fbpx
postTV

POSTV – ხელისუფლების მოტრფიალე ანტიდასავლური ღირებულებების მქონე მედია

POSTV ონლაინ მედიაა

300 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს ფეისბუქზე

მისი მისიაა: “POSTV ერთგვარი ინელექტუალური მუტრუკია, რომელიც საკუთარი მსოფლმხედველური პოზიციებიდან ელაპარაკება საზოგადოებას და თავისუფალია თავსმოხვეული ყალბი პოლიტკორექტულობისგან. მას არც მეინსტრიმის ხათრი აქვს და არც მარგინალების ფობია, არც რელიგიური დოგმატის რანგში აყვანილი მედია სტანდარტით კომპლექსდება და არც ამ სტანდარტის დამცველი მედია ინკვიზიტორების ეშინია. ის არ აკრიტიკებს ხელისუფლებას იქ, სადაც კრიტიკა ისედაც ჭარბია და სადაც მას აკრიტიკებენ მიშას ნარატივით. POSTV სხვაგანაა ჩასაფრებული. “Kак только где-нибудь вместо слова “Здравствуйте” произнесут “Hi” чей-то персональный адрес, знаете там нас ждут, оттуда мы начнём своё великое Возрождение.“ სწორედ იქ ავუნთებთ წითელ ნათურას ხელისუფლებას, სადაც და როდესაც დაშორდებიან საზოგადოებრივ აზრს. ჩვენ ვაკრიტიკებთ კრიტიკოსებს, მიშას თარგზე მოჭრილ ოპოზიციას, მედიას, ექსპერტებს და ენჯეოებს. ასეთია ჩვენი მისია.”

ამ ონლაინ მედია საშუალების დამფუძნებელი, ლაშა ნაცვლიშვილი ბოლო დროს პარტია “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ზრუნავს. მისი ამ პოზიციაზე გადაყვანა გასაკვირი არ იყო იმ ციტატების შემდეგ, რომელსაც ნაცვლიშვილი POSTV-ის ეთერში აჟღერებდა:

1. გადაცემა “ლაშა ნაცვლიშვილის რეპლიკა”: “ყველაზე თამამ ფანტაზიაშიც ვერ წარმოვიდგენდით ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას. ქართული უიმედობის ველზე მისი შემოსვლა დასუსტებულ ორგანიზმში ვიტამინის ინექციას ჰგავდა. ვირუსი უკან იხევდა, ბოლოსდაბოლოს მზის სხივმა გაქვავებულ ნიღბებშიც კი შეაღწია და პიროვნება, მეხსიერება და ღირსება ერთბაშად გაცოცხლდა ადამიანებში.”
2. გადაცემა “ლაშა ნაცვლიშვილის რეპლიკა”: “ივანიშვილი ხალხის მსახურობის უკანასკნელი სიმბოლოა. სიმბოლოს კი არ სჭირდება არანაირი ლეგიტიმაცია, ის თავისთავად არსებობს როგორც გმირი, როგორც ზნეობრივი სუვერენი, როგორც უკანასკნელი საერო ავტორიტეტი. მას არ სჭირდება ძალაუფლება, რადგან ის თვითონ არის ქართველების მორალური ძალაუფლების წყარო. მას არ არ სჭირდება გაკერპება, რადგან ის თვითონ ამსხვრევს კერპებს. მას არ არ სჭირდება ჩვენი ფული, რადგან ყველა ქართველზე უფრო მდიდარია. მას არ არ სჭირდება გალავანი, რადგან შუშის სახლში ცხოვრობს. არანაირი კედელი ბიძინასა და ხალხს შორის არ არსებობს, რადგან ბიძინა ხალხია. მას არ სჭირდება ელიტა, რადგან თვითონ ეგალიტარულია. მას არ სჭირდება განდიდება, რადგან ის უკვე განადიდა მისმა საქმეებმა. მას არ სჭირდება ტირანია და ძლიერი ხელი, რადგან მისი ხელი მწიფეა. მას საქართველო და ქრთველები სჭირდება, რომ ემსახუროს მათ.”
3. შალვა რამიშვილის გადაცემა “მედიარენტგენი”: “მე არც ვმორალისტობ და არც ადვოკატად ვუდგები ვინმეს, მაგრამ ბიძინას მორალზე, მის ცხოვრების სტილზე და ზოგადად ოჯახზე დარტყმა აი, უზნეობას რომ თავი დავანებოთ, სუპერ არაპერსპექტიულია, რადგან არანაირი ხინჯი ამ მიმართულებით არ არსებობს.”
4. გადაცემა “ლაშა ნაცვლიშვილის რეპლიკა”: “პრეზიდენტის არჩევის წესი, ბრმანაწლავის ჭიაყელის დანამატია… მავნე გადმონაშთი. მის მკურნალობას მარტო კონსერვატიული მეთოდი არ ჰყოფნის, ოპერირება კი მხოლოდ იმ ექიმს(ბიძინას) შეუძლია, ვინც უკვე გაიმარჯვა იმ ტირანოზავრზე (მიშაზე).”

