“პარკებია გაკეთებული, რომ ერთ ადგილზე იდინოს. მოსპო მეოთხე სართული. ვართ დადარაჯებული, ის პარკები რომ გაივსება, უნდა გადავაქციოთ მერე,” – გვიყვებიან ტყიბულში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კორპუსის მკვიდრები.
მათი კორპუსი ქალაქის მერიამ 2019 წელს გადახურა. ამაზე 13,000 ლარმდე დაიხარჯა ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან.
ტყიბულში კორპუსების სახურავების შეკეთებაზე 2019-2020 წლებში 550 ათას ლარამდე დაიხარჯა. ჯამში, სულ 16 ქუჩაზე მდებარე 44 კორპუსის სახურავი უნდა შეცვლილიყო. ამ კორპუსებში სახურავები მთლიანად იყო დაზიანებული. მერიამ კი მათი ნაწილობრივ შეცვლა დააფინანსა.
ჟუჟუნა ბოჭორაშვილი გამსახურდიას ქუჩაზე ცხოვრობს. გვიყვება, რომ აქ ბინის საყიდლად სოფლის სახლი გაყიდა.
ნოდარი გვეტაძე კოსტავას #5-ში ცხოვრობს. გვეუბნება, რომ გასულ წელს მისი კორპუსი ნაწილობრივ გადაიხურა. სახურავის შეცვლა აქ 14 ათას ლარამდე დაჯდა.
ნაწილობრივ გადაიხურა ჯალაღანიას #29 კორპუსიც, რომელიც რვა სადარბაზოსგან შედგება და აქედან ბოლო ოთხი გადაიხურა. აქ მაცხოვრებლები, რომელთა ბინებიც სახურავის შეკეთების გარეშე დარჩა, გვეუბნებიან, რომ წელიწადზე მეტია, მთავრობისგან კორპუსის გადახურვას ითხოვენ.
“ხარჯთაღრიცხვა ამის გაკეთებულია, 4 სადარბაზოსი, თანხაც გადავიხადეთ. არ უნდა გადაგვეხადა, ვიცით კანონები, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო, გადავიხადეთ. 250 ლარი გადავიხადეთ თითო ოჯახმა. რაც გადაიხურა, მაგაზე კიდეა საჩივარი, იმიტომ რომ უკანა მხარე, ფაქტობრივად, ცოცავს და ხტის. არ არის კარგი გაკეთებული,” – გვეუბნებიან იქ მაცხოვრებლები.
ნაწილობრივ გადაიხურა გიორგაძის #39, ასევე რობაქიძის #10 და #12. 25 კორპუსის სახურავი შპს “საფუძველი 2014”-მა შეცვალა. კომპანიის დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე გვეუნება, რომ ყველაფერს საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით აკეთებდნენ.
ტყიბულის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის თქმით, სახურავების დახურვის ვალდებულება მერიას არ აქვს. ზაზა ზოსიაშვილი გვიხსნის, რომ კორპუსები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაა.
“თავად ქირაობენ ორგანიზაციას, დებენ ხელშეკრულებას და საპროექტო ორგანიზაცია უმზადებს დაზიანებული სახურავების შეკეთების ხარჯთაღრიცხვებს და შემდეგ ეს დოკუმენტაცია მერიაში მოდის განსახილველად.”
საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტების მომზადების თანხას თავად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები იხდის. მერიისგან პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, რემონტისთვის საჭირო თანხის 10 პროცენტს ამხანაგობა იხდის, 90 პროცენტს კი მერია ფარავს.
არის შემთხვევები, როცა ამხანაგობა არაა სამუშაოების თანადამფინანსებელი. ამ დროს საპროექტო დოკუმენატაციას მერია საკუთარი ხარჯებით აკეთებს. ზაზა ზოსიაშვილმა გვითხრა, რომ შარშან სტიქიის სალიკვიდაციო ფონდით გარემონტდა სახურავები. რომელი კორპუსის სახურავს სჭირდება შეკეთება და რომელს არა, ამას დაზიანების ხარისხის მიხედვით წყვეტენ.
ინფარსტრუქტურის სამსახურის უფროსს ისიც ვკითხეთ, რატომ იხურება კორპუსები ნაწილობრივ, მაშინ როცა სრული რეაბილიტაციაა საჭირო. გვპასუხობს:
“არ გვაქვს თანხები, ეს ერთი და მეორე, სადაც ამხანაგობა წარმოგვიდნენს ხარჯთაღრიცხვას, უნდა დავხუროთ ის. სადაც არ წარმოგვიდგენს, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ვინაიდან კერძო საკუთრებაა, ჩვენ თვითონ ჩვენი ნებით დავხუროთ”.
ზაზა ზოსიაშვილმა ჩვენგან შეიტყო, რომ ადგილობრივები წვიმისგან თავს პარკებითა და სათლებით იცავენ. შევთავაზეთ, შეგვხვედროდა და ჩვენთან ერთად ენახა ის კოსრპუსები, რომლებიც ასე, ნაწილობრივ გადაიხურა. გვითხრა, არ მცალია და არც ვიცი როდის მოვიცლიო.