fbpx
ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში

როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა საქართველოში და რატომ არის ეს საგანგაშო?

ავტორი: ეთო მიდელაშვილი

“ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება, ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალე ხელისუფლებად ითვლება მთელ მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორისაა,” – ეს სიტყვები ყოფილ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. ასე ხსნიდა ის ე.წ. რუსული კანონის აუცილებლობასაც და გვიმტკიცებდა, არასამთავრობო სექტორის საქმიანობა “გაუმჭვირვალე” არისო.

არადა, წლებია, თავად ეს მთავრობა არღვევს კანონმდებლობას და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას გვიზღუდავს.

2021 წლიდან მათ ვებგვერდზე შეწყდა მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება. მთავრობის გადაწყვეტილებები აღარც საკანონმდებლო მაცნეზე ქვეყნდება.

როდიდან გაუარესდა საჯარო ინფორმაციის მოპოვების პრაქტიკა საქართველოში და რატომაა ეს ამბავი საგანგაშო, ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

რატომ უნდა აქვეყნებდეს და რატომ არ აქვეყნებს საქართველოს მთავრობა განკარგულებებს?

მთავრობა განკარგულებებს თითქმის ყველა სხდომაზე ამტკიცებს. ეს დოკუმენტები ეხება, მაგალითად, ბიუჯეტის განაწილებას, სახელმწიფო ქონების გაყიდვას ან მათ სიმბოლურ ფასად გადაცემას ფიზიკური პირებისა თუ კომპანიებისთვის. განკარგულებებით წყდება ისიც, ვის გაუფორმონ ესა თუ ის საინვესტიციო ხელშეკრულება.

ყველა განკარგულება, თუ ის სახელმწიფო საიდუმლოებას არ ეხება, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე, მაქსიმუმ სამ დღეში უნდა ატვირთოს. ამას მთავრობის რეგლამენტი ავალდებულებს. თუმცა, ეს წესი სამ წელზე მეტია ირღვევა. მთავრობის განკარგულებებს დღის სინათლე აღარ უხილავთ და მათი მოპოვება მედიისთვის თითქმის შეუძლებელი გახდა, საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვის დროსაც კი.

გიორგი დავითური გვიყვება, რომ მთავრობა არ იცავს მის მიერვე მიღებულ კანონს, რაც სამართლებრივ წესრიგში არ ჯდება.

“ეს არის აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მძიმედ აზარალებს ქვეყანაში ანგარიშვალდებულების ხარისხს, ჟურნალისტებს და მთლიანობაში, საზოგადოებას. იმიტომ, რომ არსებითად გართულდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება,” – ამბობს დავითური. ის “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”/IDFI კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელია.

დავითური იმასაც გვეუბნება, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ განკარგულებების გამოქვეყნება შეწყვიტა, ფარულად წყდება საკმაოდ მნიშვნელოვანი და სარისკო საკითხები.

პირობები ჩხარტიშვილზე
ფოტო: “გამჭვირვალობა საქართველო”

მაგალითისთვის, შარშან, ოთხი დეკემბრის განკარგულებით, მთავრობამ შეცვალა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობები. ეს ამბავი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”/TI გაავრცელა და მოითხოვა დოკუმენტის გასაჯაროება, რადგან საზოგადოებისთვის უცნობი იყო, კონკრეტულად რა პირობა შეიცვალა.

“სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კორუფციისადმი მოწყვლადი სფეროა, განსაკუთრებით, როდესაც ქონება ოფშორულ კომპანიებს გადაეცემა, აუცილებელია გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის დაცვა… მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერმინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები,” – წერდა TI 2024 წლის 16 იანვარს.

როგორ გართულდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა/მოპოვება საქართველოში?

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებმა საჯარო ინფორმაცია უნდა გასცენ დაუყოვნებლივ, ან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში. ეს მათი ვალდებულებაა, თუ ინფორმაცია არ არის პერსონალური, ან სახელმწიფო, კომერციული, თუ პროფესიული საიდუმლოება.

საჯარო დოკუმენტი შეიძლება იყოს ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო-აუდიოჩანაწერები, მეილის ოფიციალური მიმოწერა და ასე შემდეგ.

თუმცა, ბოლო წლებში, საქართველოში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა/მოპოვების პრაქტიკა მკვეთრად გაუარესდა. ჟურნალისტები მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხს ხშირად კვირების, თვეების, ან წლების განმავლობაში ველით. ზოგჯერ კი ჩვენს კითხვებს საერთოდ უპასუხოდ ტოვებენ. უნდა ითქვას, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს არ გვაქვს.

