fbpx
kompaniebi

რუსული კომპანიების ფილიალების ბრძოლა ქართული ბიუჯეტის ფულისთვის

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რუსული კომპანიების ფილიალები მილიონობით ლარს იღებენ. შემდეგ კი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არასათანადოდ ასრულებენ და საქმესაც ისე აკეთებენ, რომ მალევე თავიდან გასაკეთებელი გახდეს.

განსაკუთრებული აქტიურობით რუსული კომპანიების ფილიალები მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში გამოირჩევიან. მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხიც მარტივად შესაფასებელია, როცა საქმე შენობის რემონტს ანდა გზის შეკეთებას ეხება ხოლმე.

infograf.Rus

თუმცა, აქ სხვა ამბავზე გვინდა მოგიყვეთ, რაც საჯარო მოხელეებსაც აწუხებთ.

ამ ამბის მთავარი გმირი მალხაზ ლომსაძეა, რომელიც რუსეთში კომპანიებს ფლობს და იქაური მოქალაქეობაც აქვს. მან გადაწყვიტა, რომ ქართულ ბაზარზეც შემოსულიყო და 2016 წელს აქ ფილიალების გახსნა დაიწყო. „ნიკარემსტროი“ და „რეკონსტრუქცია XXI“ დააფუძნა, შემდეგ საჭიროების მიხედვით კიდევ სხვა კომპანიები შექმნა. თუმცა, ამ შემთხვევაში აქცენტი უშუალოდ „ნიკარემსტროისა“ და „რეკონსტრუქცია XXI“-ზე გვექნება, რადგან მათგან ფული რუსეთის ბიუჯეტში ირიცხება. კომპანია სწორედ რუსეთში იხდის სხვადასხვა ტიპის გადასახადებს, შესაბამისად, ჩვენი ბიუჯეტიდან მიღებული ფულის რაღაც ნაწილიც ოკუპანტი ქვეყნის ხაზინაში ხვდება.

ლომსაძის კომპანიები მხოლოდ მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობენ.

2017 წლის ივნისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლომსაძე თიანეთის მთავრობის წევრებთან თაღლითური გარიგების გამო დააკავა. ლომსაძის კომპანიას, „ნიკარემსტროის“ თიანეთის სოფლებში საბავშვო ბაღები უნდა გაერემონტებინა. სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა, მთავრობის წარმომადგენლებმა კი ყველაფერი ჩაიბარეს და თავი ისე მოაჩვენეს, რომ ყველაფერი ხარისხიანად იყო შესრულებული. ლომსაძემ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 123 ათასი ლარი გადაიხადა.

ამის შემდეგ ლომსაძემ ტენდერებში მონაწილეობა კვლავ განაგრძო. უმეტეს შემთხვევაში ისევ „ნიკარემსტროის“ სახელით შეჰქონდა განაცხადი და იგებდა კიდეც.

ალბათ გახსოვთ, ზესტაფონში ცენტრალურ მოედანზე მუშები რომ დაგებულ ფილებს ყრიდნენ. ეს სამუშაოებიც „ნიკარემსტროიმ“ შეასრულა. ზესტაფონის მთავრობაში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და მუშები ამიტომ ყრიდნენ ფილებს. მოგვიანებით მოედნის შერემონტებისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა.

„ნიკარემსტროისა“ და „რეკონსტრუქცია XXI-ს“ საშუალებით ლომსაძე, წლებია, ტენდერებს ბორჯომშიც იგებს. ქალაქის ვიცე-მერმა, ჯუმბერ ბერიძემ გვითხრა, რომ კომპანია სისხლს უშრობთ, სულ ვადებში წელავს სამუშაოებს, მუდმივი კონტროლი სჭირდება და ხარისხზეც დიდად თავს ვერ დადებენ.

khidi borjomi e1565950875251
ხიდი ბორჯომში, რომელიც ლომსაძის კომპანიამ ერთი წლის წინ შეარემონტა

„ბოლო ტენდერში სულ ვლოცულობდით, რომ არ შემოეტანა ამ კომპანიას განაცხადი, რადგან ვიცოდით, რა პრობლემებიც მოყვებოდა ამ ამბავს,“ – გვეუბნება ბერიძე, რომელიც თან ამ კომპანიის მიერ ბორჯომში შესრულებულ სამუშაოებს გვათვალიერებინებდა.

ბერიძეს ვკითხეთ, რატომ ირჩევენ კომპანიას, რომელსაც ცუდი რეპუტაცია აქვს? „სხვა გზა არ გვაქვს, ტენდერი საჯაროა და მონაწილეობა ყველას შეუძლია. ვინც დააფიქსირებს განაცხადს, ჩვენც იქედან უნდა ავირჩიოთ,“ – გვეუბნება ბორჯომის ვიცე-მერი.

