ავტორები: ქრისტინე ქათამაძე, ქეთი მოსიაშვილი, მარიამ კაჭკაჭაშვილი
წინა ზაფხულში გორის მერიამ პანდემიის გამო სკოლის საპირფარეშოების გარემონტება საჩქაროდ გადაწყვიტა. სამუშაოების შესრულება კი ერთი კვირის წინ შექმნილ კომპანიას დაავალა. ხუთი სოფლის სკოლების მოსწავლეებს საპირფარეშოებით სექტემბერშივე უნდა ესარგებლათ. ზაფხული კი ისე ახლოვდება, რომ საპირფარეშოების რემონტი ჯერაც არ დასრულებულა.
შპს “ზუკა მშენი” 2020 წლის 26 ივნისს დაარსდა. ზუსტად 1 კვირაში, 3 ივლისს გორის მერიამ კომპანიას უკონკურსოდ, პირდაპირ გაუფორმა ხელშეკრულება სოფელ დიცის, არბოს, ქიწნისის, ახრისისა და ახალდაბის სკოლების საპირფარეშოების გასარემონტებლად. შეთანხმებისამებრ, სამუშაოები აგვისტოს ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, მერიამ “ზუკა მშენს” ვადა იმდენჯერ გადაუწია, რამდენიც პროექტის დამთავრებას დასჭირდა.
ჩამოთვლილი სკოლებიდან სველი წერტილი ახლა მხოლოდ დიცის სკოლაში ფუნქციონირებს. დანარჩენ ოთხ სკოლაში სარემონტო სამუშაოების დასრულებას დღემდე ელიან. თუმცა, მერიაში ჰგონიათ, რომ სამუშაოები დასრულდა და მიღება-ჩაბარების აქტებიც გააფორმეს. “ამ ეტაპზე, ყველა სველი წერტილი ჩაბარებულია. ზოგი გადავადდა და თითქმის, ყველა ობიექტზე საკმაოდ სოლიდური ჯარიმები გადაიხადეს ვადაგადაცილების გამო,“ – გვითხრა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზვიად ანესაშვილმა.
ზედამხედველობის სამსახური ყველა ობიექტს აკონტროლებდა და ყველაფერზე ისინი იყვნენ პასუხისმგებელი. “როგორც წესი, ვადაგადაცილებას ვაფიქსირებთ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ როდის დასრულდა ან როდის უნდა დაესრულებინათ,” – გვიცხადებს ანესაშვილი. თუმცა, შეუსრულებელი პროექტები მაინც გამოეპარათ.
კომპანია “ზუკა მშენის” დირექტორის, გიორგი კარელიძის თქმით, როცა გაიგო, რომ გორის მერია რაღაც პროექტებს ვერ ასწრებდა, თავისი კომპანია შესთავაზა. ”სახელმწიფოს ვახეირეთ კიდეც და მინიმალურ ფასებში გავაკეთეთ ყველაფერი.”
სკოლებს მინიმალურ ფასად შესრულებული სამუშაოები მართლაც დაეტყოთ. ყველა მათგანში განსხვავებული სახის პრობლემა შეიქმნა და ობიექტების ჩაბარება გაჭიანურდა.
შპს “ზუკა მშენი” სოფელ დიცის სკოლაში ვადის გადაწევის მიზეზად კედლის ჩამოშლას ასახელებს, სკოლაში კი ამ ფაქტს უარყოფენ. “მსგავსი არაფერი ყოფილა. არანაირი კედელი არ ჩამონგრეულა. ადგილობრივი ბიჭები მუშაობდნენ და კარგად გააკეთეს. ეს იყო ტყუილი ინფორმაცია,” – გვიყვება სკოლის დირექტორი, ელიზავეტა ხაბაზიშვილი.
ოდნავ განსხვავებული მოსაზრება აქვს ანესაშვილს: “მოიშალა კედელი და ახლიდან აშენდა. დამატებით სამუშაოს დამატებითი დრო უნდა. ჩვეულებრივი მუშა სიტუაციაა.”
სკოლების საპირფარეშოების გასარემონტებლად, ჯამში, 160,000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
ადგილობრივი მუშების თქმით, დღემდე კუთვნილი ანაზღაურება სრულად არ აუღიათ. “ეხლაც ვითხოვთ ხელფასს, მაგრამ პასუხი რა არის? რა ხელფასი უნდათ, კედელი დაინგრაო. ამით დაიზღვიეს თავი. ვერ მიხვდით, რა ხდება? ამ პასუხით გამოისყიდეს საქმე,” – ამბობს ადგილობრივი მუშა, კონსტანტინე ყორანაშვილი.
შეკითხვაზე, მიიღეს თუ არა მუშებმა კუთვნილი ანაზღაურება, საპირისპიროს გვიმტკიცებს კომპანია “ზუკა მშენის” დირექტორი, გიორგი კარელიძე. “ყველამ ყველაფერი მიიღო. ყველანი კმაყოფილები არიან, თუ ვინმე მომჩივანი გვყავს, შეუძლიათ, დამიკავშირდნენ”.