IDFI-ის ანგარიშის მიხედვით, ​2022 წელს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციებიდან პასუხი გაეცა 58%-ს, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს სამინისტროებმა და მათზე დაქვემდებარებულმა უწყებებმა. ხელისუფლების ეს პოლიტიკა აქტიურად გაგრძელდა 2023 წელსაც. ორგანიზაციის აზრით, ამის მიზეზია საჯარო დაწესებულებების სისტემური უკანონოები და მათი შემაკავებელი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა.

პასუხების შედარება

“2023 წლის ხუთ თვეში IDFI-მ სამინისტროებსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში გაგზავნილ 1,255 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე, პასუხი მიიღო მხოლოდ 94 განცხადებაზე (7%),” – წერს ორგანიზაცია.

IDFI-მ 2018-2019 წლებში ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა დაასახელა. 2020 წელს ეს წოდება იუსტიციის სისტემასთან ერთად ერგო მთავრობის ადმინისტრაციასაც, 2021 წელს კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

კულტურის სამინისტროს უპასუხოდ აქვს დატოვებული “აი, ფაქტის” არაერთი განცხადება. მათ შორის, ისეთებიც, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო. მაგალითად, გელათის მონასტრის მდგომარეობა და მისი რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროცესი. უწყებას ჩვენ მიერ მოთხოვნილი არც ერთი საჯარო დოკუმენტი არ მოუწოდებია.

შესაბამისად, გადავწყვიტეთ საჯარო ინფორმაცია სასამართლოს ძალით მოგვეპოვებინა და 2022 წლის ოქტომბერში კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ დავა წამოვიწყეთ. ამ საქმეში ჩვენს ინტერესს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” იურისტები იცავენ. ამ დროისთვის კი სასამართლოს სხდომის ჩანიშვნას ველოდებით.

სტატიაზე მუშაობისას, ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას. პრესსამსახურმა არც ზარებზე გვიპასუხა და არც შეტყობინებებზე. ამიტომ, 18 იანვარს სამინისტროში მივედით. მიმღებში გვითხრეს, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ადგილზე არ იყო და არც მათ ზარებს პასუხობდა. დაახლოებით ერთსაათიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, დავწერეთ განცხადება. ჩვენი კითხვები კი კვლავ უპასუხოდ დარჩა.

რა მექანიზმებით შეგვიძლია შეზღუდული საჯარო ინფორმაციის მიღება და როგორია სასამართლო პრაქტიკა?

შეზღუდული საჯარო ინფორმაციის მისაღებად ორი ძირითადი გზა არსებობს – ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებაში შეგაქვს და სასამართლო სარჩელი. ერთად განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი და ვნახოთ, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ეს მექანიზმები.

კულტურის სამინისტროსგან გელათის მონასტერთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად “აი, ფაქტმა” ორივე ბერკეტი გამოიყენა. 2022 წლის სექტემბერში სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივარი წარვადგინეთ. მათგან სრული იგნორის შემდეგ, ერთი თვის თავზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსაც მივმართეთ. თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი სასამართლო სხდომა არ გამართულა.

მოთხოვნებზე მიღებული პასუხები
ფოტო: IDFI-ის 2022 წლის ანგარიში

IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური “აი, ფაქტთან” აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის ინსტრუმენტი უფრო ნაკლებ რესურსსა და დროს მოითხოვს, რასაც ვერ ვიტყვით სასამართლოზე:

“საპროცესო მექანიზმი არის სრულად მოუქნელი და სრულად არის მოპასუხე მხარისკენ. მაგალითად, მოპასუხე მხარემ იცის, რომ მას შეუძლია არ გასცეს საჯარო ინფორმაცია და საუკეთესო შემთხვევაში, დაახლოებით 3 წლით შეუძლია გაწელოს სასამართლო დავა და ამის ხელშემშლელი მისთვის არაფერია…მთლიანი საპროცესო სამართლებრივი წესრიგი მუშაობს ადმინისტრაციული ორგანოების სასარგებლოდ. ის მათ აძლევს რესურსების დაზოგვის, დროის გაწელვის საშუალებას და ზიანი საერთოდ არ ადგებათ. აი, ეს არის, რაც მერე თვითნებობას ახალისებს,” – ამბობს დავითური.

ის ასევე გვიყვება, რომ მთავრობის განკარგულებების მოსაპოვებლად IDFI-მაც ორივე ბერკეტი გამოიყენა, თუმცა უშედეგოდ. მათი დავა მთავრობის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოს პირველ ინსტანციაში ორ წელზე მეტხანს გაგრძელდა. დავითურის თქმით, ეს მაშინ, როცა საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მაქსიმუმ ორ თვეში უნდა გამოიტანოს, განსაკუთრებით რთული კატეგორიის დავებზე კი მაქსიმუმ ხუთ თვეში.

