“16 წელია აქ ვცხოვრობ და ნორმალური წყალი ჯერ არ ყოფილა. ხან თევზის სუნი აქვს, ხან რაღაც ორფეხა მოჰყვება,”- გვითხრა ტყიბულელმა ლენა ვარდოსანიძემ. არადა, უკვე ოთხ მილიონ ლარამდეა დახარჯული იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობა გაწმენდილ წყალს სვამდეს.
ტყიბული სასმელი წყლით შაორიდან მარაგდება. რაჭიდან წამოსული წყალი 1971 წელს აშენებულ გამწმენდ ნაგებობამდე მიდის, მილებს და საფილტრე სადგურს გაივლის, ქვიშით გაიწმინდება და შემდეგ მიეწოდება ადგილობრივებს. ძველი საფილტრე სადგური ვეღარ მუშაობდა, ამიტომ ორი წლის წინ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” ახლის აგება გადაწყვიტა.
“მიმდინარე წლის ბოლომდე პროექტი ესპლუატაციაში შევა, რის შემდეგაც დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანს ხარისხიან წყალმომარაგებას მივაწვდით,”- გვპირდებოდა “წყალმომარაგების კომპანიის” იმჟამინდელი დირექტორი გრიგოლ მანდარია 2020 წლის ოქტომბერში. აქედან ორი წელი გავიდა, მაგრამ ტყიბულის წყლის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ახალი გამწმენდი კი ააგეს და შვიდი თვის წინ ოფიციალურადაც ჩაიბარეს, მაგრამ ქალაქში ისევ ბინძურ, ქვიშიან და არასასიამოვნო სუნიან წყალს სვამენ.
“აი,ფაქტის” ამ გამოძიებით გაიგებთ, რა არის მიზეზი, რომ ტყიბულის სასმელი წყალი ვერა და ვერ გაიწმინდა. მოგიყვებით, ვის უნდა ეზრუნა ამ პრობლემის მოგვარებაზე, მაგრამ საქმეს გულგრილად მოეკიდნენ და ამან ისევ მოქალაქეები დააზარალა.
ვინ ააგო წყლის გამწმენდი ნაგებობა?
ორი წლის წინ გამოცხადებულ ტენდერს ერთადერთი მონაწილე ჰყავდა – შპს “საბა”. გასაკვირი არაა, რომ მათ გაიმარჯვეს კიდეც და 2020 წლის 27 მარტს წყალმომარაგების კომპანიასთან 4-მილიონიანი კონტრაქტი დადეს. მათ ამ თანხით ცენტრალური წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტის მომზადება და შემდეგ მისი აშენება დაევალათ. Საქმის დასასრულებლად 9-თვიანი ვადა მისცეს, ანუ 2021 წლის იანვრამდე. თუმცა, ხელშეკრულებაში ცვლილებების შედეგად საბოლოო ვადამ კიდევ ერთი წლით, 2022 წლის 10 აპრილამდე გადაიწია.
“საბამ” ვადის გახანგრძლივება სხვადასხვა მიზეზით 7-ჯერ მოითხოვა. მაგალითად, ვერ მიიყვანეს ელექტროენერგია ნაგებობამდე, დროულად ვერ წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა და საშემსრულებლო ნახაზი, წყალმომარაგების კომპანიის კომისიის წევრებმა დროულად ვერ დაათვალიერეს ობიექტი. იყო ისეთი შემთხვევებიც, რომ კომპანია შეფერხების მიზეზად მისი თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირებას ასახელებდა.
ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, 2022 წლის 9 მარტს წყალმომარაგების კომპანიამ “საბას” შენიშვნები მისცა და ხარვეზების უმოკლეს პერიოდში აღმოფხვრა სთხოვა. მაგალითად, პრობლემა იყო წყლის სალექარის დარღვეული ჰერმეტულობა და სინესტე, სახურავიდან მასში იყრებოდა ქვიშა-ცემენტის ნალესი.
30 მარტს “საბამ” წყალმომარაგების კომპანიას წერილობით შეატყობინა, შენიშვნები გავითვალისწინეთ და ყველა ხარვრზი გამოსწორებულიაო, მაგრამ ამ წერილით არ ჩანს, კონკრეტულად რა გააკეთეს. ორი დღის შემდეგ, პირველ აპრილს წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, აკაკი მშვიდობაძემ დირექტორს ხელშეკრულების საბოლოო ვადის გადაწევა სთხოვა, რომ მოესწროთ და შეემოწმებინათ, როგორ გაითვალისწინეს მათი შენიშვნები.
