fbpx
sighnaghi graphic 1

ნეპოტიზმი “კანონის ფარგლებში”

ავტორები: ია ასათიანი და იზაბელ მოდებაძე 

ივანე მირიანაშვილი სიღნაღის საკრებულოს წევრი და “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეა. მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სიღნაღის მერიისგან, ჯამში, 7.3 მილიონი ლარის ტენდერი მოიგეს. 

მერია პირდაპირ, უკონკურსოდ უფორმებდა ხელშეკრულებებს მირიანაშვილის შვილს, დავით მირიანაშვილს. ასევე ივანე მირიანაშვილის ბიზნესპარტნიორის, ოთარ ბიძინაშვილისა და მისი შვილის, ლევან ბიძინაშვილის კომპანიებს. 

ამ კომპანიებს ტენდერების 66 პროცენტში კონკურენტი არ ჰყოლიათ. პირდაპირი ხელშეკრულებები კომპანიებთან სამუშაო გამოცდილების გარეშეც ფორმდებოდა, მათ შორის სიღნაღის მერის პირდაპირი ბრძანებით. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ჩვენს შეკითხვებს მნიშვნელოვანი შეკითხვითვე უპასუხეს. გვითხარით ერთი, რომელ კანონს ვარღვევთო, ყველაფერი კანონის ფარგლებში ხდებაო. ერთი შეხედვით, მერია შესყიდვების შესახებ კანონს ნამდვილად არ არღვევს, უბრალოდ, კანონში არსებულ ე.წ. შავ ხვრელებს წარმატებით იყენებს. მოქმედი კანონი საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებს არ უზღუდავს იმავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობას. მთავარია, სატენდერო დოკუმენტაციას ხელს არ აწერდეს ის პირი, ვისი ნათესავ-მეგობარიც ტენდერს იგებს. კანონი არც ტენდერზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებს ავალდებულებს ნათესავური ან მეგობრული კავშირების ოფიციალურ გადამოწმებას. ამიტომ, ამ კანონის “ქართულ-ჯიგრულ პონტში” გამოყენება სავსებით შესაძლებელია. 

ივანე მირიანაშვილის ოჯახის სარგებელი ტენდერებიდან 

მირიანაშვილის მმართველ გუნდთან თანამშრომლობა 2013 წლიდან იწყება. ის ჯერ სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატის, გელა გელაშილის შტაბის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი “ქართული ოცნების” რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე. 

მირიანაშვილი გარდა პოლიტიკური და პარტიული საქმიანობისა, დროდადრო ეკონომიკურ საქმიანობასაც ეწევა, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოების შემდეგ დაიწყო. 2015 წელს მან შპს “მ.ს. მშენი” დააარსა.

კომპანიამ დაარსებიდან ორ კვირაში სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაზის მილების გაყვანის მიზნით გამარტივებული შესყიდვა მიიღო. 18,510 ლარიანი პირდაპირი ხელშეკრულება გამოცდილების გარეშე გაუფორმდა. ორ თვეში კი ელექტრონული ტენდერიც მოიგო (ისევ გაზის მილების მოწყობის მიზნით). ამ სამუშაოების შესასრულებლად მირიანაშვილის კომპანიამ 3,000 ლარი მიიღო. ამასობაში რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეობიდან საკრებულოს წევრობამდე გადაინაცვლა, რამაც კომპანიის მართვის უფლება შეუზღუდა. 2017 წლის დეკებერში მირიანაშილმა დირექტორობა სხვას გადააბარა, მაგრამ კომპანიის მფლობელად დარჩა. 

სულ შპს “მ.ს. მშენმა” სიღნაღის ბიუჯეტიდან 21,000 ლარის მიღება შეძლო. ამის შემდეგ საქმეში მისი შვილი ერთვება. 

შპს “სეივონი” ივანე მირიანაშვილის 20 წლის სტუდენტმა შვილმა, დავით მირიანაშვილმა 2017 წელს დაარსა. 2019 წელს სიღნაღის მთავრობამ “სეივონს” ერთ დღეს ორი პირდაპირი შესყიდვა გაუფორმა. 40 ათას ლარად კომპანიამ სოფელი ნუკრიანის სკვერი შეაკეთა, სოფელ ანაგაში კი ახალი ააშენა. 

