fbpx
Screenshot 2022 11 30 at 10.32.03 e1669795315890

საქართველო მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც ღარიბი მოქალაქეები ჰყავს 

ავტორები: ნანუკა ბრეგაძე და მარიამ კაჭკაჭაშვილი

ილია ჭავჭავაძე: “მაშინ რატომ ვართ ღარიბები? – მიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე დევს და საიდან რა ხერხით ამოვიღოთ.“ 

ორი თვის წინ ჯერ პრემიერი ღარიბაშვილი და შემდეგ ეკონომიკის მინისტრი დავითაშვილი გვარწმუნებდნენ, რომ ქვეყანაში სიღარიბე შემცირდა და ისტორიულ მინიმუმსაც კი მიაღწია.

Საქსტატიც ამბობს, რომ “ოცნების” დროს სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა, უმუშევრობამ მოიკლო, საშუალო ხელფასი კი გაიზარდა. არადა, ჩვენი რეალობა ამ ციფრებთან თანხვედრაში არ არის. 

Შარშან მოსახლეობის 16% საარსებო შემწეობით ირჩენდა თავს. ეს რაოდენობა 2012 წლის შემდეგ გაზრდილია. Მოიმატა ქვეყნიდან გაქცევის სურვილმაც. Შარშან საქართველო 26 ათასამდე ადამიანმა დატოვა. 2012 წელთან შედარებით 20 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქეა ემიგრაციაში. 

2012-2021 წლებში გაორმაგდა ამერიკაში “მწვანე ბარათით” წასულების რიცხვიც. აქ დარჩენილებს კი თვიდან თვემდე თავის გატანა უფრო და უფრო უჭირთ, რადგან ფასები იზრდება.

ამ სტატიით შევეცდებით ვუპასუხოთ კითხვას – რატომ ვართ ღარიბები? და რა ნაბიჯები უდა გადადგას მთავრობამ, რომ ხალხმა ეს “შემცირებული სიღარიბე” საკუთარ ჯიბეზეც იგრძნოს.

Რას ნიშნავს, რომ ღარიბები ვართ?

2012 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იყო საქართველოს მოსახლეობის 30%, გასულ წელს ეს რიცხვი თითქმის განახევრდა. Რას ნიშნავს ეს? დავძლიეთ გაჭირვება და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის? ეკონომისტები გვიხსნიან, რომ საქმე არც ისე კარგადაა, რადგან ქვეყნის სიღარიბის ინდიკატორები სახეზეა. Მაგალითად, შემოსავალი, ოჯახების ხარჯები და მთავრობის ზომა. ყველა მათგანი სათითაოდ განვიხილოთ, რომ გავიგოთ, რა არის სიღარიბე. 

სპეციალისტებმა განგვიმარტეს, რომ სიღარიბეა, როდესაც ადამიანს არ აქვს საკმარისი შემოსავალი და აქტივები საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 

Რამაზ გერლიანმა გვითხრა, სიღარიბის ერთ-ერთი საზომი შემოსავლებიაო. საერთაშორისო სტანდარტით, პირობითად, 24 საათის ან კვირის განმავლობაში რამდენი დოლარის გამომუშავება შეუძლია მოქალაქეს. თუმცა, მხოლოდ ხელფასი არ იგულისხმება. შემოსავალია საკუთრებიდან მიღებული თანხაც. შესაბამისად, სიღარიბის საზომია აქტივებიც, რომელშიც უძრავი ქონება და მისი ღირებულება იგულისხმება. გერლიანის თქმით, ჩვენ ორივე პარამეტრის მიხედვით ღარიბები ვართ.

ეკონომისტი გვიხსნის, რომ ქონება, რომელიც ჯერ კიდევ 1921 წელს მოქალაქეებს ჩამოერთვათ და სახელმწიფოს, ანუ კომუნისტურ რეჟიმს გადაეცა, დღემდე არ დაბრუნებია ხალხს. შესაბამისად, კერძო საკუთრება არ არის სრულად ფორმირებული. არადა, ის ერთადერთი გზაა, რომლითაც შეგვიძლია სიმდიდრე დავაგროვოთ.

