დაახლოებით 2500 წლის შემდეგ, ამნისტია კვლავ მნიშვნელოვანი სახელმწიფო მექანიზმია. მეფეები, პრეზიდენტები და პარლამენტები ამნისტიას ომების დასრულების შემდეგ, რევოლუციების მიმდინარეობისას და პოლიტიკური ტრანზიციის პერიოდებში მიმართავდნენ. ეს ინსტრუმენტი ზოგჯერ შერიგების საშუალება იყო, ზოგჯერ – ციხეების განტვირთვის მექანიზმი.
რა არის ამნისტია
წარსულის დავიწყება — პირდაპირი მნიშვნელობით შესაძლოა ასე ითარგმნოს ეს ძველბერძნული წარმომავლობის სიტყვა. პოლიტიკურ კონტექსტში კი სახელმწიფო ამნისტიის გამოცხადება დამნაშავეების პატიმრობიდან გათავისუფლებას გულისხმობს. სიტყვის მნიშვნელობით თუ ვიმსჯელებთ, დანაშაულის პატიებასთან ერთად, იშლება დანაშაულის სამართლებრივი კვალიც, თითქოს, ის არც არასოდეს მომხდარა.
სწორედ ეს განასხვავებს ამნისტიას შეწყალებისაგან. როგორც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: “ერთი (ამნისტია) გვერდს უვლის დანაშაულს; მეორე – (შეწყალება) ათავისუფლებს სასჯელისგან”. ამნისტია შლის დანაშაულის სამართლებრივ კვალს, მაშინ როცა შეწყალება პირს მხოლოდ სასჯელისაგან ათავისუფლებს, მთლიანად ან ნაწილობრივ.
რატომ ცხადდება ამნისტია? ზოგჯერ სამართლიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი ერის გაერთიანება და მომავლისკენ სვლაა. ისტორიულად, ამნისტია საზოგადოებებს საშუალებას აძლევდა, მტკივნეული წარსული უკან მოეტოვებინა და ახალი ფურცელი გადაეშალა.

ამნისტიის ისტორიული საფუძვლები
ამნისტიის პრაქტიკა ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან იღებს სათავეს. ათენში ძვ.წ. 403 წელს პირველი ცნობილი ამნისტია მოხდა, როდესაც “ოცდაათი ტირანის” რეჟიმის დამხობის შემდეგ დემოკრატიული მმართველობა აღდგა. დემოკრატიის მომხრეებმა ფიცი დადეს, რომ წარსულ დანაშაულებს დავიწყებას მისცემდნენ.
ათენური ამნისტია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის დღემდე პოლიტიკური შერიგების სიმბოლოდ რჩება. მიუხედავად “ოცდაათი ტირანის” რეჟიმის სისასტიკისა, დემოკრატებმა მაინც შეძლეს პირობის შესრულება და წარსულზე თვალის დახუჭვა. ეს ისტორიული მაგალითი ცხადჰყოფს, რომ სამოქალაქო მშვიდობა ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენაზე მაღლა დგება.
რომაულ სამყაროში ამნისტიის სხვადასხვა ფორმა არსებობდა, მაგრამ შუა საუკუნეებში ეს აქტი ძირითადად ინდივიდუალური შეწყალების სახით გამოიყენებოდა. თავდაპირველად ამ უფლებით მხოლოდ ფეოდალები სარგებლობდნენ, მოგვიანებით კი მეფეების ხელში გადავიდა. რელიგიური ომების პერიოდში კი ეს ტერმინი მიუახლოვდა თავის შინაარსს და გაჩნდა ფორმულირებები, რომლებიც შეწყალებას დავიწყებასთან აკავშირებდა. მაგალითად, საფრანგეთში “ნანტის ედიქტი” ითხოვდა, “წარსული მოვლენების ხსოვნა დარჩეს მიძინებული, ისე თითქოს, არასდროს მომხდარაო”.
დიქტატურების დაცემის შემდგომ პერიოდში გამოცხადებული ამნისტიები დემოკრატიული ტრანზიციის განუყოფელი ნაწილია. როდესაც საზოგადოება გადადის ავტორიტარული რეჟიმიდან დემოკრატიაზე, ამნისტიის გამოცხადება ხშირად ხდება პოლიტიკური კომპრომისის ნაწილი.
ეს პრაქტიკა ფართოდ გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1970-იან წლებში ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში (საბერძნეთი, ესპანეთი, პორტუგალია) და 1990-იანების ბოლოს, კომუნიზმის კრახის შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაშიც.
ამასთანავე, შესაძლოა ამნისტიას პრაქტიკული მიზნებიც ჰქონდეს. მაგალითად, 1951-1953 წლებში საფრანგეთში ამნისტია ჰუმანურ საფუძველთან ერთად, ომის შემდგომი რეკონსტრუქციისათვის საჭირო ადამიანური რესურსითაც იყო განპირობებული.
ამნისტიის სახეები და ფორმები
ამნისტიას სხვადასხვა ფორმა აქვს, რომლებიც ისტორიული კონტექსტისა და მიზნების მიხედვით განსხვავდება. ყველაზე ხშირად ზოგადი და კონკრეტული, ასევე უპირობო და პირობითი ამნისტიები გვხვდება.
ზოგადი ამნისტია პირთა ფართო წრეზე ვრცელდება. მაგალითად, ყველა სამხედრო დეზერტირზე ან პოლიტიკური დანაშაულის ჩამდენზე. ასეთი იყო პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ამნისტია ვიეტნამის ომის დროს გაწვევაზე უარის მთქმელთათვის. ეს ქმედება ომის ტრავმების დავიწყებას ისახავდა მიზნად. კონკრეტული ამნისტია კი მხოლოდ გარკვეულ კატეგორიას ეხება. მაგალითად, 1971 წელს, პრეზიდენტმა ნიქსონმა სასჯელი შეუმსუბუქა პენსიის ფონდის თაღლითობისა და მოსყიდვისთვის მსჯავრდადებულ ჯეიმს ჰოფას.
უპირობო, იგივე ბლანკეტური ამნისტია გათავისუფლებულებს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს, მაშინ როცა პირობითი ამნისტია გარკვეულ ქმედებებს მოითხოვს. მაგალითად, სამოქალაქო ომის შემდეგ ლინკოლნის ამნისტია ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვდა. ამ ფიცით კონფედერაციის ყოფილი მხარდამჭერები აცხადებდნენ: ,,მე, საზეიმოდ ვფიცავ, ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე, რომ ამიერიდან ერთგულად დავუჭერ მხარს და დავიცავ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციასა და მის ქვეშ არსებულ შტატების კავშირს”.
ამასთან, არსებობს დე ფაქტო ამნისტიის ცნებაც. დე ფაქტო იგივე ეფექტური ამნისტიები კანონები ან რეგულაციებია, რომლებიც პირდაპირ ამნისტიას არ აცხადებს, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობას ზღუდავს. ამის მაგალითია 1986-87 წლებში არგენტინაში მიღებული ორი კანონი.
პირველ შემთხვევაში კანონი სახელწოდებით “Punto Final” ბინძური ომის დროს ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევების სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისთვის 60-დღიან ვადას აწესებდა. იგულისხმება, რომ ამ ვადის ამოწურვის შემდეგ განხილვის გარეშე დარჩენილ საქმეებზე, სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღარ დადგებოდა. მეორე შემთხვევაში კი, კანონი Due Obedience ადგენდა, რომ დაბალი რანგის სამხედრო პირები იძულებით მოქმედებდნენ, რაც მათ სასჯელისაგან ავტომატურად ათავისუფლებდა.
გამოყოფენ თვით-ამნისტიის სახესაც. ამ დროს არის დამნაშავეები (ძირითადად პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირები) ან პასუხისმგებელი ინსტიტუტები საკუთარ თავს ან წევრებს იმუნიტეტს ანიჭებენ, რომელიც მათ დევნისაგან იცავს. ამ ტიპის ამნისტიები ძირითადად პოლიტიკური გარდაქმნებისა და ხელისუფლების გადაბარების პერიოდში ხდება. მაგალითად, ნიკარაგუაში 2019 წელს დანიელ ორტეგას მიერ მიღებულ იქნა თვითამნისტიის კანონი, რომელიც პოლიციისა და სამხედროების მიერ 2018 წლის საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობას ემსახურებოდა.