ადგილობრივების თქმით, ეს სკვერი სკვერს არ ჰგავს. “უბრალოდ სკამები და მაგიდა დგას, დანარჩენი სკვერის ამას არაფერი ეტყობა. საღამოს კი ამ ტერიტორიაზე ტელეფონის განათების გარეშე ვერ გაივლი, რადგან სკვერში სანათები არ არის,” – ამბობს დავით ბარამაშივილი, სოფელ ანაგადან. 

[metaslider id=3832 cssclass=””]

სიღნაღის ვიცე-მერი, მადონა ბატიაშვილი გვეუბნება, რომ გამარტივებულ შესყიდვებში ისინი უპირატესობას ხარისხსა და დაბალ ფასს ანიჭებენ, რისთვისაც ბაზრის კვლევას ატარებენ. სამუშაოების ჩამონათვალს კომპანიებს უგზავნიან და შემდეგ ფასებს ადარებენ. კითხვაზე, თუ როგორ გაიგეს მერიაში “შპს სეივონის” არსებობის შესახებ, როცა მანამდე კომპანიას მერიასთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია, ბატიაშვილი გვპასუხობს, რომ ამ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაოების სია მერიის შენობის ფასადზე გააკრეს.

კიდევ ერთ კითხვაზე, თუ როგორ იძიებენ ინფორმაციას კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისზე, ბატიაშილი გვპასუხობს, რომ გაიკითხავ ან რამეს იზამ. შემდეგ კი გვიხსნის, რომ თუ გამოუცდელ კომპანიას ხელშეკრულებებს არ დაუდებს მერია, მაშინ კომპანია ყოველთვის გამოუცდელად დარჩებაო. ინტერვიუს ბოლოს კი გვითხრა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულება იმიტომ გააფორმეს, რომ ის ადგილობრივს ეკუთვნოდა. ამ დროს კომპანიის მფლობელი, დავით მირიანაშვილი თბილისში ცხოვრობს, მისი და კომპანიის იურიდიული მისამართიც თბილისშია რეგისტრირებული. ანაგაში კი მამამისი, ივანე მირიანაშვილი ცხოვრობს. 

ვიცემერი გვეთანხმება, რომ უცხო თვალისთვის ეს ამბავი, შეიძლება, საჯარო სამსახურში კორუფციის რისკს შეიცავდეს, მაგრამ ამატებს, რომ მერია კანონს არ არღვევს და არც ისაა პრობლემა, რომ სეივონის მფლობელი საკრებულოს წევრის შვილია. 

სიღნაღის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ანა შაიშმელაშვილმა გვითხრა, რომ მან კომპანიების მფლობელების ნათესაურ კავშირებზე არაფერი იცის, მხოლოდ კანონს ემორჩილება და ზედმიწევნით იცავს მას. “სეივონში” რომ ივანე მირიანაშვილის შვილია, ახლა გავიგე. კომპანიის დოკუმენტებში კი წერია დავით მირიანაშვილი, რომელიც შეიძლება იყოს საკრებულოს წევრის შვილი, მაგრამ მე ნათესავურ კავშირს ხომ ვერ დავადგენ? ტენდერს მიღმა ვინ ვისი ნათესავია, ამის გარკვევას კანონი არ მთხოვს.”

შაიშმელაშვილი გვიმტკიცებს, რომ მირიანაშვილი არასოდეს უნახავს. არადა, ისინი წლებია, ერთ შენობაში მუშაობენ. 

შპს “სეივონს,” ჯამში, სიღნაღის ბიუჯეტიდან 83,900 ლარი აქვს მიღებული.  

ივანე მირიანაშვილის ბიზნესპარტნიორები

ივანე მირიანაშვილმა 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში თავის ერთ-ერთ ბიზნესპარტნიორად ოთარ ბიძინაშვილი მიუთითა. 