სატენდერო კანონმდებლობა მართლაც ასეა მოწყობილი, რომ ტენდერში იმას ენიჭება უპირატესობა, ვინც ყველაზე ნაკლებ თანხას დაასახელებს. რუსული კომპანიებისთვის კი, რახან ხარისხი ნაკლებმნიშვნელოვანია, თანხასაც მინიმალურს ასახელებენ.

გარდა დაბალი ფასისა, ტენდერში ყურადღება კომპანიის გამოცდილებასაც ექცევა ხოლმე. თუმცა, შავი ხვრელი აქაც არსებობს. ლომსაძის მაგალითი უკეთ გაჩვენებთ ამ ამბის ფიქტიურობას.

როცა ლომსაძემ საქართველოში კომპანიები გახსნა, რასაკვირველია, გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომ გამოიყენა რუსეთში გაფორმებული ხელშეკრულებები. ოღონდ, რუსული კონტრაქტის ორივე მხარეს მისი კომპანიები იდგნენ. მაგალითად, შპს „გროსინვესტ კაპიტალი“ ხელშეკრულებას უფორმებს „ნიკარემსტროის“ მშენებლობის შესყიდვის მიზნით. ორივე კომპანიის წილის მფლობელი ლომსაძეა.

ქართველ-რუსი ბიზნესმენი ამ მეთოდს მიმართავდა ქართული ტენდერების უმრავლესობაში. თუმცა, ქართველი საჯარო მოხელეები მისგან არასდროს ითხოვდნენ დამატებით დოკუმენტაციას, მაგალითად საბანკო გადარიცხვების უწყისების, რომლებიც დაადასტურებდა, რომ ამ კომპანიებს შორის მართლაც შედგა ფინანსური გარიგება.

lomsadze

ლომსაძეს 4 კომპანია აქვს საქართველოში და ხან ერთით მონაწილეობს ტენდერებში, ხან მეორეთი. როცა ერთს რეპუტაცია შეელახება, სხვას აფუძნებს. საჯარო მოხელეები კი კომპანიის მფლობელის წარსულით დიდად არ ინტერესდებიან ხოლმე. მაგალითად, ბორჯომში არ იცოდნენ, რომ ლომსაძე სუს-მა 2017 წელს თაღლითობისთვის დააკავა.

საჯარო რეესტრს ვკითხეთ, რატომ არ უზღუდავენ ეკონომიკურ დანაშაულში ბრალდებულ პირს ახალი იურიდიული სუბიექტის რეგისტრაციის უფლებას. პასუხად მოგვწერეს, რომ „მათი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს “ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულში შემჩნეული პირის” მიერ ახალი სამეწარმეო იურიდიული პირის რეგისტრაციის უფლების შეზღუდვას.“

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გავუგზავნეთ კითხვები, რადგან ინტერვიუზე თანხმობა ვერ მივიღეთ. ჩვენი კითხვები ეხებოდა კომპანიების შერჩევის პროცესში მათი გამოცდილების შესახებ უფრო მეტი ყურადღების გამახვილებას, დაბალი ფასისა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების საკითხს და რუსული კომპანიებისთვის ბიუჯეტიდან ფულის მიცემის ამბავს. კითხვები სრულად შეგიძლიათ ამ ბმულზე იპოვოთ.

ბიუჯეტიდან რუსული კომპანიებისთვის მიცემული ფულის ნაწილში საერთოდ არ გვიპასუხეს. ამ წერილიდან ვერც სხვა კითხვებზე მივიღეთ პასუხი. რუსული კომპანიების გამოცდილების გამოყენების ნაწილშიც კი, კითხვის მიმართულებას აცდნენ და სულ სხვა პასუხი გამომიგზავნეს. წერილი ვრცლად აქ ნახეთ და შეგიძლიათ, ჩემი კითხვები და მათი პასუხები შეადაროთ. მერე მიხვდებით, რატომ არ გვაძლევენ საჯარო მოხელეები ინტერვიუს და მხოლოდ წერილობითი პასუხით იძვრენენ თავს.

osgf

სტატია ქვეყნდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერილი პროექტის “კორუფციული ფაქტების შესწავლა ადგილობრივ თვითმმართველობებში” ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას, შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
საქართველოში ტურისტული ობიექტები რუბლში ვაჭრობენ
rubli

საქართველოში ტურისტული ობიექტები რუბლში ვაჭრობენ

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share