სასამართლოში მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ზაზა თაქთაქიშვილი ადასტურებდა, რომ მიღებული განკარგულებების გამოქვეყნება 2020 წლის მარტის ბოლოდან, ანუ პანდემიის გამოცხადებიდან შეწყდა. თუმცა, რატომ არ განახლდა პანდემიის დასრულების შემდეგ, უცნობია.

მთავრობის მოპასუხე მხარე იმასაც ამბობდა, IDFI-ის მიერ მოთხოვნილი პერიოდის განკარგულებები დახარისხებული არ გვაქვს, ამისთვის ცალკე კადრი არ გვყავსო. შესაბამისად, ვერ შევძლებდით პერსონალური, კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი განკარგულებების გამოცალკავებას და მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ ორგანიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაო. 2023 წლის 19 მაისს კი IDFI-ის მოთხოვნა არც მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ დააკმაყოფილა.

გიორგი დავითურის თქმით, მოსამართლემ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, სახეზე გვაქვს სასამართლო დავის იმგვარი გადაწყვეტა, რაც სრულიად სცილდება სამართლებრივ სივრცეს და ეჭვებს აჩენს, რომ სასამართლოსთან კოორდინირებულად ხდება მაღალი ინტერესის მქონე საჯარო ინფორმაციის შეზღუდვა.

“…რთულია სამართლებრივი ახსნა მოეძებნოს იმ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას, რომელიც კანონმდებლობითაა საჯაროდ მიჩნეული და მოპასუხე მხარეს არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტაცია,” – წერს IDFI. დავითური კი გვიყვება, რომ მისმა ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება გასული წლის 11 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის განხილვა დღემდე გრძელდება.

დავითური “აი, ფაქტთან” საუბარში კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებს. გასული წლის მარტში IDFI-მ სასამართლოში დავა წამოიწყო ერთდროულად 82 საჯარო დაწესებულების წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ რომ უწყებები კოორდინირებულად მოქმედებდნენ და უპასუხოდ ტოვებდნენ ორგანიზაციის მიერ გაგზავნილ განცხადებებს, რომლებიც ეხებოდა ბიუჯეტის ხარჯვას, საშტატო ერთეულებს და თანამდებობის პირების ხელფასებს. ეს დავაც დღემდე გრძელდება.

როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ტატა ჭანკვეტაძე გვიყვება, საქმეების გაჭიანურება მხოლოდ საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებულ დავებს არ ეხება. მისი თქმით, ეს საერთო სასამართლოების სისტემაში ზოგადი ტენდენციაა.

“მთავარი არგუმენტი, რაც არსებობს საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციაში, არის სასამართლოს გადატვირთულობა. საქმეების სიმრავლე და, შესაბამისად, მოსამართლეების არასაკმარისობა. ეს არის ყველაზე უფრო ზოგადი და, ფაქტობრივად, ერთადერთი არგუმენტი საქმეების გაჭიანურების და იგივე არგუმენტია საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული სასამართლო დავების თაობაზე,” – აცხადებს ჭანკვეტაძე.

კონკრეტული მოსამართლეების დატვირთულობა, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს თავმჯდომარეების სია, უვადოდ დანიშნული მოსამართლეების რაოდენობა – ამ და სხვა ინფორმაციებს საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან და სკოლისგან ითხოვდა. თუმცა, პასუხები ვერ მიიღო. ამიტომ, შარშან დეკემბერში ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელები წარადგინა. რამდენად მიიღებს საია ამ ინფორმაციას, რთული სათქმელია. თუმცა, არსებული სასამართლო პრაქტიკით და ჩვენი რესპონდენტების მონათხრობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ საქმის განხილვაც გაჭიანურდება.

თუ გსურთ, რომ “აი,ფაქტმა” გააგრძელოს მსგავსი თემების გაშუქება, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

ვის აქვს საჯარო ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა და როგორია უწყებების დამოკიდებულება?

