fbpx

Როგორ მიივიწყეს საოკუპაციო ხაზის მეზობელი იმერული სოფლები

Screenshot 2022 03 25 at 09.53.25 2 1

“მესაზღვრეც ვარ მე ახლა აქ. იქეთ ჩემი ბიძაშვილები არიან, იქ გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე, მაგრამ გადასვლით ვერ გადავდივარ, ტელეფონით თუ მოვიკითხავთ ერთმანეთს,”- გვეუბნება გია ბაქრაძე საჩხერის სოფელ ქვემო ქარძმანიდან. ის ბიძაშვილებს წყლის გაღმა მხარეს, მავთულხლართებს მიღმა მოკრავს ხოლმე თვალს. 

ქარძმანი სამაჩაბლოსთან გავლებულ საოკუპაციო ხაზს იმერეთის მხრიდან ესაზღვრება. 2008 წელს რუსმა ოკუპანტებმა ეს სოფელი ორად გახლიჩეს. ქვემო ქარძმანში დარჩენილებმა დაკარგეს საძოვრები, ტყე, სახნავ-სათესი მიწები. მიწათმოქმედება და მესაქონლეობა უჭირთ, ამიტომ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. 

რუსების მიერ გავლებული “საზღვრის” მიმდებარედ კიდევ სამი იმერული სოფელია, ჭურნალი, ჯრია და პერევი. აქ 900-მდე ადამიანი ცხოვრობს. “აი, ფაქტს” ამ სოფლების მკვიდრი მოსახლეობა უყვება, რომ ხელისუფლებისგან ზრუნვას და ყურადღებას ვერ გრძნობენ. უიმედობის და უპერსპექტივობის გამო კი სოფლები ახალგაზრდებისგან თანდათან იცლება. 

Სტატიაში მოგიყვებით, როგორ ცხოვრობენ იმერეთში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე კილომეტრში, რა შეცვალა აქაურებისთვის ომმა და როგორ ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე ხელისუფლება.

ხალხთან საუბარი ქვემო ქარძმანიდან დავიწყეთ. აქ ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი რუსებს ცენტრალური გზიდან, დაახლოებით, 50 მეტრში აქვთ დადგმული. Მდინარის მეორე მხარეს მავთულხლართებია გავლებული, იქვე რუსის ჯარისკაცებიც შევნიშნეთ. 

გია ბაქრაძე ქვემო ქარძმანში პირველივე სახლში ცხოვრობს. Რუსების მიერ გავლებული საოკუპაციო ხაზი მისი აივნიდან ყველაზე მკაფიოდ ჩანს.

2008 წლის ომის დროს, გია ბაქრაძე ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა, 2020 წელს კი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. გვიყვება, რომ ცენტრალური და საუბნო გზები მეზობელ სოფლებში ყველგან გააკეთეს, მაგრამ ქარძმანი არ გახსენებიათ. 

“პერევში როცა მიდიან, ეს გზა უნდა გაიარონ, არც მოსაცდელია, არც საუბნო გზები, არც რამე გასართობი ბავშვებისთვის. ამ სოფელს გაივლიან ისე, თითქოს არ ვარსებობთ. გამოივლიან და წავლიან. ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, გზიდან გადმოეხვიოთ და შემოსულიყვნენ, ან რაღაცა ეკითხათ, რა გიჭირთ, რა გილხინთ. უბრალოდ ისე გამოიარონ, მაინც იმედია, რომ მხარდაჭერას ვიგრძნობთ,”- გვუებნება გია ბაქრაძე.

დასაქმების პრობლემის გამო, “საზღვრისპირა” სოფელს ტოვებენ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ქვემო ქარძმანში 40 ადამიანი ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, ახლა, ქვემო ქარძმანში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, დაახლოებით, 5 ოჯახია. 

