პოლიტიკური ბრძოლის არენაზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და ამომრჩეველთა დარწმუნება უმნიშვნელოვანესია. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, პოლიტიკური პარტიები, მხარდაჭერის მოსაპოვებლად, აქტიურად იყენებენ სხვადასხვა მეთოდს.
პოლიტიკური ზეგავლენის ინსტრუმენტები, მათ შორის აგიტაცია, ისტორიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა როგორც დემოკრატიული, ისე ავტორიტარული რეჟიმების სტაბილურობაში.
დღეს, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი, პოლიტიკური აგიტაცია არ კარგავს აქტუალობას და კვლავაც რჩება ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების მძლავრ იარაღად. იცვლება მხოლოდ მისი ფორმები და გავრცელების არხები, მაგრამ არსი იგივე რჩება.
რა არის აგიტაცია?
აგიტაცია არის ერთგვარი პოლიტიკური თვალსაზრისი და ადამიანთა ჯგუფებში ემოციების, განსაკუთრებით კი უკმაყოფილებისა და აღშფოთების გაღვივებას ნიშნავს. ეს ხერხი, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებისათვის, მასების მობილიზებას ისახავს მიზნად.
აგიტაციის დროს პოლიტიკური აქტორები ყურადღებას ამახვილებენ მწვავე თემაზე და ამ საკითხის ირგვლივ ადამიანების გააქტიურებას ცდილობენ. ეს მიდგომა საკმაოდ მძლავრია – კონცენტრირებულია ერთ კონკრეტულ წინააღმდეგობაზე, მაქსიმალურად ცდილობს მისი არსის გამოაშკარავებას და ხალხში ვნებათაღელვას იწვევს.
აგიტაცია ყოველდღიური, ყველასთვის ნაცნობი მაგალითების გამოყენებით მუშაობს. აგიტატორები ნაკლებად იყენებენ კომპლექსურ თეორიებს. მათ ისეთი მარტივი, პირდაპირი გზავნილები აქვთ, რომლებიც ფართო აუდიტორიისათვის ადვილად გასაგებია.
მაგალითად, რუსეთის რევოლუციის დროს ბოლშევიკები აგიტაციისთვის იყენებდნენ სლოგანს “მშვიდობა, პური და მიწა”. ეს მარტივი, მაგრამ ძლიერი გზავნილი იყო, რომელიც გლეხებისა და მუშების საბაზისო სურვილებს ასახავდა.
აგიტაცია ადამიანებს აჩვენებს, რომ პირადი პრობლემები არ არის მხოლოდ მათი, არამედ საზოგადოების ფართო ფენების საერთო გასაჭირია, რომელიც სისტემურ ცვლილებას საჭიროებს. მისი ძალა სწორედ ემოციური მუხტიდან მომდინარეობს. ის ახერხებს ადამიანების გამოფხიზლებას და იმ წინააღმდეგობების დანახვებას, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში არსებობს.

რა განსხვავებაა აგიტაციასა და პროპაგანდას შორის
აგიტაცია და პროპაგანდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთად მოიხსენიება, ორი სხვადასხვა პოლიტიკური ინსტრუმენტია.
აგიტაცია ფოკუსირდება ერთ კონკრეტულ საკითხზე და მყისიერი რეაქციის ან ემოციის გამოწვევას ცდილობს. მაგალითად, აგიტატორი შეიძლება იყენებდეს უმუშევრობის შედეგად გამოწვეულ შიმშილს და ამით მასებში სოციალური უსამართლობის მიმართ აღშფოთებას იწვევდეს.
პროპაგანდა კი უფრო ფართო და სისტემურია. ის მიზნად ისახავს ადამიანების აზროვნების ფუნდამენტურ ცვლილებას. იგი პოლიტიკური, ფილოსოფიური, ეკონომიკური, ისტორიული, სამეცნიერო და სხვა ტიპის იდეების სისტემატურ გავრცელებას გულისხმობს.
პროპაგანდა მიზნად ისახავს ადამიანების მსოფლმხედველობის შეცვლას გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ როცა აგიტაცია მიმართულია მოკლევადიან ქმედებებზე.
საინტერესოა, რომ კომუნისტური პარტიის სტრუქტურაში, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, არსებობდა სპეციალური აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელი იყო ოფიციალური ინფორმაციის შინაარსის განსაზღვრაზე, სკოლებში პოლიტიკურ განათლებაზე, მასობრივი კომუნიკაციის ყველა ფორმის ზედამხედველობასა და პარტიული პროგრამებისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებაზე.

რა ხდება მაშინ, როცა აგიტაცია და პროპაგანდა თანაარსებობს?
საბჭოთა კავშირში აგიტაცია და პროპაგანდა შერწყმული იყო და ძლიერ პოლიტიკურ იარაღადაც გამოიყენებოდა. ამას “აგიტპროპი” ეწოდებოდა.
ტერმინი “აგიტპროპი” მოდის საბჭოთა კავშირიდან, სადაც არსებობდა ოფიციალური აგიტაციისა და პროპაგანდის კომიტეტი. ამ ორგანოს ევალებოდა ყველა ოფიციალური ინფორმაციის შინაარსის განსაზღვრა, სკოლებში პოლიტიკური განათლების ზედამხედველობა, მასობრივი კომუნიკაციის ყველა ფორმაზე თვალყურის დევნება და პარტიული პროგრამებისთვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება.
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყველა ერთეულს, რესპუბლიკიდან ადგილობრივ დონემდე, ჰქონდა თავისი “აგიტპროპის” განყოფილება. ადგილობრივ დონეზე, აგიტატორები (პარტიის მიერ მომზადებული წარმომადგენლები) პარტიასა და საზოგადოებას შორის მთავარი მაკავშირებელი რგოლი იყო.
აგიტპროპის პრაქტიკული მაგალითი იყო ე.წ ,,აგიტაციური მატარებლები”. ეს იყო სპეციალური სარკინიგზო შემადგენლობები, რომლებიც დაშორებულ რეგიონებში მოგზაურობდნენ. მატარებლებზე იყვნენ მსახიობები და ხელოვანები, რომლებიც მარტივ წარმოდგენებს მართავდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას კომუნისტურ იდეებს უზიარებდნენ.