POSTV-ის გადაცემებში ხშირად გაიგონებთ რუსული ნარატივისთვის დამახასიათებელ ციტატებს, რომ ევროპა და NATO დასუსტდა, ამიტომ საქართველოს ადგილი იქ აღარაა; რომ ჩვენი დასავლურ გაერთიანებებში გაწევრიანება რუსეთს გააღიზიანებს და გადაგვყლაპავს; რომ ლიბერალიზმს აღმოსავლეთ ევროპაში უკვე ფარისევლობად აღიქვამენ და ა.შ.

ჩვენ ამ ონლაინ მედიის გადაცემებს 3 თვის მანძილზე ვადევნებდით თვალყურს და გიზიარებთ მათ ეთერში გამოთქმულ მოსაზრებებს.

ციტატები ევროპის შესახებ:

1. გადაცემა “გურიზმები”: “ევროპაში, მაგალითად, ნეო-ნაციზმი ესაა პირდაპირი რეაქციაა პოლიტ-კორექტულობაზე, მულტი კულტურალიზმზე და ლიბერალურ დემოკრატიაზე.”
2. გადაცემა “საერთაშორისო პანორამა”: “იზრდება ულტრა მემარჯვენეთა პარტიების მხარდამჭერების პროცენტი… ერთი სიტყვით, ლიბერალური სისტემა ევროპაში კრიზისშია, ევროპას არ აქვს რეცეპტი რითაც შეებრძოლება დღევანდელ გამოწვევებს.”
3. გადაცემა “საერთაშორისო პანორამა”: “კონსერვატიზმის პოლიტიკურმა სულისკვეთებამ ევროპაშიც იმძლავრა… მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ავსტრიის პარლამენტის არჩევნების შედეგები მივიღებთ ისეთივე სურათს, როგორიც ევროპის უმრავლეს ქვეყანაშია, მცირდება მემარცხენე და ლიბერალური პარტიის მხარდაჭერა და იზრდება კონსერვატორული და ულტრა მემარჯვენე პარტიების პოპულარობა. და, როგორ გგონიათ, რით არის ეს გამოწვეული ნაწილობრივ? მიგრაციული კრიზისით…”
4. გადაცემა “საერთაშორისო პანორამა”: “აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, როგორც ადრე იყო ეს, მაინცდამაინც აღარ ილტვიან დასავლეთის სოციალური მოდელისკენ და ევროპულ ლიბერალურ ელიტას, როგორც ფარისევლებს ისე აღიქვამენ.”
5. გადაცემა “საერთაშორისო პანორამა”: “პარიზის დეკლარაციის ავტორები აცხადებენ, რომ ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხე მუსულმანური მიგრანტები და რუსეთის პოლიტიკური ავანტიურიზმი კი არ არის, არამედ ცრუ ადამიანური ფასეულობები, რომელსაც ყალბი ევროპა ქადაგებს. ევროპამ საკუთარი თავი მსოფლიო პროგრესის გვირგვინად გამოაცხადა, მაგრამ რელურად ინდივიდუალიზმში ჩაძირული ევროპული საზოგადოება მწვავე იზოლაციას განიცდის და გზა კვალი აქვს არეული.”