Screenshot 2022 03 25 at 10.09.31 1
გია ბაქრაძის მცირე ჰესი

გია ბაქრაძეს სოფელში ბიზნესის დაწყება სურს, ფიქრობს რომ აქაურებსაც დაასაქმებს, თუმცა ომის შემდეგ საკუთრების დაკანონება გაურთულდა და ეს აფერხებს. გვიყვება, რომ 90-ან წლებში ჰქონდა სახერხი, მცირე ჰესს ამუშავებდა და საკუთარ ტბაში სათევზე მეურნეობაც გააშენა.

2011 წელს დაიკანონა მიწები, მაგრამ ვერ ამტკიცებს, რომ ტბა და მცირე ჰესი მას ეკუთვნის. ამის მიზეზი ისაა, რომ საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  ჯავაში დარჩა. 

“აგერ საზღვარია, რამე რომ მოხდეს, როგორ დავამტკიცო რომ ჩემი ქონება განადგურდა. წითელმა ჯვარმა დამაფინანსა და თევზი მყავდა ტბაში, ახლა დამშრალია, თუ არ დავიკანონე, თანხა რანაირად ჩავდო,”- გვითხრა გია ბაქრაძემ.

ქვემო ქარძმანის შემდეგ გზას პერევისკენ ვაგრძელებთ. ბევრი ახალგაზრდა არც ამ სოფელს შემორჩა. ვერსად საქმდებიან, არც საძოვრები აქვთ, რომ საქონელი ჰყავდეთ და თავი ასე ირჩინონ. 

“წყალგაღმა ვერ გავდივართ, რაც იყო ჩვენი კაი ადგილები, იმათ აქვთ დატოვებული. საძოვრები და სახნავ-სათესი ჰქონდა ხალხს. მთაც იქეთ გვქონდა, საქონელი სადაც დაგვყავდა ზაფხულობით. ახლა ორი ძროხა რომ გყავდეს, ეგაა უმაღლესი. ადრე, Სანამ ომი იქნებოდა, ქვეყნის მყავდა ღორები საქონელი,”- გვეუბნება ლალი შუკაკიძე. იგივე გვითხრა ლალის მეზობელმა თენგიზ მაკასარაშვილმა:

“არც ვრჩებით და არც ვკვდებით. ვარსებობთ რა და ჰაერს ვყლაპავთ. ჰაერი კი კაია მარა ხალხი არ ჩერდება, მიდიან და… შემოსავალი აქ არაა. იქ ზემოთ რომ მივდიოდით, ვშოულობდით რაღაცას [სოკოს, მოცვს] და ახლა აქ არაფერია,”- თენგიზ მაკასარაშვილი.

თენგიზ მაკასარაშვილი გვიყვება, რომ სოფელში შესაძლებელია თიხის მოპოვება და თუ გადამამუშავებელ ქარხანას აუშენებენ, ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდება. 

2019 წელს პერევში ქარხნის გახსნაზე საუბარი კი დაიწყო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა. მერიაში ამბობენ, ეს ინფორმაცია ადრე მხოლოდ იდეის დონეზე გაჟღერდა და შემდეგ ეტაპზე არ გადასულაო. 

პერევი რომ თიხით მდიდარი ადგილია, წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითაც დასტურდება. 2020 წლის მარტისთვის, პერევში კერამიკული თიხის მოპოვებაზე ორი ლიცენზია იყო გაცემული, შპს დავითსა და შპს გულიკეთზე. “გულიკეთს” წიაღისეულის მოპოვების უფლება 2022 წლამდე აქვს, “დავითს” – 2029 წლამდე. 

ჭურნალი კიდევ ერთი იმერული სოფელია, რომელიც საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ომის შემდეგ შემოსავლის წყარო აქაურებმაც დაკარგეს. 

“აგვისტოს თვიდან მიდიოდა ადამიანი მოცვზე, იჭირვებდა, მოჰქონდა და ყიდდა, პურის ფული მაინც ჰქონდა. 44 კილო მოვკრიფე ერთხელ, მაშინ ლარნახევარი ღირდა და ახლა ვერავინ რომ ვერ მიდის, მაგიტომ ღირს 10 ლარი,”- გვეუბებიან ადგილობრივები. 

