fbpx

პროპორციული არჩევნები 2024 – რა უნდა ვიცოდეთ

archevnebi 2024

2024 წელს, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პირველად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება. ეს სისტემა არის ახალი შესაძლებლობა, რომ არ დაიკარგოს არავის ხმა, ავირჩიოთ მრავალფეროვანი, დაბალანსებული პარლამენტი, ძალაუფლება სხვადასხვა პარტიის ხელში გადანაწილდეს, ხოლო დემოკრატიული და ევროპული მომავალი გაცილებით უფრო რეალური გახდეს.

როგორ მოვედით აქამდე? პროპორციული არჩევნები პოლიტიკოსების რიგითი გადაწყვეტილება არ ყოფილა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ისტორიული ცვლილება ქართველი ხალხის მონაპოვარია – დაუღალავი და მიზანმიმართული პროტესტით.

2019 წლის 20 ივნისს, ე.წგავრილოვის ღამეს 100-დღიანი პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს ჰქონდათ მკაფიო პოლიტიკური მოთხოვნები:

  • იმჟამინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა;
  • 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება;
  • დაკავებულების გათავისუფლება და დამნაშავე სამართალდამცველების დასჯა.

ხალხის დაჟინებული მოთხოვნის ფონზე, ხელისუფლება კომპრომისზე მალევე წამოვიდა – 24 ივნისს, “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება გასცა, აქვე გაცნობეთ, რომ 2024 წლის არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

სექტემბერში საყოველთაო განხილვებც დაიწყო, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდიოდა, თუმცა 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა შესაბამისი კანონპროექტი ჩააგდო. ხალხი ამბობდა, რომ “ხელისუფლებამ გადააგდო”. საბოლოოდ, ოპოზიციის ბოიკოტის და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების შედეგად, გადაწყდა – საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.

ეს სიახლე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს – საერთოდ, რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები? როგორ განსხვავდება ის წინა მოდელისაგან? რა გავლენა ექნება პოლიტიკურ გარემოსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე?ბლოგში სწორედ ამ შეკითხვებს ვუპასუხებთ.

რას ნიშნავს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება?

პროპორციული არჩევნები 2024

პროპორციული წარმომადგენლობის იდეის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა მაქსიმალური სიზუსტით უნდა ასახავდეს ამომრჩევლის მხარდაჭერას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ პარტიას უნდა ჰქონდეს მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი მანდატი.

მაგალითად, დავუშვათ, რომ არჩევნებში 3 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს – a, b, c. ხმების დათვლის შემდეგ კი შედეგები ასე გადანაწილდა – a – 50%, b – 30%, c- 20%. თუ საკანონმდებლო ორგანოში არის 100 მანდატი, ანუ 100 დეპუტატის ადგილი, მაშინ პროპორციული არჩევნების პირობებში პარტია a 50 ადგილს მიიღებს,b – 30-ს, c კი – 20-ს.

პროპორციულობის მისაღწევად არსებობს სხვადასხვა მეთოდი:

ერთი გადაცემადი ხმის სისტემა (stv): ამომრჩეველი კანდიდატებს ალაგებს პრიორიტეტებად, ერთგვარი რეიტინგის მიხედვით. მაგალითად, ყველაზე სასურველი კანდიდატის გასწვრივ დაწერს ერთს, ნაკლებად სასურველის გასწვრივ – ორს და ასე შემდეგ. კანდიდატი, რომელიც პირველივე დათვლის შედეგად გადალახავს წინასწარ დადგენილ ზღვარს, ე.წ. ,,კვოტას”,, არჩეულად ითვლება. შედეგები კი დაითვლება დრუპის კვოტის ფორმულის მიხედვით:

პროპორციული არჩევნები საქართველოში 2024

პარტიული სიის სისტემა: ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი მოკლებულია შესაძლებლობას, რომ აირჩიოს მისი მოსაწონი ინდივიდუალური კანდიდატი. პროპორციულ სისტემებში ეს სია, ძირითადად, დახურულია, ამიტომ მოქალაქე ხმას აძლევს მთლიან სიას და მასში პრიორიტეტების დალაგება მხოლოდ პარტიის გადასაწყვეტია.