მატარებლებზე განთავსებული იყო საბეჭდი დაზგები, რომელზეც პროპაგანდისტულ პლაკატებს ბეჭდავდნენ და სოფლებში გავლისას ფანჯრებიდან ყრიდნენ – ეს იყო მასებზე ზემოქმედების უჩვეულო და ეფექტიანი მეთოდი.
“აგიტპროპის” გავლენა მნიშვნელოვნად სცდებოდა პოლიტიკას. ის ხელოვნებასა და კულტურაშიც აღწევდა. 1920-ან წლებში ევროპაში წარმოიშვა ,,აგიტპროპის თეატრი” – ძლიერად პოლიტიზებული თეატრალური ფორმა, რომელიც მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გავრცელდა.

დეზინფორმაციის როლი პოლიტიკურ აგიტაციაში
ავტორიტარულ და ტოტალიტარულ რეჟიმებში აგიტაცია ძირითად შემთხვევაში დეზინფორმაციას ეფუძნება. ეს განსაკუთრებულად ადვილია თანამედროვე სამყაროში, სადაც სოციალური მედია დომინირებს. დღეს ძალიან მარტივია დაიკარგო ყალბი დაპირებებისა და მანიპულირებული ინფორმაციის ქსელში.
აგიტატორების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება მიზანმიმართული ქმედებაა. ეს შეიძლება იყოს ყალბი ახალი ამბები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია და ემოციური მანიპულაცია, რომელიც ხალხის აზრებსა და ქმედებებზე გავლენას მოახდენს.
სოციალური მედია დეზინფორმაციის გავრცელების ძირითადი საშუალებაა, სადაც ხშირად ინფორმაცია გადამოწმების გარეშე ზიარდება. ცრუ დაპირებები, როგორიცაა რთული პრობლემების სწრაფი და მარტივი გადაწყვეტა, აგიტაციის გავრცელებული ხერხია.
საქართველოშიც არაერთხელ გვინახავს პოლიტიკური კამპანიების დროს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია — ოპონენტებზე ყალბი ბრალდებები, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები, ფოტომანიპულაციები, ცრუ სტატისტიკა და ა.შ. ყველა ხერხს ერთი მიზანი აქვს — ამომრჩევლის ნებაზე დომინირება და ნებისმიერი გზით მათი ხმების მოპოვება.
აგიტაციის გამოცდილება საქართველოში
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, პოლიტიკური აგიტაცია განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია ე.წ. “კარდაკარ” კამპანია. ამ დროს პოლიტიკოსები და პარტიის კოორდინატორები მოქალაქეებს სახლში აკითხავენ, ესაუბრებიან და მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ.
ხშირად ხდება, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს პოლიტიკური აგიტაციისთვის იყენებს. მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეები აქტიურად ერთვებიან პარტიის სასარგებლო საქმიანობაში.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვა სამუშაო საათების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. თუმცა, კანონი არ ზღუდავს მათ სამუშაო საათების შემდეგ ან შვებულების დროს მონაწილეობას.
ეს იძლევა საშუალებას, რომ საჯარო მოსამსახურეებმა, ნაკისრი პასუხისმგებლობის შემდეგ, პარტიის სასარგებლოდ განაგრძონ მუშაობა.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტიდან 10-ში მერის წარმომადგენლებმა დაადასტურეს ,,კარდაკარ” აგიტაციაში მონაწილეობა. ზოგიერთი მათგანი ამაყობდა ამ საქმიანობით. მაგალითად, ზესტაფონის მერიის წარმომადგენელმა განაცხადა “ქეც რო გვინდოდეს, ვინ გაგვაჩერებს? ერთი სამი თვე იქნება, აბსოლუტურად ყველასთან დავდივარ, ‘დაჟე’ ოპოზიციონერებთანაც.”
საჯარო მოხელეების ჩართვა პოლიტიკურ აგიტაციაში, თუნდაც არასამუშაო საათებში, პრობლემურია. როცა თემში გამგებელი პარტიულ აგიტაციას ეწევა, ამომრჩეველს უჩნდება შთაბეჭდილება, რომ საჯარო სერვისებზე წვდომა პარტიული ლოიალობით განისაზღვრება. ეს კი არათანაბარ საარჩევნო გარემოს ქმნის და დემოკრატიული პროცესების განვითარებას აფერხებს.
აგიტაცია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, არც დადებითი შინაარსის მატარებელია და არც – უარყოფითი. რეალურად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ და რა მიზნით იყენებს მას.
დემოკრატიულ საზოგადოებაში აგიტაცია შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ცვლილებების კატალიზატორი, მაგრამ ავტორიტარულ რეჟიმებში ის ხშირად მოსახლეობის კონტროლისა და მანიპულაციის იარაღად იქცევა, რომელიც ძირითადად დეზინფორმაციის გავრცელებასა და შიშის დანერგვაზეა ორიენტირებული.
მოქალაქეებს მოეთხოვებათ კრიტიკულად შეაფასონ პოლიტიკური კამპანიების დროს მიწოდებული ინფორმაცია, მაგრამ პასუხისმგებლობა ასევე ეკისრებათ პოლიტიკურ ლიდერებს, პარტიებსა და მედიას, რომელთათვისაც სიმართლე და სიზუსტე მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.