2024 წლის 7 თებერვალს, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის, მამა და მისი სამი შვილი. გარემოს დაცვის სამინისტროს ზუსტად 10 დღე დასჭირდა, რომ ეს ტრაგედიაც უხვი ნალექისთვის დაებრალებინა და მორიგ ჯერზე ეთქვა, რომ თავად ადამიანების გადასარჩენად არაფრის გაკეთება შეეძლო.
ჩვენ ოთხი თვე ვაგროვებდით მტკიცებულებებსა და ამბებს, რომლებიც მოწმობს, რომ მთავრობამ, ცენტრალურმაც და ადგილობრივმაც, ჯერ კიდევ 2019 წლიდან იცოდა, რომ ნერგეეთში მეწყერი დროდადრო აქტიურდებოდა. 2019 წელს ერთ-ერთი ნერგეეთელის ეზო ისე დაიმეწყრა, რომ ეს ფაქტი გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენშიც მოხვდა და ბაღდათის მერიამ მისი სახლი გაამაგრა კიდეც. 2017 და 2022 წლებში კიდევ ერთი ადგილობრივის ეზო შემოწმდა.
სტიქიამდე ნერგეეთში სამი დღე იწვიმა. იმ ღამით, კი, როცა სოფელმა დაიძინა, ნერგეეთის პირველი ქუჩის გორაკზე შეფენილ დასახლებაში მოულოდენლად მიწის მასა მოწყდა: მეწყერს რამდენიმე წამში შეეწირა ოთხი ოჯახი. დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის – ბავშვები. მაშველებმა რვა დაღუპული მალევე იპოვეს, ერთი კი – მოგვიანებით. დაზიანდა საავტომობილო გზა, გაზისა და წყლის მილები, ელექტროგადამცემი ხაზი.
ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას დაგვრჩა განცდა, რომ მიწის ეროზიას ყველა ხედავდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგინა და მათ გარკვევით არც ხელისუფლებიდან აუხსნა ვინმემ, რამდენად დიდი იყო საფრთხე, რომელიც ელოდათ.
ჩვენ ბაღდათის მერიაში მოვიკითხეთ, რა გააკეთეს ნერგეეთში მეწყერსაშიში ადგილების გასამაგრებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში.
პასუხად მივიღეთ ჩატარებული სამუშაოების სია, რომელშიც ნერგეეთი მხოლოდ ერთხელაა ნახსენები და წერია, რომ ნერგეეთში მცხოვრები ლუიზა ინაკავაძის დამეწყრილი სახლის ეზო 2019 წელს კედლით გაამაგრეს. ეს სამუშაოები მერიას 9 243 ლარი დაუჯდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე ატვირთული დოკუმენტებიდან კი ვიგებთ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე ინაკავაძის სახლთან მოწყობილი კედელი წაიქცა და კომპანიამ ის ხელმეორედ,საკუთარი ხარჯებით ააგო. ანუ, მერია ამ ფაქტით თავად აღიარებს, რომ იცოდა, რაც ხდებოდა მეწყრული პროცესების გამო ნერგეეთში.
რადგან ბევრ კითხვაზე უფრო ამომწურავი პასუხი გვჭირდებოდა, ბაღდათის მერიაში კომპეტენტურ პირთან პირისპირ ინტერვიუც მოვითხოვეთ, რაზეც გვითხრეს, წერილი მოგვწერეთო. Წერილში დასმულ კითხვებზე სრულყოფილი პასუხი მაინც ვერ მივიღეთ.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში გეოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მერაბ გაფრინდაშვილთან ინტერვიუ მოვითხოვეთ, რაზეც გვიპასუხეს, ვკითხავთ და თუ შესაძლებელი იქნება, ის თავად დაგიკავშირდებათო. არავინ დაგვკავშირებია.
ნერგეეთის სტიქიის ოფიციალურ მიზეზად, საბოლოოდ, უხვი ნალექი (81მმ),ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა და გასულ წლებში ტყის ჭრა დასახელდა.
დასკვნაში ჩაიწერა, რომ მეწყერს მოსახლეობამდე მისვლამდე 30-40 წამი დასჭირდა, რაც სააგენტოს განცხადებით, იმას ნიშნავს, რომ განგაშის სისტემაც, მისი არსებობის შემთხვევაში, სოფელს ამ შედეგს თავიდან ვერ ააცილებდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი გეოლოგი ლაშა სუხიშვილიც გვიდასტურებს, რომ რადგან მეწყერი მყისიერად მოწყდა, მოსახლეობის გაფრთხილება დროის ამ შეზღუდულ მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა. მაგრამ თუ სააგენტომ იცოდა, რომ ზოგადად, ადგილი საფრთხის შემცველი იყო, მას შეეძლო:
- ან ხალხი გაესახლებინათ დროულად;
- ან ადგილზე მონიტორინგის სისტემა დაემონტაჟებინათ (რომელიც მეწყრამდე მცირე გააქტიურებებს დააფიქსირებდა. თუმცა, ამის ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს);
- ან ვიზუალურ დათვალიერებას არ დასჯერებოდნენ და არეალის დეტალური კვლევა გაეკეთებინათ.
არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი ზომა ადგილობრივ თუ ცენტრალურ მთავრობას არ მიუღია. ნერგეეთში მომხდარი კი, ტრადიციულად, კვლავ ბუნებას დაბრალდა.
ვრცელი გამოძიება იხილეთ აქ:
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური
სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი "აი, ფაქტის"
პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის
ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.