მასალის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე.
ამ თავის ავტორია მართა მენდოზა (Martha Mendoza), Associated Press-ის რეპორტიორი, პულიტცერის პრემიის ლაურეატი. მენდოზა ამჟამად წერს ე.წ. სილიკონ ველის სიახლეებზე, ამზადებს საავტორო და საგამოძიებო სიუჟეტებს. მენდოზა იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც 2015 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თევზის მრეწველობაში იძულებითი შრომის ფაქტები გამოააშკარავა. ამ მხილებამ 2,000 ადამიანი იხსნა მონობისგან.
ადამიანებით ვაჭრობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ფართოდ გავრცელებული დანაშაულია და ჟურნალისტური გამოძიებისთვის საინტერესო თემაა. როგორც წესი, მონობის თანამედროვე ფორმა შეუმჩნეველი ბოროტებაა, რომელიც, შეიძლება, ჩვენს ცხვირს წინ, უბნის რომელიმე მასაჟის სალონში თუ ადგილობრივ ნავსადგურში მდგარ სათევზაო გემზე იმალებოდეს.
არსებობს ტრეფიკინგის ორი ძირითადი კატეგორია: სექსუალური ექსპლუატაცია, რაც ადამიანით ვაჭრობის შემთხვევების, დაახლოებით, ნახევარს შეადგენს, და იძულებითი შრომა. გაეროს შეფასების თანახმად, ყოველდღიურად დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი იტანჯება თანამედროვე მონობის უღელქვეშ, ძირითადად, ქალები, თუმცა, არიან კაცებიც და ბავშვებიც. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ბოროტმოქმედების, ე.წ. ადამიანით მოვაჭრეებისა თუ მონათმფლობელების ჯამური წლიური მოგება $150 მილიარდს აღწევს.
ტრეფიკინგის გამოძიება დაძაბული და მძიმე საქმეა. ჟურნალისტებთან საუბრით მსხვერპლი თავს დიდ საფრთხეში იგდებს. იგი ტრავმირებული, დამტყვევებლის მიერ დაშინებული ადამიანია, რომელსაც საგულდაგულოდ აფრთხილებენ, რომ არავის სთხოვოს დახმარება, მით უმეტეს, ჟურნალისტს. ჟურნალისტებთან ლაპარაკით, შეიძლება, სიცოცხლეს რისკავდეს და, შესაბამისად, ამ ტიპის სამუშაოს შესრულებისას დიდი სიფრთხილე გმართებთ. აქ ბოროტმოქმედი არის კრიმინალი, რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანის ექსპლუატაცია. იგი შეუბრალებელია და მზადაა, საკუთარი ინტერესები დაიცვას.
წყაროები
არსებობს არაერთი სასარგებლო წყარო, რომელიც ჟურნალისტებს ტრეფიკინგის გამოძიებაში ეხმარება. ისეთ გლობალურ ორგანიზაციებს, როგორებიცაა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ფონდი მინდერუ (იარე თავისუფლად), პოლარისის პროექტი და კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციები (Catholic Charities), ჰყავთ წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებსაც შეუძლიათ ვრცელი ინფორმაცია მოგაწოდონ კონკრეტულ რეგიონებში არსებული პრობლემების შესახებ.
ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტების საგამოძიებო საქმიანობის დიდ ნაწილს წარმოადგენს ფულისა და მიწოდების ჯაჭვების კვლევა.
ზოგიერთი, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო სამართლიანობის მისია, მჭიდროდ თანამშრომლობს კანონის აღმასრულებელ ორგანოებთან ბოროტმოქმედების იდენტიფიცირების, დაკავებისა და გასამართლების მიზნით. ზოგიც, მაგალითად, ისარას ინსტიტუტი, თანამშრომლობს მიგრანტების სათემო ჯგუფებთან და ბიზნესებთან აუდიტების წარმართვისა და მუშების უფლებების დაცვის (მათი სათქმელის გაჟღერების) მიზნით.
