ავტორი: ეთო მიდელაშვილი
„სოფელ სნოს ძველი ჰესის აღდგენის მსურველი ინვესტორი გამოჩნდა და კარგად დაიწყეს ხალხის ტვინის გამორეცხვა,” – ასე იწყებოდა შეტყობინება, რომელიც სექტემბერში „აი, ფაქტს” გამოუგზავნეს.
დავინტერესდით, რა ხდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და სნოს ვესტუმრეთ. ვესაუბრეთ სოფლის მკვიდრ მოსახლეობას, ჰესის აღდგენის მსურველებს და ადგილობრივ მთავრობას, ამბავი მოვიკითხეთ გარემოს დაცვის სამინისტროშიც.
ამ სტატიით კი გიყვებით ყველაფერს, რაც ამ ეტაპზე უნდა იცოდეთ: ვინ გეგმავს სნოს ძველი ჰესის აღდგენას, როგორი კომუნიკაცია აქვს მოსახლეობასთან, რისი ეშინიათ ადგილობრივებს, გარემოსდამცველებს და რა ბედი ელის ყაზბეგის ეროვნულ პარკს.
როგორ ესაუბრება კომპანია ხალხს?
სოფელი სნო მდინარე სნოსწყლის ხეობაში მდებარეობს. სნოსწყლის შენაკადია შინოსწყალი, რომელზეც კომუნისტების დროინდელი ჰესის ნანგრევებია შემორჩენილი. ეს ადგილი დასახლებიდან ორი-სამ კილომეტრში, შინოს ხეობაშია. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ იქ ჰესი 70-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, მისი განახლების იდეა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ აქტიური საუბრები გასულ ზაფხულს დაიწყო.
შინოსწყალზე ჰესის აღდგენა-რეაბილიტაცია შპს „ალპექს ენერჯის” სურს. კომპანიას მთავრობისა და მოსახლეობისთვის რაიმე პროექტი ან კვლევა ჯერ არ წარუდგენია. ჯერჯერობით, მხოლოდ იდეა აქვს. ცნობილია მწირი ინფორმაცია, რომ შესაძლოა აშენდეს 1.2 მგვტ-იანი ჰესი, რომელიც ექვს სოფელს მოემსახურება. ამ ამბავზე კომპანიამ მოსახლეობასთან შარშან ზაფხულში ორი შეხვედრა გამართა.
ადგილობრივებთან საუბრით გაირკვა, რომ სნოშიც გრძელდება ბოლო დროს დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა, კომპანია რომ ხალხს ორ ბანაკად ჰყოფს, ჰესის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. ეს დაპირისპირებას იწვევს, საბოლოოდ კი ერთი მხარე ინფორმაციულ ვაკუუმში რჩება. აქვთ კითხვები, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო შიშები, მათ გაქარწყლებაზე კი ძალისხმევის ჩადება არავის სურს.
კანონით, მცირე ჰესის შემთხვევაში კომპანიას და გარემოს დაცვის სამინისტროს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების გამართვის ვალდებულება არ აქვს. ეს კომპანიის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. აღმოაჩნდა თუ არა “ალპექს ენერჯის” ეს ნება, ვრცლად მოგიყვებით.
სნოს მოსახლეობა გვეუბნება, რომ პირველ შეხვედრაზე განიხილებოდა, საერთოდ უნდა აშენდეს თუ არა ჰესი, მეორეზე – ჩატარდეს თუ არა გეოლოგიური კვლევები. მათი თქმით, შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც ესწრებოდნენ. თუმცა, ყაზბეგის მერიამ ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურა.
„ერთ შეხვედრაზე მოვიდა ჩვენი სოფლელი [თენგიზ ბულაშვილი], რომელიც ამ ინვესტორის წარმომადგენელია. სოფელმა უთხრა უარი, რომ თავი შეეკავებინა პროექტისგან, რადგან საფრთხე იყო სასმელი წყლის არ ქონისა და მეწყერებისა. მერე გააგრძელეს მაინც… ხალხთან დაიწყეს… სოფელს ხეირი ექნება და მაგიტომ კეთდებაო…,” – გვიყვება სნოს მკვიდრი, რომელიც ორივე შეხვედრას ესწრებოდა. მან ვინაობის დაფარვა გვთხოვა.
