“მეგობრობის სახლი” ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ოთხსართულიანი შენობის პირველ სართულზე მდებარეობს. 3-4 მეტრიანი დერეფნის ბოლოს, კედელზე მიდგმულ მაგიდაზე 9 ქვეყნის დროშას დაინახავთ. მათ შორის, რუსეთის დროშასაც.
“აქ 9 დიასპორაა გერთიანებული და ყველას თითო ოთახი გვაქვს. (ბათუმის) მერიის დახმარებით ჩამოყალიბდა ეს სახლი. ყველა თავის მიმართულებით მუშაობს, თავიანთ ეროვნულ ღონისძიებებს ატარებენ. მერიის ბალანსზეა შენობა და კომუნალურს იხდის მერია. ღონისძიებებს მერია და რუსეთის ინტერესების სექცია გვიფინასებს,” – გვიყვება არჩილ გოგიტიძე, “რუსეთის თანამემამულეთა აჭარის საზოგადოების“ დამფუძნებელი. ორგანიზაციის მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობის განმტკიცება და რუსული დიასპორის ხელშეწყობაა.
“მეგობრობის სახლში” რუსული დიასპორისთვის ერთი ოთახია გამოყოფილი. კარს გარედან რუსეთის დროშა აქვს მიკრული. ოთახში, კარის მოპირდაპირედ რუსეთის გერბი, დროშა და ორი, დიდი ზომის, რუკაა გაკრული. დანარჩენ კედლებზე მასლინიცას, საახალწლო და სხვა ღონისძიებების ფოტოებია მიმოფანტული.
ამ ოთახში “რუსეთის თანამემამულეთა აჭარის საზოგადოების“ გარდა კიდევ ორი ორგანიზაცია საქმიანობს, ესენია: “საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ასოციაცია აჭარაში” და “აჭარის რუსულენოვანი ინტელიგენციის ასოციაცია რასვეტი.” ორივე ორგანიზაციის საქმიანობის მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობის გაძლიერება და რუსული ენისა და კულტურის გავრცელებაა.
“ჩვენ, სამივე ორგნიზაცია ერთად ვაკეთებთ ყველფერს, ნაბიჯ-ნაბიჯ” – ამბობს, ალექსანდრა ანისიმოვა, “საქართველო რუსეთის ურთიერთობების ასოციაცია აჭარაში”-ს დამფუძნებელი.
ამ ერთ ოთახში მოქმედი სამივე ორგანიზაცია უფრო დიდი ქსელის ნაწილია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 21 არასამთავრობოს აერთიანებს და მას “საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭო” ჰქვია.
საბჭოს საქმიანობა შვეიცარიის საელჩოში მოქმედი რუსეთის ინტერესების სექციიდან იმართება და დაფინანსებასაც რუსული სახელმწიფო პროგრამებიდან ან ფონდებიდან იღებენ.
საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციების წარმომადგელებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა უკვე დასახეს. მათ შეკრებას შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის თავმჯდომარე, ევგენი კონიშევიც ესწრებოდა. შეხვედრაზე დამსწრეებს კონიშევმა უთხრა, რომ 2019 წელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თეატრის წლად გამოაცხადა და “ელოდებათ ბევრი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი თარიღი.”
“საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს” 2016 წლიდან გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელი, ნიკოლაი სვენტიცკი უდგას სათავეში. ამავდროულად, ის საბჭოში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანიზაციის, “რუსული კლუბის” პრეზიდენტიცაა.
გრიბოედოვის თეატრი მჭიდროდ თანამშრომლობს საბჭოს წევრ ორგანიზაციებთან, ეპატიჟება მათ საახალწლო სპექტაკლებსა თუ სხვა პრემიერებზე. ერთ-ერთი სპექტაკლის, “შინელის” პრეზენტაცია გრიბოედოვის თეატრში 15 თებერვალს გაიმართა. ნიკოლაი სვენტიცკის თქმით, ამ სპექტაკლით თეატრი საეთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, “ვსტრეჩი ვ რასია”-ზე გაემგზავრება.ფესტივალი 4-12 აპრილს პეტერბურგში გაიმართა.
