fbpx
kharagauli mushebi

სამართალი იგვიანებს, დასაქმებულთა ჯანმრთელობა კი სამსახურს ეწირება

სამი თვის წინ, ხარაგაულში,  უბისა-შორაპნის საავტომობილო გზის მშენებლობაზე მუშას ბულდოზერმა გადაუარა.  მან ორივე ფეხზე მძიმე დაზიანება მიიღო და მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი დამქირავებელი ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციაა. 

61 წლის დავით მელქაძე, 58 წლის ფირუზ გოგნაძე და 45 წლის ნიკო კაკიაშვილი გვირაბში მუშაობის დროს დაშავდნენ და ხერხემალი დაუზიანდათ. ეს ამბავი ორი წლის წინ მოხდა, რა დროსაც ისინი თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალზე მუშაობდნენ. პროექტს ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი ასრულებს. 

როგორც კაკიაშვილი გვიყვება, ის და გოგნაძე შემდუღებლები იყვნენ, მაგრამ ისეთი სამუშაოს შესრულებაც უწევდათ, რომელიც არ ევალებოდათ.

გვირაბში შესულ მუშებს ინფორმაცია ორის ნაცვლად ერთი აფეთქების შესახებ ჰქონდათ. ამიტომ, აფეთქების დროს გვირაბიდან ვეღარ გამოვიდნენ. საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო.  

აფეთქების დროს ნიკო კაკიაშვილმა ხერხემლისა და ზურგის ტრავმა მიიღო და ფიზიკურად ვეღარ შრომობს. ვერც ფირუზ გაგნიძის შრომისუნარიანობა აღდგა ბოლომდე. 

“პროფესორმა მითხრა, მხოლოდ 2-3 კილო შეიძლება აწიო, მეტი არაო. ნიკო უარეს დღეშია,” – გვიყვება გოგნაძე. 

დღემდე ორივე უმუშევარია. შესაბამის სამსახურს ვერ პოულობენ.  

იმედოვნებდნენ, რომ ჩინეთის 23-ე ბიუროს ჯგუფი მათ კომპენსაციას აუნაზღაურებდათ. კომპანიამ ფირუზს და ნიკოს 7,000 ლარი შესთავაზა. მხარეები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ და დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. 

“30 ათასი გვითხრეს, ვუწერდი ხელს, რომ მოეცათ. ჩვენ თავს ჩვენ ვუმკურნალებთ, ყველაფერს გავაკეთებთ. მერე 20 ათასზე ჩამოვიდნენ, მაგაზეც თანახმა ვიყავით. მერე, უფრო შეცვალეს. საერთოდ წავიდა, გაიქცა ჩინეთში, რომ არ დაეჭირათ და მერე ვიღაც დააყენეს. იმან 7 ათასს მოგცემთ თუ გინდათო, მაგრამ ჩვენ არ ავიღეთ ის 7 ათასი.” 

დაშავებულებმა საერთო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის იანვარში შეიტანეს. თუმცა, პროცესი ჯერაც არ ჩანიშნულა.  

კაკიაშვილი და გოგნაძე ამბობენ, რომ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო პროექტზე მუშაობისას ხელფასებს დროულად იღებდნენ, ზეგანაკვეთურსაც უნაზღაურებდნენ, არც აღჭურვილობას უჩივიან. თუმცა, ბიულეტენის გაფორმება არ  შეეძლოთ და არც დასვენების დღეები ჰქონდათ. 

საფრთხისშემცველი სამუშაო გარემო, არასათანადო ანაზღაურება, უგულებელყოფილი ზეგანაკვეთური, ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საქართველოში მშრომელებს ვერადა ვერ მოუგვარდათ. 

რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ  “აი, ფაქტთან”  საუბარში ახსენა, რომ ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც მათ სასამართლო დავები აქვთ, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფია, რომელიც თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის რეკონსტრუქციის პროექტს ასრულებს. ამ პროექტზე მუშაობისას გამოვლენილი ხარვეზების გამო მსოფლიო ბანკმა 2019 წლის ივნისში კომპანიას სანქცია დაუწესა და ცხრა თვით საქმიანობა აუკრძალა. ამ პერიოდში კი მთავრობამ მათ კიდევ ერთი კონტრაქტი გაუფორმა ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის ცამეტკილომეტრიანი მონაკვეთის ასაშენებლად. 

