fbpx

რა არის რუსული კანონი და რა საფრთხეს უქმნის საქართველოს? – 2024 წლის განახლება

რა არის რუსული კანონი

საქართველოს პარლამენტი 2023 წელს აპირებდა, მიეღო კანონი, რომელიც მტრულ ძალად გამოაცხადებდა დასავლური ქვეყნებიდან დაფინანსებულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას.

კანონპროექტს აკრიტიკებდა ყველა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. საქართველოს აქტიური მოქალაქეები, მზექალა შანიძიდან დაწყებული, შოთა არველაძით დამთავრებული, წერდნენ, რომ კანონი წინააღმდეგობაში იყო ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებთან.

ამ კანონის მიღების იდეასაც კი მკაცრი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, ამერიკელი სენატორებისა თუ ევროპელი დეპუტატებისგან. 2023 წლის 24 თებერვალს ამერიკის ელჩმა მას პირდაპირ უწოდა “რუსული კანონი.”

“ეს კანონი არის მაგალითი, რატომაც ვსაუბრობთ საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე,“ – თქვა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა 2023 წლის 20 თებერვალს.

“ეს კანონპროექტი აფერხებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას,“ –  ეს პირდაპირ თქვა ევროკავშირის საგარეო სამსახურმა.

სარჩევი
  1. რა მოჰყვა რუსეთში მსგავსი კანონის მიღებას?
  2. როდის გამოჩნდა რუსული კანონი საქართველოში?
  3. რატომ ვერ უზრუნველყოფს რუსული კანონი ფინანსების გამჭვირვალობას?
  4. როგორ ცდილობს „ქართული ოცნება,“ რომ რუსული კანონი დასავლურად გაასაღოს და რატომ ვერ გამოდის ეს? 
    1. ამერიკის მაგალითი
    2. ავსტრალიის მაგალითი
    3. ისრაელის მაგალითი
    4. კანადის მაგალითი
    5. რა მოხდა აზერბაიჯანში მსგავსი კანონის ამოქმედების შემდეგ?
    6. რა მოხდა ბელარუსში მსგავსი კანონის მიღების შემდეგ?
  5. “რუსული კანონი” – 2024 წლის 17 აპრილის განახლება/შეჯამება
  6. 2024 წლის მაისის თვის განახლება/შეჯამება – ქართულმა ოცნებამ “რუსული კანონი” მესამე მოსმენით მიიღო
  7. როდის ამოქმედდება კანონი „უცხოეთის აგენტების” შესახებ

რა მოჰყვა რუსეთში მსგავსი კანონის მიღებას?

რუსეთში 2012 წლის ივლისში მიიღეს კანონი, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე, „პოლიტიკურ აქტივობებში“ ჩართულ ორგანიზაციებს, რომ „უცხოურ აგენტად“ დარეგისტრირდნენ.

საქართველოში ინიცირებული კანონპროექტის მსგავსად, აგენტებს იქაც იუსტიციის სამინისტრო აღრიცხავს. კანონის 2012 წლის ვერსიაში განსაზღვრული იყო, რომ პოლიტიკური აქტივობა არის ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანიც არის გავლენა მოახდინოს სამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილებებზე და საზოგადოებრივ აზრზე.

კანონი უცხო ქვეყნებად აცხადებს ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს და მათ წინააღმდეგაა მიმართული. ისე როგორც ჩვენს შემთხვევაში აპირებდა „ქართული ოცნება.“

კანონი ჯერ 2016, შემდეგ კი 2020 წელს გამკაცრდა. გაფართოვდა “უცხოური აგენტის” ცნება და ახლა აგენტია არა მხოლოდ ორგანიზაციები, არამედ ფიზიკური პირებიც, რომლებიც რაიმე სახით შემოსავალს საზღვარგარეთიდან იღებენ.

მათ არ შეუძლიათ სახელმწიფო ან მუნიციპალურ სამსახურში მუშაობა.  თუ მედია რომელიმე მათგანს ახსენებს, უნდა მიუთითონ, რომ „უცხოური აგენტები“ არიან.

რუსეთში დაიწყეს ორგანიზაციების ინსპექტირება, დაჯარიმება, მუქარა და სასამართლოში დაბარება. ორგანიზაციები რთული არჩევანის წინაშე დადგნენ, ან მიეღოთ უცხოური გრანტები და დაერქვათ „უცხოეთის აგენტების“ სახელი ან დახურულიყვნენ.

ამ დილემისა და ზეწოლის გამო, რუსეთში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. ამ კანონის დარღვევის გამო, დააჯარიმეს დიაბეტით დაავადებულთა მხარდამჭერი ორგანიზაციაც, 2018 წელს კი ეს დაწესებულება დაიხურა.

2021 წელს აგენტებად გამოცხადდა ის მედია საშუალებებიც, რომლებიც დაფუძნდნენ რუსეთში ან მეზობელ ქვეყნებში და რომლებიც იყვნენ რუსულენოვანი. მაგალითად, თუ საქართველოში იქნებოდა დაფუძნებული რუსულ-ენოვანი მედია, ისიც აგენტი გახდა.

2022 წელს ომის შემდეგ კი კანონი შეეხო ყველას, ვინც რაიმე სახით აკრიტიკებს მთავრობას. მაგალითად, უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადეს რეპერი მორგენშტერნი, რომელიც სიმღერის ტექსტში მთავრობას აკრიტიკებდა.

კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს ყველა გადაცდომაზე, არ შესრულებაზე ან არასრულად შესრულებაზე. რადიო თავისუფლების რუსულ ბიუროს მილიონობით დოლარის ჯარიმა ამ კანონის არ შესრულებისთვის დააკისრეს.

2023 წელს РБК-ს მთავარი რედაქტორის, პეტრუ კანაევის სახლი დააყადაღეს რადგან მან 2021 წლის აპრილში გამოშვებულ სტატიაზე არ დააწერა, რომ ის იყო უცხოური გავლენის აგენტი. ჯარიმა 5,000 რუბლი იყო, რომელიც რედაქციამ არ გადაიხადა.

