდინარე ოღასკურაზე – 2016-2024 წლებში
ოღასკურას “მოთვინიერებაზე” ზრუნვა ქუთაისის მერიამ 2016 წელს დაიწყო. დაიქირავეს შპს „სანდო“, რომელსაც 7 000 ლარზე მეტი გადაუხადეს და კალაპოტის რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება ანდეს. კომპანიას უნდა მოემზადებინა პროექტი, რომელიც მოცავდა კალაპოტის რეაბილიტაციას ჭონქაძის ქუჩიდან ავტომშენებლის ქუჩამდე, ანუ მთელი ქალაქის მასშტაბით.
ქუთაისის მერიამ ეს პროექტი თაროზე შემოდო. მის მიხედვით, უშუალოდ კალაპოტოს რეკონსტრუქციის ტენდერი არასოდეს გამოუცხადებიათ. გამოდის, ბიუჯეტის 7 000 ლარი ფუჭად დაიხარჯა.
2017 წლის 16 ოქტომბერს ოღასკურამ მიმდებარე ქუჩები დატბორა. ქუთაისის მაშინდელმა მერმა შოთა მურღულიამ ამ მოვლენებს “სტიქიური უბედურება” უწოდა და ისიც დაამატა, მსგავსი ამბები მთელ მსოფლიოში ხდებაო. ინფრასტრუქტურის გაუმართაობა რომ ბუნებას და ავდარს ბრალდება ხოლმე, ეს ახალი ამბავი არ არის. ასე იქცევა მთავრობა რიკოთის გზის ინციდენტების დროსაც.
“მდინარემ მეტი წყალი რომ გაატაროს, ჩვენ გავაკეთეთ პროექტი, რომელიც 2.5 მილიონ ლარზე მეტი ჯდება. პროექტი ითვალისწინებს, რომ კალაპოტი მოექცეს ბეტონში. თუმცა, გუშინ ვნახეთ, ამ ოდენობის ნალექი თუ წამოვა, ესეც ვერ უშველის”, – ამბობდა ქალაქის მერი მაშინ.
რატომ გადაწყვიტეს, რომ მდინარის დაბეტონება კარგი გამოსავალი იყო, მაშინ მისთვის არავის უკითხავს. არადა, ეკოლოგების აზრით, მსგავსი სამუშაოები დატბორვის პრობლემას აუარესებს. მდინარე ცოცხალი ორგანიზმია და სად გაიყვანს საკუთარ კალაპოტს, ამას თავად წყვეტს, დაბეტონება კი ამ პროცესს ხელს უშლის და უარეს შედეგს იწვევა – წყლის ნაკადი არასწორად და არასაჭირო ადგილებში ნაწილდება.
2018 წელს ოღასკურას ადიდების პრობლემა ისევ მოუგვარებელი იყო. მერია ამ საკითხს მიუბრუნდა და ახალი, 582 000-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ამ თანხით, მდინარის კალაპოტის დაბეტონების სამუშაოებისთვის, საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა ინდ.მეწარმე ვაჟა ოქროპირაშვილს დაუკვეთეს. მისი შედგენილი პროექტით, მდინარის კალაპოტი უნდა დაბეტონებულიყო ჯავახიშვილის ქუჩიდან 32-ე სკოლამდე.
ქუთაისის მერიამ ოქროპირაშვილის პროექტის მიხედვით სამუშაოების შესრულება შპს “კონსტანტას” დაავალა. კომპანიამ მდინარის კალაპოტის მოწყობა 2018 წლის ივნისში დაიწყო და 2019 წლის ივნისში დაასრულა. ოღასკურადან ამოწმინდეს ქვიშა და ღორღი, გააფართოვეს კალაპოტი და მდინარეს რკინა-ბეტონის ფსკერი მოუწყვეს. ეს სამუშაოები 569 000 ლარი დაჯდა.