ნამდვილად შეამოწმეს თუ არა გამწმენდი ნაგებობა, უცნობია. 1 აპრილის შემდეგ სამუშაოების ხარისხზე ინსპექტირების ამსახველი დოკუმენტაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული არ არის. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტამდე ჩატარებული ინსპექტირება მხოლოდ ფორმა #2–ის შემოწმებას ითვალისწინებდა. ფორმა #2არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია შესრულებული სამუშაოს რაოდენობა, მოცულობა და ფასები. მათი გადამოწმების დროს დგინდება რამდენად ემთხვევა ის კომპანიის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვას.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული მასალებიდან კი ირკვევა, რომ წყალმომარაგების კომპანიამ “საბასთან” საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 8 აპრილს გააფორმა, 27 იანვრის ინსპექტირების საფუძველზე. იანვარში ჩატარებული ინსპექტირებით ყველაფერი კარგად იყო, დამკვეთს კომპანიასთან პრეტენზიები არ ჰქონია. მარტში კი მთელი რიგი დეფექტები აღმოუჩინეს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ ჩაიბარეს სამუშაოები იანვრის ინსპექტირებით?
საქმე ისაა, რომ 27 იანვრის ინსპექტირება არაფერს ამბობდა წყლის გამწმენდი ნაგებობის ხარისხზე. ამიტომ, ჩნდება კითხვა, რითი იხელმძღვანელა წყალმომარაგების კომპანიამ, როცა “საბასგან” წყლის გამწმენდი ნაგებობა ჩაიბარა და კომპანიას საქმე შესრულებულად ჩაუთვალა? ისიც კი ბუნდოვანია, გაითვალისწინა თუ არა “ საბამ” მიღება-ჩაბარების აქტამდე 1 თვით ადრე მიღებული შენიშვნები.
წყალმომარაგების კომპანიიდან გვითხრეს, ჩვენი შენიშვნები რომ გამოსწორებული იყო, ამას კომპანიის წერილიც ადასტურებდაო. სიტყვაზე ენდნენ თუ გადაამოწმეს თავადაც, ეს აღარ მოუწერიათ. ინსპექტირების და მონიტორინგის ოქმები წყალმომარაგების კომპანიისგან საჯარო ინფორმაციის სახით სამი კვირის წინ გამოვითხოვეთ. წერილზე პასუხს ამ დრომდე უშედეგოდ ველით.
დეტალების გასარკვევად შპს “საბას” მფლობელებთან და დირექტორთან დაკავშირება გვსურდა. თუმცა, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ჩვენთან საუბარი არ ისურვეს. Ხან ტელეფონს გვითიშავდნენ, ხან საერთოდ არ გვპასუხობდნენ. გაგვესაუბრა მხოლოდ “საბას” ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი, თუმცა მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, შეამოწმა თუ არა ნაგებობის ხარისხი წყალმომარაგების კომპანიამ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.
წყალმომარაგების კომპანიამ 4-მილიონიანი გამწმენდი ნაგებობა კი ჩაიბარა, მაგრამ სავარაუდოდ არ შეუმოწმებიათ სასმელი წყლის ვარგისიანობა. ეს ჩანს იქედან, რომ Მათ დაქირავებულ ექსპერტებს წყლის ხარისხის შემოწმება არ ევალებოდათ.
2022 წლის იანვარში ინპსპექტირების ანგარიშები მოამზადა შპს “ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის” ექსპერტმა ოლეგ ქველიძემ. მან გვითხრა, მხოლოდ შენობა შევამოწმეო.
“მე შევამოწმე აშენებული შენობა, სუფთა საინჟინრო საქმე მევალებოდა. წყლის ხარისხის შემოწმებას სპეციალური ტექნოლოგი სჭირდება. მე წყლის მარტო დალევა ვიცი, მეტი არაფერი. სუფთა შენობები შევამოწმე, მდგრადობა კარგია, სახურავი, კარი, ფანჯარა კარგია. ნახაზებში რაც იყო, ყველაფერი ვნახე და აშენებულია. რომ შემიყვანეს შიგნით შენობაში, ყველაფერი მუშაობდა. რა დეფექტი ჰქონდა თვითონ ამ სისტემას, წყლის მიმღებს და გამწმენდს ეგ უკვე ჩემს კომპეტენციაში არ შედის,”- გვითხრა ქველიძემ.