ასევე, არსებობს ისეთი ჯგუფებიც, როგორებიცაა Free the Slaves, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე მონობის ხელშემწყობი გარემოებების შეცვლას. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია რელიგიურია, ზოგი მთავრობას ექვემდებარება, ზოგიც კონკრეტულ პრობლემაზე ან სახელმწიფოზე ორიენტირებულია.
ადამიანებით ვაჭრობის გამოძიების პირველ ეტაპზე უნდა ესაუბროთ კონკრეტულ ტერიტორიაზე მოქმედ მაქსიმალურად ბევრ ორგანიზაციას — სულ მცირე, ათს მაინც. მათ შეუძლიათ დაგაკავშირონ მონობისგან გათავისუფლებულ ადამიანებთან (გადარჩენილ მსხვერპლებთან), მოგითხრონ გასამართლების წარსული შემთხვევების შესახებ და მიგითითონ გარკვეულ ადგილებზე, სადაც გამომძიებელი ჟურნალისტი შეიძლება გადააწყდეს ადამიანებით ვაჭრობის ფაქტებს.
მაგალითად, წლებია, მიგრანტი მუშები, რომლებიც დასაქმებისთვის ხშირად უკანონო გადასახადს (ქრთამს) იხდიან, საუბრობენ შრომის უფლებების შელახვაზე მალაიზიის რეზინის ხელთათმანების ქარხნებში. ახლო აღმოსავლეთის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა დუბაი და აბუ-დაბი, ათეულობით წლის განმავლობაში ყვაოდა სხეულით (სექსით) ვაჭრობა.
ქვეყანაში ჩამოჰყავდათ უცხოელი ქალები, რომლებსაც შინამოსამსახურის ან მოახლის ადგილს ჰპირდებოდნენ, შემდეგ კი სექს-ინდუსტრიაში მუშაობას აიძულებდნენ. ასევე, არაერთგზის გამოკვლეული და დასაბუთებულია მონობის ფაქტები კომერციულ სათევზაო ბიზნესში, სადაც, როგორც წესი, ნაპირიდან შორს, დამკვირვებლის გარეშე უწევთ მუშაობა მიგრანტებს, რომლებიც ბევრად უფრო დაუცველნი არიან ტყვეობისა და უფლებების დარღვევის საფრთხეებისგან.
კონკრეტული ორგანიზაციების გარდა, არაერთი სახელმწიფოს მთავრობა და გაერო აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს, რომელიც გვაწვდის ინფორმაციას თანამედროვე მონობის შესახებ. ასეთი წყაროებია: გაეროს ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისის გლობალური ანგარიში ადამიანებით ვაჭრობის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანებით ვაჭრობის შესახებ, და ევროკავშირის „ერთობლივი ძალებით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ“. აშშ-ის შრომის დეპარტამენტი, ასევე, აქვეყნებს ბავშვთა შრომის ან იძულებითი შრომის ექსპლუატაციით წარმოებული პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს საეჭვო წარმოშობის 155 პროდუქტს, მაგალითად, ქსოვილებს კამბოჯადან, ფეხბურთის ბურთებს ინდოეთიდან, ნახშირს უკრაინიდან.
ტრეფიკინგის საკითხებით დაინტერესებული ჟურნალისტების საგამოძიებო საქმიანობის დიდ ნაწილი დაკავშირებულია ფულისა და მიწოდების ჯაჭვების კვლევასთან. უშუალო დაკვირვება ამის საუკეთესო საშუალებაა. თუ შესაძლებელია, ათვალიერეთ ბრენდები და იარლიყები, თვალი ადევნეთ პროდუქტს ან მსხვერპლს, რათა გამოააშკარაოთ [სხვების] უფლებების შელახვით მოსარგებლე ადამიანები.
