შარშან შემოდგომაზე “აი, ფაქტის” გვერდზე ტყიბულის სოფელ ორპირიდან მოგვწერეს, სოჩხეთისკენ მიმავალი გზა დაზიანებულია, ყინვისას სკდება, იბერება და იშლება. არადა, ამ მონაკვეთზე ასფალტი სამი წლის წინ დააგესო. გვითხრეს, რომ ძველი და ავარიულია ამ მონაკვეთზე გადებული ხიდებიც.
ტყიბულში ჩავედით, რომ ამ გზის მდგომარეობა გვენახა, ხალხის აზრი გაგვეგო და შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება შეგვეფხიზლებინა.
ორპირსა და სოჩხეთს ერთმანეთთან 14-კილომეტრიანი გზა აკავშირებს. ავტომობილით ამ მანძილს ოც წუთში დაფარავთ. ახლადდაგებული ასფალტიანი მონაკვეთი პატარა მდინარეებზე გადის. ამიტომ, ალაგ-ალაგ ექვსი ხიდია გადებული. ყველა მათგანი მოხრეშილია, მაგრამ არც ახალი მოაჯირები აქვს და არც ბეტონის საფარი. განსაკუთრებით სავალალო და სახიფათო მდგომარეობაშია სოფლის ბოლოში მდებარე ხიდი.
“გვქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან და გვითხრეს, ეს არ არის ჩვენი გასაკეთებელი, საგზაოსიაო [დეპარტამენტის]. იმათმა თავისი საქმე მოილიეს, ვინც გააკეთა. იძახიან ამ თვეში, იმ თვეში იქნებაო. ორპირში ერთმა ტენდერში გაიმარჯვა, იმან დაანება თავი. მეორემ – დავიწყებო და არ გააკეთეს,”- გვითხრეს ორპირში, მაგრამ ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვეს.
“ხიდი იქ არ არის კარგი, სანამ რაიმე არ მოხდება, არ გააკეთებენ. მსხვერპლი როცა იქნება, ალბათ, მერე მიაქცევენ ყურადღებას,”- გვითხრა სოჩხეთის მკვიდრმა და ანონიმურობა გვთხოვა.
ორპირის თემში ტყიბულის მერის წარმომადგენელი მელიტონ ზოსიაშვილია. მისი თქმით, სამუშაოები მალე დაიწყება და ყველა ხიდი რეაბილიტირდება. რაც შეეხება სოჩხეთის ხიდებს, აქ მერის წარმომადგენელმა კახაბერ ცნობილაძემ გვითხრა, ნაგებობები მარტიდან შეკეთდებაო.
“Სადღაც ათი დღის წინ იყო “ბლექ სის” ხელმძღვანელობა მოსული, დაათვალიერეს ყველაფერი, სადღაც თებერვლის 10 რიცხვიდან მოვლენ და დაიწყებენ სამივე ხიდის რეაბილიტაციას ჩემს ტერიტორიაზე. სულ არის ექვსი ხიდი სარეაბილიტაციო. ყველა მათგანი შეისწავლეს,”- გვითხრა მელიტონ ზოსიაშვილმა.
“გუშინწინ ვესაუბრე, ჩამოსული იყვნენ მშენებელი კომპანიიდან მშენებლები და მარტის დასაწყისიდან დაიწყება უკვე ხიდების მშენებლობა. Წყალი რო არ გაეპარება… ას-პროცენტიანი სიტყვით დავშორდით ერთმანეთს,”- გვითხრა ცნობილაძემ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სოჩხეთი-ორპირი-ტყიბულის მონაკვეთზე ახალი სახიდე გადასასვლელების პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი ჯერ კიდევ 2020 წელს გამოაცხადა. ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ჩათვლით აქვს. ამ ვადაში კომპანია “ბლექ სი გრუპმა” სამი მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს.
“აი, ფაქტი” Მომავალშიც მიადევნებს თვალს, Როგორ ჩატარდება სამუშაოები და შეკეთდება თუ არა ხიდები დათქმულ დროში.