რომან ანინი გამომძიებელი ჟურნალისტია. მუშაობდა გამოცემა „ნოვაია გაზეტასთვის,“ შემდეგ კი საკუთარი მედია დააარსა, სახელწოდებით „მნიშვნელოვანი ისტორიები.“ ახლა მისი ყველა თანამშრომელი რუსეთიდან გახიზნულია, რადგან მათ აგენტებს უწოდებდნენ და დაჭერის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

„როდესაც მთავრობას შემოაქვს ასეთი შემზღუდველი კანონები, ის ამაზე არასოდეს გაჩერდება და ყოველთვის უფრო შორს მიდის, რუსეთის მაგალითი ამას აჩვენებს. 2012 წელს რუსეთში ხალხს ამაზე რეაგირება არ ჰქონია, რადგან ეგონათ, ეს ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ პატარა ჯგუფს, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული. მაგრამ მერე გამოჩნდა, რომ მთავრობის მადა გაცილებით მეტი იყო და ისინი გადავიდნენ ყველა არასამთავრობოზე, რომელიც მთავრობას არ მოსწონდა. ახლა ეს კანონი ეხება მედიასაც და ფიზიკურ პირებსაც, რადგან კანონში გაჩნდა “აგენტთან დაახლოებული პირის” მცნებაც. ანუ ნებისმიერი ვინც არის დაკავშირებული, იქნება ეს ნათესავი, ოჯახის წევრი, პარტნიორი თუ კოლეგა, ისინიც შეიძლება გახდნენ აგენტები,” – ამბობს ანინი.

ანინი გავლენის აგენტების კანონის წინააღმდეგ
რომან ანინი – გამომძიებელი ჟურნალისტი

ის გვიყვება, რომ რუსეთში ყველამ, ვინც აგენტადაა შერაცხული, საჯაროდ პოზიციის გამოხატვისას თან უნდა დააყოლოს, რომ ის აგენტია. ეს ვრცელდება სოციალურ ქსელებზეც, მაგალითად თუ ფეისბუქზე ვინმესთვის კომენტარის დაწერა მოუნდება აგენტად წოდებულ პირს, მან იქვე უნდა დაწეროს, რომ აგენტია. 

მოძრაობა „ვოისის“ კოორდინატორი, არტემ ვაჟენკოვი 2022 წლის მარტში 10 ათასი რუბლით დაჯარიმდა ინსტაგრამზე “უცხოური აგენტის” სტატუსის არ მითითების გამო, აგვისტოში – 50 ათასით, მაგრამ უკვე ტელეგრამის არხზე ამ ინფორმაციის დამალვის გამო. ახლა აქტივისტი რუსეთიდან გაქცეულია.

2021 წლის დეკემბერში რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დარღვევის ფაქტზე, საერთაშორისო ისტორიული და საგანმანათლებლო საზოგადოება  “მემორიალი” გაუქმდა. 2023 წლის მარტში კი მისი ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ამჟამად რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია, კრიტიკული აზრი და სამოქალაქო საზოგადოება. რუსულმა გემმა რა მიმართულებითაც აიღო გეზი, ეს კი ყველას მოგეხსენებათ.

როდის გამოჩნდა რუსულ კანონი საქართველოში?

2022 წლის 17 ნოემბერს აშშ-ის სენატში გაიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, რომელზეც შეაფასეს აშშ-ს პოლიტიკა კავკასიაში. სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა ისაუბრა საქართველოს უკუსვლაზე და თქვა, რომ დროა აშშ დაფიქრდეს, გადახედონ საქართველოსთან არსებულ სტრატეგიას და დაფინანსების საკითხს.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – ISFED ფოტო

საქართველოში დემოკრატიის სავალალო მდგომარეობაზე ისაუბრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდმაც.

მეორე დღეს ამ ამბავს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრებისგან შექმნილი ე.წ. “ხალხის ძალა” და ფეისბუქზე გაავრცელეს წერილი, რომელშიც ამბობდნენ, რომ აშშ ამ ფულს გვამადლიდა, თან ეს თანხა არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათ აგენტურას და ენჯეოებს ხმარდებოდა. ამიტომ, დააანონსეს, ამ დაფინანსების ჩარჩოებში მოქცევაზე ვიფიქრებთო.

ამონარიდი 18 ნოემბრის წერილიდან: „ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ.”

ეს განცხადება იმ დღესვე გააშუქეს ტელეკომპანია “იმედზე.” “მოძრაობას ახალი ინიციატივა გაუჩნდა, მესამე სექტორის დაფინანსების საკანონმდებლო დონეზე რეგულირება,”- ამბობდა წამყვანი.

სიუჟეტში ჩაწერილი ჰყავდათ გურამ მაჭარაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და ეკა სეფაშვილი. მოგვიანებით სწორედ მათ დაარეგისტრირეს კანონპროექტი პარლამენტში.

იმავე დღეს ზუსტად იგივე სტილში ისაუბრა ირაკლი კობახიძემაც. აშკარა იყო, რომ “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება” თავიდანვე ერთ ხმაში მღეროდნენ.

“მუქარა იყო არარელევანტური და მთავარი არის ის, რომ ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მოდის ენჯეოებზე და ენჯეოებს დაფინანსებას რა თქმა უნდა ისინი არ შეუმცირებენ,” –  ამბობდა კობახიძე.

2023 წლის 14 თებერვალს „ქართულ ოცნებასთან“ სრულ სიამტკბილობაში მყოფმა ე.წ. „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. “რუსული კანონი”-ს საბოლოოდ მიღებას აპრილში გეგმავდნენ.

„ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, იგივე რუსული კანონი დაარეგისტრირა

კანონპროექტის ოფიციალურად გამოჩენას მოჰყვა შესაბამისი რეაქცია ქვეყნის შიგნით და გარეთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა ამ იდეას აკრიტიკებდა ყველა. 260-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა საერთო განცხადება და კანონს რუსული უწოდა.

ამის შემდეგ „ხალხის ძალამ“ თქვა, რახან რუსული უწოდეთ, ახლა მოვიტანთ ამერიკული კანონის თარგმანსო. 2023 წლის 22 თებერვალს მართლაც დაარეგისტრირეს კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“ 

14 თებერვალს დაინიცირებული ე.წ “რუსული კანონი” ბიუროზე დასამტკიცებლად 20 თებერვალს გაიტანეს. ის სამმა, იურიდიულმა, საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა განიხილა.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის საბოლოო კენჭისყრის ვადად 2023 წლის 7 აპრილი განსაზღვრეს. კომიტეტებზე მისი განხილვა კი 27 მარტს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მმართველმა გუნდმა პროცესები დააჩქარა.  

პირველი პლენარული სხდომა 2023 წლის 7 მარტს ჩანიშნეს და კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს.  მეორე და მესამე მოსმენა არ დასცალდათ. ხალხის პროტესტმა აიძულათ, რომ 2023 წლის 10 მარტს კანონპროექტი ჩაეგდოთ.

რატომ ვერ უზრუნველყოფს რუსული კანონი ფინანსების გამჭვირვალობას?

რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას
ფოტო აღებულია tabula.ge-დან

არც ისაა მართალი, რომ ამ ე.წ “რუსული კანონის” მთავარი მიზანი ორგანიზაციების გამჭვირვალობის მიღწევაა, რადგან ქვეყანაში მოქმედი ყველა იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც დაფინანსებას იღებს, ისედაც ყოველთვიურად უგზავნის სრულ ფინანსურ ანგარიშს შემოსავლების სამსახურს. ყველა ასეთი ორგანიზაცია, რომელიც რუსული კანონის სამიზნე უნდა გამხდარიყო, ფინანსურ ოპერაციებს ასრულებს საბანკო გადარიცხვებით და ამ მონაცემებზე სახელმწიფო უწყებებს ძალიან მარტივად მიუწვდებათ ხელი.

გარდა ამისა, დასავლელი დონორებისგან მიღებული გრანტების ხარჯვა თავის თავში გამჭვირვალობასაც გულისხმობს. დამფინანსებლები, მაგალითად საელჩოები, რომელიც მათი ქვეყნის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით გვაფინანსებენ, ჩვენგან ითხოვენ თანხის ხარჯვის სრულ კონტროლს, ფინანსურ ანგარიშებს, გადარიცხვის ყველა დოკუმენტაციას, აუდიტის ანგარიშებს.

მედიებს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ დასამალი არაფერი აქვთ, იმითაც ჩანს, რომ მათ ვებგვერდებზე აქვთ განთავსებული ინფორმაცია ყველა დონორის შესახებ და აქვეყნებენ ყოველწლიურ ანგარიშებს როგორც საქმიანობის, ისე ფინანსების მიმართულებით. მაგალითად, „აი, ფაქტის“ ანგარიშები მოიცავს ფინანსურ ნაწილსაც და საჯაროდ ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდზე.

ხოლო ნამდვილად მტრული ანუ რუსული მიზნებით მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც ძირითად ფინანსურ ოპერაციებს ნაღდი ფულით ატარებენ, რუსული კანონის სამიზნე მაინც ვერ გახდებოდნენ. მაგალითად, ალტინფომ კანონპროექტის გამოჩენისთანავე განაცხადა, რომ ისინი ამ ბაზაში რეგისტრაციას არ ექვემდებარებოდნენ, რადგან დასავლური ინსტიტუტებისგან დაფინანსებას არ იღებენ.

“თუ სახელმწიფოს გაგება უნდა, ვინმე ამ თანხას ხარჯავს მიზნობრივად თუ არამიზნობრივად, ამის მექანიზმი დღეს უკვე არსებობს. ამ ე.წ რუსული კანონით ვერაფერს  ახალს ვერ ეტყვიან მოსახლეობას, გარდა იმისა რომ ვიღაცები აგენტები არიან,” – გვეუბნება სულხან სალაძე, იურისტი, რომელიც 2017-2019 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი იყო.

ამ ფონზე კი მთავრობა თავად ვერ იცავს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს. მაგალითად, გაუმჭვირვალეა ის თუ როგორ ხარჯავს მთავრობა ბიუჯეტს. წლებია, სხვადასხვა ადმინისტრაციული უწყებები არ გვაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას ამ ხარჯების შესახებ. გაუარესებულია, ზოგადად, სამთავრობო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხიც. მხოლოდ „აი, ფაქტს“ ყოველთვიურად ათეულობით წერილი აქვს, რომელზეც საჯარო უწყებები არ გვპასუხობენ.

საჯარო მოხელეები არც იმით იწუხებენ თავს, რომ მედიას მათ საქმიანობაზე ესაუბრონ. წლებია, შეუძლებელია ინტერვიუს ჩაწერა სამინისტროებისა თუ სხვა სამთავრობო უწყებებში დასაქმებულ პირებთან. არ პასუხობენ არც ტელეფონს, არც ელ.ფოსტით გაგზავნილ კითხვებს.

ამასთან ერთად, გაუმჭვირვალეა მთავრობაში მყოფთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები. საჯარო მოხელეები მალავენ ქონებას და მათ ბიზნეს საქმიანობას. „აი, ფაქტმა“ დაიწყო იმ 78 დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციების შესწავლა, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს. შედეგები შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

იურისტი სულხან სალაძე გვეუბნება, რომ სიტყვა “აგენტს” ისტორიის არც ერთ პერიოდში არ ჰქონია დადებითი შინაარსი და ამ ცნების გამოყენება გამოიწვევს მედიის სტიგმატიზებას იმაზე მეტად, ვიდრე ახლაა.