ვინ და როგორ დააყენა წყლის ფილტრაციის სისტემა?
შპს “საბას” ქვეკონტრაქტორი იყო შპს “ეკოფრე”. მას 2,8 მილიონ ლარად წყლის გამწმენდი ულტრაფილტრაციის სისტემა უნდა დაეყენებინა. Საქმე შესრულებულად და სისტემა გამართულად მას შემდეგ ჩაითვლებოდა, რაც “ეკოფრე” მიღება-ჩაბარების ცდებს ჩაატარებდა, ანუ წყალი უნდა გაეშვათ დანადგარებში და მიეღოთ სუფთა წყალი.
გარდა ამისა, “ეკოფრეს” ევალებოდა ტრენინგების ჩატარება “საბას” და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც მომავალში ნაგებობის გამართულად მუშაობაზე უნდა ეზრუნათ. მაგალითად, დაზიანების შემთხვევაში, შეეკეთებინათ.
“ეკოფრეს” ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა წერეთელმა გვითხრა, რომ ტრენინგები ნამდვილად ჩაატარეს, თუმცა “სტაფი”, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ დაახვედრა, არ იყო კომპეტენტური. ამიტომ, არ აქვთ იმედი, რომ ნასწავლს პრაქტიკაში გამოიყენებენ. Საგარანტიო პერიოდში დანადგარებს “ეკოფრე” თვითონ ემსახურება, მაგრამ შეიძლება თბილისიდან დროულად ჩასვლა ვერ მოასწრონ და ნაგებობის დაზიანების შემთხვევაში, ქალაქს წყალი რამდენიმე დღე შეუწყდება.
“იმ ხალხმა ვერ აითვისა [რაც ვასწავლეთ]. რეალურად, ჩვენ დავრბივართ ახლა. წყალმომარაგების გასაკეთებელ საქმეს ძალიან ბევრს ჩვენ ვაკეთებთ. რამდენჯერმე ვუთხარით, ან შეცვალეთ სტაფი ან ნახეთ ხალხი, რომელსაც კვალიფიკაცია ექნება. იმიტომ, რომ ეს ულტრაფილტრაციის დანადგარი საკმაოდ ტექნოლოგიურია, რომელიც მოითხოვს დიდ კვალიფიკაციას. უბრალოდ ურდული გააღო-დაკეტო, ასეთი კვალიფიკაცია არ ეყოფა. სანამ საგარანტიო პერიოდი გვაქვს, ჩვენ ვემსახურებით მაგრამ უკვე ხალხი აღარ გვყოფნის ბევრ ობიექტზე,”- გვითხრა ზაზა წერეთელმა.
“ეკოფრეს” ტექნიკურ დირექტორს ვკითხეთ, რატომ არ მიეწოდება მოსახლეობას სუფთა წყალი? გვითხრა, რომ ქალაქში დიდი რაოდენობით წყალს მოიხმარენ, თანაც უკონტროლოდ. მრიცხველები ყველგან არ არის. ამის გამო მხოლოდ ახალი ნაგებობა არ ჰყოფნის მის გაწმენდას და წყალმომარაგების კომპანიამ ძველი, ნგრევის პირას მისული ნაგებობაც აამუშავა. როგორც ჩანს, ესაა წყლის დაბინძურების მიზეზიც. თუმცა, საქმე ისაა, თავიდანვე რატომ არავინ გაითვალისწინა, რომ ეს ნაგებობა საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ რატომ დაიხარჯა 4 მილიონი, თუ ისევ ძველ სადგურს უნდა ემუშავა? ამ კითხვებზე პასუხს არავინ გვცემს, მთავარ პასუხისმგებელს, “წყალმომარაგების კომპანიას” ჩვენთან ინტერვიუ არ სურს.
