fbpx

როგორ პასუხობენ მერიები ხალხის პრობლემებს ტყიბულის და თერჯოლის სოფლებში?

1647499953032 scaled 2

“აი, ფაქტი” აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს იმისთვის, რომ მათი პრობლემები მოისმინოს და შემდეგ, ადგილობრივ მთავრობებს ჰკითხოს, როგორ აპირებენ მოგვარებას. 

ამჯერად, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს ვესტუმრეთ. თერჯოლის 5 სოფელში,  ჩიხორში, ეწერში, ღვანკითში, ზედა საზანოსა და ვარდიგორაში წყლის და გზის პრობლემები აქვთ.

“წყალი არ გვაქვს, მე ჭა მაქვს ეზოში, ოღონდ ზაფხულობით მანქანით ვეზიდები მდინარე დუსიდან, სარეცხისთვის. სასმელი წყალი ვარდიგორადან მომაქვს, 3 კილომეტრშია, დაახლოებით,” – გვეუბნება იური ჭანტურიძე სოფელ ჩიხორიდან. აქ 300-მდე ოჯახი ცხოვრობს. 

ჩიხორში უგზობაც აწუხებთ. Სოფელში ალაგ-ალაგ დაგებული გზები შეგვხვდა. ადგილობრივებმა გვითხრეს, არჩევნების დროს დააგეს ასეო. უწყლობის გამო, ძირითადად, საკუთარი ჭებით სარგებლობენ ზედა საზანოში, ეწერსა და ვარდიგორაშიც. 

“ყველაფერს მოვითმენთ, მაგრამ უწყლობას ვერა. ახლაც არ არის წყალი, ერთი საათიც არ გვაქვს. მილები ყოველ წელიწადს მოაქვთ, მაგრამ გაკეთებული არაფერი მინახავს. ახლა ნალექია და ადამიანი წვიმის წყალსაც იხმარ მოსარეცხად. ზაფხულში ძალიან გვიჭირს”, – გვითხრეს ვარდიგორაში. 

გზები არ უვარგათ თერჯოლის კიდევ ერთ სოფელში, ღვანკითში.  მოასფალტებული გზა კი ჰქონდათ, მაგრამ დაზიანდა. 

“მეორე სოფელში აკეთებდნენ წყალს, დიდმა მანქანებმა დაიწყეს სიარული და გააფუჭეს იმათმა. 40-ტონიანი მანქანები დადიოდნენ, მოსახლეობამ დაუშალა მერე,”- გვითხრეს სოფელში. 

ამ სოფლებში მერის წარმომადგენლებს დავუკავშირდით, რომ გაგვეგო, როგორ და როდის აპირებენ ამ პრობლემების გადასაჭრელად.

ზედა საზანოს და ჩიხორის წარმომადგენელმა მერაბ ჩუბინიძემ გვითხრა, ჩიხორის წყლის პრობლემის მოსაგვრებლად წელს 12-მილიონიანი პროექტი უნდა შემუშავდესო.  მისი თქმით, სოფლებში გზებიც მიმდინარე წელს უნდა გაკეთდეს. 

მერაბ ჩუბინიძის თქმით, Ზედა საზანოში გზა რომ კეთდებოდა, წყლის სისტემა მაშინ დაზიანდა და Მისი შეკეთება გზაზე მომუშავე კომპანიას ევალებაო. 

მერიის დაპირებით, გზის და წყლის პრობლემები წელს მოგვარდება ღვანკითსა და ვარდიგორაშიც. ვარდიგორაში ამისთვის, Სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 16 ათასი ლარი გამოიყო. 

შეხვედრა ტყიბულის მოსახლეობასთან

“აი, ფაქტი” თებერვლის ბოლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებსაც ესაუბრა. ჩავედით ხუთ სოფელში, საწირეში, ზედუბანში, დაბაძველში, ივანეულსა და სოფელ სამტრედიაში. გვითხრეს, რომ მთავარი პრობლემა აქაც უგზობაა.

დაბაძველი ტყიბულის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელია, მთებში შეფენილი. კურორტ საწირესთან ახლოს მდებარეობს და საწირის თემს ეკუთვნის. აქ, დაახლოებით, 300 ადამიანი ცხოვრობს. 

საკურორტო სოფლად კი მიიჩნევა, მაგრამ წყალი და გზა მაინც არ აქვთ. ქარქაშაძეებისა და ყვავაძეების უბნის მოსახლეობა გვიყვება, რომ ცუდი პირობების გამო, სოფელი  დაიცალა. ადგილობრივებს  უკან დაბრუნება კი უნდათ, მაგრამ სოფელში არც გზაა ,არც წყალი და არც იმედი, რომ მომავალში რაიმე შეიცვლება.

