fbpx
Kutaisi photo1

ამბავი პარლამენტის ორი შენობისა

ქართველი პარლამენტარები ვერ თანხმდებიან სად იმუშაონ. ბიუჯეტს კი ეს უთანხმოება მილიონები უჯდება.

2014 წლის 26 დეკემბერს ქვეყნის ისტორიაში მიკროფონმოღერებული პარლამენტარები გამოჩნდნენ. ვიდეოდან ჩანს, რომ მათ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამართული მუშტი-კრივისას მაგიდებიდან 5 მიკროფონი მოგლიჯეს და ერთმანეთს მათი დახმარებით გაუსწორდნენ.

 

თითო მიკროფონი 450 ლარი ღირს, ანუ, საერთო ჯამში, მათი ჩხუბით სახელმწიფო ბიუჯეტს 2 250 ლარის ზარალი მიადგა.

მაგრამ 5 მიკროფონის დამტვრევა რა მოსატანია პარლმანეტის შენობებზე ბოლო წლებში დახარჯულ თანხასთან შედარებით. 2009 წლიდან დღემდე ჯერ პარლამენტის ქუთაისში აშენებისა და მუშაობისთვის, შემდეგ კი თბილისში ძველი შენობის გარემონტებისთვის ბიუჯეტიდან 426 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

„პარლამენტის ორი შენობა“ – ეს არის ამბავი პოლიტიკური შუღლისა, ფულის ფლანგვისა და კორუფციული დანაშაულის აქამდე დაუსრულებელი გამოძიებისა.

 

ორი შენობის ამბავი 2009 წელს დაიწყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა მოიწონა პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა. საამისოდ საქართველოს კონსტიტუციაც შეიცვალა და ასობით მილიონი ლარიც დაიხარჯა. შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის უკან, თბილისში დაბრუნება განიზრახა, თუმცა ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა, რადგან:

  • ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა კონსტიტუციის შეცვლას და საპარლამენტო ქალაქად ისევ თბილისის აღიარებას მხარს არ უჭერდა (არც დღეს უჭერს);

  • თბილისის შენობაში ყველა დიდი დარბაზი დანგრეული იყო.

 

„უროები“ თბილისში

ნუგზარ ლომიძე პარლამენტის რადიოფიცირების განყოფილების ხელმძღვანელია. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც 2012 წლის ზაფხულში პარლამენტის თბილისის შენობაში დარბაზების დასანგრევად აღმართული „უროები“ საკუთარი თვალით იხილა.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზი დანგრევის შემდეგ
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზი დანგრევის შემდეგ

 

ლომიძე იხსენებს, რომ რამდენიმე დღის მანძილზე უროებით აღჭურვილი 5-6 მუშა ყოველ დღე მოდიოდა პარლამენტის შენობაში და დარბაზებს ანგრევდა.  „ჩვენს ოთახს პატარა ფანჯარა ჰქონდა, რომლიდანაც სხდომათა დარბაზს ვხედავდით. ეს ფანჯარა ამოგვიქოლეს, კარს კეტავდნენ, რომ არაფერი დაგვენახა. მთელ შენობაში ისმოდა ნგრევის ხმა, მაგრამ ჩვენ იმ დროს არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო,“ – ამბობს ლომიძე.

 

ამ დღეების მანძილზე პარლამენტის თბილისის შენობაში (რომელიც იმ დროისთვის სახელმწიფოს ბალანსზე იმყოფებოდა და არ გასხვისებულა), დაანგრიეს სხდომათა დარბაზი, ილია ჭავჭავაძის, რესპუბლიკისა და ბიუროს სხდომათა დარბაზები ისე, რომ ამ ქმედების დამადასტურებელი წერილობითი ბრძანება არ არსებობდა და არც დღეს არსებობს. პარლამენტის აპარატიდან მიღებულ წერილს თუ ვენდობით, მათი ბიუჯეტიდან არც დემონტაჟის ხარჯები ანაზღაურებულა.

