რთველზე ყველას ყურძნის კრეფა გვახსენდება, ცოტამ თუ იცის, რომ ოქტომბრის დასაწყისში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თლუღში “გირჩას რთველიც” იწყება. მკრეფავები ნაძვის ხის კენწეროებზე გირჩს აგროვებენ. შეგროვებული გირჩისგან კომპანიები, ან კერძო პირები ევროპაში გასატანად თესლს ამზადებენ. შედეგად, კი ევროპული შობა ქართული საშობაო ნაძვის ხეებით დგება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე 3.1 ტონა კავკასიური სოჭის (abies nordmanniana) თესლი გავიდა. ექსპორტზე გატანილი თესლის საერთო ღირებულება 191 ათას აშშ დოლარზე მეტია.
კავკასიური სოჭის გირჩის ყველაზე მეტი რაოდენობა დანიაში გადის. 2015 წლიდან დღემდე დანიაში 3.9 მილიონი ათასი დოლარის ღირებულების, 170 ტონაზე მეტი გირჩის თესლი გავიდა. გირჩის თესლი ასევე გადის გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ამერიკასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში.
გირჩის მოპოვებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროსგან შეძენილი ლიცენზიაა საჭირო. ლიცენზიები აუქციონის წესით გაიცემა. შესაძლოა, გირჩის კრეფის მსურველმა აუქციონის წესით თავად არ შეიძინოს ლიცენზია და სხვა მფლობელთან გააფორმოს ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მას უფლება აქვს შეთანხმებული რაოდენობის გირჩა მოიპოვოს ლიცენზიანტისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
კავკასიური სოჭის გირჩის შესახებ “აი, ფაქტი” უფრო ვრცლად ადრეც გიყვებოდათ.
გაუქმებული ბრძანებები
დღეისათვის კავკასიური სოჭის გირჩის ერთ-ერთი მსხვილი მომპოვებელი შპს “ებიეს ფროა.” კომპანიამ კავკასიური სოჭის გირჩის მოპოვების ლიცენზია 2007 წელს შეიძინა. 2007 წლის 18 ივლისის დადგენილებით ლიცენზიის გაცემის მაქსიმალური ვადა 10 წლიდან 20 წლამდე გაიზარდა. შედეგად, “ებიეს ფრომ” სოჭის გირჩის მოპოვების 20-წლიანი ლიცენზია მიიღო. კომპანიას 2009 წლის დადგენილებით, თლუღის უბნის #2 კვარტალზე 190 ტონა სოჭის გირჩის მოპოვება შეეძლო.
“ებიეს ფროსთვის” 190 ტონა გირჩის მოპოვების უფლების მიცემამ კომპანია ყოველწლიური კვოტის განსაზღვრისგან გაათავისუფლა. არადა, წესით, გირჩის მომპოვებელი კომპანია ვალდებულია მის მოპოვებამდე ტერიტორია გამოიკვლიოს და დაადგინოს გირჩის მსხმოიარობა რამდენია კონკრეტულ ტერიტორიაზე, ბუნებრივი რესურსი რამდენის მოკრეფის საშუალებას იძლევა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს ტონაჟობა.
“ებიეის ფროსთვის” მინიჭებულმა ამ უფლებამ სხვა კომპანიების უკმაყოფილობა გამოიწვია. მათ პროტესტს შედეგი მხოლოდ წელს მოჰყვა. 2022 წლის 10 ივნისს მთავრობამ ახალი განკარგულება გამოსცა, რითიც 2007 წლის 6 თებერვლის დადგენილებაში ლიცენზიის გაცემის რეგულაციების შესახებ ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით ლიცენზიის მფლობელი შპს „ებიეს ფრო“ ვალდებულია წლიური კვოტის დასადგენად კვლევა ჩაატაროს. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის 2009 წლის 23 სექტემბრის ბრძანება და შესაბამისად, 190-ტონიანი კვოტაც გაუქმდა და დადგინდა, რომ კვლევით მიღებული კვოტა არ უნდა აღემატებოდეს “ებიეს ფროსს” მიერ 2007-2021 წლებში მოპოვებული გირჩის საშუალო რაოდენობას – 37.7 ტონას.