სიღნაღის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში სწორედ ოთარისა და მისი შვილის, ლევან ბიძინაშვილის ოთხი კომპანია მონაწილეობს: შპს “ინტერ პლიუსი”, შპს “ცოტნე”, შპს “თი ენ სი” და შპს “ნიუ არქიტექტი.” მთლიანობაში ამ კომპანიებმა 5.4 მილიონი ლარი მიიღეს კონკურსის გზით და 1.77 მილიონი გამარტივებული შესყიდვით. 

https://lh5.googleusercontent.com/m53wUM6sVFiSH5Q5_16bdIx_lADTUbY_qNWru0U9A5E6-xYZVl8OFr_adMC1UWMB-ZsanJbHVs-e8uaZUq-iOu-XWM1EXX95B4XYceGAWwe2oG0ZD7qP4xI7fu2KF4Zcn2vm0tRk

მას შემდეგ, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” ბიძინაშვილების კომპანიების ნაწილი გაასაჯაროვა, ბიზნესმენებმა კომპანიები თავიდან მოიშორეს და სხვებს გადაუფორმეს. შპს “ინტერ პლიუსი,” შპს “ნიუარქიტექტი” და შპს “თი ენ სი” დღეს, ოფიციალურად, ბიძინაშვილებს აღარ ეკუთვნით. თუმცა, ლევან ბიძინაშილმა 2020 წლის მაისში საკუთარ ფეისბუქის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და  “თი ენ სის” მანქანისთვის ნაწილს ისევ ეძებდა. მფლობელის ცვლილების შემდეგ კომპანიას არც იურიდიული მისამართი შეუცვლია და არც საკონტაქტო ინფორმაცია. 

screen

როგორც სიღნაღის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა ინტერვიუსას გვითხრა, შპს “თი ენ სის” სიღნაღის მერის, გიორგი გოგილაშვილის ბრძანების საფუძველზე გაუფორმა მერიამ გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება. მათი თქმით, მერის ბრძანებაში პირდაპირ ეწერა კომპანიის დასახელება. ვიცე-მერსაც ეს ფაქტი არ უარუყვია. აღნიშნული ბრძანების ასლი მერიის წარმომადგენლებმა არ გამოგვიგზავნეს. 

შპს “თი ენ სისთან” მერიამ 226 ათასი ლარის ღირებულების ეს ხელშეკრულებები 1.5 წლის წინ გააფორმა. ეს ამბავი სტიიქიით დაზიანებული გზების მოხრეშვას ეხებოდა. ამ დროს კომპანიას მხოლოდ სარემონტო სამუშაოების გამოცდილება ჰქონდა და არა გზის მოხრეშვის. 

მადონა ბატიაშვილმა, სიღნაღის ვიცე-მერმა გვითხრა, რომ იმ პერიოდისთვის მუნიციპალიტეტს ბევრი ფული ჰქონდა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მაგრამ კომპანიები საკმარისი არ იყო. ამასთანავე, სტიქიით დაზიანებული გზები სწრაფად იყო შესაკეთებელი, ამიტომ ხელშეკრულებაც იმასთან გააფორმეს, ვისთანაც შეძლეს. 

მას შემდეგ, რაც ლევან ბიძინაშვილმა შპს “ინტერპლიუსი” და შპს “თი ენ სი” ოფიციალურად დატოვა, კომპანიებმაც შეწყვიტეს ტენდერებში მონაწილეობა. 2020 წლის დასაწყისში კი ლევან და ოთარ ბიძინაშვილებმა ისევ ახალი კომპანიები დააფუძნეს, შპს “ლილე” და შპს “ენ თი სი.” ორივე მათგანი სამშენებლო საქმიანობისთვის შეიქმნა. ველით, როდის გამოჩნდებიან ისინი სახელმწიფო შესყიდვებში. 

“აი, ფაქტი” მირიანაშილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან ჩვენთან ინტერვიუზე უარი განაცხადა. 

fnf photo

სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი
adisheli

ადიშელი მთავარეპისკოპოსი დავითი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share