“უდიდესი აქტივების დიდი წილი, 65%-მდე სასოფლო მიწები, არასასოფლო მიწები, შენობები, ქარხნები, წიაღისეული, ტყე, წყალი და ა.შ. ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. ლოგიკურია, რომ ამ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ღარიბები. უფრო გამიკვირდებოდა, ასეთი მოცემულობით, ჩვენს ქვეყანაში 70-80% საშუალო ფენას რომ წარმოადგენდეს. საქართველო მდიდარი ქვეყანაა, რომელსაც ღარიბი მოქალაქეები ჰყავს, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს,”- ამბობს გერლიანი.

sigaribe 04

ეკონომისტ Სოსო ბერიკაშვილის თქმით, სიღარიბეზე მიუთითებს შინამეურნეობების ანუ ოჯახის მცირე ხარჯებიც. ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფულადი გზავნილებით საზრდოობს და დასაქმებული არ არის. 

“თვითონ ხარჯების წილში რომ კვების პროდუქტების წილი მაღალია, ეგეც სიღარიბეზე მიუთითებს. იმიტომ, რომ ჩვენ ძირითადად ვხარჯავთ კვებაზე, მედიკამენტებზე და ასე შემდეგ. დასვენება და გართობა ძალიან ცოტა არის, ეგეც თავისთავად სიღარიბეს ნიშნავს,” – გვიხსნის ბერიკაშვილი.

Საქსტატის მიხედვით, 2012 წელს გართობასა და დასვენებაზე ოჯახები ყოველთვიური ხარჯის 6%-ს მოიხმარდნენ, წელს კი ეს მონაცემი მხოლოდ 3%-ია. Სამაგიეროდ, 2012 წელთან შედარებით, უფრო მეტი იხარჯება სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ჯანმრთელობის დაცვაზე.

sigaribe 05

დაგვეტყო შემცირებული უმუშევრობა?

Რვა წლის წინ საქართველოში უმუშევარი იყო მოსახლეობის 23%, წელს სამი კვარტლის მონაცემებით კი მხოლოდ 16% არ მუშაობს. Როგორც ეკონომიკის მინისტრმა დავითაშვილმა წინა კვირას გვახარა, ეს მართლაც ისტორიული მინიმუმია. თუმცა, ეს სხვაობა იმედისმომცემი ვერ იქნება. ეკონომისტების თქმით, უმუშევრობის დონის შემცირება არ ნიშნავს, რომ მეტი ადამიანია დასაქმებული.

მაგალითად, Რამაზ გერლიანი სტატისტიკას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ რიცხვები რეალობას არ ასახავს. Მისი თქით, შეუძლებელია დასაქმებულთა რაოდენობა იზრდებოდეს და სოციალურ შემწეობას ისევ ამდენი ადამიანი იღებდეს. 

“Ჩვენთან არის პარადოქსი. ადამიანები, რომელსაც ვთვლით დასაქმებულად, ამავდროულად სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და მათ სახელმწიფო აძლევს შემწეობას. Როდესაც 500 ათასი ოჯახი მოქცეულია სიღარიბის პროგრამაში, რა გამოდის, თან დასაქმებულად მივიჩნევთ და თან ღარიბია?,”- ამბობს გერლიანი. 

ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობა კი იკლებს, მაგრამ იზრდება სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. ეს კი, ბუნებრივია, სიღარიბის კლებაზე არ მეტყველებს. 

Წინა თვის მონაცემებით, სოციალური შემწეობას ოქტომბერში 656 ათასი ადამიანი იღებდა, 2012 წლის ანალოგიური პერიოდში კი გაცილებით ნაკლები – 472 ათასი ადამიანი.

როგორ ვითვლით საშუალო Ხელფას

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასის რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში გაორმაგდა. 2012 წელს 713 ლარი იყო, 2022 წლის ორი კვარტლის მონაცემით კი 1541 ლარია. ეკონომისტების თქმით, ეს მაჩვენებელიც საკამათოა, რადგან საქსტატი უბრალოდ ხელფასების საშუალოს ითვლის. ეს მეთოდოლოგია კი რეალურ სურათს არ გვაჩვენებს. 