თუ გსურთ, გავაგრძელოთ გარემოსდაცვით თემებზე წერა, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
ლიცენზიების ახალი პუნქტები
სოჭის გირჩის მოპოვების ლიცენზიები 2007 წლიდან გაიცემა. მის ფასს ლიტერების რაოდენობა (ტყის უბანი, სადაც გირჩა მოიპოვება), ხანგრძლივობა და მოსაპოვებელი გირჩის ოდენობა განსაზღვრავს.
იმისთვის, რომ გირჩიდან გამოყვანილი თესლის რაოდენობა განისაზღვროს, საჭიროა სოჭის გირჩის თესლმსხმოიარობის კვლევის ჩატარება. ამ კვლევის მეთოდოლოგიას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ასეთი აქტი 2022 წელს გამოიცა. კვლევა 2022 წლის ივლისში ჩატარდა, სწორედ მასზე დაყრდნობით გამოიტანა გარემოს დაცვის სააგენტომ გასაყიდად ლიცენზიები და დაადგინა მათში დასაფიქსირებელი კვოტა.
შედეგად, 2022 წლის 26 აგვისტოს სოჭის გირჩის მოპოვების ლიცენზიების აუქციონი ჩატარდა. გირჩის მოპოვების მსურველმა ყველა კომპანიამ ლიცენზია თავიდან შეიძინა. მხოლოდ შპს “ებიეს ფროს” არ მოუწია აუქციონში მონაწილეობა, რადგან ის ერთადერთი კომპანიაა, რომლის ლიცენზიასაც ვადა 2027 წლამდე აქვს. წელს სოჭის გირჩის მოპოვების ლიცენზი 9 კომპანიამ იყიდა. მათ მაქსიმუმ 215 ტონა გირჩის მოპოვება შეუძლიათ.
გირჩას მომპოვებლებმა ბუნებრივი რესურსით სარგებლობის მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ, რაც 1 კგ გირჩასთვის 60 თეთრია. წელს ლიცენზიის შეძენის მსურველებს პირობებში ახალი პუნქტი დახვდათ. კომპანიებს რეგულირების გადასახადის გადახდა მოუწევთ. თუმცა, არ არის მითითებული რა თანხა, ან როდიდან იქნება გადასახდელი.
შპს “ფეარ თრიზ” სოჭის გირჩის მოპოვებელი დანიური კომპანიაა. ის უკვე 30 წელია საქართველოში გირჩს მოიპოვებს. კომპანიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელმა თეონა დარჩიამ აუქციონის საიტზე მითითებულ საკონტაქტო ნომერზე დარეკა და რეგულირების გადასახადზე მეტის გაგება სცადა.
“მითხრეს, რომ სავარაუდოდ კილო გირჩზე გადასახდელი იქნება 55 თეთრი. ეს ბიზნესისთვის ისედაც უკვე ძალიან დიდი გადასახადია. მოვითხოვე რაიმე გარანტია, დოკუმენტი, რომ იქნება 55 თეთრი და არა მაგალითად 2 ლარი და 55 თეთრი. მითხრეს, რომ 2022 წელს ეგ გადაწყვეტილება ძალაში არ შედის და სავარაუდოდ 2023 წლიდან იქნება. არანაირი წერილობითი გარანტია არ გაიცემა ამ ეტაპზე,” – გვითხრა თეონა დარჩიამ.
ინფორმაცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან გადავამოწმეთ, თუმცა გირჩის რეგულირების გადასახადის შესახებ ბევრი მათაც არაფერი იცოდნენ. მათი თქმით, ლიცენზიებში ეწერა, რომ ლიცენზიის მფლობელებმა გირჩაზე რეგულირების საფასურის შემოღების შემთხვევაში საფასური უნდა გადაიხადონ.
