fbpx
ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციის პრობლემები

ოქროს ჩარდახი ცვლილებების მოლოდინში – ნაწილი 2

ქუთაისის მერიამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, “ოქროს ჩარდახის’’ რეაბილიტაცია რომ გადაწყვიტა, გაზაფხულზე გიამბეთ. პროექტმა თავიდანვე გამოიწვია ვნებათაღელვა და ხელოვნებათმცოდნეების პროტესტი. შიშობენ, რომ მეფეთა დარბაზის რესტავრაცია იმგვარად, როგორც მერიამ ჩაიფიქრა, მას იერსახეს და უნიკალურობას დაუკარგავს.

არადა, “ოქროს ჩარდახი” ქალაქში შემორჩენილი ყველაზე ძველი საერო ნაგებობაა. ქუთაისს მე-17 საუკუნის სხვა არქიტექტურული ძეგლი არ აქვს.

ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ ძეგლის თავგადასავალს და მერიის ნაბიჯებს მას შემდეგ, რაც ხელოვნებათმცოდნეებმა პროექტი დაუწუნეს. ამ სტატიით მოგიყვებით, რას უპირებენ “ოქროს ჩარდახს” ახლა, რა შენიშვნები არ/იღო ყურად ქუთაისის მერიამ, რისი დათმობა მოუწიათ სპეციალისტების კრიტიკის შედეგად და საკმარისია თუ არა ეს ცვლილებები ძეგლის გადასარჩენად.

რამ გამოიწვია პროტესტი “ოქროს ჩარდახის” გარშემო?

ძეგლის რეაბილიტაციისთვის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილმა მოამზადა. მისი რეკომენდაციით, ძეგლისთვის უნდა მოეხსნათ კედლის ნალესი მასალა და გამოეჩინათ რიყის ქვები; ახლანდელი აივანი შეეცვალათ სხვა ფორმისა და ზომის ხის აივნით; მოეხსნათ ამჟამინდელი სახურავი და შეეცვალათ მსუბუქი, შესაძლოა, ისევ კრამიტის სახურავით; პირველი სართულის ნალისებრი ღიობები კი შეემინათ.

ქუთაისის მერიის დაქირავებულ კომპანია “მნ პროექტს” ეს რჩევები რომ მიეღო, გასაკრიტიკებელიც არაფერი იქნებოდა. თუმცა, მათ საბოლოო პროექტი თავის ჭკუაზე დაწერეს და რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ შეისმინეს.

გადაწყვიტეს, რომ “მეფეთა დარბაზის” სახურავს შემოაყოლონ ქვის პარაპეტები და ეს იდეა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც მოუწონათ. არადა, ამ ტიპის გადახურვა ანდრონიკაშვილის კვლევაში არსად იყო ნახსენები.

ოქროს ჩარდახი - ფოტო რენდერი
ასეთი იქნება “ოქროს ჩარდახი” რეაბილიტაციის შემდეგ. ფოტო პროექტიდან.

პარაპეტი არის ერთგვარი მოაჯირი, რომელსაც ხიდებს, სახლის სახურავებს ან ტერასებს უკეთებენ, გადავარდნის თავიდან ასარიდებლად. თავიდან სწორედ ამ დეტალმა გამოიწვია ქუთაისელების და ხელოვნებათმცოდნეების გულისწყრომა. მათი თქმით, სახურავის ამგვარი დიზაინი ისტორიული ნაგებობისთვის შეუსაბამოა. სპეციალისტებს ისიც აშინებდათ, რომ კვლევები არასაკმარისად და ზედაპირულად ჩატარდა, პროექტის ავტორი და დამკვეთი კი საქმეს გულგრილად მოეკიდნენ.

“…დამკვეთს არ ჰქონდა სრულყოფილად გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვან ძეგლზე დაიწყო მუშაობა. ეს ჩანს თანხის სიმცირეში, პროექტში, როცა არქიტექტორმა თავს ინტერპრეტაციების უფლება მისცა. სინამდვილეში, როცა საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, პროექტის გუნდი უფრო შეზღუდულია… თუ წყაროებს არ ვეყრდნობით, გამორიცხულია, ჩვენი გემოვნებითა და ინტერპრეტაციით დავამატოთ ახალი დეტალები. კვლევას აკლია სიღრმისეული შესწავლა და ძეგლის მნიშვნელობის გააზრება, როგორც ქალაქისთვის, ისე ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის. Სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა რეკომენდაცია, რომ პარაპეტი დამატებოდა,”- ამბობს სოფო ზვიადაძე, კულტურის მკვლევარი.

 რას ცვლის ქუთაისის მერია “ოქროს ჩარდახის” რეაბილიტაციის პროექტში?