საჯარო დაწესებულებებს თავადაც ევალებათ, რომ საკუთარ ვებგვერდებზე საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად გამოაქვეყნონ. ანუ, წინასწარ, იქამდე ვიდრე მას მოქალაქე ან ჟურნალისტი მოითხოვს. შემდეგ ეს ინფორმაცია პერიოდულად უნდა განაახლონ კიდეც. თუმცა, ფაქტია, ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას ვერ გრძნობენ. ამ მხრივ, თავს არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტების მერიები იწუხებენ.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
ფოტო: IDFI-ის კვლევა

ინფორმაციის მოპოვება არც პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისთვისაა იოლი. მოძრაობა “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გვიყვება, რომ სხვადასხვა უწყებას სადეპუტატო კითხვებით ხშირად მიმართავს, მათგან პასუხს კი დაგვიანებით, არასრულად, ან საერთოდ ვერ იღებს.
როგორც ნაცვლიშვილი ამბობს, ზოგიერთ უწყებასთან კითხვის გაგზავნა 2-3-ჯერ უწევს. მისი გამოცდილებით, ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყება კულტურის სამინისტროა.

პარლამენტარი ამბობს, რომ გადამწყვეტია დროის ფაქტორიც – პასუხს მნიშვნელობა აქვს მაშინ, როცა ესა თუ ის საკითხი საზოგადოებაში მწვავეა. 2-3 თვის შემდეგ კი მან შეიძლება აქტუალობა სულაც დაკარგოს. ნაცვლიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ზოგჯერ საჯარო უწყებების პასუხი რამდენიმე ფურცელია, მაგრამ მასში ღირებული ინფორმაცია არ არის. ამის მაგალითად კი შოვის ტრაგედია მოჰყავს.

“საინტერესო პრეცედენტი იყო, როცა შოვთან დაკავშირებით გავგზავნე 50-მდე კითხვა. არც ერთმა უწყებამ არ მიპასუხა. გავიდა დრო და კიდევ გავგზავნე იგივე კითხვები და მერე დაიწყო ნაწილობრივ პასუხების გაცემა. ჩემთვის ეს იმის ინდიკატორია, რომ დაალაგეს, პასუხები შეათანხმეს. დრო დასჭირდათ სახელისუფლებო ნარატივის მოსაფიქრებლად, თორემ რატომ უნდა გჭირდებოდეს ორი თვე, როდესაც ამხელა ტრაგედია ხდება. თუ არაფერი გაქვს დასამალი და ყველაფერი პატიოსნად გაქვს გაკეთებული, პირიქით უნდა გინდოდეს, შენს ინტერესში უნდა შედიოდეს ადამიანურადაც, პოლიტიკურადაც, რომ გასცე ეს ინფორმაცია და შენი სიმართლე რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელო,” – აცხადებს ნაცვლიშვილი და აღნიშნავს, რომ საჯარო ინფორმაციის მიზანი პროპაგანდა არ უნდა იყოს.

ამა თუ იმ საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მიღების პრობლემა შექმნია სახალხო დამცველის აპარატსაც. 2022 წლის სექტემბერში, BM.GE-ის რედაქტორ თელარა გელანტიას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის გაშუქებისა და კითხვების დასმის უფლება არ მისცეს. ამ საქმის შესწავლა კი ომბუდსმენმა დაიწყო. მათ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართეს კითხვით, თუ რის გამო ეთქვა უარი თელარა გელანტიას, დასწრებოდა მთავრობის სხდომას, თუმცა აღნიშნულზე პასუხი არ მიუღიათ.

საჯარო ინფორმაციაზე მიუწვდომლობა, როგორც “ეგზისტენციალური პრობლემა”

რატომ არის საგანგაშო საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა და რა ზიანს აყენებს ეს ამბავი მოქალაქეებს? – ეს კითხვა ყველა რესპონდენტს დავუსვით და სტატიის დასასრულს, “აი, ფაქტი” მათ მოსაზრებებსაც გთავაზობთ.

საიას იურისტი, ტატა ჭანკვეტაძე: “საჯარო ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოებშია დაცული…ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო ორგანოში არსებობს, დაკავშირებულია მოქალაქეებთან… იმ ბიუჯეტთან, რომლის შევსებაც ხდება მოქალაქეების მხრიდან. დაკავშირებულია იმ უფლებამოსილებების და ვალდებულებების შესრულებასთან, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვთ დაკისრებული და ა.შ. შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ემსახურება ამ ყველაფერზე ინფორმირებულობის გარანტიების შექმნას. მნიშვნელოვანია, მოქალაქე იყოს ინფორმირებული რა ხდება იმ სახელმწიფო ორგანოებში, რომელიც მის მიერ ფინანსდება.”

მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე ფიქრობს, რომ როდესაც ხელისუფლება საჯარო ინფორმაციის გაცემას ბლოკავს, მისი პირდაპირი მიზანია მოსახლეობამ ვერ გაიგოს, როგორ საქმიანობს და როგორ გადაწყვეტილებებს იღებს.

“მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის ხელისუფლებაში, ის მოდის იმისთვის, რომ მოსახლეობას მოემსახუროს, ანგარიშვალდებულება არის, რომ შენ რომ გადასახადს იხდი, უნდა იცოდე, რაში იხარჯება ეს თანხა, როგორ ნაწილდება, რა გადაწყვეტილება მიიღება, როგორ მიიღება, ვინ დაუჭირა მხარი, რა გეგმები არსებობს. მედია კი გვეხმარება, ამ ინფორმაციას აგროვებს და საზოგადოებამდე მიაქვს,”- ამბობს ანდღულაძე და აღნიშნავს, რომ ინფორმაციის თავისუფლების საკითხს დამატებითი მნიშვნელობა საარჩევნო წელს ენიჭება.

ის მედიისთვის საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას “ეგზისტენციალურ პრობლემას” უწოდებს:

“მედიისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომ თავისი მოვალეობა შეასრულოს. როდესაც ვსაუბრობთ მედიის პრობლემებზე, სამწუხაროდ, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა არის ეგზისტენციალური პრობლემა. ხელისუფლება გეგმაზომიერად ხურავს საჯარო უწყებებს, მნიშვნელოვან თემებს არ აწოდებს მედიას,”- აცხადებს ანდღულაძე.

დარღვევის მაჩვენებელი
ფოტო: IDFI-ის ანგარიში

გიორგი დავითური IDFI-დან ამბობს: “მთავარი ზიანი ისაა, რომ სინამდვილეში, კარგად ვერ ვიგებთ, რაში იხარჯება ხალხის ფული. საერთოდ, იხარჯება ხალხისთვის და საჯარო სიკეთეებისთვის თუ გარკვეული ინდივიდების პიროვნული სარგებლისთვის? ხომ არ არის მაღალი დონის კორუფციის ნიშნები? მთლიანობაში, ეს მიდის იქამდე, რამდენად სცემ პატივს საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ მოქალაქეებსა და ხალხს, რომელმაც დაგიქირავა, რომელიც ფულს გიხდის… თუ საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება, ხალხს ვერ ეცოდინება სწორად, ტყუილებისა და სპეკულაციების დონეზე კი, მაგრამ ხალხი ვერასდროს გაიგებს რაში დაიხარჯა მისი ფული, მაგალითად, ვინმეს ნაცნობებისთვის, შვილებისთვის, შემომწირველებისთვის ხომ არა… ”

პარლამენტის წევრი ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება სწორად მუშაობს, მაშინ თავადაც დაინტერესებული უნდა იყოს, საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიაწოდოს ან საჯარო ინფორმაციის სახით მაინც გასცეს.

“როდესაც ინფორმაცია იმალება, აჩენს ეჭვს და დიდი ალბათობით ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას რაღაც აქვს დასამალი, რაღაცას აფუჭებს მოქალაქესთან მიმართებით… როდესაც ხელისუფლება არ გვაწვდის ინფორმაციას, რაში რამდენი დახარჯა, არ აგებს პასუხს იმაზე, რატომ ჩატარდა ესა თუ ის ტენდერი უკონკურენტო პირობებში, არ გვაწვდის ინფორმაციას გელათზე – რომ ჩამოირეცხა ღვთისმშობლის ფრესკა, ვინმემ აგო პასუხი? ამაზე კითხვა რომ გავგზავნე და ხელისუფლება პასუხს არ გვცემს, ეს ნიშნავს, რომ რომ არავის პასუხისმგებლობა არ დადგა.

ეს ნიშნავს, რომ გელათი და სხვა კულტურული ძეგლები დაუცველნი რჩებიან. ხვალაც ვიღაცის გულგრილობით, არაკომპეტენტურობით თუ კორუფციით, ისევ რომ დაზიანდება კულტურული ძეგლი, ტაძარი ან ციხე-კოშკი, ისევ არავინ აგებს პასუხს,” – ამბობს ნაცვლიშვილი და აღნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ ვისი ცხოვრება უმჯობესდება ბიუჯეტის ხარჯვით – მოქალაქეების თუ მაღალჩინოსნების.

მასალაში გამოყენებული წყაროები

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი,ფაქტმა" გააგრძელოს მსგავსი თემების გაშუქება, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
რუსების “ავტოსამოთხე” – სანქცირებული ავტომობილების გზა საქართველოდან რუსეთამდე
BCars cover NEW

რუსების “ავტოსამოთხე” – სანქცირებული ავტომობილების გზა საქართველოდან რუსეთამდე

კონკრეტული მაგალითების საფუძველზე გაჩვენებთ, როგორ მუშაობს სქემები და ვინ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share