მუშახელით მომარაგების ჯაჭვის შესწავლისას, სავაჭრო მონაცემები ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, მიაკვლიონ კონკრეტული ქარხნებიდან საზღვარგარეთ მყოფი კლიენტებისთვის გაგზავნილ ტვირთსაც.
ფულის კვალის გამოძიების კიდევ ერთი ეფექტური წყაროა კორპორატიული ჩანაწერები, რომლებიც ასახავს წლიურ შემოსავლებს, ბიზნესპარტნიორებისა და კომპანიების ურთიერთობებს. ასევე, შეიძლება სასარგებლო იყოს სასამართლოს ოქმების ნახვაც, რომლებშიც იდენტიფიცირებულია ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ადამიანების მონაცემები და მათი კავშირი სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
ტრეფიკინგის შემთხვევების ანალიზი
გლობალური კოვიდ-19 პანდემიის გავრცელებასთან ერთად, გაიზარდა მოთხოვნა სამედიცინო ნიღბებზე, ხელთათმანებზე, სამედიცინო საფენებზე და ხალათებზე, რის შედეგადაც გადაიტვირთა ჩინეთში არსებული ქარხნები, რომლებიც, როგორც წესი, ასეთი ნივთების უმეტესობას აწარმოებს. 2020 წლის ნოემბერში Guardian-მა გამოაქვეყნა ექსკლუზიური გამოძიება.
რეპორტაჟმა ჩრდილოეთ კორეელი იძულებითი მუშებით ქარხნების ფარულად დაკომპლექტებაში ამხილა ჩინური კომპანიები, რომლებისგანაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას ყიდულობდა.
სამთვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დამონებული ადამიანები, ძირითადად, ქალები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ, არ ჰქონდათ წასვლის უფლება და დღეში, დაახლოებით, 18 საათს მუშაობდნენ. ჩრდილოეთ კორეის ავტორიტარული რეჟიმი რეგულარულად გზავნის საკუთარ მოქალაქეებს უცხო ქვეყნებში სამუშაოდ და, შემდეგ, მათ ხელფასებს ითვისებს, რაც გაერომ და შეერთებულმა შტატებმა კრიმინალურ პრაქტიკად გამოაცხადა.
[გამოძიების] პასუხად გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ დადო სამთავრობო კონტრაქტორების გამჭვირვალობის გაუმჯობესების პირობა, დაგმო შრომის ხელყოფის ზემოხსენებული ფაქტები მიწოდების ჯაჭვში და განაცხადა, რომ მუშაობს მათ აღმოფხვრაზე.
მღვრიე წყლებში: არასრულწლოვანი მონებით ვაჭრობის სამყარო
ბავშვებს დაახლოებით 250 აშშ დოლარად ყიდულობენ. არასრულწლოვნები მთელ დღეებს სათევზაო ბადეების გამოშლაში ატარებენ. შრომას არავინ უნაზღაურებს. 2019 წლის თებერვალში CNN-ის რეპორტაჟმა ფარდა ახადა დანაშაულს, რომელსაც წლობით ამტკიცებდნენ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები და უფლებათა დამცველები: განაში, ვოლტას ტბაზე მონობაში იმყოფება 20,000-მდე აფრიკელი ბავშვი.
მშობლები შვილებს მონებად ყიდიან მეთევზეებზე ან ძროხაზე ცვლიან. სამუშაო ძალიან საშიშია. ამ პრაქტიკის გამოაშკარავების მიზნით, CNN-ის ჟურნალისტები თანამშრომლობდნენ ადგილობრივ უფლებადამცველთან, რომელიც ბავშვებს მონობისგან ათავისუფლებს, თავშესაფარს და განათლებას სთავაზობს.