“როცა საშუალო ხელფასის ზრდაზე არის საუბარი, 12-პროცენტიან ინფლაციას თუ გამოვქვითავთ, რეალურად, 22 ლარით გაგვეზარდა ხელფასი. ეს პარამეტრები ვერ ასახავს იმას, რომ სიღარიბე რაღაცა დოზით დავძლიეთ ან ეკონომიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა,”- ამბობს გერლიანი. 

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი გვიხსნის, რომ ჯობს რეალური სურათის დასანახად, ყურადღება მივაქციოთ მედიანურ ხელფასს და არა საშუალოს. საშუალო ხელფასი არის არითმეტიკული საშუალო, როდესაც ხელფასების სრულ ჯამს კრებენ და ყოფენ ადამიანების რაოდენობაზე. Მაგალითად, თუ ერთ ადამიანს აქვს 10,000-ლარიანი ხელფასი და ათ ადამიანს 100-ლარიანი, საშუალო ხელფასი გამოვა 1000 ლარის ფარგლებში და ეს არასწორია. იგივე მაგალითში, 100 ლარი იქნება მედიანა, ანუ ადამიანების უმრავლესობას ხელფასი აქვს 100 ლარი. 

sigaribe 03

გასულ წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასი 900 ლარი იყო, რაც მაშინდელ საშუალო თვიურ ხელფასზე 405 ლარით ნაკლებია

“900 ლარია მედიანური ხელფასი. ეს ნიშნავს, რომ ეგ არის ხელზე ასაღები 700 ლარის ფარგლებში. მერე ეგ რომ დოლარში გადავიყვანოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ლარი გამყარებულია და გაუფასურებულია დოლარი და ევრო, მაინც ძალიან ცოტა, 300 დოლარიც არ გამოგვდის. ეგ თავისთავად ნიშნავს, რომ ძალიან ღარიბები ვარ,”- ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი. 

Როგორ მოქმედებს გაღარიბებაზე მთავრობის ზომა

ხალხის გაღარიბებისა და ცხოვრების დონის გაუარესების პარალელურად, იზრდება საქართველოს მთავრობის ზომა. ანუ ყველა ის ხარჯი, რასაც ბიუჯეტიდან ვფარავთ.

IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, ეკონომისტი მიხეილ კუკავა გვიხსნის, რომ მთავრობის ზომა არის მთავრობის მთლიანი დანახარჯები, Მაგალითად, კაპიტალური ხარჯები, საშინაო და საგარეო ვალი. ეს არის გადასახდელები და არა გადასახადები. 

Მთავრობის ზომას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ითვლიან და ის ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია. 2017 წელს ეკონომიკური კვლევების ცენტრმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის მთავრობის ოპტიმალური ზომა მშპ-ის 21% უნდა ყოფილიყო.

2017 წლის ბოლოს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გვპირდებოდა, მთავრობის ზომა 2021 წელს 21%-ს ჩამოსცდებაო. თუმცა, ასე არ მოხდა. Მოგვიანებით, სამთავრობო პროგრამაც გამოვიდა, რომელიც მცირე და მოქნილ მთავრობაზე საუბრობდა. ამის მიუხედავად, Მომდევნო წლებში მთავრობის ზომა 30%-მდე გაიზარდა

Მთავრობის დანახარჯები რომ არ შემცირებულა, აჩვენებს “our world in data”-ს საერთაშორისო სტატისტიკაც

მიხეილ კუკავას თქმით, მთავრობის ზომის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლის.

“ეკონომიკურ ზრდას იმიტომ უშლის ხელს, რომ მთავრობას არ აძლევს საშუალებას გადასახადები შეამციროს. გადასახადების შემცირება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მე თუ ნაკლები მექნება გადასახდელი, ვთქვათ, დღგ ან საშემოსავლო, იმის რეინვესტირებას გავაკეთებ და მხოლოდ მოგებისას არა. თუ კიდევ შემიმცირებ სხვა გადასახადებსაც, მეტ რეინვესტირებას გავაკეთებ…,” – გვითხრა მიხეილ კუკავამ. 

პაატა შეშელიძეც ფიქრობს, რომ მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია მთავრობის ზომის და გადასახადების შემცირება, ასევე სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადსვლა. Მისი თქმით, კვლევებით დასტურდება, რომ რაც ნაკლებია მთავრობის ზომა, მით უკეთესია ბიზნესგარემო და მაღალია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. 