“არასდროს, არც ერთ ქვეყანაში უცხოეთის აგენტის ცნება არ აღიქმება დადებით კონტექსტში. არასდროს ეს არ განაწყობს მკითხველს, თუ მაყურებელს, თუ უბრალოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დადებითად იმ პირის თუ ორგანიზაციისადმი ვისაც ეს სტატუსი აქვს. იმიტომ რომ უცხოეთის გავლენის აგენტი ნიშნავს, რომ ვიღაცა მუშაობს იმ უცხოელისთვის, ეხმარება მას ცუდი მიზნების მიღწევაში.“

როგორ ცდილობს „ქართული ოცნება,“ რომ რუსული კანონი დასავლურად გაასაღოს და რატომ ვერ გამოდის ეს? 

არა რუსულ კანონს - მოსახლეობის პროტესტი
ფოტო აღებულია “radiotavisupleba.ge”-დან

კანონპროექტის განმარტებით ბარათში 2023 წელს ეწერა, რომ ის მსგავსია სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონების, მაგალითისთვის მოტანილია აშშ-ში, ავსტრალიაში და ისრაელში მოქმედი კანონები.

2023 წელს მთელი „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნით იყენებდა კანადაში მიმდინარე კანონპროექტის განხილვებსაც. ამ ქვეყნებში მოქმედი კანონებისთვის საერთო ისაა, რომ ისინი ადგენენ მტრულად განწყობილი ქვეყნების სიას.

მაგალითად, აშშ კანონის მიღებისას მტრულად განწყობილად მიიჩნევდა ნაცისტურ გერმანიას; კანადა მტრულად განწყობილად მიიჩნევს ჩინეთს, რომელიც ცდილობდა კანადის არჩევნებზე ზეგავლენას.

საქართველოს მმართველ პარტიას კი სურს მტრულ ქვეყნებად გამოაცხადოს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ, რომლებიც ამავდროულად აღიარებული გვყავს, როგორც სტრატეგიული პარტნიორები.

ახლა ცალ-ცალკე განვიხილოთ, რა არის ამ ქვეყნებში მოქმედი კანონების მიზანი და შინაარსი.

ამერიკის მაგალითი

კანონპროექტების ავტორები ხშირად აპელირებენ, რომ მათ მაგალითი აიღეს ბევრად მკაცრი ამერიკული კანონისგან და შეარბილეს კიდეც. ისინი გულისხმობენ კანონს FARA (foreign agents registration act), რომელიც აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს.

მისი მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდის გავლენისგან დაეცვა.

მოგვიანებით ამ კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა – გამარტივდა და დავიწროვდა აგენტების განსაზღვრება. კანონის ბოლო ვერსია შემოიფარგლა მხოლოდ იმ ადამიანებით და ორგანიზაციებით, რომლებიც უცხო ქვეყნების ან ორგანიზაციების პირდაპირი ბრძანებით ან სურვილით მოქმედებენ.

FARA არ ეხება არც მედიას და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამერიკაში ამ რეესტრში უფრო მეტად პიარ და მარკეტინგული კომპანიები არიან დარეგისტრირებული.

“მე მიმუშავია იმ კანონზე, მის რეფორმირებაზე. პირველად ის 1930-იანებში იყო მიღებული ჰიტლერის პასუხად, როგორც ძალისხმევა, რომ ამოგვეცნო ლობისტები ან სხვები, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენდნენ აშშ-ში და მათ მოვთხოვეთ რეგისტრაცია,” – ამბობდა ჯინ შაჰინი, ამერიკელი სენატორი 22 თებერვალს.

„ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტებში კი ლობისტები გათავისუფლებული არიან აგენტთა ბაზაში რეგისტრაციისგან.

ქართულ თარგმანში გამოტოვებულია FARA-ს ის პუნქტი, რომლის თანახმადაც აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ეროვნული თავდაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვანი პარტნიორი ორგანიზაციები და მათი წარმომადგენლები უცხოურ აგენტად რეგისტრაციის გამონაკლისები არიან.

ამ პუნქტის გამოტოვება ძირეულად ცვლის კანონის მნიშვნელობას, ვინაიდან საქართველოსთვის თითოეული დასავლელი პარტნიორი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

დღემდე FARA-ს რეესტრში არცერთი ადგილობრივი მედია არაა შეყვანილი და მას ამ სფეროში მხოლოდ ისეთი პროპაგანდისტული წყაროების წინააღმდეგ იყენებენ, როგორიცაა რუსული RT და სხვა.

აშშ-ში მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია იღებს უცხოურ ფინანსურ მაგრამ სახელმწიფო მათ არ სთხოვს, დარეგისტრირდნენ უცხოურ აგენტებად. FARA-ში დარეგისტრირებულთა მხოლოდ 5 პროცენტია არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც, ძირითადად, უცხოური პოლიტიკური პარტიების ნაწილებს წარმოადგენენ.

ავსტრალიის მაგალითი

სამართალმცოდნე და საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი თორნიკე გერლიანი აღწერს, რომ ავსტრალიაში ამერიკული FARA-ს მსგავსი კანონი 2018 წელს მიიღეს. თუმცა, მას ფაქტობრივად არაფერი აქვს საერთო საქართველოში ინიცირებულ პროექტთან.

ავსტრალიურ კანონში მკაფიოდ წერია, რომ სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვს მხოლოდ მათ, ვინც უცხოური ძალის სასარგებლოდ მოქმედებს. თანაც, მათთან შეთანხმებითი, მათი მოთხოვნითა და ზედამხედველობით.

ავსტრალიური კანონის მოქმედება არ ვრცელდება საზოგადოებრივ და მედიაორგანიზაციებზე, რადგან ითვლება, რომ მათ სიკეთე მოაქვთ არა უცხო ქვეყნის, არამედ მათი ქვეყნის საზოგადოებისთვის.