თეატრთან დაკავშირებული ღონისძიებების გარდა, სხდომაზე სხვა საკითხებიც განიხილეს:
1. ზაფხულში თბილისში ახალგაზრდული ფორუმის ჩატარება, რომლის მიზანი მეგობრულ-კულტურული კონტაქტების დამყარებაა;
2. პროგრამა “Russia Study”-ს ფარგლებში რუსეთში გასამგზავრებელი სტუდენტების შერჩევა. ახალგაზრდები რუსულ უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლიან;
3. 9 მაისის განსაკუთრებულად აღნიშვნის გეგმა. კონიშევის თქმით, 2020 წელს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილე აღინიშნება და 2019 წელი ამ გრანდიოზული ღონისძიების “გენერალური რეპეტიცია” იქნება. “ვეტერანები ვინც დარჩა, 100 დოლარის ფარგლებში იქნება დახმარება. აქ მათი პირადობა და საპენსიო ნომრები მაქვს და სექცია პირდაპირ ჩაურიცხავს მათ. ყველას ინდივიდუალურად, საკუთარ საპენსიო ანგარიშზე დაუჯდება თანხა,” – ამბობს გოგიტიძე.
ვინ მართავს “რუსულ-ქართულ მეგობრობას”?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს განყოფილება, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებთან მუშაობს. მათ შექმნეს “რუს თანამემამულეთა მსოფლიო საკოორდინაციო საბჭო,” რომელიც 93 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის საქართველოში. რეალურად, მათ ჩამონათვალში 95 დროშაა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს შორის არსებული კიდევ ერთი რგოლი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციაა.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის გახსნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა და საელჩო გააუქმა. ოფიციალურად, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის 2 სექტემბერს, ომის შემდეგ გაწყვიტა. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციამ ფუნქციონირება 2009 წლის მარტში დაიწყო.
დავით ძიძიშვილი, საინფორმაციო ომების მკვლევარი ფიქრობს, რომ სექცია ჩვენივე მოსახლეობის ინტერესებს ამოფარებული სხვადასხვა მავნე ორგანიზაციისა და საზოგადოებრივი ჯგუფის საქმიანობას უწყობს ხელს.
“მიუხედავად მრავალჯერადი მხილებისა, აღნიშნული სექცია კვლავ აგრძელებს, ხშირ შემთხვევაში, კორუფციის ნიშნების მქონე საქმიანობას. სამწუხაროდ, ამ სექციის საქმიანობა ჯერ მთლად კარგად არ არის შესწავლილი. თუმცა, ფაქტია, რომ მისი მოქმედებები ხშირად ატარებს ე.წ. აგრესიული პროპაგანდის ხელშეწყობის სახეს,” – ამბობს ძიძიშვილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ბრძანებით, 2017 წლიდან სექციას ევგენი ივანოვიჩ კონიშევი ხელმძღვანელობს. კონიშევი 1992 წლიდან დიპლომატია. 2016 წელს მე-2 კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი მიანიჭეს. საქართველოში ჩამოსვლამდე ის რუსეთის ფედერაციის გენერალური კონსული იყო სომხეთში, ქალაქ გუმრში. კონიშევის გარდა სექციაში კიდევ 10 რუსი დიპლომატია.
სექციის ფინანსური მხარდაჭერით საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციები რეგულარულად აღნიშნავენ რუსი მწერლებისა და პოეტების დღეებს, მასლინიცას, ახალ წელს, ეპატიჟებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. აგზავნიან ახალგაზრდებს სხვადასხვა პროგრმით რუსეთი ფედერაციაში, ხელს უწყობენ რუსული კულტურის, ენისა და ლიტერატურის გავრცელებას.
საკოორდინაციო საბჭოს წევრი ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტი თბილისსა და ბათუმში საქმიანობს. თბილისში 9 მათგანია რეგისტრირებული, ბათუმში კი 3.
საინფორმაციო ომების მკვლევარი, დავით ძიძიშვილი ფიქრობს, რომ რუსული პროპაგანდისთვის ყველაზე საინტერესო კახეთი და აჭარის რეგიონია. მისი თქმით, რუსეთი დაფინანსებული ორგანიზაციებისა და ფონდების საქმიანობით ცდილობს გაატაროს აზრი, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება რუსეთზეა დამოკიდებული.