მაისში “ოქროს ჩარდახის გადარჩენის საინიციატივო ჯგუფი” შეიქმნა. თავიდან, მერიას გაუგზავნეს წერილი, რომელსაც 88 ადამიანის ხელმოწერა ჰქონდა და პროექტის ცვლილებას ითხოვდნენ. მოგვიანებით, აქტიურ ქმედებებზე გადავიდნენ და ადგილობრივ მთავრობას პირისპირ დალაპარაკება მოსთხოვეს. ახლა საინიციატივო ჯგუფს ჰყავს – ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი ქუთაისის მერიას ორჯერ შეხვდნენ – პირველ ივნისს და 11 აგვისტოს. პირველ შეხვედრას მერია აორგანიზებდა, მეორეს – იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული.

ოქროს ჩარდახის ეზო
ოქროს ჩარდახის ეზო, 2023 წლის ივლისი. ნია ხარაძის ფოტო

საინიციატივო ჯგუფს თავიდანვე ჰქონდა რეკომენდაციები, როგორ უნდა შეცვლილიყო პროექტი და 11 აგვისტოს ადგილობრივ მთავრობას რჩევები კიდევ ერთხელ, უფრო ვრცლად და დეტალურად წარუდგინეს. შეხვედრაში მონაწილეობდა არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია და ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარაშვილი.

მერია მათთან მოლაპარაკებებზე კი წამოვიდა, მაგრამ შეხვედრის ორგანიზებას გულისხმიერებით მაინც არ მოეკიდნენ. ეს იმაში გამოჩნდა, რომ თბილისიდან ქუთაისში ჩასასვლელ სპეციალისტებს შეხვედრის დრო და ადგილი წინა დღეს შეატყობინეს.

“12 საათით ადრე დამირეკეს, რომ მერიაში მივსულიყავი იმ შეხვედრაზე, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით… თბილისიდან ასე სპონტანურად ჩასვლა არ არის ადვილი. ვთხოვე ზუმით ჩართვა, რაზეც დიდი მსჯელობის შემდეგ დათანხმდნენ. მეორე პრობლემა – ვუთხარი, რომ ამ შეხვედრას სხვებიც უნდა დასწრებოდნენ, საინიციატივო ჯგუფის გარედანაც-თქო, მაგრამ არაო…’’- იხსენებს სოფო ზვიადაძე.

აი, ფაქტმა” მოიპოვა სპეციალისტების და მთავრობის პირველი შეხვედრის ოქმი. სამგვერდიანი დოკუმენტით ვიგებთ, რომ შეხვედრა ესწრებოდნენ ქუთაისის მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო რწმუნებულის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარის სტატუსით კი ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი. განიხილეს შემდეგი სადავო საკითხები:

  • რა ფუნქცია ექნება ჩარდახს რესტავრაციის შემდეგ?
  • რატომ არ ჩატარდა ძეგლის სრული არეალის არქეოლოგიური და ისტორიულ-არქიტექტორული კვლევა?
  • რატომ ავსებენ თაღებს ალუმინის ვიტრაჟებით და რა ფუნქცია ექნება მათ?
  • რომელი პროექტის მიხედვით მიმდინარეობს რეაბილიტაციის სამუშაოები- კონსტრუქციული თუ არქიტექტურული?
  • შეიძლება თუ არა, რომ თაღებს ძველი სახე შეუნარჩუნდეს (დარჩეს ღია, ვიტრაჟით შევსების გარეშე) და სახურავზე ქვის პარაპეტი მოიხსნას?

ამ კითხვებს პროექტის ავტორმა, “მნ პროექტის” არქიტექტორმა და დირექტორმა მალხაზ ლეკვეიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ჩარდახს ექნება მუზეუმის ფუნქცია, არეალის ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევები კი იმიტომ არ ჩავატარეთ, დიდ ფინანსებს მოითხოვდა და არც პროექტი ითვალისწინებდაო.

ოქროს ჩარდახის აივნები
ოქროს ჩარდახის აივნებიანი ფასადი, 2023 წლის ივლისი.
ფოტო: ნია ხარაძე

სწორედ ამაშია საქმე, რომ პროექტი არ ითვალისწინებდა.სამუშაოების დაწყებამდე ისტორიული ძეგლის არეალი არქეოლოგიურად რომ უნდა ეკვლიათ, ამაზე ჩვენს პირველ სტატიაში, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ჩარდახის ეზოს ტერიტორიაზე მეფეთა სასახლის ნაშთებია და შესაძლოა, მნიშვნელოვანი არტეფაქტები გამოჩნდეს.

თაღების ამოვსებაზე ლეკვეიშვილმა თქვა, ეს იმიტომ გავაკეთეთ, სიბინძურისგან და ვანდალიზმისგან რომ დაგვეცვაო. ბუნებრივია, გვიჩნდება კითხვა, თუ აქ მუზეუმი უნდა იყოს და მის მეთვალყურეობას აპირებენ, დაბინძურების აღკვეთას რატომ ვერ შეძლებდენ? ძეგლის იერსახის ცვლილება უფრო მარტივი გამოსავალი ჰგონიათ?