უფრო მეტიც, ავსტრალიაში მოქმედებს ცალკე კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საჯარო სიკეთის შემქმნელ სუბიექტებად მოიაზრებს, აღიარებს მათ „უნიკალურ ბუნებასა“ და „განსაკუთრებულ როლს.“

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი ხაზს უსვამს განსხვავებას საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტებსა და დასავლურ ქვეყნებში, მათ შორის ავსტრალიაში მოქმედ კანონმდებლობას შორის:

„ზოგადად ანგლოსაქსური კანონები ითხოვენ მათ საჯაროობა/გამჭვირვალობას, ვინც უცხო ქვეყნის უშუალო დავალებით და ინტერესით მოქმედებს და, კერძოდ, ხვდება და ზემოქმედებს იქაურ მაღალი თანამდებობის პირებზე ან ფართო მასებზე. ჩვენთან კი მხოლოდ იმიტომ უნდათ, გაიძულონ ასეთ რეესტრში შესვლა, რომ გრანტი მოიპოვე. ამის გამო თურმე უცხო ქვეყნის აგენტი/წარმომადგენელი ხარ“, – განმარტავს ანალიტიკოსი.

ისრაელის მაგალითი

ისრაელის პარლამენტმა „ქნესეთმა“ 2016 წელს დაამტკიცა კანონი “უცხო ქვეყნების ორგანოების მიერ მხარდაჭერილი მხარეებისათვის დაწესებულ გამჭვირვალობის მოთხოვნებზე.“

ეს კანონი ორიენტირებულია არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებსაც უცხოური ქვეყნები ან ორგანიზაციები აფინანსებენ და ისრაელში შესაბამის ინტერესებს ლობირებენ.

კანონი ანტისაოკუპაციო მოძრაობების და პოლიტიკური ოპონენტების დევნის იარაღია და ის იმთავითვე არადემოკრატიულად იქნა აღიარებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელიც კანონის გასამართლებლად ამერიკულ fara-ზე აკეთებდა აქცენტს.

ისრაელში მოქმედი კანონი საქართველოში ინიცირებული მოდელისგან განსხვავებით არ ითვალისწინებს „დასმენის“ კომპონენტს;  საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტში (რუსეთის მსგავსად) ჩადებულია „დასმენის“ კომპონენტი.

სხვაობაა ისიც, რომ ისრაელის შემთხვევაში, უცხოურ ძალად ითვლება მხოლოდ უცხო ქვეყნის მთავრობები, საქართველოს შემთხვევაში კი ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს ან იქაა რეგისტრირებული.

შესაბამისად, ისრაელში რეესტრში რეგისტრაცია ევალება მხოლოდ ისეთ პირებს, ვინც თანამშრომლობს უცხოეთის ხელისუფლებებთან და არა მათ, ვისაც კერძო დამფინანსებლები ჰყავთ.

ისრაელში კანონმდებლობა უცხოური გავლენის შესახებ ფოკუსირებულია არაკომერციულ ორგანიზაციებზე, რომლებსაც აკონტროლებენ ან აფინანსებენ უცხო ქვეყნები ან უცხო ქვეყნის ორგანიზაციები.

კანონმდებლობის თანახმად, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა უნდა გასცენ ინფორმაცია უცხოელი დონორების, დაფინანსების რაოდენობის, დაფინანსების მიზნის შესახებ.

ისრაელის კანონმდებლობა უცხო ქვეყნის აგენტის ცნებას არ იყენებს. აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსები ისრაელში არსებულ რეგულირების მოდელსაც ჰყავს. Human Rights Watch-ის თანახმად, ქნესეთში მიღებული კანონი გავრცელდება 25 ჯგუფზე, რომელთა უმრავლესობაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციაა და ისრაელის მოქალაქე პალესტინელების მიერ არის დაფუძნებული, ან ადვოკატირებისა თუ კვლევით ჯგუფებზე, რომლებიც პოლიტიკურად მემარცხენე – ანუ ხელისუფლების ოპონენტ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. მათი უმრავლესობა თავშესაფრის მაძიებელთა, პალესტინელთა და სხვა არა-ებრაელთა მიმართ ისრაელის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსია.

კანადის მაგალითი

კანადის მთავრობამ 10 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც თქვა, რომ  კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფედერალური დეპარტამენტი საზოგადოებასთან და დაინტერესებულ პირებთან იწყებს კონსულტაციებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის შესახებ.

მთავრობა ამ თემის განხილვას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად 9 მაისამდე გააგრძელებს.

სუბარმა, ყაველაშვილმა და მათმა თანამოაზრეებმა კი კანონპროექტი ყოველგვარი განხილვისა და შეხვედრების გარეშე შექმნეს, შეიტანეს პარლამენტში და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების მოტყუებით უყარა კენჭი პირველ ჯერზე. 

კანადის მთავრობის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანონს მტრული სახელმწიფოებისგან თავდასაცავად იღებენ, ვინაიდან, კანადა ხშირად ხდება მათი სამიზნე.

კანონის იდეის ავტორია სენატორი ჰუსაკოსი. მისი თქმით, კანადას ახლა ესაჭიროება ასეთი კანონი, რათა გაუმკლავდეს საფრთხეს – “მზარდ მეომარ” ჩინეთს. პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ კანადას აქვს პეკინის წინააღმდეგ საჩივრების გრძელი სია, რომელიც მოითხოვს რაიმე სახის პასუხს.

„კანადა ალყაში იყო ისეთი რეჟიმებისგან, როგორიცაა პეკინი, მოსკოვი, თეირანი, და ახლა ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და მივიღოთ ზომები ჩვენი ინსტიტუტების უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ეს ქვეყნები, რომ თუ თქვენ აპირებთ მოაწყოთ ჯაშუშური ოპერაციები ან საპოლიციო მოქმედებები კანადელების დასაშინებლად, ამას იქნება შედეგები,“ – ამბობდა ჰუსაკოსი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში.

