მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები უნდა გამოიყოფოდეს ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორებიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო გადასახდელების დასაფინანსებლად.
თუმცა, 2016 წლის 9 თვის მანძილზე ფონდის თანხების 62% ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად დაიხარჯა, რომლებიც დაგეგმილიცაა და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულიც.
მაგალითად, 2015 წელს 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად განვითარებული მოვლენების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 4,5 მილიონი ლარი გამოიყო. იმავე წელს თბილისში დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიადის შეუფერხებლად წარმართვისთვის კი 13,6 მილიონი ლარი.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების შესახებ მთავრობას ინფორმაცია ორი წლით ადრე მაინც ჰქონდა, რადგან თბილისის ბიუჯეტში 2013-2015 წლებში ამ ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების დასაფინანსებლად ათეულობით მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და იგი არ მიეკუთვნებოდა არც საგანგებო და არც გაუთვალისწინებელი ხარჯების კატეგორიას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყურადღებას ამახვილებს, სარეზერვო ფონდიდან ისეთი პროგრამების დაფინანსებაზე, რომელთა გათვალისწინება ბიუჯეტში შესაძლებელი იქნებოდა სათანადო დაგეგმვის შემთხვევაში.
თვალსაჩინოებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებულ კიდევ რამდენიმე, წინასწარ დაგეგმილ პროექტზე გავამახვილოთ ყურადღება:
1. 2016 წელს არჩევნების ჩატარების ღონისძიებებისთვის ფონდმა ივლისში გამოყო 4,5 მილიონი ლარი. მაშინ როცა ბიუჯეტში არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად 44,5 მილიონი ლარი უკვე იყო გათვალისწინებული;
2. 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად 2016 წელს ფონდიდან გამოიყო 435,6 ათასი ლარი. ამ თანხიდან 318,4 ათასი ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს გადაერიცხა. 2015 წელს კი 1,5 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მაშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 158 ათასი ლარი მიიღო;
3. „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით 2016 წელს ფონდმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “მეწარმეობის განვითარების სააგენტოს” გადაურიცხა 4 მილიონი ლარი;
4. 2015 წელს ფონდის სახსრებიდან 21,8 მილიონი ლარი დაიხარჯა ფინანსთა
სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ “საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის” მიერ კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის მიზნით;
5. 2015 წელს საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მიზნით ფონდიდან გაიცა 1,5 მილიონი ლარი;
6. სპორტსმენების წახალისებისა და დაჯილდოების მიზნით 2016 წელს ფონდმა გასცა 3,8 მილიონი ლარი;
7. ა(ა)იპ “ფეხბურთის განვითარების ფონდს” კი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2016 წელს 10,6 მილიონი ლარი გადაერიცხა. თუმცა, მთავრობის განკარგულების თანახმად ამ პროგრამისთვის მხოლოდ 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
სახლემწიფო აუდიტის სამსახურის 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში (გვ. 156-166) მთავრობის სარეზერვო ფონდს ვრცელი შეფასება აქვს მიძღვნილი. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს წლიური ანგარიშიდან:
1. აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხების დიდი ნაწილი იხარჯება წლის ბოლოს, მეოთხე კვარტალში. “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით კი წლის განმავლობაში საბიუჯეტო სახსრების არათანაბარზომიერი, კერძოდ კი წლის ბოლოს აუთვისებელი საბიუჯეტო სახსრების მასშტაბური ხარჯვა, ქმნის რესურსების არაეფექტიანად და არამიზნობრივად გახარჯვის რისკს, რაც ამასთანავე, უარყოფითად აისახება ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე.”
2. “საკანონმდებლო დონეზე სარეზერვო ფონდების განმარტების ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე, არსებული პრაქტიკით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს სარეზერვო ფონდის სახსრების მიმართვას ისეთი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში (ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი თანხის გამოყოფა დამტკიცებული ხარჯების გასაწევად) ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.”
3. “2015 წლის განმავლობაში განკარგულებების საფუძველზე მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების 38%-ის მიზნობრიობას წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირება ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დაფინანსება რაიმე კონკრეტული მიზეზის გარეშე, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ხარჯების სარეზერვო ფონდის რესურსით დაფინანსების აუცილებლობას.”
არსებული გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის სახელმწიფო სამსახური რჩევებს აძლევს ფინანსთა სამინისტროსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, რომ სრულყოფილად დაასაბუთონ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრიობა და საბიუჯეტო ორგანიზაციებმა დროულად განსაზღვრონ წლის განმავლობაში მათ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ასიგნებების ოდენობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სარეზერვო ფონდიდან ისეთი დანახარჯების დაფინანსება, რომელთა გათვალისწინება ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე იყო შესაძლებელი.
