fbpx
saprtkhe

საფრთხე, რომელსაც მთავრობა არ იმჩნევს

სახელმწიფოს მმართველი ყველა სტრუქტურა აღიარებს, რომ პროპაგანდა და დეზინფორმაცია არის მნიშვნელოვანი გამოწვევა. თუმცა, ამ პროცესის წინააღმდეგ ბევრს მაინც არაფერს აკეთებენ. მთავრობის უმოქმედობის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად ქვემოთ მოთხრობილი ამბავიც გამოდგება. 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ანტიდასავლური პროპაგანდა მნიშვნელოვან საფრთხედ პირველად 2018 წელს შეაფასა. 2019 წლის დასაწყისში კი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესასწავლად თემატური მოკვლევის ჯგუფი შექმნა

ჯგუფი შვიდი პარლამენტარისგან შედგებოდა. მათგან ოთხი “ქართული ოცნების” წევრი იყო, სამი კი ოპოზიციური პარტიების.  

თემატური მოკვლევის ჯგუფს უნდა გამოეკვლია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. შემდეგ კი აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციები უნდა მიეცა. 

თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის სურვილი 29 კვლევითმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა. აქედან 18-მა ორგანიზაციამ დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან დაკავშირებული სპეციალური კითხვარიც შეავსო და 13 შეხვედრაც გაიმართა. თავდაპირველი გათვლით, ჯგუფს ანგარიში სამ თვეში უნდა მოემზადებინა.  

“საქართველოს რეფორმების ასოციაცია” ერთ-ერთი იყო იმ ორგანიზაციებიდან, რომელიც ჩართული იყო მოკვლევის ჯგუფის საქმიანობაში. ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარიამ წიწიკაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ პროცესში საქმიანობის დასაწყისში უფრო იყვნენ ჩართული, ვიდრე ბოლოსკენ. 

“თავიდან ღიად მოგვეცა პოზიციების დაფიქსირების საშუალება, მერე თემატური მოკვლევის ჯგუფი, ფაქტობრივად, ჩაიკეტა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ის თავის შიგნით მუშაობდა, ოღონდ რაზე მუშაობდა, ჩვენ ამაზე ინფორმაცია, თითქმის, აღარ გვქონდა,” – გვეუბნება მარიამ წიწიკაშვილი. 

ჯგუფმა ვერც თავისი რეგლამენტი დაიცვა და სამი თვის ნაცვლად ანგარიში დაახლოებით ერთი წლის თავზე გაასაჯაროვა. წიწიკაშვილი ამბობს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში რაღაცები იცვლებოდა და მათ უნდოდათ, განახლებული რეკომენდაციები მიეცათ ჯგუფისთვის. ამის საშუალება კი აღარ ჰქონდათ.

ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თემატური მოკვლევის ჯგუფის საქმიანობის მხოლოდ საწყის ნაწილში იყვნენ ჩართული და ანგარიშის მომზადების პროცესში არ მონაწილეობდნენ, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ავალიშვილმაც ახსენა. 

“გამოაცხადეს იდეების მიღება. ჩვენ ყველამ გავუგზავნეთ. მერე იყო შეხვედრები. იქ გავდიოდით იმ ჩვენ მოსაზრებებს, რომელიც მივაწოდეთ. იყო ზოგადი კითხვა-პასუხი. უბრალოდ გვისმენდნენ. მერე უკვე ამ ანგარიშზე როგორ იმუშავეს, არ ვიცი. თუ არ ვცდები, მე მგონია, დაქირავებული ჰყავდათ ორი ექსპერტი, ვინც ეგ მოამზადა.”

ჯგუფმა პირველი სამუშაო შეხვედრა 2019 წლის 25 თებერვალს ჩაატარა. ერთ წელში კი მათი ანგარიში გასაჯაროვდა. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ერთ-ერთია იმ 18 ორგანიზაციიდან, რომელმაც მოკვლევის ჯგუფს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მხრივ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მოსაზრებები გაუზიარა. 

“ჩვენი მოსაზრებები გავაცანით, თუმცა საბოლოო დასკვნაში ცოტა სხვა ფორმით აისახა. რეალურად დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კუთხით უფრო მეტი პრობლემა არის, ვიდრე საბოლოო დასკვნაში იყო აღნიშნული,” – გვეუბნება მარიამ გოგოსაშვილი, საია-ს მაშინდელი წარმომადგენელი. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობა ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კუთხით მეტ-ნაკლებად თავსებადია. ხოლო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან პროპაგანდასთან გამკლავების ძალისხმევა ძირითადად რეაქტიულია და იშვიათად მოიცავს წინმსწრებ, პრევენციულ ნაბიჯებს.