ეს კანონი რომ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულია, ამაზე როიტერსიც წერდა.  “კანადა იწყებს უცხოური აგენტების რეესტრის შექმნას ჩინეთის მიერ არჩევნებში ჩარევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე,” – სწორედ ეს სათაური აქვს მათ სტატიას.

რა მოხდა აზერბაიჯანში მსგავსი კანონის ამოქმედების შემდეგ?

2013 წლიდან აზერბაიჯანში არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესახებ კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა. ამ ცვლილებების შემდეგ ქვეყანაში ბევრ ორგანიზაციას, განსაკუთრებით უცხოური დონორებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობის შეწყვეტა მოუწიათ.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ აღნიშნული ცვლილებები გამჭვირვალობას ემსახურებოდა.

2014 წლის 17 ოქტომბერს გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონებში ცვლილებები შევიდა, რის მიხედვითაც უცხოელ დონორს არ შეუძლია გრანტის გამოყოფა აზერბაიჯანის შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე.

კერძოდ, უცხოელი დონორები, რომლებსაც აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემა სურთ, უნდა დარეგისტრირდნენ აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროში.

ასევე უნდა იყოს მიწოდებული ინფორმაცია გრანტებისა და შემოწირულებების ოდენობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გრანტთან დაკავშირებული საბანკო ოპერაციები იბლოკება.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს თანხმობისა და რეგისტრაციის გარეშე, ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

2021 წელს კი აზერბაიჯანის მთავრობამ უშუალოდ მედიების შესახებ კანონი მიიღო. კანონის მიხედვით უნდა შეიქმნას ჟურნალისტების ბაზა, რომელშიც მათი პირადი ინფორმაცია იქნება შეტანილი.

2013 წელს აზერბაიჯანელმა ბლოგერებმა და ადამიანის უფლებათა დამცველებმა ბერლინში ონლაინტელევიზია, “მეიდან ტვ” შექმნეს. დამოუკიდებელი და მთავრობის მიმართ კრიტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, მას დროდადრო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ემუქრებოდა.

2015 წელს მეიდან ტვ-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მისი თანამშრომელი შირინ აბასოვი 30 დღით დააკავეს, არხის თანამშრომელ ჟურნალისტებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალათ.

4 წლის შემდეგ ევროსასამართლომ მთავრობის მიერ ჟურნალისტების ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა უკანონოდ მიიჩნია.  ამიტომ, აზერბაიჯანის მთავრობა იძულებული გახდა ეს აკრძალვა გაეუქმებინა.

გარდა ამისა, 2017 წელს ქვეყანაში ტელეკომპანიის ვებგვერდი დაიბლოკა. სოციალურ ქსელებში კომპანიის ანგარიშები არაერთხელ გატეხეს და მასალები წაშალეს. 2021 წელს კი OCCRP-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ მთავრობა ისრაელში მოქმედი კომპანიის დახმარებით უსმენდა იმ ადამიანების ტელეფონებს, რომლებიც ტელევიზიასთან თანამშრომლობდნენ.

ჩვენ ვესაუბრეთ „მეიდან ტვ-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელს, ჰაბიბ მუნტაზირს, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. მისი თქმით, მთავრობამ საკუთარი მიდგომები მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ 2011 წელს, „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ განსაკუთრებით გაამკაცრა.

“დაიწყო რეპრესიები, სამოქალაქო საზოგადოების წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მასიური დაჭერები. არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობას, რომელთა ხელმძღვანელები დამოუკიდებლები იყვნენ და მთავრობისგან არანაირ შეღავათებს, გრანტებს არ იღებდნენ და ევროპელი დონორებისგან ფინანსდებოდნენ, ცილი დასწამეს და დაიჭირეს. ნაწილმა მოახერხა და ქვეყნიდან გაიქცა. ნაწილმა უკან დაიხია, ორგანიზაციები დახურეს და საქმიანობა შეწყვიტეს,” – ამბობს ჰაბიბ მუნტაზირი.

“მიზანს მიაღწიეს და დღეს ყველაფერი მთავრობის კონტროლ ქვეშ არის. ახლა შენ შეგიძლია გრანტი მიიღო აზერბაიჯანის მთავრობისგან. იქ შენ არასამთავრობო არ ხარ, ნებისმიერ შემთხვევაში მთავრობის ხარ,” – ამატებს მუნტაზირი.

როცა კანონში ყველაზე მკაცრი ცვლილება შევიდა, აზერბაიჯანში უკვე ისეთი სიტუაცია იყო, რომ ამას ვერავინ ეწინააღმდეგებოდა. სამოქალაქო სექტორი განეიტრალებული, დაჭერილი ან გაძევებული იყო. მხოლოდ სოციალური მედიით ხდებოდა პროტესტის გამოხატვა და ერთი-ორი დამოუკიდებელი მედია აქვეყნებდა მასალას.

“ამის მერე ჩვენ ჟურნალისტების დაპატიმრებები ვნახეთ.  ჩვენ თანამშრომლებს ქუჩაში სიარულის დროს იტაცებდნენ. ერთი ჩვენი თანამშრომელი მოიტაცეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდმულო სარდაფში 30 დღის განმავლობაში აწამებდნენ. ჩვენი ტელევიზიის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ჩვენს თანამშრომლებს 5 წლის განმავლობაში ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. ეს ყველაფერი არასამთავრობო სექტორში მომუშავე აქტივისტებსაც შეეხოთ,” – ამბობს ჰებიბ მუნტაზირი.

კანონი შეეხო თითქმის ყველა სფეროს. მუნტაზირი გვიყვება, რომ 20-ზე მეტი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია დაიხურა. მათ შორის ისეთი ორგანიზაციები იყო, რომლებიც ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მუშაობდნენ, იცავდნენ ადამიანის უფლებებს, ცხოველების უფლებებს. ისინი არაპოლიტიკური ორგანიზაციები იყო. არსებობდნენ ორგანიზაციები, რომლებიც მშვიდობის შენების მიმართულებით მუშაობდნენ, თუმცა ზეწოლის და დევნის გამო ისინიც დაიხურნენ.