ფინანსთა სამინისტროს კი ურჩევს, საკანონმდებლო დონეზე დაიხვეწოს სარეზერვო ფონდების განმარტება და უფრო კონკრეტულად განისაზღვროს იმ ღონისძიებების ტიპები და შინაარსი, რომელთა დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს სარეზერვო ფონდებიდან, რათა თავიდან იქნეს აცილებული განმარტების ზოგადი ხასიათიდან გამომდინარე არსებული გაურკვევლობები.
ფაქტია, რომ აუდიტის სამსახურის მიერ სამინისტროსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 2015 წელს მიცემული რჩევები მათ არ გაუთვალისწინებიათ, ვინაიდან 2016 წელს ფონდიდან თანხის ხარჯვის ტენდენცია 2015 წლის მსგავსია.
***
საქართველოს ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობა. მაგალითად, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის დათმობილია 5 მილიონი ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდისთვის კი 10-ჯერ მეტი, 50 მილიონი ლარი. თუმცა, საქართველოს მთავრობა, როგორც წესი, ბიუჯეტით გათვალისწინებულზე 2-ჯერ მეტს ხარჯავს სარეზერვო ფონდიდან. 2016 წლის 9 თვის მანძილზე ფონდის მიერ სხვადასხვა პროექტების დასაფინანსებლად უკვე გადარიცხული იყო 87 მილიონ ლარზე მეტი. 2015 წელს კი 85 მილიონი ლარის ნაცვლად ფონდმა 167,9 მილიონზე მეტი დახარჯა.
საიდან “უჩნდება” ფონდს დამატებითი თანხა ყოველწლიურად სხვადასხვა პროგრამების დასაფინანსებლად?
გარკვეული პერიოდულობით საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროს ავალებს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოიძიოს ფინანსური რესურსი და ის ფონდში გადაამისამართოს. მაგალითად, საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 3 აგვისტოს გამოცემული განკარგულება ფინანსთა სამინისტროს ავალდებულებდა მოეძიებინა 96 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდისა (76 მილიონი) და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის (20 მილიონი). ეს თანხები ფინანსთა სამინისტროს უნდა ჩამოეჭრა თავდაცვის, კულტურის, გარემოს დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროების ბიუჯეტებისთვის. აგრეთვე 80 მილიონი ლარით უნდა შეემცირებინათ სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ხარჯები და ეს თანხაც მთავრობის სარეზერვო ფონდისა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ანგარიშზე გადარიცხულიყო. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2016 წლის პროექტში საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის სულ გათვალისწინებულია 628,700,000 ლარი.
ამავე განკარგულებაში ნათქვამი იყო თუ როგორ უნდა დაეხარჯა სარეზერვო ფონდს მიღებული თანხა:
1. სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა მიეღო 35 მილიონი ლარი რთველის ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისთვის; რთველი რომ ყოველწლიურად იმართება და საგანგებო და გაუთვალისწინებელი ხარჯი არაა, ამას 2016 წლის ბიუჯეტიც მოწმობს, სადაც რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის 25 მილიონი ლარია განსაზღვრული; მეტიც, 2015 წელს რთველის ხელშესაწყობად ფონდმა 48,6 მილიონი ლარი გადაურიცხა სოფლის მეურნეობის სამინისტროს;
2. ჯანდაცვის სამინისტროსკენ უნდა მიმართულიყო 35 მილიონი ლარი „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამის დასაფინანსებლად. მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დასაცავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2016 წელს 570 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო.
თუმცა, ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მხოლოდ 20,843,060 ლარი გადაირიცხა ჯანდაცვის სამინისტროში.
მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯებთან და განკარგვასთან დაკავშირებული შეკითხვებით “აი, ფაქტმა” ფინანსთა სამინისტროს მიმართა, ვინაიდან სწორედ სამინისტრო განაგებს ამ ფონდიდან თანხის გადარიცხვას და მისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიებას. ჩვენი კითხვები სრულად შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ. სამინისტროდან პასუხებს დღემდე ველით.
თანდართული დოკუმენტები:
1.მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2015 წელს დაფინანსებული პროექტები
2.მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2016 წელს დაფინანსებული პროექტები
აქვე გთავაზობთ ტ/კ “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S.-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ამავე თემაზე.