სნოში ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრებზე მოიყვანეს ისეთი პირები, რომელთაგანაც თანხმობას მოელოდნენ. მაგალითად, ასეთია საცხოვრებლად თბილისში გადასული სნოელები. მათგან განსხვავებით “ძირძველ ხალხს” ჰესის აგება არ სურს.
„ხმა, ასე ვთქვათ, მიაცემინეს იმ ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში სნოსკენ შეიძლება არც გამოუხედავთ. უბრალოდ, გვარია სნოური. აქედან გამომდინარე, სოფლის პრობლემა და ავ-კარგიანობა ნაკლებად იყო მათთვის ცნობილი,” – ამბობს ნარგიზ ფირანიშვილი სოფელ სნოდან.
„ერთ შეხვედრაზე პირადად ვიყავ სოფელმა რომ უარი ვთქვით. მერე მეორე შეხვედრა მააწყვეს კიდევა და საიდან მარეკეს, ვინები მარეკეს, როგორ ისაქნეს, თუკი ვინმე სოფლიდან წასული არის, ის ხალხი როგორ მააგროვეს აზრზე არა ვარ და თანხმობა თქვეს,” – გვიყვება სნოს მკვიდრი გია აქიაშვილი.
„თბილისში მყოფ სნოელებსა, რომლებიც ადრე გადასახლებულები არიან, იმათ მამა-პაპანი არიან და იმათ შთამომავლობას მოაწერინეს ხელი, რომ ჰესი გვინდაო, რომლებმაც სნოსა წლებია აღარც იციან. აღარც სახლი აქვთ, არც კარი აქვთ და დანგრეული აქვთ აქაურობა,” – ამბობს სნოელი ნუგზარ ვარდუკაშვილი.
ჰესის თაობაზე გაცნობით შეხვედრებს ადგილობრივების ნაწილი საერთოდ არ ესწრებოდა, არ ვიყავით ინფორმირებულიო. გვითხრეს, რომ ვერ იგებენ, როგორ შეიძლება ჰესი მათ საკეთილდღეოდ იგებოდეს და თან ამას „მალვით და ფარულად” აკეთებდნენ.
„ვინც მომხრე იყო, მხოლოდ ისინი იყვნენ, როგორც ვიცი. ალბათ, არ ჩათვალეს საჭიროდ საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანების იქ ყოფნა… მეც დავესწრებოდი დიდი სიამოვნებით. მოვისმენდი მოსახლეობისთვის და სოფლისთვის რა დადებითი ექნება ამ ჰესს და რაც უარყოფითი ექნება, ჩემს კითხვებზე რომ გაეცათ პასუხი,” – ამბობს დალი ფირანიშვილი.
ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის მისი თანასოფლელი ქეთინო გელაშვილიც:
„ინფორმირებულობა არის, მოდი ასე ვთქვათ, ნული. მითქმა-მოთქმით და ჭორის დონეზე არ შეიძლება ასეთი სერიოზული საქმის კეთება.”
როგორ ფარისევლურად აწყობენ ხოლმე კომპანიები ჰესების თაობაზე შეხვედრებს, ადრეც მოგიყევით. მაგალითად, ნამახვანჰესზე სასაუბროდ, ხელისუფლებამ მოკრიბა პარტიული მხარდამჭერები, ხელოვნურად გადაავსო დარბაზი და დისკუსიის სპექტაკლი დადგა. კრიტიკულად განწყობილი რაჭველები არ ესწრებოდნენ არც ონის კასკადის პროექტის განხილვებს.
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს გარემოს დაცვის თემების გამოძიება, გახდით ჩვენი სპონსორი
ადგილობრივების შიშები
სნოს მკვიდრთა დიდი ნაწილი ჰესის აშენებას რომ ეწინააღმდეგება, დასტურდება მათი პეტიციითაც, რომელიც ყაზბეგის მერიაში სამ ნოემბერს ჩააბარეს. პეტიციას ხელს აწერდა 243 ადამიანი. როგორც ჩანს, მათ ყველაზე მეტად დამეწყვრის ეშინიათ.