წელს კი აღმოჩნდა, რომ ეს ნახევარი მილიონი წყალმა წაიღო, პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან ოღასკურამ სწორედ ის ტერიტორია დატბორა, სადაც კალაპოტი დააბეტონეს.
2021 წელს მერიამ მდინარის დასამორჩილებლად კიდევ 1.2 მილიონ ლარამდე დახარჯა. ამჯერად, სამუშაოები ავტომშენებლის ქუჩის ბოლოში დაიგეგმა. ახალი პროექტით, უნდა გაეზარდათ ოღასკურას კალაპოტის გამტარუნარიანობა და მოეწესრიგებინათ საკანალიზაციო მილები. პროექტი შპს „ერკომ“ 5 213 ლარად მოამზადა, სამუშაოები კი შპს “როუდ სოლუშენსმა” შეასრულა, 1.2 მილიონ ლარად.
ავტომშენებლის დასახლებაში მოვიკითხეთ, თუ აქვთ შვება ამ მილიონიანი სამუშაოების შემდეგ. ადგილზე გვითხრეს, მას შემდეგ, რაც ქუჩის ბოლოში კალაპოტი მოწესრიგდა, წყალი აღარ გადმოსულა, სამაგიეროდ, ქუჩის დასაწყისში, დასახლებულ პუნქტს აწუხებსო. მდინარის მიმდებარედ მცხოვრებლები ამჩნევებ, რომ დროდადრო ოღასკურას ახალმოწყობილი მოაჯირები მიაქვს და საფრთხე მაინც უცვლელია.
“ქვეშ, სიღრმე ხომ უნდა მიეცათ [მდინარის კალაპოტისთვის] და ამათმა რა ქნეს იცი? ცემენტი დაასხეს ზემოდან. ჩემი გადმოსახედიდან, ამ ეტაპზე ოღასკურა ამოყვანილი და გაფართოებული კი არა, დაპატარევებულია, ჯებირები შიგნითაა ჩაცვენილი. უნდა ჩამდგარიყო ტრაქტორი და ამოეწმინდა ”,- გვითხრა ამ ქუჩის მკვიდრმა და გვთხოვა, ჩვენი ვინაობა არ გაასაჯაროვოთო, მაგრამ მდინარის ადიდების პრობლემაზე მოგვიყვნენ:
იგივე სიტუაციაა ჭონქაძეზეც. მოსახლეობა აქ კიდევ უფრო შეწუხებულია, ვიდრე ავტომშენებელზე. ვინაობის გამხელა არც აქ ისურვეს.
“მოაჯირები დააყენეს, მაგრამ ეს ხიდი ვერ ატარებს წყალს მაინც და ამოდის მოსახლესთან. როცა დიდი წყალი მოდის, ჩვენთანაც ამოდის, ბინებში, სტადიონზე. არავინ არ მინახია [გასაკეთებლად მოსული], ბუხაიძეზე კი აკეთებენ… აქ გამდინარე არაა, სავსეა ნაგვით, გაწმენდაც არ მომხდარა… მიცვალებული გვყავდა და გასვენების დროს მანქანები ვერ გადიოდნენ, ფეხითაც ვერ გახვიდოდი”;
“ბუხაიძეზე კეთდება კალაპოტი, ჩვენთვის არ უთქვამთ. სამი წელია, ხიდამდე მოდიანო იძახიან და აქ მოსული არავინ მინახავს. თუ გასუფთავდება, უნდა გაკეთდეს მერე ჯებირი დიდი, ბეტონი უნდა ჩაისხას ამ მხარეს, რომ დაცული ვიყოთ. ეს რომ ადიდებული ნახო, სასწაულია…”.
საბოლოოდ, მიუხედავად 9 წლის განმავლობაში დახარჯული 2,7 მილიონზე მეტი ლარისა, მდინარე ისევ დიდდება და დასახლებებს ივევ ტბორავს.