CNN-ის ვიზუალურად მიმზიდველმა ნამუშევარმა გააშუქა ბავშვების მუშაობის პროცესი, გამოჰკითხა მათი ოჯახები, დამტყვევებლები და მხსნელები. ნამუშევარს წინ უძღოდა Joy News-ის 2017 წლის რეპორტაჟი, სახელწოდებით “ვოლტას მონები,” კარგად ნაკვლევი და დასაბუთებული დოკუმენტური მასალა, რომელშიც მოთხრობილი იყო გათავისუფლებული ბავშვების შესახებ და აღწერილი იყო მონობის გამოცდილების გავლენა მათ ცხოვრებაზე.
18-თვიანი გამოძიების პროცესში Associated Press-ის ჟურნალისტებმა იპოვეს გალიებში გამოკეტილი უამრავი კაცი და მიაკვლიეს ზღვის პროდუქტებს, რომლებსაც ამ ხალხს აჭერინებდნენ და ამუშავებინებდნენ აშშ-ის სუპერმარკეტებისა და ცხოველთა საკვებისთვის. რეპორტაჟმა 2016 წელს მიიღო პულიტცერის პრემია საზოგადოების სამსახურისთვის და, რაც მთავარია, ხელი შეუწყო 2,000-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლებას.
გამოძიებას მოჰყვა სასამართლო დევნა, ფინანსური დანაშაულის შედეგად თანხების კონფისკაცია და მრეწველობის ამ დარგის წარმომადგენლების საყოველთაო დაპირება, რომ გააუმჯობესებდნენ მუშახელით მომარაგების ჯაჭვს. გამოძიება დაიწყო სტატიების სერიის საფუძველზე. სტატიებში მოთხრობილი იყო ტაილანდური სამზარეულოს სექტორში დასაქმებული მიგრანტი მეთევზეების პირადი ისტორიები, რომლებშიც აღწერდნენ, როგორ იქცნენ მონობის მსხვერპლებად.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ამბები მძიმე მოსასმენი იყო, საკმარისი ყურადღება მაინც ვერ მიიპყრო. Associated Press-ის გამოძიებამ მიაკვლია ადამიანებს, რომლებიც იმ მომენტისთვის მონობაში იმყოფებოდნენ, შემდეგ კი გამოააშკარავა მონათმფლობელებისა და მათთან ბიზნესგარიგებების მქონე სხვა პირების პასუხისმგებლობა.
ეს იყო მომარაგების ჯაჭვთან დაკავშირებული პირველი საგამოძიებო ნამუშევარი იმ მრავალთაგან, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით შრომის უფლებების შელახვის არაერთ შემთხვევას ახადა ფარდა და სანქციებისა და აკრძალვების დაწესება განაპირობა.
რჩევები და ინსტრუმენტები რეპორტიორებისთვის, რომლებსაც სურთ ტრეფიკინგის საკითხის კვლევა
- მოიძიეთ ინფორმაცია ტრავმირებულ ადამიანთან ინტერვიუს ჩაწერის მეთოდების შესახებ, სანამ სექსუალური თუ შრომითი ექსპლუატაციისგან დახსნილი ადამიანის შესახებ სიუჟეტს მოამზადებთ. ჟურნალისტიკისა და ტრავმის დართ-ცენტრი, ასევე, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელი გთავაზობთ უამრავ რესურსს. სთხოვეთ არასამთავრობოებს, დაგაკვალიანონ წყაროს თანამშრომლობაზე დაყოლიებისა და მისი შემდგომი დაცვის საკითხში.
- ვაჭრობის მონაცემთა შემგროვებელ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Panjiva და Importgenius აქვთ იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომელიც ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს, თვალი მიადევნონ პროდუქტის გადაადგილებას დამამზადებელი ქარხნიდან სხვა ქვეყანაში მყოფ კლიენტამდე. შეიძლება, ასევე, მოცემული იყოს სპეციფიკურ ქარხნებში დამზადებული პროდუქტების ბრენდების დასახელებაც.
- OpenCorporates წარმოადგენს კომპანიების მონაცემთა უმსხვილეს ბაზას მთელ მსოფლიოში და აერთიანებს 130 სხვადასხვა იურისდიქციის ფარგლებში მოქმედ 190 მილიონამდე კორპორაციას. ძიებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, თუმცა ჟურნალისტებმა შეიძლება მიაკვლიონ კორპორაციების დირექტორთა საბჭოს წევრებს, ყოველწლიურ ანგარიშებს, ორგანიზაციის სარეგისტრაციო მოწმობას და მეტს, რითაც ერთი კომპანიის პიროვნებებსა და ფულს უკავშირებენ მეორეს.
- თანამშრომლობის შესაძლებლობისთვის გამოიყენეთ ისეთი ქსელები, როგორიცაა საგამოძიებო ჟურნალისტიკის გლობალური ქსელი (GIJN) ან ჟურნალისტიკის ფონდის (Journalism Fund) ბოლოდროინდელი პროგრამა. ტრეფიკინგის გაშუქება უაღრესად რთული საქმეა, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებთან თანამშრომლობა სამუშაოს შედარებით აიოლებს.
- გადასინჯეთ სოციალური ნორმები: ზოგჯერ მიღებული პრაქტიკა თანამედროვე მონობის ფორმაა. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში მოქმედი კაფალა ანუ დაფინანსების სისტემა ხშირად წარმოქმნის სავალო ვალდებულებას იქ დროებითი მუშახელის ფუნქციით მყოფი აზიელი მუშებისთვის; ასევე, „რესტავეკის“ ბავშვები ჰაიტიში, რომლებსაც მშობლები შინამოსამსახურეებად გზავნიან, რეალურად, ბავშვთა მონობის კონკრეტული ფორმაა; აშშ-ში Associated Press-მა ამხილა ჰავაის სათევზაო ფლოტში არსებული სავიზო სქემა, რომელიც უცხოელ მუშახელს საშუალებას აძლევს იმუშაონ ნავებზე ამერიკული შრომის კანონებით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმების გარეშე.
იყავით პასუხისმგებლიანი
გამომძიებელი ჟურნალისტი ხმას უბრუნებს ხმაწართმეულ ადამიანს და წარმოაჩენს ძალაუფლების მქონეთა პასუხისმგებლობას. ტრეფიკინგის გამოძიება ორივე მიზანს ემსახურება. მართლაც, იშვიათია ჟურნალისტური საქმიანობის ისეთი სფერო, რომელიც ამგვარად მყისიერ, დადებით გავლენას ახდენს ინდივიდის მდგომარეობაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში, აუმჯობესებს ექსპლუატაციურ ბიზნესპრაქტიკას.
ასე რომ, უნდა იყოთ წინდახედული, უნდა იყოთ შეუპოვარი და ყოველთვის გახსოვდეთ მსხვერპლთა უსაფრთხოება. 2016 წელს, Associated Press-ში ჩემი რამდენიმე კოლეგა მიუბრუნდა და გაესაუბრა იმ ადამიანებს, რომლებიც მონობისგან იხსნა გამოძიებამ „ზღვის პროდუქტი მონებისგან“. ზოგიერთი ტრავმისა და კოშმარებისგან, ზოგიც სირცხვილისგან იტანჯებოდა, ზოგიც ძალადობრივ გარემოში დაბრუნებულიყო.
თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ღირსეული სამსახური იშოვა, საკუთარ ბიზნესს იწყებდა, ოჯახს ქმნიდა და საკუთარ დამტყვევებლებს ციხეშიც კი გზავნიდა. ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ დრომ ტკივილი გაუნელა და თავისუფლებით ხარობენ. „ყველაფრის მიუხედავად, მადლიერნი არიან, რომ სახლებში დაბრუნდნენ, რომ ცხოვრობენ, როგორც თავისუფალი ადამიანები. ისინი მონები აღარ არიან,“ წერდა AP (Associated Press).