„შინოსწყლის მარჯვენა ფერდი (ყოყოშთა) საკმაოდ ციცაბოა. მისი შემადგენელი ძირითადი ქანები გადმოხრილია ხეობისკენ; ქანები გამოფიტული, შლადი და ეროზირებულია; ხეობაში მიმავალ ბილიკზე, შეიმჩნევა მეწყრული ნაპრალები… აღნიშნულმა კი სადაწნეო მილის გაყვანის, სათავე ნაგებობის მოწყობისა და გზის გაჭრის შემთხვევაში, შესაძლოა, გამოიწვიოს მეწყრული და ღვარცოფული შეუქცევადი პროცესი,” – ნათქვამია პეტიციაში, რომელიც გეოლოგის შეფასებას ეყრდნობა. პეტიციაზე ყაზბეგის მერიას ჯერ რაიმე რეაგირება არ ჰქონია.
ადგილობრივების შიშებს ამძაფრებს მათი პირადი გამოცდილება. ახსოვთ, როგორ იმეწყრებოდა ხეობა გაზაფხულზე, თოვლის დნობისას. ამიტომ, ამ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის მუშაობა არ სურთ. იხსენებენ მდინარის ადიდების შემთხვევებსაც. მოსახლეობის ნაწილს უწყლოდ დარჩენაც ადარდებს, რადგან შინოსწყლიდან მარაგდებიან.
„თავის დროზე, აქედან დაწყებული, ძველი ჰესი სადაც არის, მანდამდე წისქვილები იყო. წისქვილის ძირი აღარ არის, მეწყერმა წამაიღო ისა…მახსნილია ის მხარეები, დახეთქილი და გაუბედურებულია მიწა,” – ამბობს გია აქიაშვილი.
„აქ ერთი მცირედი დაგუგუნება, სულ უმნიშვნელო, ძალიან მცირე ტექნიკისა და დამთავრებულია ჩვენი მთა-ბარის საქმე. აქეთ დადის ხოლმე ნახირი და ყოველი წვიმის მერე ახალი ბილიკი უნდა გაიაროს, იმდენად მოშლილია ქანი. ჭკვიანი ადამიანი რომ შეხედავს, არასპეციალისტი და არაგეოლოგიც, ისიც დაასკვნის, რამდენად დამეწყრილი და საშიში ზონაა,”- ამბობს ნარგიზ ფირანიშვილი.
ვესაუბრეთ გარემოსდამცველებს და გეოლოგებს, რომ მკითხველისთვის აგვეხსნა, რამდენად საფუძვლიანია მოსახლეობის შიშები. არამდგრადი ქანების გამო სპეციალისტების ნაწილი “შინო ჰესზე” გზშ-ს აუცილებლობას ხედავს. იმის მიუხედავად, რომ მცირე სიმძლავრის ჰესებზე კომპანიებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადება არ ევალებათ. საუბრობენ სოფლის უწყლოდ დარჩენის რისკებზეც.
„მცირე ჰესებმა შექმნეს ისეთი პრეცედენტები, რომ ბევრი სოფელი დარჩა უწყლოდ. კახეთში იყო ერთი სოფელი, 10-მეგავატიანი ჰესი აუშენდა და მერე იძახდნენ, წყალი აღარ გვაქვსო. წყაროები დაშრა… ასპინძაში, „მტკვარი ჰესი” რომ შენდება, როგორც კი გვირაბი გაიყვანეს, 14 წყაროდან 2 დარჩა სულ. ანუ, სასმელი წყლის პრობლემა შეექმნა სოფელს,” – აღნიშნა “მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ.
სეისმოლოგი თეა გოდოლაძეც არ გამორიცხავს, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, სოფელს, შესაძლოა, წყალმომარაგების პრობლემა შეექმნას.