2024 წლის 26 ივნისს, კალაპოტიდან გადმოსულმა ოღასკურამ ქუჩებზე დაყენებული ავტომობილებიც დააზიანა. 5 დღეში, ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4.5 მილიონი ლარი გამოყო მდინარის დამორჩილებისთვის საჭირო სამუშაოებისთვის.
ფაქტია, სტიქიის შემდეგ, საჭირო თანხები გამოინახა. არადა, ქუთაისი მერია იქამდე, ჯიუტად ამბობდა, კალაპოტის მოსაწესრიგებლად საკმარისი თანხა არ გვაქვსო. პროექტის მიხედვით, ოღასკურაზე ჩაატარებენ შემდეგ სამუშაოებს:
- მოეწყობა 7 ახალი ხიდბოგირი;
- დემონტაჟი ჩაუტარდება წინა წლებში გაკეთებულ ბეტონის კედლებს;
- კალაპოტი გაიწმინდება ნატანისგან განთავსდება ნაგავსაყრელზე;
- ორივე ნაპირზე მოეწყობა გაბიონი [რკინის ბადეში ჩასმული ქვის კედლები] რაც მდინარის კალაპოტის სტაბილურობას შეუწყობს ხელს;
- საცხოვრებელი სახლების გასწვრივ, გაბიონის ნაცვლად რკინაბეტონის კედლები დამონტაჟდება;
- მოეწყობა დრენაჟი;
- რკინაბეტონის კედლების თავზე აიგება დამცავი ღობეები და ლითონის მოაჯირები, რაც მოსახლეობას დაიცავს ეზოში წყლის შევარდნისგან.
სამუშაოები უკვე დაწყებულია. მერიამ ამისთვის შპს “ნიუ ტრანს როუდი” დაიქირავა, რომელსაც სამუშაოებისთვის განკუთვნილ 1 მლნ ლარი 2024 წლის, ხოლო დარჩენილი თანხა 2025 წლის ბიუჯეტიდან უნდა გადავუხადოთ.
ქუთაისის მერიაში შესაბამის პასუხისმგებელ პირთან ინტერვიუ გვსურდა. პასუხები უნდა გაეცათ შემდეგ მარტივ კითხვებზე:
- რატომ აღარ განხორციელდა 2016 წლის პროექტი, რომელშიც 7 000 ლარი დავხარჯეთ?
- რის საფუძველზე გადაწყვიტეს მდინარის კალაპოტის დაბეტონება 2018 წელს, ჰკითხეს თუ არა აზრი სპეციალისტებს?
- კალაპოტის გაწმენდამ როგორ უნდა მოაგვაროს პრობლემა, მაშინ როცა მდინარე განუწყვეტლივ ბინძურდება ნაგვით და სამშენებლო ნარჩენებით, დანიელ ჭონქაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე?
- თუ 2016, 2018 და 2021 წლებში არ ჰქონდათ საკმარისი ფული, რომ პრობლემა მოეგვარებინათ, მაშინ 2024 წელს, სტიქიის შემდეგ როგორ მოხდა, რომ მოახერხეს თანხის გამოყოფა?
მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა გვითხრა, წერილი გამოგვიგზავნეთ და საჯარო ინფორმაცია მოითხოვეთო. არადა, ჩვენ ინტერვიუ გვსურდა.
ეს ქცევა არ გაგვკვირვებია. მუნიციპალიტეტებმა ბოლო წლებში ასეთი პრაქტიკა დანერგეს – პირისპირ თუ სატელეფონო ინტერვიუებზე არ გვთანხმდებიან და ყველა კითხვას, საჯარო ინფორმაციის ფორმით გვაგზავნინებენ. არადა, ხალხის მიერ დაქირავებული ქალაქის მმართველები ანგარიშვალებულნი არიან, ხალხის მწვავე თუ მსუბუქ კითხვებს მედიის გავლით უპასუხონ.
მასალაში გამოყენებული წყაროები