ამნისტიის გამოცდილება საქართველოში
2012 წლის ამნისტია, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოცხადდა, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქტი იყო საქართველოს ისტორიაში. ამ დროს დაახლოებით 15 ათასი მსჯავრდებული გათავისუფლდა ან სასჯელი შეუმცირდა. ამნისტია შეეხო ყველას, გარდა უვადო პატიმრობაში მყოფი პირებისა.
ამნისტიის ოფიციალურ მიზეზებად დასახელდა ჰუმანიზმის პრინციპი და საზოგადოების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა. კანონის პრეამბულაში ასევე ნახსენები იყო “პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობა”. თუმცა, პოლიტიკურ წრეებში ამნისტიის შეფასება განსხვავებული იყო.
მაშინდელი ხელისუფლება (ქართული ოცნება) ამტკიცებდა, რომ ამნისტია არ მოხდებოდა შერჩევითი სამართლით და შეეხებოდა კონკრეტული მუხლით დაკავებულ ყველა მსჯავრდებულს, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. ოპოზიცია (ნაციონალური მოძრაობა) კი, მიუხედავად იმისა რომ მხარს უჭერდა ამნისტიას, აფრთხილებდა მმართველ გუნდს, შესაძლოა ფართომასშტაბიანმა ამნისტიამ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაზარდოსო.

2024 წელს საქართველოში კიდევ ერთი ამნისტია გამოცხადდა. ამჯერად, დაუყოვნებლივ გათავისუფლდა, დაახლოებით, 1000 მსჯავრდადებული, სასჯელი გაუნახევრდა, 4-ჯერ ან 6-ჯერ შეუმცირდა 4800-მდე პატიმარს, ხოლო ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდა 7000-მდე პრობაციონერს.
ეს უკანასკნელი ამნისტია შერჩევითი იყო და არ შეეხო მძიმე დანაშაულებს – მაგალითად, მკვლელობას, ნარკორეალიზაციას, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიებს.
2024 წლის 27 სექტემბერს “ამნისტიის შესახებ” კანონს ხელი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობდა, რომ მისი გამოცხადება არჩევნების წინა პერიოდში ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობად ჩაითვლებოდა.
ორივე შემთხვევა გვიჩვენებს, რომ საქართველოში ამნისტია ჰუმანური აქტიც და პოლიტიკური ინსტრუმენტიცაა. ის ერთდროულად სასჯელაღსრულების სისტემის განტვირთვასა და ხელისუფლების სტრატეგიული მიზნების მიღწევას ემსახურება. თუმცა ეს არ არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ისტორიულად ამნისტია ყოველთვის სახელმწიფოს ხელში არსებული ის მექანიზმი იყო, რომელიც პრაქტიკულ და პოლიტიკურ მიზნებს ერთნაირად ემსახურებოდა.
იხილეთ ასევე: