fbpx

საქართველოს საპენსიო სააგენტო: რა უნდა იცოდეთ საპენსიო დანაზოგის შესახებ

საპენსიო სააგენტო და დაგროვებითი პენსია

საპენსიო სააგენტოს საპენსიო სისტემა კომპლექსური თემაა, რომელიც ბევრ კითხვას აჩენს –  როგორ ხდება შენატანების გაკეთება? რა ოდენობის თანხას ვაგროვებთ? რაში და როგორ ხდება ამ თანხის ინვესტირება? შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგის გამოტანა?

ამ გზამკვლევში დეტალურად განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს საპენსიო ფონდი და ზოგადად, რა უნდა იცოდეთ, თქვენი ფინანსური მომავლის დასაგეგმად.

როგორ გროვდება საპენსიო დანაზოგი?

2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა დაგროვებითი საპენსიო სქემა. დღეისათვის, სისტემაში ჩართულია 1.5 მილიონზე მეტი ადამიანი და აკუმულირებულია 5 მილიარდ ლარამდე ღირებულების აქტივები. 

დაგროვებითი საპენსიო სისტემა მნიშვნელოვანი სიახლეა საქართველოსთვის. ის არსებობს სახელმწიფო საბაზისო პენსიის პარალელურად, რაც ნიშნავს, რომ საპენსიო ასაკის მიღწევისას, თქვენ მიიღებთ როგორც ყოველთვიურ სახელმწიფო პენსიას, ასევე თქვენს მიერ დაგროვებულ თანხას.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა ემყარება სამმხრივი შენატანების პრინციპს – დარიცხული ხელფასის 2%-ს გადარიცხავს დამსაქმებელი, საპენსიო ფონდში იმავე რაოდენობის თანხას რიცხავთ თქვენ და დამატებით 2% სახელმწიფოს შეაქვს.

თვითდასაქმებულების შემთხვევაში, თქვენ, როგორც საკუთარი თავის დამსაქმებელი, გადარიცხავთ დასაბეგრი შემოსავლის 4%-ს, ხოლო სახელმწიფო დამატებით 2%-ს.

მოდით, პრაქტიკული მაგალითით ვნახოთ, როგორ მუშაობს სისტემა:

თუ თქვენი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი 1000 ლარია, საიდანაც ჩვეულებრივ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის (20%) გამოკლების შემდეგ ხელზე აიღებდით 800 ლარს, საპენსიო სისტემაში მონაწილეობისას ასე გამოიყურება:

  • თქვენი ანგარიშიდან გადაირიცხება 20 ლარი (2%);
  • დამსაქმებელი გადარიცხავს 20 ლარს (2%);
  • სახელმწიფო შეიტანს 20 ლარს (2%);
  • საბოლოოდ, ხელზე აიღებთ 784 ლარს 800-ის ნაცვლად. 

სახელმწიფოს მონაწილეობა დამოკიდებულია თქვენს წლიურ შემოსავალზე. 24,000 ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო გადარიცხავს 2%-ს, 24,000-დან 60,000 ლარამდე შემოსავლის შემთხვევაში – 1%-ს, ხოლო 60,000 ლარზე მეტი წლიური შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო შენატანს აღარ განახორციელებს. 

საპენსიო სისტემაში მონაწილეობის კრიტერიუმები და სტატუსის განსაზღვრის წესები

საპენსიო ფონდში მონაწილეობა ან ნებაყოფლობითია, ან სავალდებულო. ეს დამოკიდებულია თქვენს ასაკზე და დასაქმების სტატუსზე. 

სავალდებულო მონაწილეობა ვრცელდება ყველა დასაქმებულზე, რომელსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის კაცების შემთხვევაში 60 წელი, ხოლო ქალების შემთხვევაში 55 წელი არ ჰქონია შესრულებული. რეფორმა ეხება როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს. 

საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუ ხართ:

  • ნებისმიერი ასაკის  თვითდასაქმებული;
  • დასაქმებული და  2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყავით საპენსიო ასაკის (კაცები – 60 წელი, ქალები – 55 ან მეტი წლის )

განსაკუთრებული პირობა არსებობს იმ დასაქმებული პირებისთვის, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის შეუსრულდათ 40 წელი. მათ უფლება აქვთ, სისტემაში გაწევრიანებიდან 3 თვის შემდეგ, განცხადებით მიმართონ საპენსიო სააგენტოს და ამოეწერონ სისტემიდან. ასეთ შემთხვევაში, მათ, ასევე მათ დამსაქმებელს და სახელმწიფოს სრულად დაუბრუნდებათ საპენსიო შენატანები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საპენსიო სქემაში კვლავ გაწევრიანება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, დამსაქმებლისთვის განცხადებით მიმართვის გზით. დაგროვებით პენსიაში მონაწილეობა არ გამორიცხავს სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებას – საპენსიო ასაკის მიღწევისას, თქვენ მიიღებთ როგორც დაგროვილ თანხას, ასევე ტრადიციულ, სახელმწიფო პენსიას.

როგორ იმართება თქვენი საპენსიო აქტივები?

იმისათვის, რომ საპენსიო დანაზოგი და მისი ღირებულება  გრძელვადიანად შენარჩუნდეს ან გაიზარდოს, საპენსიო სააგენტო დაგროვილი თანხის ინვესტირებას ახდენს. ინვესტირების მთავარი მიზანია არა მხოლოდ თანხის დაგროვება, არამედ ისეთი ამონაგების მიღება, რომელიც ინფლაციის დონეს გადააჭარბებს და გრძელვადიან პერსპექტივაში საპენსიო დანაზოგი გაიზრდება..

2028 წლის 1 იანვრიდან საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელები განაწილდება მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: (დინამიურ -მაღალრისკიან, დაბალანსებულ – საშუალო რისკიან და კონსერვატიულ – დაბალრისკიან მოდელებში). პორტფელის არჩევა შეუძლია თავად საპენსიო სქემაში მონაწილე მოქალაქეს. თუ რაიმეს შეცლას არ მოისურვებს, ავტომატურად ასე მოხდება: 

40 წლამდე დასაქმებულის საპენსიო დანაზოგიგანთავსდება დინამიურ პორტფელში,, 40-დან 50 წლამდე პირის დანაზოგი წავა დაბალანსებულ, ხოლო 50+ ასაკის მონაწილეების დანაზოგი განთავსდება კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში. 

სტაბილური ანუ ნაკლებადრისკიანი პორტფელი (60% დეპოზიტები, 20% ობლიგაციები, 20% აქციები) –  ხელსაყრელია იმ ადამიანებისთვის, ვინც სიფრთხილეს არჩევს და არ უყვარს რისკის აღება, განსაკუთრებით საპენსიო ასაკთან მიახლოებული პირებისთვის, რომლებსაც არ სურთ პენსიაზე გასვლის წინ მათი დანაზოგების ღირებულების მნიშვნელოვანი მერყეობა; 

შერეული ანუ საშუალორისკიანი პორტფელი (35% აქციები, 20% ობლიგაციები, 45% დეპოზიტები) – ნაკლებადრისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელების ნაზავს წარმოადგენს; 

მზარდი ანუ მაღალრისკიანი პორტფელი (55% აქციები, 20% ობლიგაციები, 25% დეპოზიტები) – შეეფერება იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს რისკის აღება და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამის ხარჯზე მაღალი მოგების მიღება სურს. ასეთები ხშირად არიან ახალგაზრდები, რომელთაც საპენსიო ასაკამდე რამდენიმე ათწლეული აშორებთ, რადგან გრძელვადიანი საინვესტიციო პერიოდი მეტი რისკის აღების საშუალებას იძლევა.

დაგროვებითი პენსია

შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგის გამოტანა და როდის?

შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგის გამოტანა – ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. საპენსიო ასაკი საქართველოში ქალებისათვის 60, ხოლო კაცებისათვის 65 წლითაა განსაზღვრული. საპენსიო დანაზოგი სწორებ ამ პერიოდიდან მიიღება. თუმცა, არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც თანხის მიღება უფრო ადრეცაა შესაძლებელია.

დაგროვილი თანხის მიღება შესაძლებელია სამი გზით:

პროგრამული გატანა – ყველაზე გავრცელებული მეთოდი, როდესაც გამოითვლება მონაწილის სიცოცხლის დარჩენილი ხანგრძლივობა და გასატანი თანხა გადანაწილება ყოველწლიურად. 

მაგალითად, თუ საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღისათვის, საშუალო სტატისტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა 74 წელია, პირის ასაკი – 65 წელი, ხოლო საპენსიო ფონდში იმ დროისთვის დაგროვებული თანხის მოცულობა – 100,000 ლარია, მაშინ: ვადა, რომელზეც უნდა განაწილდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა, არის 9 წელი. (74-65). ყოველწლიურად გასაცემი თანხის მოცულობაა, დაახლოებით 11,111 ლარი,  ყოველთვიურად გასაცემი კი – დაახლოებით, 926 ლარი.

