ავტორები: ჯეიმს დოუსეტი (OCCRP), iFact და GMC
2024 წლის დეკემბერში აშშ-მ ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა, საქართველოში კრემლის ინტერესების გატარების და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევის გამო. ამის საპასუხოდ, ოლიგარქი ცდილობს ფინანსური ზიანი შეამციროს და ქონება გადაარჩინოს – ამ მიზნით, თავისი კომპანიები ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოიტანა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოლიგარქის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს გვამცნო. აქედან ოთხი დღის შემდეგ, 31 დეკემბრიდან კი ივანიშვილმა ოფშორული კომპანიების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.
ივანიშვილმა ოფშორული ზონიდან საქართველოში გადმოიტანა ის კომპანიაც, რომელიც მთაწმინდაზე მდებარე “მინის სასახლის” მიმდებარე ტერიტორიას ფლობს. OCCRP-იმ დაადგინა, რომ ამავე კომპანიის საკუთრებაშია მდიდრული რეზიდენცია კურორტ აბასთუმანი და პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი ოფისი თბილისში.
![სანქცირებულ ივანიშვილს აქტივები ოფშორიდან საქართველოში გადმოაქვს 10 ocneba](https://ifact.ge/wp-content/uploads/2025/02/ocneba-.jpg)
ფოტო: რადიო თავისუფლება
პოლიტიკური რისკებისა და სანქციების ანალიტიკოსი, საკონსულტაციო კომპანია Enmetena Advisory-ის დამფუძნებელი მაქსიმილიან ჰესი ამბობს, რომ ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაცია, შესაძლოა, საქართველოს დიდ “თავის ტკივილად” ექცეს, თუ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები მომავალშიც გაგრძელდება. ის გვიხსნის, რომ ასეთ შემთხვევაში ძალიან გართულდება ჩვენს ქვეყანასთან ბიზნესის წარმოება, რადგან ივანიშვილს ეკონომიკაზე დიდი გავლენა აქვს და საქართველო სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდება.
„მისი აქტივებს საქართველოს მთლიან ეკონომიკაში ძალიან დიდი წილი აქვს… ფაქტობრივად, რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის ის, რომ საკუთარ თავზე და თავის ქონებაზე არსებული რისკი საქართველოსა და ქართველ ხალხზე გადაიტანა”, – ამბობს ჰესი.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა არ უპასუხა OCCRP-ის კონკრეტულ შეკითხვებს ივანიშვილის აქტივების საქართველოში “გადმოპორტირების” შესახებ. მისი თქმით, აშშ-მ ამ სანქციებით ივანიშვილი “დასაჯა”, რადგან მან რუსეთთან ომის წამოწყებაზე უარი თქვა და “არ დაუშვა რევოლუცია”.
ბოლო თვეებია, საქართველოს ხელისუფლება ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ჩასახშობად მკაცრ ზომებს მიმართავს. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს საჯაროდ დასდო ბრალი და განაცხადა, თითქოს, ისინი საქართველოში უკრაინის მსგავსი აჯანყების წამოწყებას ცდილობენ და ამაში უცხოელები ეხმარებათ.
შვიდი ოფშორული კომპანია, რომელიც ოლიგარქმა საქართველოში გადმოიტანა
ბიძინა ივანიშვილმა აქტივების დიდი ნაწილი 17 იანვარს გადააფორმა – ამ ერთ დღეში, შვიდი კომპანიის მფლობელობა პანამური Limestone Finance International SA-დან ივანიშვილის ქართულ კომპანიაზე, სს “ტერრა”-ზე გადავიდა.
მათ შორისაა შპს “სანაპიროს ხედი”, რომლის საკუთრებაშიცაა კერძო რეზიდენცია კურორტ აბასთუმანში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ადრე სახელმწიფოს ეკუთვნოდა, 2019 წლიდან კი აუქციონის გზით ივანიშვილის კომპანიამ შეისყიდა.
თავდაპირველად, შპს “სანაპიროს ხედის” ვალდებულება სასტუმროს მშენებლობა იყო, რისთვისაც მშენებლობის ნებართვაც მოიპოვა. თუმცა, შემდეგ გეგმები შეიცვალა – 2022 წელს კომპანიამ აქ მდიდრული რეზიდენციის მშენებლობის უფლება მოიპოვა, რომელიც მოიცავს მიწისქვეშა სპას, საცურაო აუზს, თურქულ აბანოსა და ორანჟერეას. სატელიტურ სურათებზე ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანიც.