„ბუნებრივი პროცესებია და ყველა მდინარეს, ყველა ბუჩქს თუ შენაკადს თავისი ფუნქცია აქვს. ამ ფუნქციის წართმევა იწვევს მერე შეუქცევად პროცესებს. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი პროექტის დროს,”- ამბობს თეა გოდოლაძე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
არის თუ არა შინოს ხეობა ნამდვილად მეწყერსაშიში ზონა და რამდენად დასაშვებია იქ ჰესის აღდგენა, ამ კითხვებს პასუხი კვლევებით უნდა გაეცეს. იქამდე კი ადგილობრივები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. ვერც იმას იგებენ, რატომაა საჭირო ამ ჰესის აღდგენა, რადგან ელექტროენერგიის პრობლემა არ აწუხებთ.
კომპანიაში კი ფიქრობენ, რომ აუცილებელი არაა ელ.ენერგია პრობლემა იყოს. მათი თქმით, აშენების შემთხვევაში ჰესი სნოს ხაზზე დაერთდება და ენერგია ყაზბეგის ცენტრალურ ქვესადგურს მიეწოდება. მას სნოს გარდა მოიხმარს ახალციხის, კარკუჩას, ჯუთას, აჩხოტისა და არშის მოსახლეობის ნაწილი.
რა ვიცით “ალპექს ენერჯის” შესახებ?
შპს „ალპექს ენერჯი”, რომელიც სნოს ძველი ჰესის აღდგენას გეგმავს, ორი წლის წინ დარეგისტრირდა. მისი დირექტორი რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე არჩილ კუციაა.
კომპანიის წილების 63%-ს ფლობს რუსეთის მოქალაქე დავით კუცია, კომპანიის 30% „ნიუ ჰიდროს” ეკუთვნის, დარჩენილი 7% კი თენგიზ ბულაშვილს. ის სნოელია და სოფელში ყაზბეგის მერის წარმომადგენლის, გია ბულაშვილის ბიძაშვილია.
“ნიუ ჰიდრო” ეკუთვნის ნიკა აბჟანდაძეს და შპს “ჯიდი გრუფს”. ამ კომპანიის 27-27%-ანი წილის მფლობელებმა გიორგი კილაძემ და მიხეილ ჯაფარიძემ 2016-2017 წლებში მმართველ პარტიას ჯამში 105 ათასი ლარი შესწირეს.
“ალპექს ენერჯის” დირექტორის, არჩილ კუციას, თენგიზ ბულაშვილის და “ნიუ ჰიდროს” კომპანიაა “თრუსო ენერჯიც”. “აი, ფაქტმა” გაარკვია, რომ ეს შპს ყაზბეგში, თრუსოს ხეობაში კიდევ ხუთი მცირე ჰესის აშენებას აპირებს. მათი ჯამური სიმძლავრე 6,6 მგვტ იქნება.
სნოში ჰესის მშენებელი კომპანიის შესახებ ბევრი არაფერი იციან. სმენიათ, მხოლოდ არჩილ კუციაზე, რომელსაც ყაზბეგში ორი სასტუმრო აქვს – „ალპაინ ლაუნჯი” და „მაუნთინ ჰაუსი.” ადგილობრივებს არ მოსწონთ, რომ მას რუსეთი მოქალაქეობაც აქვს.
„რატომ უნდა გააკეთოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ? განსაკუთრებით მაქვს ეს კითხვა და წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქესთან. რატომ, ეს არ უნდა იყოს ხომ საკვირველი, ხომ?,”- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სნოს მკვიდრმა ქეთინო გელაშვილმა.
თავად არჩილ კუციას რუსეთის მოქალაქეობის გამო ამგვარი განწყობების არ სჯერა: “ეგეც ზღაპარია, ადგილობრივი მოსახლეობა კარგად მიცნობს, ჩემს მიმართ არანაირი შიშები არ აქვს და არც შეიძლება რომ ფიზიკურად ჰქონდეთ.”
საჯარო რეესტრის მონაცემებით, კუცია საქართველოში რეგისტრირებული ექვსი კომპანიის მეწილე და რვის დირექტორია. მის საკუთრებაში არსებული პირველი შპს 2012 წელსაა რეგისტრირებული, ბოლო – 2021-ში.
რას ფიქრობენ კომპანიაში?
