ავტორები: აიდან იუსიფი და ნანუკა ბრეგაძე (“აი, ფაქტი”), კელი ბლოსი (OCCRP)
“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის ვეტო დაძლია და “რუსული კანონი” ძალაში შევიდა. მანამდე, კანონის წინააღმდეგ პროტესტის გაძლიერების პარალელურად, უფრო და უფრო სასტიკი ხდებოდა გზები, რომლითაც მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს უსწორდებოდა და არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ მომავალში.
აქციის მონაწილეების უმოწყალოდ ცემასთან და დაკავებებთან ერთად, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და პროტესტის სხვა მონაწილეები დილით ნახულობდნენ საკუთარ ფოტოებს, სახლთან ან სამსახურთან, წარწერით “მოღალატე” ან “აგენტი”. ამ ყველაფერს კი თან დაერთო სხვადასხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ნომრებიდან განხორციელებული მუქარის შემცველი ზარები.
თავიდან ადამიანებს დღის განმავლობაში ურეკავდნენ, მოგვიანებით კი ზარებმა ღამით გადაინაცვლა. მალევე დაიწყეს დარეკვა მომიტინგეების ოჯახის წევრებთანაც. მათაც გინებისა და მუქარის მოსმენა მოუწიათ, თანაც ოჯახის წევრების ლიკვიდაციითაც კი ემუქრებოდნენ, თუ ისინი “რუსული კანონის” წინააღმდეგ პროტესტს არ შეწყვეტდნენ.
OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” ჟურნალისტებმა შევაგროვეთ ამ “აქციაში” ჩართული ნომრები და მათთან დარეკვა დავიწყეთ. უმეტეს შემთხვევაში ოპერატორი გვეუბნებოდა, რომ ნომერი რეგისტრირებული არ არის, ან ვხვდებოდით დაბნეულ მოქალაქეებთან, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რაზე ვესაუბრებოდით, ან ჩვენი კითხვის შემდეგ სულაც ყურმილს გვითიშავდნენ.
„ეს ნომერი ორი დღის წინ ვიყიდე… არა, მსგავს რაღაცებთან შეხება არ მაქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც სახლიდან არასდროს გადის“, – უთხრა OCCRP-ს აკანკალებული ხმით ერთმა აზერბაიჯანელმა ქალმა, რომლის ნომრიდანაც საქართველოში რეკავდნენ.
ამ ზარების ზოგიერთ მსხვერპლს მტკიცედ სჯერა, რომ სატელეფონო მუქარის უკან ხელისუფლება დგას და მათ ზარების განსახორციელებლად სატელეფონო სისტემით მანიპულირებას მიმართეს.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საკამათო კანონმა ქვეყანა ორად ჯერ კიდევ აპრილში გახლიჩა, როდესაც პარლამენტმა ის პირველი მოსმენით მიიღო. შედეგად დაიწყო მასობრივი პროტესტები ქვეყნის შიგნით და დაგმობა დასავლეთის მხრიდან.
კანონი მალე ამოქმედდება და ის არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების, მინიმუმ, 20%-ს უცხოეთიდან იღებენ, იძულებულს გახდის დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები, რომლებიც „ავრცელებენ უცხო ძალის ინტერესებს“. მსგავსმა კანონმა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება მოკლა.
ისინი, ვინც ღიად აკრიტიკებდნენ კანონს, მიიღეს მუქარის ზარები და დილით სამსახურთან და სახლებთან დახვდათ პლაკატები თავისივე გამოსახულებით და წარწერით – “აგენტი”.
ტელეფონის ნომრებისა და საუბრების ანალიზმა ტექნოლოგიურ ლაბირინთამდე მიგვიყვანა, თუმცა ამ სქემის პირველწყაროს დაზუსტებით დადგენა რთულია. ზარების მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით არის შესაძლებელი. ამით ისინი ცდილობდნენ ხალხის დაშინებას და “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეთა რაოდენობის შემცირებას.
“პირველი ზარი უკრაინიდან შემოვიდა, შემდეგ სინგაპურიდან, თუ არ ვცდები. ასევე იყო აზერბაიჯანული ნომრები და დანარჩენი ქართული ნომრები”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ისტორიკოსი და ლექტორი დავით ბრაგვაძე.
იმავე ღამით ზარი დავითის ცოლმაც მიიღო. რადგან ქართული ნომერი იყო, უპასუხა და შესაბამისად, დაემუქრნენ და შეურაცხყოფაც მიაყენეს. რამდენიმე წუთში ზარი შევიდა დავითის დედის ტელეფონის ნომერზეც.
“დედაჩემმა არ უპასუხა. ამის შემდეგაც ჩემს ცოლს რამდენჯერმე დაურეკეს და რომ არ პასუხობდა, მაშინვე დედაჩემთან რეკავდნენ”, – გვითხრა ბრაგვაძემ.
ჩვენ შევაგროვეთ 60-მდე ქართული და აზერბაიჯანული ნომერი. ვცადეთ, მათი შესაძლო მფლობელები გაგვერკვია და დავკავშირებოდით.
ქართული ნომრების უმეტესობა უკვე აღარ არსებობდა. რამდენიმემ, ვინც ქართულ და აზერბაიჯანულ ნომრებზე გვიპასუხა, ჩვენი კითხვის შემდეგ სწრაფად გათიშა, ხოლო დანარჩენები გაოცებულები იყვნენ, მათი ნომრებიდან განხორციელებული ზარების შესახებ რომ მოვუყევით.
საინტერესოა, რომ ათობით აზერბაიჯანული ნომერი იწყებოდა “005”, “004” ან “006” ინდექსით. სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რომელსაც ეს ნომრები ეკუთვნის, ამ ინდექსით ისინი გასაყიდად არასდროს გამოუტანია. როდესაც ჩვენ ამ ნომრებზე გადავრეკეთ, ზარი არ გავიდა.
OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” კითხვაზე აზერბაიჯანის უმსხვილესმა კორპორატიულმა სატელეკომუნიკაციო სერვისმა Bakcell-მა განაცხადა, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება ქართველ ოპერატორებთან ერთად და დაადგინეს, რომ ზარები განხორციელდა „თაღლითური მეთოდით“, რომელიც CLI spoofing-ის სახელითაა ცნობილი და რომელზეც მათ კონტროლი არ აქვთ.
CLI Spoofing-სას ზარის განმახორციელებელი განზრახ აყალბებს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენი ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება, რათა შენიღბოს მისი ვინაობა. სწორედ ამ ტექნიკის დახმარებით ხორციელდებოდა ზარები ხან ჰაიტიდან, ხან უკრაინიდან და ხანაც აზერბაიჯანიდან.
„გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ზარები საქართველოში მიწოდებული იყო შუამავალი კომპანიების მეშვეობით და არ იყო შექმნილი bakcell-ის მიერ. ამჟამად ქართულ ოპერატორებთან და შუამავალ კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს ზარებზე გამოძიება“, – წერს bakcell-ის მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი ნიზამი ალიევი ჩვენთვის გამოგზავნილ პასუხში.
დაზარალებულები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს აჩენს სერიოზულ კითხვებს ამ სქემაში საქართველოს მთავრობის შესაძლო ჩართულობის ან მხარდაჭერის შესახებ.
„დილის 5 საათზე დაურეკეს ჩემს მეუღლეს. ის ორსულადაა და საპროტესტო აქციებსაც არ დასწრებია. მაინც დაურეკეს. დედაჩემსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მას ჩემნაირი შვილის გაზრდისთვის უნდა სცხვენოდეს“, – გვითხრა ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ.
ჯავახიძე ფიქრობს, რომ ზარები ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულად ხორციელდებოდა. მისივე თქმით, ის ოფიციალურად სხვა მისამართზეა რეგისტრირებული, მაგრამ უკვე მრავალი წელია იქ არ ცხოვრობს. თუმცა როცა დაურეკეს, უთხრეს მისი სარეგისტრაციო მისამართი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს „წინასწარ აქვთ ზარის მიმღებთა სია“.
საქართველოს მთავრობამ არ უპასუხა OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” კითხვებს და არც საჯაროდ გამოუხატავს პოზიცია ანონიმურ ზარებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ელშად ჰაჯიევმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “მათ ინფორმაცია არ აქვთ” ამ ზარების შესახებ.
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას, თუმცა, ასეთ მეთოდებს – არა.
„ყალბი ნომრების გამოყენების გამოცდილება მთელ მსოფლიოშია. მოძებნეთ ინტერნეტში, არის სპეციალური აპლიკაციები, შეგიძლიათ გააკეთოთ ანონიმური ზარები ყალბი ნომრით. რატომ გამოიყენება ყალბი ნომერი?! იმიტომ, რომ თუ გადარეკავთ, უშედეგო იქნება, ვერაფერს მიიღებთ“, – განაცხადა ელჩის მესამე მდივანმა, ჯავიდ მაჰარამოვმა.
“გეფიცებით, ეს მე არ ვიყავი…”
აქტივისტ ნინა ტუღუშთან შესულ ზარებს შორის, რომლის ამონაწერიც (ე.წ. სქრინი) მან 11 მაისს ფეისბუქზე ატვირთა, აზერბაიჯანის მოქალაქე, 84 წლის კაპიტოლინა სერგეიევნას ნომერიცაა.
კაპიტოლინამ ჩვენს ჟურნალისტს უთხრა, რომ მობილურის ნომრის ერთადერთი მომხმარებელი იყო და საქართველოში არავისთან დაურეკავს.
„ვფიცავ, რომ ეს მე არ ვიყავი. ქართველებისგან ზარებს ვიღებდი. ერთი ქალბატონი იყო, ქართულად მელაპარაკა. მე ვუთხარი, რომ მისი არ მესმოდა და გამითიშა. რეკავდნენ სხვადასხვა ნომრიდან… ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ჩემგან დაურეკეს, მე ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო“, – უთხრა კაპიტოლინა სერგეიევნამ.
საპროტესტო აქციების კიდევ ერთმა მონაწილემ, სალომე ჩხაიძემ გვითხრა, რომ მისთვის უცნაური იყო ზარის მიღება აზერბაიჯანიდან, რადგან ვინც დაურეკა ქართულად ლაპარაკობდა, მაგრამ როგორც კი მან იმავე ნომერზე უკან დარეკა, ოპერატორმა რუსულად უპასუხა და შემდეგ ზარი გაითიშა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ზარი პროტესტს უკავშირდებოდა, როგორც ჩანს, სხვა ქვეყნის ნომრებიც დასჭირდათ. ეს მართლაც უცნაური იყო“, – თქვა სალომე ჩხაიძემ.
სხვების მსგავსად, ედო ჯავახიძესაც უკრაინული, აფრიკული, აზერბაიჯანული, ქართული და თურქული ნომრებიდან დაურეკეს. OCCRP-ის და “აი, ფაქტის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენებით ამოიცნეს ერთ-ერთი აზერბაიჯანული ნომერი და დარეკეს. თავისი ვინაობის დადასტურების შემდეგ ელშად ჯაფაროვმა უარყო ჯავახიძესთან დაკავშირება და ტელეფონი გათიშა.
„როცა ჩემი ოჯახის წევრებთან დარეკვა დაიწყეს, ეს უკვე სასაცილო აღარ იყო. ეს იყო ტერორი. ის, რომ დამრეკავებს ჩემი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები ჰქონდათ, იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ყველა ინფორმაცია ჩემზე, ჩემს ოჯახზე და ამ ზარებს მხარს უჭერს მთავრობა“, – თქვა ედო ჯავახიძემ და ასევე აღნიშნა, რომ მისი და მისი მეუღლის ქორწინება ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული, მაგრამ მათ ამის შესახებაც ინფორმაცია ჰქონდათ და მეუღლეს მაინც მისწვდნენ.
„ეს ნიშნავს, რომ ამაზე მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახური და აწვდიდა ინფორმაციას დამრეკავებს“, – გვითხრა მან.