“იქ რაც იყო ძველი სადგური [აამუშავეს], რომელიც ინგრევა, რეალურად შიგნით ვერც შედიან და სანამ არიან, არიან…მე ერთხელ შევედი და თავ-ბედი ვიწყევლე, კინაღამ ჩატყდა. რასაც ჩვენი დანადგარი აწოდებს, სამი იმდენ [წყალს] ის აწოდებს, მაგრამ ესეც არაა საკმარისი. სამი-ოთხი დღის წინ ვიყავი და ორივე სადგური მუშაობს, იმიტომ რომ წყალი არ ჰყოფნით,”- გვეუბნება ზაზა წერეთელი.
როგორი წყალი მოდის ახლა ტყიბულში?
წყალმომარაგების კომპანიამ წყლის გამწმენდი ნაგებობა ექვსი თვის წინ ჩაიბარა. მოგვწერეს, რომ მათი ინფორმაციით ქალაქს წყალი მიეწოდება. დასაზუსტებლად ხელახლა მივწერეთ, სასმელად ვარგისია ეს წყალი თუ არათქო? მაგრამ Საჯარო ინფორმაციაზე პასუხს სამი კვირაა უშედეგოდ ველით.
Ჩვენ ადგილზე ჩავედით და ტყიბულელებს ვკითხეთ, როგორ დაეტყო მათ სასმელ წყალს, რომ ახალი გამწმენდი ნაგებობა აუშენეს? ადგილობრივები გვეუბნებიან, შეღავათი ჯერ არ გვიგრძვნია და სუფთა წყალს ისევ შორი გზიდან ვეზიდებითო.
“დასალევი წყალი მეზობელს მოაქვს მანქანით სადღაც წყაროებიდან, შახტებისკენ. მეხმარებიან და ჩემთვისაც მოაქვთ. ეგ წყალი დაასალევად კიარა…. თეფშსაც რომ გარეცხავ, ხანდახან საშინელი თევზის სუნი უდის, სასწაულია,”- გვეუბნება ტყიბულში, გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები 80 წლის ლენა ვარდოსანიძე.
“დილით თუ დაგეძინა, საჭმელს ვეღარ გააკეთებ, ვერ გარეცხავ პროდუქტს, რომ მერე მაინც მოიხმარო. 8-ის ნახევარზე, 8-ზე მოვა, 9-ს რომ 10 წუთი დააკლდება, უკვე იწყებს მოკლებას. ნალექი აქვს. რაჭაში შვილი მყავს და იმას მოაქვს ხოლმე ჩემთვის 5-ლიტრიანი ჭურჭლით. მე მარტო ვარ და რომ მომიტანს, ორი-სამი დღე კი მყოფნის, მაგრამ ოჯახი, შვილები და შვილიშვილები როცა მყავდა, მაშინ რას მეყოფა? საჭმელად კი ვხმარობ მარა ვედროში რო დააყენებ ილექება,”- გვეუბნება ტყიბულში თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრები, რომელმაც სახელის გამხელა არ ისურვა.
“შაორის წყალი არისო და შაორის წყალს ვინ დალევს? მღვრიეა და საშინელი სუნი აქვს. რაჭის გზაზე სადღაც წყაროს წყალია და დასალევად იქედან მოგვაქვს მანქანებით. ზოგი [წყარო] აქეთ არის კეცხოველზე, მიწიდან გამოდის და იქედან მოგვაქვს. ახლა იძახიან რაღაცა ფილტრები ჩაყარეს და გაკეთდებაო, 24-საათიანიც იქნება და კარგიც იქნებაო. ვნახოთ, თუ მოვესწარით. დასრულებული თუა [ნაგებობა] წყალი არსად არ არის და… არაფერი შეღავათი არაა ჩვენთვის”, – გვითხრეს ცირეკიძის ქუჩაზე.
ტყიბულელები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელშიც გამოხატავენ. ფეისბუქის დახურულ ჯგუფში ვიკითხეთ უახლესი მდგომარეობა, ადგილობრივებმა კი კომენტარების სახით ასე გვიპასუხეს:
“სიზმრის მოსაყოლად არ გვიწევს ღელე-ღელე სირბილი, ეგ აქვს დადებითი მარტო.”
“წყლის ვარგისიანობაზე, უკომენტაროდ!!! საშინელი, საზიზღარი გემოს, სუნის და ფერის… წვიმიან ამინდში მითუმეტეს, ტალახი მოდის ონკანში.”
“ტყიბულში თბილი შხაპის ქვეშ თერაპია გამორიცხულია, მთავარია მალე მორჩე ბანაობას.”
