fbpx
sabcho cover

უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს ვერ ხედავს

საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო აპრილში უნდა შეეკრიბა, თუმცა მისთვის მხოლოდ გუშინ, 23 ივნისს მოიცალა. კანონის მიხედვით, საბჭო სამ თვეში ერთხელ უნდა მსჯელობდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ 8 თვის დაგვიანებით შეიკრიბა, ანუ ორი სხდომა ჩავარდა. 

უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერმინისტრის სათათბირო ორგანო, რომელიც ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებასა და კრიზისული სიტუაციების მართვაზეა პასუხისმგებელი. კრიზისული სიტუაციები კი ჩვენ რომ გვაქვს, იმდენი უნდა. 

საბჭოს რვა მუდმივი წევრი ჰყავს, პრემიერმინისტრის ჩათვლით. სხვა მუდმივი წევრები არიან:  შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. 

უსაფრთხოების საბჭომ უნდა შეისწავლოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არსებული საფრთხეები, იქნება ეს დაკავშირებული ტერორიზმთან, ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებთან, საოკუპაციო ზოლთან, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან, კატასტროფებთან და სხვა. უნდა განსაზღვროს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარები, შეაფასოს რისკები, საფრთხეები და პრემიერმინისტრს წარუდგინოს ამ საფრთხეების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციები.

თუმცა, “ატლანტიკური საბჭოს” დირექტორი საქართველოში, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების საბჭო რეალურად არც არსებობს, რადგან იქ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებენ: “კრიზისების დროს ჯერ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები და ეს გამოჩნდა გარეჯის, სამთავრობო ვებგვერდებზე ჰაკერული თავდასხმისას. არავინ პასუხისმგებელი არ არის, თითს იშვერენ ერთმანეთისკენ და რეაგირების რეჟიმში არიან. ინსტიტუციებით არ იმართება ქვეყანა. ინსტიტუციების არ სჯერათ. არაფორმალური მმართველობის პრობლემა ეს არის. საბჭო არ სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს, ქაღალდზე დარჩენილი სისტემაა, უცხოელებს რომ უთხრან, აი, ეს ორგანო გვაქვსო.”  

საბჭოს არსებობა კონსტიტუციით აღარ არის გარანტირებული და მისი გაუქმება ბევრად მარტივი სამართლებრივი პროცედურაა.

“საბჭო კონსტიტუციურად არ არსებობს. კანონით შექმნილი ორგანოა, რომელიც როცა უნდათ იქნება, როცა უნდათ არ იქნება. თავისი არსით ძალიან სუსტია და პრემიერის სათათბირო ორგანოა და მეტი არაფერი. ეს ცოტა აბსურდულია, პრემიერს ეს ორგანო უკვე ჰყავს, მთავრობა ჰქვია და ეს ხალხი ისედაც შედის იქ,” – გვეუბნება თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე. 

უსაფრთხოების საბჭოს საქმეა პანდემიის მართვაც, მაგრამ, რატომღაც, საქართველოს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის თებერვალში covid-19 პანდემიასთან საბრძოლველად ახალი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შექმნა, თავისივე ხელმძღვანელობით.  

ვერც პანდემიამ და ვერც სხვა მოვლენებმა, როგორიცაა რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, გარეჯის საკითხი, 20 ივნისის მოვლენები, მასობრივი ჰაკერული შეტევა სამთავრობო ვებგვერდებზე, საბჭოსგან სათანადო ყურადღება ვერ დაიმსახურა.  

 “საქართველოს სტრატეგიული კვლევის ცენტრის” თანადამფუძნებელი და საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ძებისაშვილი იხსენებს, რომ სფეროს მცოდნეებს შორის უსაფრთხოების საბჭოს შექმნას კრიტიკა მოჰყვა. “უსაფრთხოების საბჭო უფრო სახელფასო ფუნქციის მატარებელი ორგანოა. იმიტომ, რომ ეს არის საკონსულტაციო ორგანო, რომელშიც ხალხი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, ეს იქნება ბუნებრივი კატასტროფები თუ ასე შემდეგ. მათ არანაირი ფუნქცია არ აქვთ, ღია წყაროებზე მუშაობენ ან კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ შეიძლება სხვადასხვა უწყებიდან მოუვიდეთ მოხსენება,” – ამბობს ძებისაშვილი. 

უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტების ამ შეფასებების ფონზე, საბჭოს ბიუჯეტი მაინც იზრდება. წელს მათი შენახვა ბიუჯეტს 2.7 მილიონი ლარი უჯდება. 

grafika 1

საბჭო 2019 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ექვსჯერ შეიკრიბა. პირველი სხდომა მამუკა ბახტაძემ გამართა, დანარჩენი კი გიორგი გახარიამ. პირველი  და მეორე შეხვედრები, 2019 წლის მაისსა და ნოემბერში გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა გარკვეული დავალებები მიიღეს და ქვეყანაში უსაფრთხოების ჭრილში არსებული გამოწვევები განიხილეს. მომდევნო ორი სხდომა 2020 წლის 16 და 19 მარტს შედგა და უკვე პანდემიის გამოწვევებზე იმსჯელეს. მომდევნო შეხვედრა 2020 წლის ოქტომბერში ჰქონდათ, აზერბაიჯანისა და სომხეთის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ კი მხოლოდ გუშინ შეიკრიბნენ. არადა, ერთი შეკრება გახარიასაც უწევდა და ერთიც ირაკლი ღარიბაშვილს. 

საბჭოს არ განუხილავს დმანისში, უახლოეს წარსულში მომხდარი დაპირისპირება. არ გაუანალიზებიათ მისი გამომწვევი მიზეზები და არც პრევენციის გზებზე უმსჯელიათ. საბჭოს ინტერესის საგანი არც ჩორჩანაში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის ამბავი გამხდარა. 

ლაშა ძებისაშვილი ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ქვეყანას წინასწარი მზაობა სჭირდება. “შენ ამ დროს არ იცი, ნებისმიერი დაძაბულობა დარჩება შეზღუდულ დაძაბულობად თუ ეს ნიშნავს, რომ ომი იწყება.”

ბათუ ქუთელია კი მიიჩნევს, რომ ოკუპაციის საკითხებზე საბჭოსა და მთავრობის უმოქმედობა ხალხში ბადებს ეჭვს, რომ სახელმწიფო არ ფუნქციონირებს, რაც რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი ამოცანაა – საზოგადოებას აღარ სჯერა სახელმწიფოსი. საქართველოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის შემდეგ არ განახლებულა.  

უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობას მხოლოდ მისი facebook გვერდის მეშვეობით თუ შევისწავლიდით. ვებგვერდი  2021 წლის იანვარში შექმნეს. facebook-ზე შევხვდებით პოსტებს ონლაინ შეხვედრების შესახებ, რომელიც ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრას, კიბერუსაფრთხოების სფეროში გასატარებელ რეფორმებზე მსჯელობას ეხებოდა. შიგადაშიგ, ჰიბრიდულ ომზეც საუბრობენ. პერიოდულად, აქვთ შეხვედრები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განახლებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯერჯერობით, დოკუმენტის ახალი ვერსია არ გვაქვს. ბოლო ვერსია 2011 წლით თარიღდება.   

“ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას” ვადა 2018 წელს გაუვიდა. ქვეყანა არ უნდა დარჩეს ეროვნული უსაფრთხოების  კონცეფციის დოკუმენტის გარეშე. ეს დოკუმენტი არის ზუსტად იგივე ქვეყნის ოპერირებისთვის, რაც კონსტიტუცია. იმ განსხვავებით, რომ კონსტიტუციაში ეს ყველაფერი ნორმატიულად წერია და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში სტრატეგიულად. “ – ამბობს თინა ხიდაშელი.  

ვადაგასული არის საფრთხეების შეფასების დოკუმენტიც, რომელშიც  საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებია იდენტიფიცირებული,  ეს იქნება სამხედრო, საგარეო თუ შიდა პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა. ასევე, მათი რეალიზების შესაძლო სცენარები და შედეგების ანალიზი. გვპირდებიან, რომ განაახლებენ.

grafika 2

ლაშა ძებისაშვილის თქმით, დასამტკიცებელია სხვა სტრატეგიული დოკუმენტებიც, მაგალითად 

ეროვნული სამხედრო სტრატეგია, კიბერუსაფრთხოების დოკუმენტი, ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების სტრატეგია, საინფორმაციო ომისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სტრატეგია. 

ამგვარი დოკუმენტი სულ 13 გვაქვს. მათგან მხოლოდ ერთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაა მოქმედი 2022 წლამდე. დანარჩენები უსაფრთხოების საბჭოს შექმნამდე დაიწერა და ვადაც გაუვიდა. 

უსაფრთხოების საბჭოს ადმინისტრაციამ ყველა ფორმის ინტერვიუზე უარი გვითხრა, არც შეხვედრაზე, არც სატელეფონო და არც წერილობით კომუნიკაციაზე არ დაგვთანხმდნენ. ვაპირებდით, გვეკითხა, როდის გააახლებენ ამ სტრატეგიულ დოკუმენტებს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ გავაუბედურეთ თემიდა? – ნაწილი 3
temida 1024x525 1

როგორ გავაუბედურეთ თემიდა? – ნაწილი 3

რატომ ვერ ვზრდით მოსამართლეთა რაოდენობას კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share