დაბაძველის ცენტრალური გზა წებოვანი ტალახითაა დაფარული, ალაგ-ალაგ ეტყობა, რომ ოდესღაც აქ ქვიშა ეყარა. ორ ადგილას  გზა ჩავარდნილია, თუ არ გაამაგრეს, შესაძლოა სოფელი გარესამყაროს მოსწყდეს.

სოფელს არც ხიდი აუშენეს. მოსახლეობა საკუთარი ხელებით, სახელდახელოდ გაკეთებულ გადასასვლელს იყენებს.
“ესენი სულ ჩვენი ხელით გავაკეთეთ, ვიყიდეთ “არმატურა”, ვიყიდეთ ცემენტი,”- გვიყვება ადგილობრივი ნუგზარ ქარქაშაძე. 

Screenshot 2022 03 18 at 16.30.31 1
მოსახლეობის აშენებული ხიდი სოფელ დაბაძველში

“სამშენებლო მასალები რომ დასჭირდეს სოფელს, პატარა მანქანით ვერ მიიტან. ამაზე ახლა რომელი დიდი მანქანა გადავა?”- ამბობენ ადგილობრივები.

ყვავაძეების უბნის გზა სულ კილომეტრნახევარია და ტალახი ჩვენი  უცვლელი თანამგზავრია. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ გზებზე სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ ადის. ვინმეს გადაუდებელი დახმარება თუ დასჭირდა, სოფლის დასაწყისამდე ხელით ჩამოჰყავთ.

მოსახლეობა გვიყვება, რომ გზაზე პერიოდულად ქვიშას ყრიან – “ყოველი არჩევნების წინ მოიტანენ ორ მანქანა ქვიშას, გაშლიან. სანიაღვრე არაა და სად წავა წყალი? გადარეცხავს ქვიშას , წაიღებს ღელეში.”

Screenshot 2022 03 18 at 16.28.02 1
გზა სოფელ დაბაძველში

დაბაძველში არც წყალი აქვთ. სასმელი წყალი ჭიდან ან წყაროდან მოაქვთ.
ადგილობრივებს სურდათ, სოფელში მერის წარმომადგენელს, თენგიზ ლომთაძეს ჩვენთან ერთად გასაუბრებოდნენ  და ეკითხათ, როდის მიაქცევენ ყურადღებას. აღმოჩნდა, რომ ლომთაძეს სატელეფონო საუბრისთვის დრო არ ჰქონდა.

“ღორი თუ დაეკარგა ან ხბო ან რაღაცა, ჩამოივლის და გვეკითხება, ღორი ხომ არ გინახავთ, ან ხბოო. ისე რისი ჩამომვლელია?,’’ – ამბობენ დაბაძველში.

დაბაძველელები მერის წარმომადგენელს რომ ვერ ხვდებიან, განცხადებას წერენ გზის მოწესრიგების იმედით.

“რამდენი [განცხადება დავწერეთ] იცი? ვერ დაგითვლით, იმდენი განცხადებაა შესული. მიფუჩეჩებული, მიგდებული და თაროზე შემოდებულია,”- ამბობს ნუგზარ ქარქაშაძე.

ლომთაძესთან გასაუბრება მოგვიანებით ვცადეთ. ვკითხეთ, რამდენ ხანში ერთხელ ხვდებოდა მოსახლეობას. სამომავლო, დაგეგმილი პროექტების შესახებაც გვინდოდა გვეკითხა, მაგრამ ტელეფონი გაგვითიშა.

შესყიდვების სააგენტოს მიხედვით, 2022 წელს სოფელ დაბაძველში სასმელი წყლის რეზერვუარი აიგება. ამისთვის, ტყიბულის ბიუჯეტიდან 38 ათას ლარამდეა გამოყოფილი.

ტყიბულის მერიას წერილობით ვკითხეთ, რა გაკეთდა აქამდე ან რისი გაკეთება იგეგმება წელს სოფელში. წერილის გაგზავნიდან კანონით განსაზღვრული 10 სამუშაო დღე კი გავიდა, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგივიღია.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რუსული ელექტროენერგია – აუცილებლობა თუ  პოლიტიკური გადაწყვეტილება 
kselebi scaled e1668768031970

რუსული ელექტროენერგია – აუცილებლობა თუ  პოლიტიკური გადაწყვეტილება 

ავტორები: ნანუკა ბრეგაძე და მარიამ კაჭკაჭაშვილი კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share