2018-2019 წლებში ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის სამუშაო ობიექტი ზვარე-ქვიშხეთის და ბეჟათუბნის დამაკავშირებელი მონაკვეთები, შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტმა 4-ჯერ შეამოწმა. ერთხელ მხოლოდ გააფრთხილეს და გონივრული ვადა მისცეს ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დანარჩენ შემთხვევაში, რადგან ყველა მითითება არ გამოასწორეს, ჯარიმებიც დააკისრეს, სულ 56,600 ლარი. აქედან, 50,000 ლარით დააჯარიმეს გასული წლის ოქტომბერში მომხდარი უბედური შემთხვევისთვის, რომლის დროსაც ერთი მუშა გარდაიცვალა

ჩვენი მომდევნო გმირი ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიაში, რიკოთის საუღელტეხილო გზის პროექტზე მუშაობდა. ამ კომპანიაში, თებერვალი-მაისის პერიოდში სამუშაო მოედანზე ოთხი მუშა დაშავდა. 

გიორგი (სახელი შეცვლილია, რადგან ნამდვილი ვინაობის საჯაროდ გამხელა არ უნდა), რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ სამ კოლეგასთან ერთად, ექვსი თვის წინ, მიზეზის დასახელების გარეშე გაათავისუფლეს. კომპანიაში წელიწადნახევარი მუშაობდა. “ბოლოს, ერთწლიანი ხელშეკრულება დამადებინეს და 9 თვე მქონდა დარჩენილი, რომ გამათავისუფლეს. ხიდების ოპერატორი ვიყავი. ვმართავდი დანადგარს, რომელსაც მიწა ამოაქვს,” – გვიყვება გიორგი. 

მას და კოლეგებს იმედი აქვთ, რომ სიმართლე სასამართლოში გაირკვევა. პირველი მოსმენის შემდეგ მოსამართლემ მათ მოლაპარაკება ურჩია. თუმცა, კომპანიამ მუშებს 500-500 ლარიანი კომპენსაცია შესთავაზა, რაც მიუღებელი იყო. ამიტომ დავა ისევ სასამართლოში გაგრძელდება. მომდევნო სხდომა 3 ივლისს იყო ჩანიშნული, თუმცა ისევ გადაიდო. ზუსტი თარიღი ჯერ არ იციან.

პროფკავშირების წარმომადგენელი ვიტალი გიორგაძე გვიყვება, რომ ჩინურ კომპანიებს ჰყავთ მუშები, რომლებსაც განსაკუთრებით მძიმე პირობებში ამუშავებენ. 

“არის ყაზარმული შენობა, სადაც დასაქმებული ადამიანები ჰყავთ დაბინავებული. დამსაქმებელს რა დროსაც სჭირდება ამუშაოს დასაქმებული მაშინ გაუღებს კარს, 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს გამოჰყავს, ერთი-ორი საათი ამუშავებს და მერე ისევ უკან შეჰყავს. რაღაც მონური დამოკიდებულება აქვთ. ადამიანმა არ იცის როდის უნდა დაიძინოს. ყველა კომპანიას აქვს მსგავსი ობიექტი. ყველა თანამშრომელი ასეთ პირობებში არ ჰყავთ. არის გამონაკლისი 100- 200 ადამიანი, მაგრამ ეს აშკარად კანონგარეშეა,” – გვიყვება გიორგაძე.  

კიდევ ერთი დასაქმებული, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ “ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის” (Hunan Road and Bridge Construction Group Co. ltd) თანამშრომელია და სწორედ ასეთ პირობებში უწევს მუშაობა. სამსახურის დაკარგვის საფრთხის გამო არც მის ვინაობას დავასახელებთ. პირობითად, მას მერაბი ვუწოდოთ. 