ივანიშვილმა ოფშორული ზონიდან საქართველოში გადმოიტანა შპს “აბასთუმანი 2019”-იც. ამ კომპანიას 2019 წლიდან აქვს სამშენებლო ნებართვა, რომ აბასთუმის ეროვნულ პარკში, ძველი სანატორიუმის უკან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 12 000 კვ.მ ტერიტორიაზე მოაწყოს ინფრასტრუქტურა ეკო-ტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის.
![სანქცირებულ ივანიშვილს აქტივები ოფშორიდან საქართველოში გადმოაქვს 11 ეზო ზეკარის ადგილას](https://ifact.ge/wp-content/uploads/2024/07/ეზო-ზეკარის-ადგილას.webp)
შვიდი კომპანიიდან ერთ-ერთია შპს “ჯეოფერტი”, რომელიც კასპში, სასუქების საწარმოს ფლობს.
ოფშორებიდან საქართველოში “გადმოპორტირებულ” კიდევ ორ კომპანიას კი უძრავი ქონება აქვს თბილისში.
შპს “ახალი კაპიტალი” ფლობს „ქართული ოცნების“ ყოფილ ოფისს, რომელმაც ადგილი 2024 წელს შეიცვალა და ორთაჭალაში გადავიდა. კომპანია “ინვესტ კაპიტალი” კი ფლობს ე.წ “მინის სასახლის” გვერდით არსებულ შენობას, სადაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ივანიშვილის თანამედროვე ხელოვნების კოლექცია იყო განთავსებული.
ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანილი დანარჩენი კომპანიები, კერძოდ, “ქართუ ქონსალთინგი” და “ბლექ სი არენა” უძრავ ქონებას არ ფლობს.
![სანქცირებულ ივანიშვილს აქტივები ოფშორიდან საქართველოში გადმოაქვს 12 კურორტი აბასთუმანი](https://ifact.ge/wp-content/uploads/2025/02/კურორტი-აბასთუმანი-edited.webp)
კომპანიების გარდა, იანვრის თვეში, საქართველოში “გადმოვიდა” ივანიშვილების ოჯახის ქონების მფლობელებაც. მაგალითად, 17 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება და 5,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების (1,9 მილიონი აშშ დოლარი) ხელოვნების ნიმუშები, ნახატები, ქანდაკებები და სამკაულები.
ეს აქტივები ეკუთვნის “ფინსერვის-XXI-ს”. ამ კომპანიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მას ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილი აკონტროლებდა ბელიზის ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით. 22 იანვარს უტა ივანიშვილმა “ფინსერვისი” ჯერ პირადად გადაიფორმა, ორი დღის შემდეგ კი წილები საკუთრებაში გადასცა “ატუ ჰოლდინგს”, მის მიერ ახლახანს დაფუძნებულ ქართულ კომპანიას.
იაპონურ გამოცემა “Shūkan Bunshun”-თან ინტერვიუში უტა ივანიშვილმა “ატუ ჰოლდინგის” დაფუძნება უარყო. თუმცა, რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ მან ნოტარიუსთან გააფორმა მინდობილობის ცნობა და უფლება მისცა ნატო ხაინდრავას, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი სახელით ემოქმედა. მამა-შვილი ივანიშვილები ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობენ.
შესაძლო ზიანისგან თავის არიდების გზები
ექსპერტებმა თქვეს, რომ, ფაქტობრივად, ივანიშვილს არ სჭირდებოდა თავისი კომპანიების რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა („რედომიცილება“), რადგან აშშ-მ ეს სანქციები დააწესა, ერთგვარად, “შერბილებულად”, გამონაკლისის სახით, რაც კომპანიებს ვაჭრობის გაგრძელების საშუალებას აძლევდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ივანიშვილი ასე იმიტომ იქცევა, რომ მომავალში უფრო მკაცრ სანქციებს ელოდება. პოლიტიკური რისკების კონსულტანტ მაქსიმილიან ჰესსის თქმით, ივანიშვილმა კომპანიები იმიტომ გადააფორმა, რომ ამ გამონაკლისის გაუქმებისთვის და ბრიტანეთისგან ან ევროკავშირისგან შესაძლო სანქციებისთვის წინსწრებით მოემზადა.
