fbpx
baghebi 2

ბავშვები საბავშვო ბაღებს მიღმა

საქართველოში ყოველ წელს ათასობით ბავშვი რჩება სკოლამდელი განათლების გარეშე. მიზეზი საჯრო ბაღების შეზღუდული რაოდენობაა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს თბილისში ელექტრონული რეგისტრაციის შემდეგ საჯარო ბაგა-ბაღში 3,500 ბავშვი ვერ მოხვდა. გასულ წელს კი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საჯარო ბაღში მოხვედრის 1,700 მსურველი ვერ დააკმაყოფილა.

29 წლის ანი მჭედლიძე თბილისში, ვარკეთილში ცხოვრობს. პატარა ნატალის საჯარო ბაღში უკვე მე-2 წელია ვერ არეგისტრირებს. მაღალი გადასახადის გამო კი ვერც კერძოში შეჰყავს. რადგან ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავს, ვერც მუშაობს. მათ სახლთან ყველაზე ახლოს 196-ე ბაღია. 3 წლის და 7 თვის ნატალი შარშან სარეზერვო სიაში იყო, მაგრამ გასულ წელს ბაღში ადგილი არ გათავისუფლდა.

“დილიდან კომპიუტერთან ვიჯექი და საათს ვუყურებდი. ზუსტად 12 სთ-ზე, ფორმა გაიხსნა, შევავსე და პასუხად მივიღე, რომ ბაღში ვაკანსია აღარ იყო,” – გვიყვება ანი.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, საჯარო ბაგა-ბაღებში გადასახადი 2013 წელს გაუქმდა. შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მოხვედრის მსურველთა რაოდენობაც გაიზარდა. გაზრდილ მოთხოვნას მთავრობა მასობრივად ახალი ბაღების გახსნით ვერ პასუხობდა. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დიდ ქალაქებში იგრძნობოდა. ამიტომ რეგისტრაციის ახალი მეთოდი მხოლოდ თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შემოიღეს.

რეგისტრაციის ელექტრონულ წესში ყველაფერი მარჯვე ხელებსა და სისწრაფეზეა დამოკიდებული. თუ ცოტათი ნელი ხართ ან კომპიუტერს არც ისე კარგად ფლობთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი შვილი საჯარო ბაღში ვერ მოხვდება.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე კი მაინც ფიქრობს, რომ “ეს ყველაზე გამჭვირვალე და სამართლიანი მეთოდია,” რადგან ის კორუფციის რისკსაც გამორიცხავს.“

ცოტა რამ თავად რეგისტრაციის პროცესზე:

ელექტრონული რეგისტრაცია ორ ეტაპად ტარდება. რეგისტრაციისას პრიორიტეტი ენიჭებათ:

1. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს
2. იმ ოჯახებს, რომელთა შვილები იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებში უკვე დადიან.

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 12,5% (467,284 ადამიანი) ღატაკია და საარსებო შემწეობას იღებს, საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული ადგილები, თითქმის, პირველივე ეტაპზე ივსება.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია ერთი კვირის შემდეგ იწყება და ეს პროცესი სპორტულ მარათონს ემსგავსება. იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე სწრაფია და რეგისტრაციისთვის საჭირო ფორმას ონლაინ ყველაზე სწრაფად ავსებს.

“რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად 2 წუთში ბაღში ვაკანტური ადგილი აღარ იყო. როგორ არის ეს მეთოდი სამართლიანი? სამართლიანი ის იქნებოდა, რომ ბავშვი ჩემს საცხოვრებელ უბანში არსებულ საჯარო ბაღში მიმეყვანა. რა სამართლიანობაზეა საუბარი, ბავშვი საერთოდ საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა,”- გვეუბნება ნაია ჩხაიძე.

ნაია ბავშვის ელექტრონულად დარეგისტრირებას ვაკეში, 75-ე ბაღში ცდილობდა. ფორმის შევსებისთანავე სისტემამ უთხრა, რომ აქ ადგილები აღარ იყო. შემდეგ ვაკეში მოქმედ სხვა ბაღებში დარეგისტრირებაც უშედეგოდ სცადა. „სკოლამდელი განათლება და ბავშვებთან კომუნიკაცია ბავშვისთვის აუცილებელია, ის სკოლისთვის უნდა მოემზადოს. ახლა, მინიმუმ, 400 ლარი უნდა გადავიხადო ბავშვის ბაღში მისაყვანად,” – გვეუბნება ნაია.

ვაკეში, სადაც ნაიას ბავშვის ბაღში დარეგისტრირება უნდოდა, ადგილები ყველაზე დეფიციტურია. იქ სულ 16 ბაღია, 1,063 ადგილით. ამ 16 ბაღს წელს 2-3 წლის ასაკის ბავშვთა ჯგუფში მხოლოდ 395 ბავშვის მიღება შეუძლია. ვაკეში კი, ჯამში, 100 ათას ადამიანამდე ცხოვრობს.

მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანი საბურთალოა. საჯარო ბაღებში თავისუფალი ადგილები აქაც მწირია. საბურთალოზე, რომლის ადმინისტრაციულ საზღვრებში დიდი დიღომიც შედის, სულ 23 საბავშვო ბაღია. 2-3 წლის ასაკის ბავშვთა ჯგუფებში კი 576 ადგილია.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ამბობს, რომ საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუ 2014 წელს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 52,226 ბავშვი იყო რეგისტრირებული, 2018 წელს მათმა რაოდენობამ 61,000-ს გადააჭარბა.

2012 წლის შემდეგ თბილისში 25 ახალი ბაგა-ბაღი აშენდა. წლის ბოლომდე დედაქალაქში კიდევ 5 ახალი შენობა გაიხსნება და სულ სკოლამდელი აღზრდის 185 დაწესებულება იქნება, 62,000-მდე ბავშვის ადგილით. თუმცა, პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩება, განსაკუთრებით თბილისის ცენტრალურ ნაწილში – საბურთალოზე და ვაკეში. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე ამბობს, რომ ვაკეში და საბურთალოზე მიწის სიმცირის გამო ახალ შენობებს ვერ აშენებენ.

რამდენ ადგილზე გათვლილი საბავშვო ბაგა-ბაღი უნდა იყოს თბილისში, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდეს? თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არა აქვს. “ამას სჭირდება საფუძვლიანი კვლევა და ანალიზი. ასე ვერ გეტყვით. მოთხოვნა ყოველ წელს მზარდია. ეტყობა, შიდა მიგრაციის თემაც არის რეგიონებიდან, შობადობაც იზრდება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ – ბაღებს ვაშენებთ,” – გვეუბნება გვანცელაძე.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, მაია ყუფარაძე ხაზს უსვამს სკოლამდელი განათლების მნიშვნელობას:

“სკოლამდელი განათლება არ არის ფუფუნება. ეს ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. ბაღში ის იღებს განათლებას, ვითარდება და სკოლისთვის ემზადება. როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლამდე საბავშვო ბაღში დადიოდნენ, გაცილებით უკეთესად სწავლობენ. მათ უფრო კარგად განვითარებული უნარები აქვთ, ბევრად უფრო ადაპტირებული არიან, ღონისძიებებში უფრო აქტიურად მონაწილეობენ და სკოლაში ნაკლებ სტრესს განიცდიან. ის ფაქტი, რომ დღეს ბავშვები რჩებიან სკოლამდელი განათლების გარეშე, გამოწვეულია არა რეგისტრაციის ფორმით, არამედ იმით, რომ არ არის საკმარისი რაოდენობის საბავშვო ბაღები. აუცილებელია, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და ყველა ბავშვის საჭიროება დააკმაყოფილოს. თორემ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმაში მიუღებელი არაფერია. ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს.”

როგორია უცხოური გამოცდილება?

ჩვენ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოვიძიეთ. აშშ-ში ყველა შტატს განსხვავებული წესები აქვს, თუმცა სისტემა დიდწილად მაინც ერთნაირად მუშაობს. აქ ვირჯინიის შტატის არლინგტონის ოლქის საჯარო სკოლების მაგალითს განვიხილავთ. საჯარო ბაღში რეგისტრაციისთვის ორი მთავარი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოთ: უნდა ცხოვრობდეთ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თქვენს მიერ შერჩეული ბაღი ეკუთვნის და ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გაკეთებული სავალდებულო აცრები (ზოგიერთ შტატში ითხოვენ ასევე ტუბერკულოზზე შემოწმების პასუხებს).

აპლიკაციის ფორმის შევსება შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ისე უშუალოდ სკოლაში არსებული ბლანკით. რაც მთავარია, რეგისტრაციის კონკრეტული ვადები არ არსებობს – სკოლაში რეგისტრაცია ანდა სხვა ბაღში გადასვლა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სასურველ ბაღში იმაზე მეტი ბავშვი რეგისტრირდება, ვიდრე ადგილია, მაშინ ბრმა კენჭისყრა ტარდება, ლოტოტრონის პრინციპით. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ბავშვი სკოლის გარეშე დარჩება: სკოლის ალტერნატიულ ვარიანტს ყველას სთავაზობენ და მთავარი ფაქტორი, რასაც ამ დროს ყურადღებას აქცევენ, ბავშვის ინდივიდუალური საჭირობები და გეოგრაფიული სიახლოვეა.

რას სთავაზობს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი იმ ბავშვების მშობლებს, რომელბიც უბაღოდ დარჩნენ? “ისინი უნდა ჩადგნენ მომლოდინეთა, ე. წ. სარეზერვო სიაში და როგორც კი გათავისუფლდება ადგილი, ჩაირიცხებიან რიგითობის მიხედვით. არის შემთხვევები, როცა რეგისტრაციის შემდეგ ბავშვი ბაღში აღარ მიჰყავთ, ან სხვა ქალაქსა და ქვეყანაში გადადიან საცხოვრებლად,” – გვეუბნება გვანცელაძე.

ანი მჭედლიძის შვილი მალე 4 წლის გახდება. ორი წელია სარეზერვო სიაშია და ბაღში ჯერაც ვერ დადის.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
კანადური კომპანია მთავრობას “აშანტაჟებდა”
kanaduri

კანადური კომპანია მთავრობას “აშანტაჟებდა”

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share