შემდეგ საკითხზე კი ლეკვეიშვილმა უპასუხა, პროექტის არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილები ერთმანეთისგან არ განსხვავდებაო. რაც შეეხება ყველაზე სადავო თემას, ჩარდახის სახურავზე ქვის პარაპეტების მოწყობას, როგორც ჩანს, მერიასა და პროექტის ავტორს ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რა აწუხებთ ხელოვნებათმცოდნეებს, რატომაა ამგვარი გადახურვა მე-17 საუკუნის ძეგლისთვის შეუფერებელი. არადა, სპეციალისტებს ძალისხმევა არ დაუკლიათ, რომ მათი პოზიცია არგუმენტირებულად აეხსნათ, როგორც პირად ფეისბუქ გვერდებზე, ისე საჯაროდ, მედიის საშუალებით.

ამ ფონზე, პროექტის ავტორი ივნისში ისევ ამბობდა – კონკრეტულად დაგვისაბუთეთ, რატომ უნდა მოვხსნათ პარაპეტიო.

ქუთაისის მერიის, საკრებულოს, სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ერთმანეთს მეორედ აგვისტოში შეხვდნენ. Ამჯერად, ნაწილობრივ შეისმინეს მოქალაქეების აზრი და პროექტიდან თაღების შემინვა ამოიღეს. თუმცა, ქვის პარაპეტებს მაინც ვერ ელევიან.

ოქროს ჩარდახის პირველი სართული
ოქროს ჩარდახის პირველი სართული, 2023 წლის ივლისი. ფოტო: ნია ხარაძე

მერიიდან მოგვწერეს, საინიციატივო ჯგუფს ეცნობა მათი სხვა წინადადებების გაუთვალისწინებლობის საფუძვლებიო. ეს “სხვა წინადადება” სახურავზე პარაპეტის მოხსნაა. ხელოვნებათმცოდნეები სწორედ ამ ამბავზე დაობდნენ ყველაზე მეტს. თუმცა, ფაქტია, მერიამ და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მათი აზრი ყურად არ იღო. პარაპეტის საჭიროება ასე ახსნეს – აივნის დაჭერისთვის და კონსტრუქციის სიმყარისთვის გვჭირდებაო.

სპეციალისტები ამ არგუმენტს არ იზიარებენ, მოლოდინი აქვთ, რომ მომავალში მაინც მივლენ კონსენსუსამდე და მერიისა თუ სააგენტოს სიჯიუტის გამო ჩარდახი იერსახეს არ დაკარგავს.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს კულტურული მემკვიდრეობის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

რას ეხება ჩარდახის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი?

 “ოქროს ჩარდახის” რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები სს “სამშენებლო კომპანია ივერთმშენს” უნდა შეესრულებინა. ქუთაისის მერიამ მასთან 955,000-ლარიანი ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გააფორმა და საქმის დასასრულებლად ვადა ამავე წლის დეკემბრის ბოლომდე მისცა. “ივერთმშენი” სამუშაოებს დროულად ვერ ასრულებდა. ამიტომ, 6 ივნისს მერიამ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა და 145 ათასი ლარის პირგასამტეხლო დააკისრა.

ივლისის დასაწყისში ახალი ტენდერი გამოაცხადეს, რომელიც პრეტენდენტების არარსებობის გამო ჩავარდა. უახლესი შესყიდვა კი 31 აგვისტოს გამოცხადდა.

ამასობაში, ოქროს ჩარდახი ქუთაისისთვის დამახასიათებელ, ზაფხულის უხვ წვიმასა და ძლიერ ქარში კედლებმოშიშვლებული და სახურავგადაცლილი იდგა.

ოქროს ჩარდახის ფასადი
ოქროს ჩარდახი რეაბილიტაციის პროცესში, ფოტო: ნია ხარაძე

შესყიდვის ღირებულება პირველ ტენდერთან შედარებით, დაახლოებით, 800 ათასი ლარით არის გაზრდილი. ეს იმ ფონზე, როცა სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია – მოხსნილია კედლის ნალესი და ნაწილობრივ მოხსნილია სახურავი. Მერიაში გვიპასუხეს, “ოქროს ჩარდახის პროექტი გადაფასებულია ბაზრის კვლევის საფუძველზეო”.

გამარჯვებული 21 სექტემბერს გამოვლინდება. კომპანიას, რომელიც ჩარდახის რესტავრაციას გააგრძელებს, ქალაქის ბიუჯეტიდან, სავარაუდოდ, 1,8 მილიონ ლარს გადავუხდით.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" გააგრძელოს კულტურული მემკვიდრეობის თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
სატელიტური მონაცემების მიგნებისა და გამოყენებისათვის საჭირო რესურსები
სატელიტური მონაცემების მიგნებისა და გამოყენებისათვის საჭირო რესურსები

სატელიტური მონაცემების მიგნებისა და გამოყენებისათვის საჭირო რესურსები

მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share