fbpx
vake shadrevani 1

Როგორ შეამოწმა მერიამ შადრევნისთვის ჩატარებული სამუშაოების ხარისხი? 

გუშინ თბილისის მერიამ ვაკის პარკის აღდგენის და შადრევნების რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულებულად გამოაცხადა. დღეს კი შადრევანში ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. სამწუხაროდ, ერთი მათგანი გარდაიცვალა. 

ჩვენ ვეცადეთ გაგვერკვია, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ამ ტრაგედიაზე, ვინ და როდის გადაწყვიტა, რომ სამუშაოები დასრულდა და შადრევანი უსაფრთხო იყო.

ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია “გრინსერვის+”-მა ჩაატარა. 

კომპანიასთან ბოლო მიღება-ჩაბარების აქტი 26 აგვისტოს გაფორმდა. მას ხელს აწერს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი ლექსო უტიაშვილი და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იუზა წერეთელი.

მერიამ მიღება-ჩაბარების აქტი შპს “მშენექსპერტის” მიერ ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე გააფორმა. “მშენექსპერტს” ეს სამუშაო შპს “გრინსერვის +”-მა დაუკვეთა და შესაბამისი დასკვნა მერიას 22 აგვისტოს წარუდგინა. “მშენექსპერტმა” მხოლოდ ის შეამოწმა, რამდენად შეესაბამებოდა დახარჯული თანხები შესრულებულ სამუშაოებს. “მშენექსპერტს” შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოების უსაფრთხოება ან მისი ხარისხი არ შეუმოწმებია. 

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია წარმოადგენდა დადებით დასკვნას როგორც სამუშაოების, ასევე პროდუქციის ხარისხზე და შესაბამისობაზე ხელშეკრულების და პროექტის პირობებთან. 

დასკვნა ან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდა მოემზადებინა ან სხვა რომელიმე აკრედიტებულ საექსპერტო ორგანოს. 

ჩვენ შესყიდვების პორტალზე ატვირთულ დოკუმენტაციაში ბევრი ვეძებეთ სამუშაოების ხარისხის შესაბამისობაზე გაცემული დადებითი დასკვნა, მაგრამ მსგავსი ვერაფერი ვიპოვეთ. ატვირთულია მხოლოდ დასკვნები პროდუქციის ხარისხზე, სამუშაოების ხარჯების და მოცულობების შესაბამისობაზე. 

მაგალითად, სამუშაოების მოცულობები შეამოწმა შპს “სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ” და ხარჯები შპს “მშენექსპერტმა.” ორივე კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ. “მშენექსპერტის” დირექტორი ნუგზარ ქიტიაშვილი გვეუბნება, რომ სამუშაოების ხარისხის შემოწმებაზე “თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას” უნდა ეზრუნა, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციაა.

ლაბორატორიის ცხელ ხაზზე დავრეკეთ იმის გასარკვევად, ბოლოს როდის  ჩატარდა და საერთოდ ჩატარდა თუ არა შადრევნის ხარისხის ექსპერტიზა. 

პირველად სცადეს მერიასთან გადავემისამართებინეთ. თუმცა, როცა ვუთხარით, რომ ჩვენი ინფორმაციით, ხარისხის კონტროლი მათი პასუხისმგებლობა იყო, გვითხრეს, 5 წუთში გაგირკვევთო. 

საბოლოოდ გვითხრეს, ვიცით რაზეც გვირეკავთ, მაგრამ არ გირკვევდით ამ დროის განმავლობაში არაფერს, სამუშაო დღე გვაქვს და არ გვცალიაო. ბოლოს კი ცხელი ხაზის ოპერატორმა გვირჩია, საჯარო ინფორმაცია გამოგვეთხოვა. 

ვაკის პარკის შადრევნების განათება ევალებოდა შპს “დავითს,” რომელიც “გრინსერვის+”-ის ქვეკონტრაქტორი იყო. დავურეკეთ “დავითის” ხელმძღვანელს, რომელიც ჩვენთან საუბრის დროს პროკურატურაში გამოკითხვაზე მიდიოდა. მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ განათებები კი მოაწყვეს, მაგრამ სადენები მათ კომპანიას არ დაუერთებია. ვკითხეთ, მაშინ ვინ არის პასუხისმგებელი დაერთებაზე, მაგრამ ვეღარ გვიპასუხა. 

“ახლა მივდივარ პროკურატურაში და დეტალურად იქ ვისაუბრებ. მე ეგ სამუშაოები არ ჩამიტარებია, ელექტრო დაერთებები ჩემს კომპანიას არ გაუკეთებია. დეტალურად მოგვიანებით დამიკავშირდით,” – გვითხრა დავით ზანგალაძემ. 

“ჯორჯიან იუნიონი” არის “გრინსერვის+”-ის კიდევ ერთი ქვეკონტრაქტორი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადების ელექტრომომარაგება და სუსტი დენებით უზრუნველყოფა ევალებოდა. ვეცადეთ კომპანიის წარმომადგენელს გავსაუბრებოდით, თუმცა დირექტორის ნომერი გამორთული იყო. 

“გრინსერვის+”-ს დირექტორთან, ლაშა ფურცხვანიძესთანაც გვქონდა კითხვები, მაგრამ მისი ნომერიც გათიშული იყო. ოფისის მენეჯერმა კი გვითხრა, რომ არ იცოდა, იყო თუ არა დაბარებული პროკურატურაში გამოკითხვაზე. გვითხრა, რომ მომხდარის გამო დირექტორს კონტროლს ვერ დაუწყებდა. 

მასალას განვაახლებთ მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად. ვცდილობთ მერიის იმ თანამშრომლებთან დაკავშირებას, რომლებმაც სამუშაო ჩაიბარეს. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მძღოლმა გვითხრა, რომ გიგა გიგაშვილი ამჟამად პროკურატურაში გამოკითხვაზეა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
Რა ხდება სოფელ ზვარეში? 
10 scaled 1

Რა ხდება სოფელ ზვარეში? 

ზვარედან თავად დაგვიკავშირდნენ, წლებია წყალი არ გვაქვსო

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share