რა მოხდა ბელარუსში მსგავსი კანონის მიღების შემდეგ?

ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ საქმიანობას ხელს რამდენიმე კანონი უშლის, რომელიც მთავრობამ 2008 წლიდან ეტაპობრივად მიიღო. ყოველი ახალი აქტი უფრო და უფრო მკაცრი იყო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტ დაბრკოლებებს უქმნიდა.

2008 წლის ივლისში ბელარუსში მიიღეს კანონი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაფინანსების შესახებ. კანონი კრძალავდა დაფინანსების მიღებას უცხოური იურიდიული პირებისგან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, მოქალაქეობის არმქონე პირებისგან, რომლებიც ცხოვრობენ ბელარუსის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლა 2015 წელს განაახლეს. პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უცხოური შეწირულობების შესახებ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებს დაევალათ იუსტიციის სამინისტროში დარეგისტრირება.

ლუკაშენკოს 2015 წლის ბრძანების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოურ შეწირულობებს „კანონის დარღვევით“ იღებენ, ადმინისტრაციული სახდელი ეკისრებათ. ფიზიკურ პირებს კი „ბელარუსის კანონის დარღვევით“ მიღებული ნებისმიერი გრანტის ან შეწირულობის მიღების შემთხვევაში სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.

2020 წელს ბელარუსში სამოქალაქო საზოგადოების არსებობა კიდევ უფრო გაჭირდა. მაისში ლუკაშენკომ გამოსცა ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც აიკრძალა უცხოური გრანტების გაცემა ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც მუშაობენ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის თემებზე, ან ეწევიან სამეცნიერო/კვლევით საქმიანობას.

კიდევ უფრო გართულდა უცხოური ფონდების რეგისტრაციის პროცედურა, გაიზარდა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი. ამ რეგულაციების შედეგად დაიხურა ორი მნიშვნელოვანი ადგილობრივი დაფინანსების წყარო – molamola და ulej crowdfunding.

2021 წლის მაისში ცვლილებები შევიდა ასევე 1997 წელს მიღებულ კანონში მასობრივი ღონისძიებების შესახებ. ამ ცვლილებით, აიკრძალა ხელისუფლების წინააღმდეგ საჯარო პროტესტი და მისი გაშუქება, მათ შორის ონლაინ გადაცემა.

2021 წელს ლუკაშენკო უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის კანონის მიღებასაც განიხილავდა, თუმცა არ მიუღიათ. როგორც ბელარუსული მედიის ასოციაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ოლეგ აგიევი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, ლუკაშენკოს ამ კანონის მიღება არ სჭირდება, რადგან მოქმედი კანონები უფრო მძიმეა.

ბელარუსში პოლიცია აკავებს მედიის წარმომადგენლებს
ბელარუსში პოლიცია აკავებს მედიის წარმომადგენლებს. ფოტოს ავტორი: Novy Chas

“სინამდვილეში, კანონი უცხოური დაფინანსების შესახებ ერთ-ერთი ინსტრუმენტია დამოუკიდებელი მედიის გასანადგურებლად. ასეთი კანონები იწვევს სამთავრობო პროპაგანდის დომინირებას. საზოგადოების აზრზე გავლენას მხოლოდ  რეჟიმის კონტროლის ქვეშ მყოფები ახდენენ. სხვა დანარჩენი უბრალოდ ნადგურდება მთავრობა ყველაფერს აკეთებს დამოუკიდებელი მედიის გასანადგურებლად და სამწუხაროდ, სტატისტიკა ადასტურებს, რომ ეს მას გამოსდის. ბოლო 20 წელიწადში დახურული მედიების რაოდენობა ათობითაა თუ ასობით არა,“ – გვეუბნება აგიევი. ის ახლა ლიეტუვაში ცხოვრობს.

გვიყვება იმასაც, რომ 2021 წლის შემდეგ ქვეყანა დატოვა პრაქტიკულად ყველა დამოუკიდებელმა მედიამ. გვაფრთხილებს, რომ ასეთი კანონების მიღებას ნაბიჯ-ნაბიჯ მოჰყვება უარესი საშინელებები, რაც ქვეყანას გადააქცევს ტოტალიტარულ რეჟიმს დამონებულად.

„ყველა ტოტალიტარული რეჟიმი ერთნაირად იქცევა. იწყებენ თავისუფლების პატარ-პატარა მოგუდვით და მერე აღმოჩნდება, რომ თავისუფლება აღარ არსებობს.  ესაა ის, რაც გაიარა ბელარუსიამ, რაც გაიარა რუსეთმა, რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა,“ – გვიყვება აგიევი.

p.s. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას აპირებენ ყირგიზეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბულ ნაწილში, რესპუბლიკა სრპსკაში.

კანონ-პროექტის ინიციატორი რუსული გავლენებით ცნობილი პრეზიდენტი მილორად დოდიკია. კანონს ისიც ამერიკულს უწოდებს და მიზნად არასამთავრობო სექტორის უცხო ძალად გამოცხადებას ისახავს.

ვისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არიან ყირგიზეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბული ნაწილი? და ვისი გავლენის ქვეშ ვექცევით კიდევ უფრო ღრმად ჩვენ ამ ე.წ “რუსული კანონით”? 