POSTV-ის წამყვანებისგან გაიგებთ, რომ ლიბერალებს სძულთ პუტინი და რომ რუსოფობია ისევ ჩვენ გვაზიანებს:

1. გადაცემა “გურიზმები”: “ლიბერალები სულ იშველიებენ ვაჟას “ალუდა ქეთელაურს.” ეს მოჰყავთ იმის საილუსტრაციოდ, როგორი უნდა იყოს უცხოს მიღება, როგორი უნდა იყოს ტოლერანტობა და ა.შ. ანუ მტრის სიყვარული, თუმცა, რუსეთის შემთხვევაში ყველაფერს ივიწყებენ.”
2. გადაცემა “კონსერვატორია”: “ლიბერალი არის დღეს ის, ვინც პუტინს ვერ იტანს.”
3. გადაცემა “რეცეპტი”: “ადამიანს დაჟინებით და მეთოდურად უმეორებენ, რომ ყველაფერი რისიც სჯერა, რაც ანაღვლებს, რა პოზიციაზეც დგას, რუსული პროპაგანდაა და დავიჯერო, არავის მოსვლია თავში აზრი, რომ ამდენი ძახილის შემდეგ ეს საშუალო სტატისტიკური ქართველი ადგება და იტყვის, რომ კარგი, თუ ყველაფერი რისიც მე მჯერა, რაც მანაღვლებს და რაც ჩემი იდენტობის არსია პრორუსულია, მაშინ მეც პრორუსული ვარ. და მერე დგანან ეს შეშფოთებული ენჯეოები და წერენ რეპორტებს იმაზე, რომ საქართველოში პროდასავლური კურსი საფრთხეშია.”
4. გადაცემა “FB რევიუ”: “მიშას შემდეგ, ჩვენივე დამაზიანებელი რუსოფობია აღარ არის სახელმწოფო პოლიტიკა და ის ნაცებისა და მათთან გათანაბრებული პირების ექსკლუზივი გახდა. დაგმობას ექვემდებარება არამხოლოდ ყოველივე რუსული, არამედ ყველაფერი, რაც რუსეთთან ოდნავ მაინც ასოცირდება.”

მოსაზრებები NATO-ს შესახებ:

1. გადაცემა “კონსერვატორია”: “რუსეთმა თუ დაინახა, რომ შენი ნატოში შესვლა არის რეალური, შეიძლება მოინდომოს შენი გადაყლაპვა;”
2. გადაცემა “რეცეპტი”: “ის პოლიტიკური თამაში, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაბმული სულ უფრო საშიში ხდება და ნატოში ინტეგრაცია იმ გაყინული სახით, რომელშიც ახლა იმყოფება, პერსპექტივების გარდა დიდი საფრთხის მატარებელიცაა. ამიტომ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დროზე უნდა ჩამოყალიბდნენ, იღებენ თუ არა ჩვენს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას, თორემ ჩვენთვის ყველაფერი უკვე მრავალჯერ გამოვლილი სცენარით დასრულდება და მერე მათი აღშფოთება, დაგმობა და სანქციები უკვე არავითარი მნიშვნელობის მატარებელი არ იქნება.”
3. გადაცემა “მედიარენტგენი”: “ტელევიზიას(საზოგადოებრივ მაუწყებელს) წესდებაში რომ დაუწერ ნატოს პროპაგანდა უნდა აწარმოო, გამოვა იმ ტელევიზიიდან რამე? რატო, ტო? მართლა ხალხის ანუ ჩვენი მაყუთია ის 52 მილიონიანი ბიუჯეტი, ნატო კი არ იძლევა, არც ვცადოთ, არ გავაადამიანუროთ საზმაუ? მებრძოლ უღმერთოთა კავშირს (არასამთავრობოებს) დავუტოვოთ?”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მუსლიმთა ლიდერს ტელეფონზე საუბრისთვის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
mirtag asadovi

მუსლიმთა ლიდერს ტელეფონზე საუბრისთვის 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share