კვლევაში არ მონაწილეობდნენ ისეთი სახელმწიფო უწყებები, როგორიცაა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შსს, რომელთა როლი ძალიან მაღალია მტრულ საინფორმაციო კამპანიებთან გამკლავებაში. 

რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურს, ანგარიშში წერია: “მიუხედავად გამოკითხვებში სუს-ის მონაწილეობისა, კვლევის პროცესში არ ყოფილა მოწოდებული ამ უწყების წერილობითი ან აუდიო ჩვენება. შესაბამისად, სუს-ის პოზიცია ამ დოკუმენტში ასახული არ არის”. 

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, გრიგოლ ლილუაშვილს 2019 წლის მაისში შეხვდნენ

მაშინ თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი ნინო გოგუაძე ამბობდა, რომ მოკვლევის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც საქართველოში დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სისტემის მუშაობაზე ყველაზე სრულ ინფორმაციას ფლობს სუს-ა. 

ანგარიშიდან ირკვევა, რომ სუს-ი გამოკითხეს, მაგრამ შესაბამისი ჩანაწერები ანგარიშში არ აისახა. ამ პროცესში სუს-ის ჩართულობას, მარიამ წიწიკაშვილი სრულიად არასერიოზულს უწოდებს: “უსაფრთხოების სამსახურის შემთხვევა არის გამოსაკვეთი, რადგან მივიდნენ, ისაუბრეს, თუმცა რაღაცნაირად მათი კონტრიბუცია ამ ანგარიშში მაინც არ ჩანს. ეს მაშინ, როდესაც დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე მსჯელობისას უსაფრთხოების სამსახურს წამყვანი როლი აქვს.”

ანგარიშის მიხედვით, სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრის აპარატს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს 13 რეკომენდაცია მისცა:

  1. პარლამენტის როლის გაზრდა; 
  2. სოციალურ ქსელ facebook-ის რეგულაციები; 
  3. დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა; 
  4. ცენტრალური მაკოორდინირებელი ერთეულის/მექანიზმის ამოქმედება; 
  5. 2020 საპარლამენტო არჩევნების დაცვა; 
  6. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; 
  7. ეროვნული ნარატივების შექმნა; 
  8. მესიჯების, არხების და აუდიტორიის შერჩევა; 
  9. კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავება;
  10. ყოვლისმომცველი მიდგომა განათლებაში;
  11. საქართველოს ეკლესიის და ჯარის ჩართვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში;
  12. ტექნოლოგიების სწორი ინტეგრირება;
  13. საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა.

ეს ანგარიში აშშ-ს “საერთაშორისო განვითარების სააგენტოს” (usaid) და “ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის” (wfd) მხარდაჭერით მომზადდა.

საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მოკვლევის ჯგუფების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ანგარიშებს დეპუტატების ნაცვლად ექსპერტები წერენ. ამ ექსპერტებს კი დონორები ქირაობენ. ამ შემთხვევაშიც ანგარიში მოწვეულმა ექსპერტებმა დაწერეს და არა თავად პარლამენტარებმა, რომლებიც ჯგუფის წევრები იყვნენ. 

“საბოლოო ჯამში შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს არის უბრალოდ კვლევითი საქმიანობა, რომელიც დამწერისა და წამკითხველის იქით არ მიდის. ეს პოლიტიკის ცვლილების დოკუმენტად ვერ იქცევა. იმიტომ, რომ დონორები უწევენ დათვურ სამსახურს. უფინანსებენ ამ მოკვლევებს. კომიტეტებსაც მეტი რა უნდათ? რაღაცას გამოიგონებენ ერთ-ორ თემას, ქირაობენ ექსპერტებს, ის დაჯდება და დაწერს. ამათ კი საქმეში ეწერებათ. სინამდვილეში ეს არაფერს ცვლის.” 

არც ამ კონკრეტულ ანგარიშს მოჰყოლია რაიმე ცვლილება. უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა და რეკომენდაციები არ შესრულებულა. “ეს არის დოკუმენტი, რომელიც უბრალოდ თაროზე დევს ფორმალურად, ამ შემთხვევაში პარლამენტში,” – გვეუბნება მარიამ წიწიკაშვილი. 

ლევან ავალიშვილის აზრით, თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიში კარგი დოკუმენტია. საკითხავია, რამდენად შესრულდა ის რეკომენდაციები, რომელიც ამ თემატურმა ჯგუფმა შეიმუშავა. “ეგ უკვე სხვა საკითხია. თუ არ ვცდები, არ შესრულდა საერთოდ.” 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს ვერ ხედავს
sabcho cover

უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს ვერ ხედავს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share