“გინდ თევზის კონსერვით გიბანავია და გინდ ტყიბულის წყლით. თუ დალევ, ალბათ გარისკავ, რომ რამე არ დაგემართოს. ყველას წყაროებიდან დაგვაქვს წყალი. ვიცით, მაგაზე სუფთაა და უცებ წურბელა არ გამოყვება.”
ვინ არიან და ვისთან ახლობლობენ “საბას” მფლობელები?
შპს “საბა” საჯარო რეესტრში 2006 წელს დარეგისტრირდა. მისი წილების 33 პროცენტს ფლობს არჩილ ხაბურძანია და 67-ს თენგიზ ნარსია. ორივე მათგანს რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.
ამ კომპანიამ 2014-2022 წლებში სახელმწიფო უწყებების 12 ელექტრონული ტენდერითა და ორი გამარტივებული შესყიდვით ჯამში 20 მილიონ ლარამდე აიღო.
ხაბურძანია და ნარსია “საბას” გარდა ბიზნესპარტნიორები არიან კომპანიებში “ვესტლანდ ჯეო” და “ვიდეოსკოპი”. “ვიდეოსკოპის” საქმიანობა განსაზღვრული არ არის, “ვესტლანდ ჯეო” კი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწარმოებს და ყიდის.
“საბას” მფლობელებს ახლო ურთიერთობა აქვთ მამუკა სონღულაშვილთან. ის პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატის და ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის ნათესავია.
მამუკა სონღულაშვილი და თენგიზ ნარსია 10 წლის წინ ერთად ფლობდნენ შპს “ლეგალს”. Საინტერესოა ის გარემოებაც, რომ შპს “საბა” მამუკა სონღულაშვილის სახლის მეზობლად მდებარე ფართზეა რეგისტრირებული.
როგორც ჩანს, ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ მამუკა სონღულაშვილისა და “საბას” მეორე მეწილის ოჯახებსაც. არჩილ ხაბურძანია და მამუკა სონღულაშვილის ვაჟი თბილისში ერთსა და იმავე კორპუსში ცხოვრობენ.
დავუკავშირდით დავით სონღულაშვილს, რომ გაგვეგო, რა ურთიერთობა აქვთ მას და მამუკას, ასევე მას და “საბას” მფლობელებს. დაგვიდასტურა, მამუკა სონღულაშვილი ჩემი შორეული ნათესავიაო. “საბას” მფლობელებზე კი გვითხრა, მგონი არ ვიცნობო.
“მამუკასთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ მის ვინმე ბიზნესპარტნიორს იმის იქით კიდე რა აქვს, ნამდვილად ვერ გეტყვით მაგა,” – გვითხრა დავით სონღულაშვილმა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია “საბასთან” თანამშრომლობას აგრძელებს. 2021 წლის ივლისში კომპანიას 7,8-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. ამ თანხით 2023 წლის ზაფხულამდე უნდა დაასრულონ ტყიბულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და სერვის-ცენტრის შენობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები.
არჩილ ხაბურძანიამ ამ ტენდერზე გვითხრა, ეს თემა მტკივნეულია, მინდა რომ მოვასწროო. თუმცა, გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებით კითხვების დასმა არ დაგვაცადა. პირადად შევხვდეთ, ტელეფონში საუბარი არ მინდაო, თუმცა მეორე დღეს, ინტერვიუს შესათანხმებლად რომ ვურეკავდით, ზარს აღარ უპასუხა. პრობლემაზე დეტალურად საუბარი არავის სურს, არც სამუშაოების დამკვეთს და არც შემსრულებელს. შედეგი კი ისევ ხალხის ყოფაზე აისახება.
“სანამ ხალხი არ ისწავლის, მათი ჯიბიდან რამდენი ფული დაიხარჯა ამ წყლის პრობლემის მოგვარებაზე და სანამ ჩუმად იჯდება…არაფერი შეიცვლება,”- მოგვწერეს სოციალურ ქსელში. “აი, ფაქტის” სტატიების მიზანიც ეს არის, რომ ადგილობრივი მთავრობები მივაჩვიოთ ხალხის ფულის გონივრულად ხარჯვას, მოქალაქეები კი მათი არჩეული ხელისუფალის მკაცრ კონტროლს.