„… ახლა, ზეწოლა არის ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთზე, რომ სანქციები დაუწესონ [ივანიშვილს]. მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ისინი არ დაადგენენ რაიმე გამონაკლისს”, – განაცხადა ნიკი კენიონმა, Institute of Financial Integrity-ს დირექტორმა და აშშ-ს ხაზინის სამსახურის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა.
პიკასო, ვან გოგი, მონე
ბოლო წლებში, ივანიშვილმა საქართველოში გადმოიტანა თავისი ხელოვნების ნიმუშების ნაწილიც. ამას ადასტურებს Christie’s-ის აუქციონის სახლის მიერ 2022 წლის აგვისტოში გაცემული ინვოისი, რომელიც OCCRP-მ მოიპოვა.
ინვოისის მიხედვით, ბრიტანეთში, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია Lynden Management-ის სახელით საქართველოში გამოიგზავნა 90,5 მილიონ აშშ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშები. მიმღებად კი მითითებულია საქართველოში რეგისტრირებული კომპანია – “ფინსერვის XXI”.
Lynden Management-ი ინახავს ოლიგარქ ივანიშვილის ასობით მილიონი დოლარის ღირებულების ნამუშევრებს, მათ შორის, პიკასოს, ვან გოგისა და მონეს ავტორობით. ამ ნახატების საქართველოში გადმოტანის მომენტისათვის, ბიძინა ივანიშვილი სანქცირებული არ იყო. თუმცა, უკვე ცნობილი იყო, რომ 2022 წლის ივნისში ევროპარლამენტმა მისი შესაძლო დასანქცირების შესახებ გააჟღერა.
![სანქცირებულ ივანიშვილს აქტივები ოფშორიდან საქართველოში გადმოაქვს 13 Screenshot 2025 02 14 at 18.54.10](https://ifact.ge/wp-content/uploads/2025/02/Screenshot-2025-02-14-at-18.54.10-862x650.png)
უცნობია, კონკრეტულად სად ინახავს ოლიგარქი მის ძვირადღირებულ ნახატებს. მილიარდერის ყოფილმა თანაშემწე გიორგი ბაჩიაშვილმა შარშან ტელევიზიებთან განაცხადა, რომ ივანიშვილმა მას 2022 წელს უთხრა, რომ სირთულეებს აწყდებოდა მისი კოლექციის საქართველოში შემოტანისას.
2022 წელს ივანიშვილის ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ მისი კლიენტი “შეფერხდა” ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების ტრანსპორტირებისას, ბანკ Credit Suisse-თან სამართლებრივი დავის გამო, თუმცა ასევე დაამატა, რომ პრობლემა მოგვარდა.
Christie’s-ის აუქციონის სახლმა არც დაადასტურა და არც უარყო, რომ მათ ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშები გაგზავნეს და აღნიშნეს, “კომპანია მკაცრად იცავს ყველა საერთაშორისო კანონსა და რეგულაციას, მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებით… კომპანია ამ საკითხს უკიდურესად სერიოზულობით ეკიდება და აკონტროლებს კომპანიის გლობალური შესაბამისობის დეპარტამენტი,” – თქვა აუქციონის სახლის წარმომადგენელმა.
ჯერ კიდევ ოფშორულ ზონაში რჩება ივანიშვილთან ასოცირებული მნიშვნელოვანი აქტივები. მაგალითად, ზოგიერთ მათგანს ფლობს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF Fund) – კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც მართავს 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს, ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, ძვირადღირებულ სასტუმროებს და “ჰაიდელბერგის” ცემენტის ქარხანას.
“თანაინვესტირების ფონდი” ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულია. ეს ორგანიზაცია არის კერძო საინვესტიციო ფონდი. ფინანსური და სასამართლო დოკუმენტები აჩვენებს, რომ მისი მმართველობა, რთული ოფშორული სქემების გავლითმ ივანიშვილის მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთანაა დაკავშირებული.
ნიკი კენიონმა, აშშ-ს ხაზინის სამსახურის დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა თქვა: “მიუხედავად იმისა, რომ GCF ფონდი ამჟამად ‘თავისუფალია ფუნქციონირებისთვის’ ის სანქცირების რისკის წინაშე დგას, ივანიშვილთან მისი კავშირების გამო”.
“თანაინვესტირების ფონდმა” OCCRP-ის შეკითხვებზე პასუხი არ გამოაგზავნა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2025 წლის იანვრის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2025 წლის 27 იანვარს ეკატერინე ხვედელიძემ დააფუძნა ახალი სააქციო საზოგადოება – JSK GCF Georgia.