ერთჯერადი გადახდა – შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საპენსიო სქემაში ჩაერთეთ საპენსიო ასაკამდე, არაუმეტეს, 5 წლით ადრე. 

ანუიტეტის შეძენა – შეგიძლიათ თქვენს ანგარიშზე დარიცხული დანაზოგით შეიძინოთ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტი და მიიღოთ გარანტირებული შემოსავალი სიცოცხლის ბოლომდე.

განსაკუთრებულ შემთხვევებში დანაზოგის მიღება შესაძლებელია საპენსიო ასაკამდეც:

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიღებისას;
  • საქართველოდან სამუდამოდ გამგზავრებისას (წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენი დაგროვილი თანხა მემკვიდრეობით გადაეცემა თქვენს ოჯახის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოასწრებთ მის სრულად გამოყენებას.

საპნესიო დანაზოგის გამოტანა

ხშირად დასმული კითხვები

კანონი საპენსიო დანაზოგის შესახებ

კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ არეგულირებს დაგროვებით საპენსიო სქემას. კანონი განსაზღვრავს: სისტემაში მონაწილეობის პირობებს და წესებს, შენატანების განხორციელების პროცედურებს, საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად პრინციპებს, პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესებს, მონაწილეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმებს, საპენსიო აქტივების მართვისა და ზედამხედველობის საკითხებს. 

კანონი უზრუნველყოფს საპენსიო დანაზოგის უსაფრთხოებას და განსაზღვრავს ყველა მხარის პასუხისმგებლობას, სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

როგორ შემიძლია ჩემი საპენსიო დანაზოგის ნახვა?

საპენსიო დანაზოგის ნახვა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე, პირადი კაბინეტის ან მობაილბანკის მეშვეობით;

შემიძლია თუ არა საპენსიო დანაზოგის სისტემაში მონაწილეობაზე უარის თქმა?

 საპენსიო სისტემიდან გასვლის უფლება აქვთ მხოლოდ იმ დასაქმებულ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის შეუსრულდათ 40 წელი. მათ შეუძლიათ სისტემიდან გასვლა გაწევრიანებიდან 3 თვის განმავლობაში და ამ შემთხვევაში ყველა მხარეს სრულად დაუბრუნდება განხორციელებული შენატანები.

სხვა დასაქმებულებისთვის სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა, თუმცა თვითდასაქმებულებისთვის – ნებაყოფლობითი. სისტემაში ხელახლა გაწევრიანება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

როგორ გამოვთვალო ჩემი საპენსიო დანაზოგი – კალკულატორი?

საპროგნოზო საპენსიო დანაზოგის გამოთვლა შესაძლებელია სპეციალური კალკულატორის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე. საპროგნოზო საპენსიო მთვლელში (კალკულატორში) საჭიროა შეიყვანოთ თქვენი ასაკი, ხელფასის ოდენობა და დასაქმების სტატუსი.

სისტემა ავტომატურად გამოითვლის სავარაუდო დანაზოგს პენსიაზე გასვლის მომენტისთვის და სავარაუდო თვიურ პენსიასაც. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საორიენტაციო, ჰიპოთეტური გამოთვლა და რეალური შედეგი შეიძლება განსხვავებული იყოს.

საპენსიო ფონდი

როგორ დავუკავშირდე საპენსიო სააგენტოს?

საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი:

  • ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: 1480
  • ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით – https://www.pensions.ge/
  • ელექტრონული ფოსტებით:  info@pensions.ge; pr@pensions.ge
  • საპენსიო ფონდის მისამართია: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა,  # 14
  • საპენსიო სააგენტოს სამუშაო საათებია: ორშაბათი – პარასკევი, 09:00-18:00
კომენტარები
Total
0
Shares
Next
გაგვიუქმდება ვიზალიბერალიზაცია? – რას ამბობს ახალი ანგარიში 
EU web co

გაგვიუქმდება ვიზალიბერალიზაცია? – რას ამბობს ახალი ანგარიში 

ავტორი: ნინო აფაქიძე ახლა, როცა ცნობილი გახდა, რომ ქართული დიპლომატიური

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share