მერაბი გვირაბში მუშაობს. მისი თქმით, განსაზღვრული გრაფიკი არ აქვს და ხან 18 საათი უწევს მუშაობა, ხანაც ხუთი. 

“ვერ გაიგებ, ზუსტი, კონკრეტული დრო არ გაქვს. დაგიძახებს, გახვალ. ღამეს და დღეს არ აქვს მნიშვნელობა, უნდა გახვიდე და სანამ არ მორჩები, ვერ გამოდიხარ გვირაბიდან. ეს თვენახევარი სულ ღამე ვმუშაობთ. პირველ საათზე დაიძახებს და შუა დღის 11-12 საათზე გამოვდივართ გვირაბიდან. ანაზღაურება დღეში 33 ლარია, თუმცა გადამეტებული საათები იწერება და თვეში 1,000-დან 1,300 ლარამდე გამოდის.” 

გვიყვება, რომ კოტეჯებში, სადაც ცხოვრობენ ნორმალური პირობებია, თუმცა იმავეს ვერ ამბობს სამუშაო  გარემოზე. 

“[გვირაბში] სულ წვიმდა, კოკისპირულად, ვსველდებოდით. ზუსტად ერთი თვე ვეხვეწე, საწვიმარი მომეცი, რომ არ დავსველდე და ვიმუშაო ისე, როგორც საჭიროა-მეთქი, მაგრამ არაფერი მოუტანიათ. ბოლოს, ავდექი ისევ და ჩემი ხარჯებით ვიყიდე, რომ არ გავცივებულიყავი და სამსახური არ დამეკარგა.” 

მისი თქმით, პრობლემა არის ყოველდღიური აღჭურვილობაც, მაგალითად, ერთჯერადი ხელთათმანი, რომელიც მძიმე სამუშაოს გამო მალევე ფუჭდება და მეორე დღეს გამოუყენებელია. “მომაწოდა ერთი ცალი ხელთათმანი და მითხრა, რომ ეს უნდა მეყოს ერთი კვირა.”  

მისი სახლი სამსახურიდან ნახევარი საათის გზაზეა, მაგრამ ოჯახს იშვიათად სტუმრობს. “როცა მითქვამს, რომ ორი დღე მინდა სახლში წასვლა, გათავისუფლებაზე უარს მეუბნება, ან სულ წადი, დატოვე სამსახურიო.” რადგან სამსახური ძალიან სჭირდება, სახლშიც იშვიათად მიდის. 

დარღვეული უფლებები 

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) 2019 წლის აგვისტოს განცხადებაში წერია, რომ “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” მხრიდან მუშების შრომითი უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს. ისინი “საქართველოს რკინიგზას” დასაქმებულების პრობლემების მოგვარებაში ჩართვას სთხოვდნენ, რადგან კომპანია რკინიგზის ქვეკონტრქტორია და კანონითაც ევალებათ. თუმცა, მათ პასუხისმგებლობას თავი აარიდეს. EMC-ის თქმით, ანალოგიური პრობლემებია “ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციაშიც.“

პროფკავშირების წარმომადგენლისა და emc-ის განცხადებები აჩვენებს, რომ ორივე  კომპანიაში  ვხვდებით ორი სახის, შრომის და შრომითი უსაფრთხოების უფლებების დარღვევას.  

  • არ არის დაცული ტექნიკური რეგლამენტი; 
  • არ აქვთ ადამიანებს სპეციალური აღჭურვილობა; 
  • არა აქვთ ჰიგიენის საშუალებები, წყალი,  გამოსაცვლელი ოთახი, სასადილო ოთახი, გათბობა; 
  • უწევთ მომეტებული საფრთხისშემცველი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი ტექნიკურად;
photo21
სამუშაო მოედანი ხარაგაულში

“უბედური შემთხვევები რომ თავიდან ავიცილოთ, საჭიროა, კანონით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული. მაგრამ ამ ნორმებს ჩინური კომპანიები უმეტეს შემთხვევაში ვერ იცავენ,“ – ამბობს გიორგაძე. 