სამუშაოები ჯერაც დაუსრულებელია სოფელ არბოში, მაგრამ მერიამ კომპანიასთან მიღება-ჩაბარების აქტი უკვე გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, თუმცა პრეტენზიის მიზეზი ნამდვილად არსებობს. “სამუშაოები არ დასრულებულა და სველ წერტილებს არ ვიყენებთ. ამ ეტაპზე მუშებიც არ არიან, პროცესი გაჩერებულია და როდის გაგრძელდება, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს”, – გვითხრა სკოლის დირექტორმა, მარინე მედოიძემ. როცა დირექტორის ნათქვამი ზვიად ანესაშვილს გადავეცით, გაოცებულმა განაცხადა: ,,დაახლოებით ერთი თვის თუ თვენახევრის წინ მე პირადად ვიყავი არბოში, დირექტორს შევხდი. დიდი მადლობა გადამიხადა გაწეული სამუშაოებისათვის და ნამდვილად მიკვირს თქვენი ნათქვამი.”
რაც შეეხება სოფელ ქიწნისის სკოლას, სასწავლო ნაწილის გამგის თქმით, შპს “ზუკა მშენმა” სარემონტო სამუშაოები დათქმულ ვადაში დაასრულა: “ყველაფერი კარგად და კეთილად გაკეთდა. სამუშაოები არ გადავადებულა.” მიუხედავად ამისა, ქიწნისში სველი წერტილები ჯერაც არ ფუნქციონირებს. გამგის ნათქვამისგან განსხვავებულ ინფორმაციას ვიგებთ სატენდერო დოკუმენტებიდან. სამუშაოები 10 დღით გადავადდა და ამისათვის კომპანიას პირგასამტეხლო დაეკისრა. გარდა ამისა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი ჯერ არ გაფორმებულა.
რიგი გაუთვალისწინებელი პრობლემები წარმოიშვა ახრისის სკოლაშიც. დირექტორის თქმით, კომპანიას ხელშეკრულებაში რემონტის სრულყოფილად ჩატარებისთვის საჭირო სამუშაოები სრულად გაწერილი არ ჰქონდა. ამიტომაც სკოლის მოსწავლეები სველ წერტილებს ახრისშიც ვერ იყენებენ.
“ტუმბოს დაყენება არის აუცილებლად საჭირო, მაგრამ მაგათ ვერ გაითვალისწინეს, არ ჰქონდათ ხარჯთაღრიცხვაში. ეს პრობლემაა შექმნილი. ალბათ, იძულებულები ვიქნებით, რომ სკოლამ თავისი ხარჯებით გააკეთოს ეს ყველაფერი,” – ამბობს ახრისის სკოლის დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე. პასუხად კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ იგი მეორე ტურბოს დამონტაჟებას საკუთარი ხარჯებით აპირებს. “ჩემ ხელშეკრულებაში არ ეწერა, მაგრამ მე ვალდებული ვარ, სადაც უნიტაზი დაგიყენე, იქ წყალიც ამოგიშვა. მაგის 150-200 ლარი რა სალაპარაკოა,” – გვეუბნება კარელიძე.
კომპანიის მუშაობით ახალდაბის სკოლის დირექტორიც უკმაყოფილოა. მისი თქმით, როცა “ზუკა მშენს” უკმაყოფილება გამოუცხადა, კომპანიის წარმომადგენელი სკოლაში აღარც მისულა. “ვფიქრობ, ეს თვითონ მაგ კომპანიის პრობლემაა. უკმაყოფილო ვიყავი იმიტომ, რომ სასექტემბროდ უნდა მორჩენილიყო სამუშაოები ამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე. იცით, რომ ახლა ასეთი ძველი საპირფარეშოები აღარ არის სტანდარტი, მაგრამ სოფელში სხვა გამოსავალი არ გვაქვს,” – გვიყვება ახალდაბის დირექტორი, მაკა გიორგაშვილი.
მერიამ კომპანიის დაგვიანებულ და დაუსრულებელ სამუშაოებზე თვალები დახუჭა. მეტიც, 2 დეკემბერს შპს “ზუკა მშენს” ახალი პროექტი – 4 სოფელში სკვერების მოწყობა დაავალა და 54,000 ლარამდე გამოყო. ვიდრე კომპანია ახალი დავალების შესრულებით იქნება დაკავებული, პანდემიის მესამე ტალღაც მოვა და მოსწავლეები ისევ გამართული სველი წერტილების მოლოდინში იქნებიან.
სტატია მომზადებულია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გრძელვადიანი სწავლების ფარგლებში. სწავლებას ატარებს „აი, ფაქტი“, “ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ მხარდაჭერით.