ქართული ნომრებით განხორციელებული მუქარის ზარები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა მობილურ ოპერატორს ეკუთვნოდა, ხოლო ყველა აზერბაიჯანული ნომერი მხოლოდ Bakcell-ს, აზერბაიჯანში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან მობილურ ოპერატორს, რომელიც Neqsol holding-ის ნაწილია. Neqsol არის კომპანიების დივერსიფიცირებული ჯგუფი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში. ჰოლდინგის ვებგვერდის მიხედვით, neqsol ეკუთვნის ბიზნესმენ ნასიბ ჰასანოვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს პარტნიორს.
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით Bakcell-ის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ თუ ნომრები გენერირდება CLI Spoofing ტექნოლოგიით, დარეკვისას ნებისმიერი ყალბი მობილური ნომერი შეიძლება შედგებოდეს ნებისმიერი ციფრისგან და ამ ზარებს და ნომრებს საერთო არაფერი აქვთ ოპერატორის ქსელთან.
„ჩვენთვის უცნობია ოპერატორის ინფორმირების გარეშე ყალბი ზარების განმახორციელებლებმა რატომ აირჩიეს ეს კონკრეტული სერია“, – განაცხადა Bakcell-ის წარმომადგენელმა ალიევმა და დაამატა, რომ რადგან ზარები მათ ქსელს გარეთაა და არ არის მათი უშუალო კონტროლის ქვეშ, “პრობლემის გადაჭრა მათი მხრიდან შეუძლებელია”.
“ამჟამად ზარების წარმომავლობას ქართული ოპერატორები და გადამზიდავი კომპანიები ერთობლივად იკვლევენ. ბოლო ინფორმაციით, ქართველმა ოპერატორებმა ზარების გაჩერება მოახერხეს”, – თქვა მან.
საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მესამე მდივანმა ჯავიდ მაჰარამოვმა ასევე დაადასტურა, რომ ნომრების უმეტესობა ეკუთვნის Bakcell-ს, მათ შორის ზოგი “004” და “006”-ითაც იწყება და მათ “არარეალური ნომრები” უწოდა.
„გინახავთ ასეთი ნომრები? ამათ აზერბაიჯანთან არანაირი კავშირი არ აქვთ. თუ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, ნომრები მაინც რეალური უნდა იყოს“, – თქვა მან და კიდევ ერთხელ უარყო მასში აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობა. „აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს აზერბაიჯანისთვის არაფრის თხოვნა არ სჭირდება. ვინ გააკეთა, ეს უცნობია. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას ქართული მხარე აკეთებს, ან ჩვენ ვაკეთებთ. შესაძლოა, არის ის, ვისაც სურს ურთიერთობის გაფუჭება“.
OCCRP-მ და “აი, ფაქტმა” გაარკვია, რომ ერთ-ერთი აზერბაიჯანული ნომერი, რომელმაც სალომე ჩხაიძეს დაურეკა, აზერბაიჯანის 21 წლის მოქალაქე ნოვრუზ იბრაჰიმლის სახელზეა რეგისტრირებული. იბრაჰიმლიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში არავისთვის დაურეკავს, სამაგიეროდ, თავად დაურეკეს საქართველოდან.
„დამირეკეს ქართული ნომრიდან, მერე მეც გადავრეკე. საქართველოში ტელეფონთ არასდროს მილაპარაკია, თუმცა, მე მირეკავდნენ იქედან“, – თქვა იბრაჰიმლიმ და გაგვიზიარა მისთვის ქართული ნომრებიდან შესული ზარების სქრინები.
იყო შემთხვევები, როდესაც მუქარის ზარის ადრესატებმა – ჟურნალისტებმა, რედაქტორებმა, აქტივისტებმა თქვეს, რომ ადამიანები, რომლებიც ურეკავდნენ მათ მშობლების სახელებს ეუბნებოდნენ. არადა, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.
საქართველოს ამომრჩეველთა რეესტრში, მხოლოდ ადამიანის დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი და ამავე მისამართზე რეგისტრირებული ადამიანებს ნათესაური კავშირების იდენტიფიცირების გარეშე გვიჩვენებს. თუმცა, ეს ინფორმაცია რომ ვნახოთ კონკრეტული პიროვნების პირადობის ნომერი და გვარი უნდა ვიცოდეთ.