პოლიტიკური პარტიები ამ სიებს არჩევნების მოახლოების წინ ადგენენ და მასში წერენ იმ წევრების სახელს და გვარს, ვინც სურთ, რომ პარლამენტში ჰყავდეთ. შედეგების დათვლის შემდეგ კი მიღებული ხმები პროპორციულად გადანაწილდება. მაგალითად, თუ პარტია ერთ მანდატს (პარლამენტში ერთ ადგილს) მოიპოვებს, მას სიის პირველივე ნომერი მიიღებს.

შერეული სისტემა: ცდილობს შეათავსოს როგორც პროპორციულობა, ისე გეოგრაფიული კავშირი ამომრჩეველსა და დეპუტატს შორის. საპარლამენტო მანდატების გარკვეული რაოდენობა ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით ნაწილდება, ანუ ხალხი ირჩევს მხოლოდ ერთ დეპუტატს, მათი ოლქიდან.

მაგალითისათვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში სწორედ ამ სისტემას ეფუძნებოდა, რის შედეგადაც პარლამენტის 150 წევრიდან 30 მაჟორიტარი დეპუტატია, 120 კი პროპორციული სისტემით შეირჩა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობა – ბელგია, ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, საბერძნეთი, ნიდერლანდები და ა.შ . მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა, რაც გამოიხატება პოლიტიკური პროცესის გაჭიანურებაში, ეს სისტემა მაინც მიიჩნევა ერთ-ერთი ყველაზე სამართლიან და ეფექტურ ინსტრუმენტად ხალხის ნების გამოსახატად.

პროპორციული სისტემა vs მაჟორიტარული სისტემა

პროპორციული არჩევნებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების შედარებისას, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები:

პარლამენტის რეპრეზენტატულობა და ლეგიტიმურობა

პოლიტიკის მეცნიერები და მკვლევრები ფიქრობენ, რომ პროპორციული სისტემა ყველაზე მიუკერძოებელია, ამომრჩევლის ხმა თითქმის არ იკარგებ, საბოლოო შედეგები კი ტოვებს სამართლიანობის განცდას და პარლამენტი ხალხის ნებას აირეკლავს. ეს ყველაფერი საკანონმდებლო ორგანოს მეტ ლეგიტიმურობას და წარმომადგენლობითობას სძენს.

მაჟორიტარული სისტემით კი შესაძლოა პარლამენტში თავი მოიყარონ ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ ერთი კონკრეტული უმცირესობის ინტერესებს წარმოადგენენ.

2024 წლის არჩევნები საქართველოში

მმართველობის სტაბილურობა და ეფექტურობა

მაჟორიტარული სისტემა, როგორც წესი, ორპარტიულ და უფრო სტაბილურ პოლიტიკურ მმართველობას გვიქადის. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს, თავის მხრივ, აადვილებს და აჩქარებს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რაც აშკარად დადებითი მხარეა. თუმცა, არსებობს რისკი, რომ ეს მოხდეს საზოგადოების ნაწილის ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემას, როგორც წესი, ის მრავალპარტიულ და ფრაგმენტულ პარლამენტს აყალიბებს. ასეთ შემთხვევაში კი კოალიციური მთავრობის შექმნა ხდება აუცილებელი. ამან, შესაძლოა, პოლიტიკური არასტაბილურობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეფერხება გამოიწვიოს.

მთავრობის ანგარიშვალდებულება და კონტროლი

დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისთვის, შეკავება-გაწონასწორების მექანიზმის წარმატებული ფუნქციონირებისთვის,მნიშვნელოვანია, რომ მმართველობაზე ძალაუფლება მხოლოდ ერთ ჯგუფს არ ჰქონდეს. პროპორციული წარმომადგენლობა კი სწორედ ძალების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს.

თუ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე ოპოზიციური ძალა შევა, შემცირდება მთავრობის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და გაიზრდება ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასკვნათ:

პროპორციული არჩევნები ინკლუზიური და წარმომადგენლობითი პარლამენტის გარანტია. თუმცა, თან ახლავს მმართველობის არასტაბილურობის რისკი.

მაჟორიტარულ სისტემას მოაქვს სტაბილური მმართველობა, თუმცა უგულებელყოფილია საზოგადოების დიდი ნაწილის ინტერესი.

რას მოუტანს საქართველოს პროპორციული არჩევნები?

2024 წლის ელექტრონული არჩევნები საქართველოში

Ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო, ისტორიულ ცვლილებაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მთავარი კითხვაა, რა მოჰყვება ამ სიახლეს? როგორ შეცვლის პროპორციული არჩევნები ჩვენს პოლიტიკურ რეალობას?