 

პარლამენტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტმანეტის ხელმძღვანელი 2012 წლის ზაფხულში ჰამლეტ სხულუხია იყო. მას ვკითხეთ, ვინ გასცა პარლამენტის დარბაზების დანგრევის სიტყვიერი ბრძანება. მან გვიპასუხა, რომ იმ დროს ქუთაისში იყო და ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს. სხულუხია დღესაც დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

 

თუმცა პარლამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სხულუხიას ნებართვის გარეშე პარლამენტის დარბაზებში კომენდანტი სკამსაც ვერ გადაადგილებს. „სხულუხია თუ არ დართავდა ნებას, კომენდანტი ისე კარს არ გაუღებდა დარბაზის დასანგრევად მოსულ მუშებს. შესაძლოა, ბატონი ჰამლეტი იმ დროს ქუთაისში იყო, მაგრამ წარმოუდგენელია მას არ სცოდნოდა, რა ხდებოდა თბილისის შენობაში,“ – გვეუბნება დემონტაჟის ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

პარლამენტის აპარატის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, დავით ჯანიაშვილმაც გვითხრა, რომ მათ 2012 წლის ზაფხულში შენობაში არაფერი დაუნგრევიათ, მხოლოდ ავეჯი და აღჭურვილობა გამოიტანეს და ეკონომიკის სამინიტროს გადასცეს.

 

ლომიძე და პარლამენტის ორი თანამშრომელი, რომლებიც ხედავდნენ, როგორ გაჰქონდათ სამინისტროს თანამშრომლებს შენობიდან ნივთები, ადასტურებენ, რომ ეს ზაფხულში ხდებოდა. იმ დროისთვის არც ამ ქმედების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არსებობდა. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა, დავით ჯანიაშვილმა ხელი 2012 წლის 26 სექტემბერს მოაწერეს.

 

ლომიძე იხსენებს, რომ მუშებმა შენობიდან ყველაფერი გამოზიდეს, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ოთახიდანაც კი. „დაახლოებით ერთი თვე გრძელდებოდა ეს პროცესი. ეზოში აგროვებდნენ ყველაფერს და შემდეგ სატვირთო მანქანებზე ალაგებდნენ. რაც ვერ მიჰქონდათ, ანადგურებდნენ. ჭაღს რომ ხსნიდნენ, სადენებსაც აქუცმაცებდნენ. ხომ გინახავთ, ბოროტი ბავშვები მერცხლებს ბუდეს რომ უნგრევენ, მეორედ არ მოფრინდნენო? აი, ზუსტად ეგრე იქცეოდა ეს ხალხიც,“ – ამბობს ლომიძე.

 

2014 წლის აგვისტოდან მოყოლებული ვცდილობდით დავით ბაქრაძისთვის, პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარისთვის გვეკითხა, ვინ გასცა პარლამენტის შენობაში დარბაზების დანგრევის სიტყვიერი ბრძანება, მაგრამ- უშედეგოდ. იგივე კითხვა გვქონდა მიხეილ სააკაშვილთანაც, რომელსაც ჩვენი კითხვა ერთი თვის წინ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით გავუგზავნეთ და პასუხს დღემდე ველით.

რამდენიმე კითხვა გვქონდა პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთანაც. მათ შორის გვაინტერესებდა, რატომ არ არის დაინტერესებული დღევანდელი ხელისულება გამოიძიონ პარლამენტის დარბაზების დემონტაჟის ფაქტი. არც დავით უსუფაშვილმა უპასუხა ჩვენს კითხვებს.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, ეკა ციმაკურიძის განმარტებით, კანონი პირდაპირ არაფერს ამბობს სახელმწიფო ქონების დაზიანების ფაქტზე და სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი ყველაზე უკეთ მიესადაგება ამგვარ დანაშაულს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი ამბობს, რომ “სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.”

 

პარლამენტი ქუთაისში – სარგებელი ორი კომპანიისთვის

 

2009-2012 წლებში პარლამენტის შენობის ქუთაისში ასაშენებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოფიციალური მონაცემებით 392 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ თანხის დიდი ნაწილი ორ კომპანიაზე შპს „მენო ინტერნეიშენალსა“ (281 მილიონი ლარი) და შპს „კავკასუს როუდ პროჯექტზე“ (38 მილიონი ლარი) განაწილდა.

 

შპს „მენო ინტერნეიშენალის“ 33%-ის მფლობელი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანია. ჩიქოვანმა თავმჯდომარის თანამდებობა 2013 წლის ნოემბერში დატოვა.

 

2013 წლის ოქტომბერში შპს „მენო ინტერნეიშენალის“ დირექტორის, გიორგი კურცხალიას წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თანხის მოპარვის ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ფინანსთა მითვისებას ედავებოდა. როგორც საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი გიორგი გრძელიშვილი აღნიშნავს, გამოძიება დასრულდა და საქმე სასამართლოს გადაეცა განსახილველად. თუმცა სასამრთლოს გადაწყვეტილება დღემდე არაა ცნობილი.

 

შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ პაატა ტრაპაიძემ  2005 წელს შექმნა. 2012 წლის ივლისში ტრაპაიძე დასაქმების მინისტრი გახდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი მალევე დაუბრუნდა კომპანიას და დღეს გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.

 

ქუთაისში პარლამენტი 2012 წლის 26 მაისს გაიხსნა. შენობაში მალევე შეიქმნა ტექნიკური პრობლემები: წვიმის დროს შენობაშიც წვიმდა, მზის დროს კი ტემპერატურა გაუსაძლისი ხდებოდა. აპარატის უფროსის მოადგილე, შოთა გოშაძე ამბობს, რომ ისინი პერმანენტულად თხოვდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობის შეკეთებას. ქუთაისის შენობა დღემდე სამინისტროს მიერ შექმნილ შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ ბალანსზეა. ამ უკანასკნელის ცნობით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ქუთაისის შენობის შესაკეთებლად 6 882 ლარია დახარჯული.

 

***

თბილისის შენობის სარემონტო სამუშაოები 2012 წლის ბოლოს დაიწყო და 2014 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. საერთო ჯამში, დანგრეული დარბაზების რემონტისა და ინფრასტრუქტურულად გამართვისთვის22 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. ამჯერად ყველაზე მსხვილი კონტრაქტორები კომპანია “სონი” (15 მილიონი ლარი) და შპს “გრინპროჯექტი”(2.24 მილიონი ლარი) არიან. გარემონტებულ შენობაში ძირითადად საკომიტეტო სხდომები ტარდება, რომელთა უმრავლესობას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად არ ესწრებიან.

 

პარლამენტის ორი შენობის ერთდროულად ფუნქციონერებისთვის ყოველ თვეში საშუალოდ ნახევარი მილიონი ლარი იხარჯება. პარლამენტარების ტრანსპორტირების ხარჯების საშუალო მაჩვენებელი 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ყოველთვიურად 74 ათასი ლარია, რაც 23 ათასი ლარით ნაკლებია 2011 წლის საშუალო მაჩვენებელთან.

 

 

პერსონალისა და დეპუტატებისთვის ქუთაისში ბინის დასაქირავებლად  2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე თვეში საშუალოდ 350 ათასი ლარი იხარჯება. 2011 წელს ყოველთვიურად მაჟორიტარი დეპუტატებისთვის თბილისში ბინის დაქირავების მიზნით ყოველთვე საშუალოდ 21 ათასი ლარი იხარჯებოდა. ანუ ქუთაისში პარლამენტის გადატანით სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველთვიურად 329 ათასი ლარის ოდენობის ზარალს განიცდის.

 

გარდა ამისა, ყოველწლიურად ქუთაისისა და თბილისის შენობების კომუნალური გადასახადები ერთად 2 მილიონ ლარზე მეტია (თითოეულისთვის 1 მილიონი ლარი). რაც ნიშნავს, რომ ორივე შენობის შენარჩუნების შემთხვევაში ყოველწლურად ბიუჯეტიდან მხოლოდ კომუნალური გადასახადებისთვის დამატებით 1 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.

 

ამ დროს პრემიერ -ინისტრი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მთავრობის წევრებს ქამრების შემოჭერისა და ფინანსური რესურსის რაციონალურად ხარჯვისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მკერავები შრომის უფლებების დაცვას ცდილობენ
11296598 1112745218755316 1908342636 o 1

მკერავები შრომის უფლებების დაცვას ცდილობენ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share