“რეალურად, ამ ორ რეგიონში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მართლაც არის დამოკიდებული ე.წ. რუსულ ფულზე (ტურიზმის სფერო) და შესაბამისად ასეთი ადამიანები წარმოადგენენ კარგ „სამუშაო მასალას“ აღნიშნული ორგანიზაციებისათვის. აჭარა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუსული პროპაგანდისთვის, რადგან იქ მაღალია ე.წ. ანტითურქული განწყობა, რომელსაც კარგად იყენებენ პროპაგანდისტები. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია ზაფხულში, როცა რუსი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ მაღალია,” – გვეუბნება ძიძიშვილი.
თუმცა, კახეთისა და აჭარის გარდა, სხვა საკოორდინაციო საბჭოს წევრები სხვა რეგიონებსაც ემეგობრებინ.
დავით ძიძიშვილი საკოორდინაციო საბჭოს მენეჯერულ რგოლად მიიჩნევს, რომლის მიზანი კოორდინირებული მოქმედებით საერთო მიზნის მიღწევაა. “საბჭოს შემადგენლობაში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები არის ე.წ რუსული დიდი სტრატეგიის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც იქმნება ახალი ქართულ-რუსული პოზიტიური განწყობები, სადაც რუსეთი აღარ წარმოადგენს საქართველოს მტერს. ხოლო საქართველო ერთი კარგი რესტორანია, სადაც ჩახვალ, გაგართობენ და დაგასვენებენ,” – გვეუბნება ძიძიშვილი.
ძიძიშვილს მაგალითად მოაქვს რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილი საინფორმაციო უსაფრთხოების დოქტრინა, სადაც საუბარია რუსული პოლიტიკის გატარებაში მსგავსი ტიპის ორგანიზაციების როლზე: გაანეიტრალონ რუსეთის ფედერაციის საგარეო კურსთან დაკავშირებული დეზინფორმაცია.
თუმცა, ნიკოლაი სვენტიცკი მის საქმიანობას ქვეყნისთვის სასიკეთოდ მიიჩნევს და მსგავს მსჯელობას არ ეთანხმება.
“არ ვერევი პოლიტიკაში, არ მინდა, 62 წლის კაცი ვარ. ამდენი გავაკეთე საქართველოსთვის, პარლამენტში შესვლაც შემიძლია, მაგრამ არ მინდა. თეატრში ვმუშაობ და რაც შემიძლია ვაკეთებ. მეტი რა გავაკეთო? მე ვარ მეხუთე კოლონა? ვინ მოიგონა მე მაგის დედა ვატირე. მე რბილი ძალა არ ვარ, მე ვარ საქართველოს მოქალაქე და თბილისელი,“ – ამბობს სვენტიცკი “აი, ფაქტთან” საუბრისას.
ძიძიშვილი ფიქრობს, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში ყველაზე კარგი ფორმულა ეფექტიანი კომუნიკაცია და მოქმედებაა. “საჭიროა ერთიანი სტრატეგიული გეგმის შექმნა. ამისთვის კი სათანადოდ უნდა შევისწავლოთ მოსახლეობის განწყობები რუსეთის მიმართ. არ ვიცით როგორი შედეგი დადგება თუ, მაგალითად, აჭარის მოსახლეობას ვკითხავთ, რა ურჩევნიათ, ჰქონდეთ უვიზო მიმოსვლა რუსეთთან და გაყიდონ მანდარინი რუსეთში თუ ისარგებლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებლით,” – ამბობს ძიძიშვილი.
მთავრობაში, კერძოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამ თემაზე საუბარი არ სურთ. მოსახლეობასთან კომუნიკაციაზეც არ მოუკლავთ თავი.
მათ ანგარიშებში კი იპოვით ჩანაწერს : “2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არც ერთ ანგარიშში არ ასახელებს ვინ ეომება საქართველოს ჰიბრიდულად. აბა, თქვენ თუ გამოიცნობთ?
გამოძიება “შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი-საქართველოს” პროექტის ფარგლებში მომზადდა