“განსაკუთრებით მაღალია საგადასახადო ტვირთი, საბოლოო ჯამში 25%-მდეა. 17% იქნებოდა გონივრული. თუ უფრო ნაკლები, უკეთესი. ამისი გაგრძელება პრივატიზების გაფართოებაა, კერძო საკუთრებაში მიწის, წიაღისეულის გადასვლა, რაც შეამცირებდა ბიუროკრატიულ ჩარევას რესურსების მართვაში. ეს ხალხიც არ წავიდოდა ამ ქვეყნიდან, მიხვდებოდა, რომ აქვს რაღაც რეალური ქონება და შემოსავლის მიღება შეუძლია,”- ამბობს შეშელიძე.

Მთავრობის ზომის შესახებ ახალი ოფიციალური მონაცემები არ გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევა ბოლოს ხუთი წლის წინ გამოქვეყნდა. თუმცა, შეგვიძლია ვნახოთ რა თანხა მიდის მთავრობის ადმინისტრაციულ ხარჯებზე. 

Სახელმწიფო ბიუჯეტის 2023 წლის პროექტის მიხედვით, ბიუჯეტით დასაფარი ხარჯები 2012 წელთან შედარებით გაორმაგებულია. თითქმის ორჯერ მეტი იხარჯება საჯარო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზეც.

იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. 

“[მონაცემები] არ ფარავს ადგილობრივი თვითმმართველობების, მთელი რიგი სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების მონაცემებს, რომლებიც არ წარმოადგენენ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში პროგრამის უშუალო განმახორციელებელ ორგანიზაციებს,” – ვკითხულობთ კვლევაში. გამოდის, რომ ეს კიდევ უფრო დიდი რიცხვი შეიძლება იყოს. 

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი გვიხსნის, რომ მთავრობის ზომის შემცირებას მხოლოდ სამინისტროების გაუქმება არ უშველის. თუ მაგალითად 10 სამინისტრო იმავეს დახარჯავს, რასაც 15 ხარჯავდა, რა შეიცვლება? 

“Შესაძლებელია სამინისტროების ოპტიმიზაცია, ზოგიერთი სამინისტროს გაუქმება და შემცირებაც, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ გადაწყვეტილებები მიიღება არა იმის გამო, როგორ იქნება უფრო ეფექტური, არამედ პოლიტიკურად როგორ ჩათვლიან საჭიროდ. შეიძლება ვიღაცა პოტენციურ მინისტრს ახალი სამინისტრო გაუხსნან ან უკვე გაუქმებული აღადგინონ. ეგ არ არის სწორი და სერიოზული, ცხადია,”- ამბობს სოსო ბერიკაშვილი. 

ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა, მანამდე ვიქნებით ღარიბები, სანამ არ ვიცით რა გვაქვს და როგორ გამოვიყენოთო:

“ყველაფერი გვაქვს – სიმდიდრეც, ხალხიც გამრჯე ვართ, მაგრამ არ გვაქვს ერთი რამ. ეს არის ცოდნა. ცოდნის გარეშე ჩვენ ვერ მოვიპოვებთ სიმდიდრეს. ცოდნა არის სიმდიდრის მოპოვების ხერხი. როგორც ამბობენ: ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა. ზოგ ქვეყანაში ხალხს ცოდნა აქვს და ამ ცოდნით მცირე სიმდიდრეც კი საკმარისია კარგი ცხოვრებისათვის. ზოგ ქვეყანას კი ბევრი სიმდიდრე აქვს, მაგრამ ხალხს ცოდნა არ აქვს და არ იციან როგორ გამოიყენონ იგი.”

Ჰოდა, სანამ ამ ცოდნის მიღებას არ ვცდილობთ და უმოძრაოდ ველოდებით, როდის მიიღებს სხვა ჩვენთვის სასიკეთო გადაწყვეტილებებს, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გავღარიბდეთ. 

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ ისევ გავაშუქოთ ქვეყნის სოციალური პრობლემები, მაშინ დააფინანსეთ "აი, ფაქტი"
Next
განცხადება ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად
kirgizstan media

განცხადება ყირგიზული მედიის მხარდასაჭერად

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share