“რუსული კანონი” – 2024 წლის 17 აპრილის განახლება/შეჯამება

  • “ქართული ოცნება”, კვლავ ცდილობს 2023 წელს საზოგადოებრივი პროტესტით შეჩერებული კანონპროექტის მიღებას. თუმცა, სიტყვა “აგენტი” ამჯერად ჩანაცვლებულია ფრაზით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი.”
  • ახალი ფორმულირების მიუხედავად, კანონპროექტის შინაარსი ძირითადად უცვლელია. მმართველი გუნდის მიზანს კვლავ წარმოადგენს ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად წარმოჩენა და მათზე ზეწოლა.
  • 2023 წლის მარტის პროტესტებიდან ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ 2024 წლის აპრილის თვეში, ოცნებამ კანონპროექტი ხელახლა წარადგინა პარლამენტში.
  • ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხოური გრანტებით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაცია უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 25,000 ლარით დაჯარიმება ემუქრებათ.
  • ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი უკვე პირველი მოსმენით მიიღო 83 ხმით. კენჭისყრა დაძაბულობის ფონზე ჩატარდა, რასაც თან ახლდა ოპოზიციის პროტესტი და შედეგად რამდენიმე დეპუტატის დარბაზიდან გაძევება.
  • “რუსული კანონის” საბოლოო, მესამე მოსმენით მიღება დაგეგმილია 2024 წლის 17 მაისისთვის. პრეზიდენტის მდივანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს, თუმცა მმართველ გუნდს აქვს საკმარისი მანდატი ვეტოს დასაძლევად.

ამგვარად, მიუხედავად მცირედი ცვლილებებისა ტერმინოლოგიაში, არსებითი განსხვავება 2023 წლის მცდელობასთან შედარებით არ არსებობს. მმართველი გუნდი კვლავაც ცდილობს რუსული ტიპის რეპრესიული კანონის მიღებას, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისთვის.

2024 წლის მაისის თვის განახლება/შეჯამება – ქართულმა ოცნებამ “რუსული კანონი” მესამე მოსმენით მიიღო

  • 14 მაისს “ქართულმა ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო “რუსული კანონი”. როგორც აქამდე აღვნიშნეთ მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ტექსტში ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვალა ფრაზით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი”, მაგრამ ეს ვერ აქარწყლებს კანონის რუსულ შინაარსსა და მიზნებს.
  • 17 მაისს ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” “რუსულ კანონში” შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც კანონის მოქმედება ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. ფიზიკური პირი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნილ ინფორმაციას არ წარუდგენს, დაჯარიმდება 5000 ლარით. ეს შესწორება სიახლე იყო ოპოზიციისთვისაც, რადგან მანამდე კანონპროექტის ტექსტში ფიზიკურ პირებზე არაფერი იყო ნათქვამი.
  • 18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიღებულ კანონს ვეტო დაადო, რადგან ის “თავისი არსით და სულისკვეთებით რუსული კანონია” და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე ევროპულ სტანდარტებს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს კანონი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას და სრულად უნდა გაუქმდეს.
  • გამოქვეყნდა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები “რუსულ კანონზე”, სადაც ის აღნიშნავს, რომ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ევროპულ სტანდარტებს. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება.
  • 27 მაისს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 18 მაისს დადებული ვეტო “რუსულ კანონზე”. კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით მიღებული რედაქციით დაამტკიცა.
  • 2024 წლის 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და მიიღო ე.წ. “რუსული კანონი”, რომელიც ეხება უცხოეთის გავლენის აგენტების რეგულირებას. კანონის მიღება მოხდა მიუხედავად საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგობისა.
რუსული კანონი - აქცია

როდის ამოქმედდება კანონი „უცხოეთის აგენტების” შესახებ

პროცედურები ასეთია – ვეტოდაძლეული დოკუმენტი 5 დღის ვადაში ეგზავნება პრეზიდენტს, რომელსაც კიდევ 5 დღე აქვს ხელმოსაწერად. Თუმცა, სალომე ზურაბიშვილის საჯაროდ გაცხადებული პოზიციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ის კანონს ხელს არ მოაწერს.

ამ შემთხვევაში, დოკუმენტი უკან დაუბრუნდება პარლამენტს და ხუთ დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. Კანონის ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

“Რუსული კანონის” ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში მთავრობა იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შექმნის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციათა რეესტრს”. აქ რეგისტრაცია ევალება ყველა იმ მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებაა.

ეს პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოში დასრულდება. თუ კანონი ივლისის პირველ-მეორე კვირაში გამოქვეყნდა, ორგანიზაციებს რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება, დაახლოებით, ოქტომბრის დასაწყისში ექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი 25 000 ლარით დაჯარიმდებიან.

საგულისხმოა, რომ კანონში რუსეთი და რუსული დაფინანსება არსადაა ნახსენები. კანონის ინიციატორები, ანუ “ქართული ოცნების” ლიდერები კი საჯარო გამოსვლებში მხოლოდ დასავლეთს ნათლავენ “უცხოურ ძალად”.

ცნობილია, რომ 150-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია “უცხოური ძალის ინტერესების გამტართა” რეესტრში არ დარეგისტრირდება. საპარლამენტო უმრავლესობამ უკან არ დაიხია და “რუსული კანონი” მოქალაქეების წინააღმდეგობის ფონზე მაინც მიიღო. თუმცა, ამ კანონის სამიზნე ორგანიზაციები მასზე დამორჩილებას არ აპირებენ და აგრძელებენ მუშაობას, რომ ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვქონდეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოში პირველად ტარდება პროპორციული არჩევნები.

ხელისუფლების მხრიდან მუქარის, ძალადობის, ტერორისა და დაშინების მიუხედავად, მოქალაქეები თბილისსა და რეგიონის სხვა ქალაქებში პროტესტს აგრძელებენ.

იხილეთ ასევე:

კომენტარები
Total
0
Shares
Next
აბასთუმანი – ბიძინა ივანიშვილის პირადი კურორტი
ბიძინა ივანიშვილის ქონება აბასთუმანში

აბასთუმანი – ბიძინა ივანიშვილის პირადი კურორტი

აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილის პროექტად ყალიბდება - მაშინ როცა მთავრობა იქ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share