სნოს მკვიდრ მოსახლეობას რომ ჰესი აშინებს, უკვე მოგიყევით. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ხალხის განწყობაზე სხვაგვარი წარმოდგენა აქვს. კუციას თქმით, სნოელების უმრავლესობა ჰესს ემხრობა და პრეტენზიები არ აქვთ. კომპანიის წარმომადგენელმა უარყო ადგილობრივები მონათხრობი, რომ შეხვედრებზე სოფლიდან კარგა ხნის წასული ხალხი ჰყავდათ მოწვეული.
„ადგილობრივებს ამ კითხვებზე შეხვედრის განმავლობაში გავეცით ჩვენ პასუხები. ამიტომ, ჯერჯერობით, თუ შეიძლება, თავს ავარიდებ. ჯერ საბუთებიც არ არის ბოლომდე გაკეთებული და მოკვლევასაც არ ვიწყებთ. საქართველოს კანონმდებლობაში როგორც წერია, იმისდა მიხედვით ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს,” – განაცხადა „ალპექს ენერჯის” დირექტორმა.
რაც შეეხება დამეწყვრის რისკებს, არჩილ კუციამ გვითხრა, რომ თუ გეოლოგიური კვლევებით ეს საფრთხეები გამოიკვეთება, ჰესს აღარ ააგებენ. მით უმეტეს, რომ ეს არც ბიზნესისთვის იქნება მომგებიანი:
„ 3 მილიონი დოლარი ძალიან დიდი ფულია. ჩავდოთ იქ ფული და მეორე დღეს ჩამოინგრეს რაღაც… რა თქმა უნდა, მაგას არავინ გააკეთებს. საქართველოში არის 2000 მდინარე, სადაც შეიძლება “გესის” გაკეთება… “
სნოს ჰესის აღდგენაზე უფრო ვრცლად გვესაუბრა “ალპექს ენერჯის” მეორე მფლობელი თენგიზ ბულაშვილი. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, სეისმური, გეოდეზიური კვლევები, რითიც პასუხი გაეცემა, აიგება თუ არა ჰესი სნოში და შესაბამისად, ინფორმაციას მოსახლეობასაც მიაწვდიან.
კომპანიაში ჯერ არ იციან, დასაშვებია თუ არა შინოს ხეობის ჰესის განახლება, თუმცა დაპირებებს თამამად გასცემენ. მარტივი მისახვედრია, რომ შესაძლოა ეს ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კეთდებოდეს.
მაგალითად, ბულაშვილი სნოელებს ჰპირდება, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება ორ ხიდს და სადგურამდე მისასვლელ გზას. გარდა ამისა, გაიხსნება სოფლის საერთო ანგარიში, სადაც, ყოველთვიურად, ჩარიცხავენ გარკვეულ თანხას. მოსახლეობა კი მას „შეხედულებისამებრ” განკარგავს.
„გადაიხდიან შუქზე, გაზზე, ან თუნდაც, იყიდიან ქათამს, ძროხას, რავიცი… თვითმფრინავს. ეს მათი გადასაწყვეტი იქნება,” – აცხადებს კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე თენგიზ ბულაშვილი.
რაც შეეხება სასმელი წყლის გაქრობასთან დაკავშირებულ შიშებს, კომპანია სნოს მოსახლეობას ამ პრობლემის გადაჭრასაც ჰპირდება. ბულაშვილის თქმით, სოფელს საჩუქრად ახალ სათავე ნაგებობას აუგებენ.
“აი, ფაქტთან” საუბრისას, ადგილობრივები ამ დაპირებებით აღფრთოვანებულები არ ჩანდნენ, რადგან ეს სიტყვები გარემოს დაზიანების შიშს ვერ უქარწყლებთ. არც იმის სჯერათ, რომ კომპანია მათთვის სასიკეთოდ გააკეთებს რამეს.
სნოელების თქმით, გზის გაყვანა “ალპექს ენერჯის” ისედაც აწყობს, ჰესის აგებას რომ დაიწყებს, თავისთავად დასჭირდებაო. ისიც გვითხრეს, წყალმომარაგების პრობლემა კერძო კომპანიამ კი არა, ხელისუფლებამ უნდა მოგვიგვაროსო.
შეამცირებენ ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიას?