Screenshot 2022 03 25 at 09.47.41 1
სოფელ ჭურნალის გზა

ადგილობრივმა მთავრობამ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს ერთი შეღავათი დაუწესა. უფასოა პერევი-საჩხერის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, რომელიც  კვირაში 4-ჯერ, პერევიდან დილის 7-ზე გადის და უკან საღამოს 4-ის ნახევარზე ბრუნდება. თუ ეს დრო არ აწყობთ, ფასიან ტრანსპორტს მოყვებიან. როგორც სოფელში ამბობენ, ეს მათ დიდად ვერ ეხმარება. 

“ლარნახევარი ღირს მგზავრობა, ეგ ტრანსპორტი თუ არ იქნება, მაგას არ ვიჯავრებთ. პროდუქტი გაიაფდეს, 80 ლარი ფქვილში თუ მივეცი, იმის ლარნახევარიც მექნება, რომ ჩავყვე მარშუტკას და სახლამდე ამოვიტანო,”- გვითხრეს ჭურნალში. 

როგორ ზრუნავს სახელმწიფო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებზე 

იმის გასარკვევად, რა გაკეთდა იმერეთში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, საჩხერის მერიას მივწერეთ. მათი ინფორმაციით, პერევში, ჯრიასა და ჭურნალში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 2012-2021 წლებში 18 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს თანხა, ძირითადად, სოფლებში ბეტონის გზის დაგებას, საბავშო ბაღისა და სარიტუალო დარბაზების აშენება-კეთილმოწყობას მოხმარდა. 

რაც შეეხება ქვემო ქარძმანს, მერიას აქ დახარჯულ თანხებზე არაფერი უთქვამს. Წერილში შენიშვნის სახით მოგვწერეს, რომ ზემო და ქვემო ქარძმანში ვერაფერს აკეთებენ, რადგან ეს ადგილები 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულია. არადა, პერევში მოსახვედრად, ქვემო ქარძმანი გავიარეთ. ეს სოფელი მთლიანად ოკუპირებული რომ იყოს, ვერც პერევში შესვლას შევძლებდით. 

გარემოს და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას რომ განსაკუთრებული ყურადღება მავთულხლართების სიახლოვეს უნდა ექცეოდეს, ამას იურისტები და კონფლიქტოლოგებიც გვეუბნებიან. მათი თქმით, სოფლების დაცლა მცოცავ ოკუპაციას  გაამარტივებს. 

Screenshot 2022 03 25 at 09.53.25 2 1
ქვემო ქარძმანი

“საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ისედაც არიან მიდრეკილნი, დაიცალოს იქაურობა. შიში და დისკომფორტი იმდენად დიდია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ფსიქოლოგიური პრობლემები გიბიძგებს, დაცალო შენი სახლი. ადგილობრივები ერთგვარი მესაზღვრეები არიან. რუსეთის საოკუპაციო ძალა, უფრო და უფრო მეტ ტერიტორიას იღობავს და თუ იქ არ იქნება მაცხოვრებელი, ინფორმაცია ნაკლებად მოვა ჩვენამდე,”- ამბობს ანა გახოკიძე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის იურისტი. 

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი ფიქრობს, რომ მოწესრიგებული გარემოს გარდა, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მყოფ ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან აქტიური კომუნიკაცია სჭირდება. 

“გასაგებია, რომ მატერიალური დახმარება სჭირდებათ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სიმბოლურად ჩასვლა და მხარდაჭერა, რომ იგრძნონ, მათი სახელმწიფო დგას მათ გვერდში,”- გვითხრა კანაშვილმა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Რა სარგებელი მოაქვს ენერგეტიკის განვითარების ფონდს? 
GEDF scaled e1668767858779

Რა სარგებელი მოაქვს ენერგეტიკის განვითარების ფონდს? 

2014 წელს გორში კრიპტოვალუტის მომპოვებელი პირველი ცენტრი გაიხსნა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share