რაც შეეხება შრომით უფლებებს, არ სრულებდა ხელშეკრულების არსებითი პირობები, როგორიც არის:

  •  შეთანხმებულზე დაბალი ანაზღაურება;
  •  დასაქმებულებს არ აქვთ გაწერილი, რა სამუშაო უნდა შეასრულონ;
  • დასაქმებულები ვერ სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული შვებულებითა და ბიულეტინით;
  • ადამიანებს სამსახურიდან ათავისუფლებენ ახსნა-განმარტების გარეშე; 
  • ენობრივი ბარიერი ჩინელ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის. როგორც წესი, ერთმანეთთან შუამავლის საშუალებით ურთიერთობენ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ქართველია, სათანადოდ ვერ თარგმნის და ხშირად, მათი ინტერპრეტაციის გამო იძაბება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა. 

რა არის გამოსავალი? 

EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი გვიხსნის, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა, შრომის ინსპექციისთვის ფუნქციების გაზრდა. დღეს ამ ორგანოს მხოლოდ შრომითი უსაფრთხოების გაკონტროლება შეუძლია და შრომითი უფლებების მხრივ ხარვეზების აღმოფხვრაში უმოქმედოა. 

“პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას. ყველა ქვეყანაში შრომის ინსპექციის მანდატი ვრცელდება შრომით უფლებებზე და შრომის კოდექსის დაცვაზე. თუ ის მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული, მაშინ არსებობს სხვა ორგანო, რომელიც შრომით უფლებებს ამოწმებს,” გვეუბნება ერისთავი.  

აღმოჩნდა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას ბიზნესმენი პარლამენტარები ცვლილებებს არ ეთანხმებიან და ცდილობენ, თავიანთ სასარგებლოდ შეცვალონ, რაც ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც.  

“შემოთავაზებული ცვლილებები მშრომელთა ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, თუმცა, კანონპროექტი კერძო ინტერესისა და ბიზნესის ლობის შეტევის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც ფორმალურად, პარლამენტში, ისე, როგორც ჩანს, არაფორმალურად. შედეგად, დღეს მისი დამტკიცება საფრთხეშია. გაზაფხულის სესიის დასრულებამდე სულ რამდენიმე სხდომა რჩება და თანდათან იზრდება კანონპროექტის დაყოვნების ან მისი ჩაგდების რისკი,”- ვკითხულობთ ღია წერილში, რომლითაც  არასამთავრობო ორგანიზაციებმა  ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ელჩებს მიმართეს. 

წერილში წერია, რომ კანონპროექტიდან ამოღებულია ჩანაწერი ზეგანაკვეთური შრომის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, ჩანაწერები მინიმალური ხელფასისა და სოლიდარული გაფიცვის შესახებ. ის აღარ ითვალისწინებს ვადიანი ხელშეკრულების დადებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და ა.შ 

კოტე ერისთავის თქმით, შრომითი უფლებების დასაცავად კიდევ ერთი იარაღი სასამართლოა, რომელიც ასევე არაეფექტურია, რადგან გადატვირთულობის გამო შრომითი დავები წლობით იწელება. “ადამიანებს არ უღირთ არც დროის თვალსაზრისით, არც რესურსების გაღების თვალსაზრისით, მიმართონ სასამართლოს.” 

ერისთავს ერთ-ერთ გამოსავლად მიაჩნია სპეციალიზირებული სასამართლოს შექმნა, რათა სასამართლოს ნამდვილად ჰქონდეს შრომითი დავების გადაწყვეტის ფუნქცია. 

კიდევ ერთ ბერკეტი ძლიერი პროფესიული კავშირია. ერისთავის თქმით, პროფკავშირს ურთულდება დასაქმებულების მობილიზება, რადგან არ მუშაობს სოციალური დაცვის სისტემა. არ არსებობს უმუშევრობის შემწეობა და უმუშევრობის დაზღვევა. შესაბამისად, დასაქმებულები უმუშევრად დარჩენის შიშით არ თანამშრომლობენ შრომით ინსპექციასთან, რომ დარღვევებზე ხმამაღლა ისაუბრონ და ვერც დამსაქმებელს ეწინააღმდეგებიან.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი
gamrekeli

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share