სნოში იგეგმება მცირე, ანუ 2 მგვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის ჰესის აშენება. ამიტომ, კანონმდებლობის მიხედვით, კომპანიას სჭირდება მხოლოდ მშენებლობის ნებართვა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს – ამ შემთხვევაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია. ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. მერიაში გვითხრეს, რომ სნოში ძველი ჰესის აღდგენა მართლაც იგეგმება. თუმცა, მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით კომპანიის განცხადება, ჯერჯერობით, არ მიუღიათ.
კომპანიის წარმომადგენლები „აი, ფაქტთან” ამბობენ, რომ ჰესის აშენება ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა. თუმცა, ირკვევა, რომ “ალპექს ენერჯიმ” ჰესის შესახებ ოფიციალური წერილით ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში მიმართა. კომპანიის დირექტორი ითხოვდა, შინოსხევის ჰესის ინფრასტრუქტურა ქონების ეროვნული სააგენტოს ბალანსზე აღერიცხათ.
ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიას სამი თვის შემდეგ შეატყობინა, რომ ჰესის რეაბილიტაციის წინააღმდეგი არ არის.
ჰესის საპროექტო არეალი ყაზბეგის ეროვნულ პარკზეც გადის. ამიტომ, „ალპექს ენერჯი” დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან ითხოვდა პარკს გარკვეული ტერიტორია ჩამოაშორონ. 2021 წელს სააგენტოსგან ამ მოთხოვნაზე უარი მიიღეს.
“ალპექს ენერჯიმ” დაცული ტერიტორიების სააგენტოს მეორედ 2022 წლის თებერვალში მიმართა. ამჯერად, კომპანია საუბრობდა ჰესის ალტერნატიუკლ პროექტზე:
„არც ერთი ხე არ მოიჭრება და არანაირი ზიანი არ მიადგება ბუნებას… უკიდურეს შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვცეთ უფლება მეორე ვარიანტზე, სადაც მილსადენი აღკვეთილს კვეთავს მხოლოდ ერთ ადგილას,” – ვკითხულობთ კომპანიის წერილში.
სააგენტომ დაადგინა, რომ ეს სცენარი სიტუაციას არსებითად არ ცვლის, რადგან ჰესი კვლავ კვეთს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიას. ამიტომ, კომპანიისთვის პასუხი აღარ გაუციათ.
ჯერჯერობით, უცნობია, რას გადაწყვეტს საბოლოოდ დაცული ტერიტორიების სააგენტო- შეუცვლის თუ არა სტატუსს ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს. თუმცა, ამ მხრივ ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკით თუ ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, საქმე კომპანიის სასიკეთოდ წავიდეს. მაგალითად 2012 წელს “დარიალჰესის” გამო ყაზბეგის ეროვნული პარკის ფართობი 20 ჰექტარით შეამცირეს.
ეკოლოგი მარიამ არჩუაძე იხსენებს, რომ 2016 წელს ყაზბეგის ეროვნულ პარკს ამოაკლეს გადამცემი ხაზებისთვის განკუთვნილი ტერიტორიაც და შესაძლებელია, იგივე მოხდეს სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზეც.
„დაცული ტერიტორია რომ იქმნება, მან რაღაცა სახეობის ან ეკოსისტემების დაცვა უნდა უზრუნველყოს… რა თქმა უნდა, არ მივესალმები ამ მიდგომას… ასე, ყველას რაღაცის ჩადგმა და აშენება რომ მოუნდეს ეროვნულ პარკში, დამერწმუნებით, არ იქნება სასურველი თვითონ სახეობების კონსერვაციისთვის,” – ამბობს მარიამ არჩუაძე.
ჰესებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების კომპეტენტურობის, სიფრთხილის, გარემოსა თუ ადამიანებზე მზრუნველობის მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს.
გასაკვირი არცაა, არაერთი უხარისხო კვლევის, ჰესებთან ჩამონგრეული გვირაბების და ჩამოწოლილი მეწყრების ფონზე. ამიტომ, „აი, ფაქტი” მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება სნოში მიმდინარე მოვლენებს, რომ მორიგი მავნებელი პროექტი არ შეგვრჩეს ხელში.