“ასეთი ჩანაწერია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ-ჯერობით არ არსებობს ეგ რეგულირების საფასური და არც არავინ იცის კონკრეტულად, როდიდან იქნება. აქედან გამომდინარე, კითხვაზე თუ როდის და რამდენი უნდა გადაიხადონ ვერ გიპასუხებთ. ჯერ-ჯერობით არ არის განსაზღვრული,” – გვიპასუხეს სამინისტოში.
გირჩის მომპოვებლებისთვის წელს ლიცენზიებში კიდევ ერთი გაუგებრი გარემოება გამოჩნდა. 2022 წელს სახელმწიფომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 104 ჰა ტყის ლიცენზია გაყიდა. ის შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ 1.2 მილიონ ლარად 49 წლით შეიძინა. კომპანია რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის მფლობელობაშია. მოსახლეობასთან ერთად ტყის გასხვისების შესახებ წინასწარ არც ამ ტყეში გირჩის მომპოვებლებმა იცოდნენ. კომპანიამ ტყეში სამონადირეო მეურნეობა უნდა მოაწყოს.
გასხვისებული ტყე იმ ტერიტორიებსაც მოიცავს, სადაც კომპანიები სოჭის გირჩს მოიპოვებენ. სექტორები ერთმანეთს კვეთს. გირჩის მომპოვებლებმა არ იციან სეზონზე საკრეფად მისულებს ტყეში რა მდგომარეობა დახვდებათ.
ცნობილი მხოლოდ ის არის, რასაც გარემოს დაცვის სამინისტრო ამბობს. მათი თქმით, სპეციალური სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს ნორდმანის ნაძვის გირჩების ლიცენზიის მფლობელის საქმიანობას. როგორ არ უნდა შეეშალოს ხელი კომპანიებს, რა კონკრეტული ვალდებულებები აქვს ტყის მფლობელს, უცნობია.
“აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს სანადირო მეურნეობის მართვის გეგმა სამინისტროს ლიცენზიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. სამინისტროსთან შეთანხმებამდე, ლიცენზიის მფლობელს არ შეუძლია აწარმოოს საქმიანობა, გარდა ტერიტორიის ფიზიკური დაცვისა. მენეჯმენტის გეგმაზე მსჯელობა საჯარო იქნება და ნებისმიერი დაინტერესებული მხარეს შეეძლება მონაწილეობა,” – ვკითხულობთ სამინისტროს პასუხში.
თუმცა, გასხვისებული ტყესთან დაკავშირებით, თავად ლიცენზიის მფლობელიც გაურკვევლობაშია.
“მე ვურჩიე ჩემს ოჯახს, გამოვაცხადოთ ტენდერი 2022 წლის 31 დეკემბრამდე, რათა ყველა კვალიფიციურ მსურველს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ 20%-ანი ფასდაკლებით შეიძინოს იმ ქონების 50%-ანი წილი, რომელიც ჩემმა ოჯახმა შეიძინა, იქნება ეს დოქები თუ სანადირო მეურნეობის ლიცენზია რაჭაში,” – ამბობს ხიდაშელი.
გირჩას მომპოვებელი კომპანიის “ფეარ თრიზის” წარმომადგენლის, თეონა დარჩიას თქმით, მხოლოდ ის იციან, რომ ტყეში რაღაც სამონადირეო მეურნეობა უნდა აშენდეს, მაგრამ არანაირი პროექტი, კონტრაქტი მათთვის საჯარო არ არის. მათ გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ტყის გასხვისების შესახებ პირად შეხვედრაზეც ჰკითხეს.
“მე შეხვედრაზე სამინისტროში ვთქვი, რაჭველები ხუმრობენ ხოლმე რა გარანტია მაქვს, რომ მონადირეს და ირემს შორის არ აღმოვჩნდებიო? სამინისტროს წარმომადგენლებმა მიპასუხეს, რომ ხუმრობის დრო არ იყო და რომ მენეჯმენტის გეგმა იქნებოდა მომავალში. ამ ამბავზე ამაზე ვრცლად აღარ გვისაუბრია.”