ამ თემაზე თავისი აზრის გაზიარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტიკის მეცნიერ ზარინა ბურკაძეს ვთხოვეთ.

ის ფიქრობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს თანაბარი პოლიტიკური წარმომადგენლობის დამკვიდრებას. Მისი წყალობით, ჩანაცვლდება [მაჟორიტარული სისტემის] პრინციპი – (Winner-take-all) ყველაფერი გამარჯვებულს ერგება. შესაბამისად, ისეთი სისტემა, რომელშიც ყოველი ხმა მნიშვნელოვანია და პარლამენტში ყველას თავისი წარმომადგენელი ჰყავს, გაცილებით დემოკრატიული იქნება.

Ზარინა ბურკაძის თქმით, სახელმწიფოს, რომელიც მრავალფეროვანი ეთნიკური შემადგენლობით გამოირჩევა და ორი სეპარატისტული კონფლიქტის გამოწვევის წინაშე დგას, სჭირდება პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაპირისპირებული ინტერესების ჰარმონიზაციას შეძლებს. პროპორციული არჩევნების სისტემა კი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს.

“პროპორციული არჩევნების შედეგად, როგორც წესი,პოლიტიკური ძალაუფლება ერთი ჯგუფის ხელში აღარ არის კონცენტრირებული. იქმნება გარემო, სადაც მრავალი პარტია თანაარსებობს, თანამშრომლობს და ერთმანეთს ჯანსაღ კონკურენციას უწევს. ეს სისტემა პოლიტიკურ პარტიებს აიძულებს, აითვისონ თანამშრომლობის რთული, მაგრამ აუცილებელი ხელოვნება, რაც საბოლოოდ დემოკრატიულ პროცესებს გააძლიერებს,”- ზარინა ბურკაძე.

Პროფესორმა ცალკე ისაუბრა პროპორციული სისტემის მნიშვნელობაზე ახლა, როცა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას. Ბურკაძის აზრით, ეს არა მხოლოდ საარჩევნო სისტემის ტექნიკური ცვლილებაა, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპული ღირებულებებისა და პრაქტიკის მიმართულებით.

“ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მრავალპარტიული სისტემით ფუნქციონირებს და საქართველოს მიერ ამ მოდელის ადაპტაცია მძლავრი სიგნალი იქნება ქვეყნის ევროპული მომავლისათვის”- ზარინა ბურკაძე.

Პროფესორი ფრანგი პოლიტოლოგის, მორის დიუვერჟერის კანონის შესაბამისად მსჯელობს, რომ საარჩევნო სისტემა პარტიული სისტემასაც აყალიბებს. Ამ  შემთხვევაში კი პროპორციული სისტემის საფუძველზე, მრავალპარტიულობას უნდა ველოდეთ.

საბოლოოდ, პროფესორის ანალიზი ხაზს უსვამს, რომ პროპორციული არჩევნების დანერგვა იქნება დემოკრატიული განვითარების ევროპული ინტეგრაციის მძლავრი კატალიზატორი.

ამ ყველაფრის ფონზე, უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნები ვერ იქნება დემოკრატიის დამკვიდრების ერთადერთი გარანტი. ამის თქმის საფუძველს საერთაშორისო გამოცდილება გვაძლევს. მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსშიც რეგულარულად ტარდება არჩევნები, მაგრამ ისინი ჭეშმარიტი დემოკრატიისგან ძალიან შორს არისნ.

სწორედ ამიტომ, მიუხედავად მოსალოდნელი  საინფორმაციო ომისა და ხელისუფლების მხრიდან დეზინფორმაციული კამპანიის გააქტიურებისა, დემოკრატიის მშენებლობა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე არ გამოვა.

თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და აქტიური, ინფორმირებული მოქალაქეები – მხოლოდ ყველა ამ რგოლის ერთობლიობით შეიძლება, რომ პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ მოიტანოს ის შედეგი, რასაც საქართველოს მოქალაქეები ელიან – რეალური, მდგრადი დემოკრატია.

იხილეთ ასევე:

კომენტარები
Total
0
Shares
Next
შატილის კოშკები ზიანდება – მოვლის ერთიანი გეგმა არ გვაქვს
დაზიანებული შატილის კოშკები

შატილის კოშკები ზიანდება – მოვლის ერთიანი გეგმა არ გვაქვს

როგორია ისტორიული ძეგლის მდგომარეობა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share