fbpx

როგორ მოირგო ხარაგაულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა?

როგორ მოიგო ხარაგაულის მერიამ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

“ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო”, ხომ გაგიგიათ? ასე დაემართათ ხარაგაულის მერიაში. შესაძლებლობა მიეცათ და ხელშეკრულებებს იმასთან დებენ, ვისთანაც მოესურვებათ. მაგალითად, საკრებულოს და მერიის თანამშრომლების მამებთან, შვილებთან, სიძეებთან და მულის შვილებთანაც კი. იცით როგორ?

არსებობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლითაც მუნიციპალიტეტებს ყოველწლიურად 40-50 მილიონი ლარი ერიცხებათ. ეს თანხა სოფლების კეთილდღეობაზე იხარჯება, მაგალითადად, გზების, სკვერების, მოედნების, წისქვილების ან სანიაღვრე არხების მოწყობაზე. მერიები კი თავად წყვეტენ, ვის დაუკვეთონ ეს სამუშაოები. 

2019 წლიდან მერიების ნებასურვილზეა ისიც, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტენდერი გამოცხადდება თუ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი და უკონკურსოდ, გააფორმებენ ხელშეკრულებებს. აი აქ ჩნდება რისკი, რომ წასძლევთ სული და ხალხის ნაცვლად, ნათესავ-მეგობრების გულს მოიგებენ. ზუსტად ისე, როგორც ხარაგაულის მერია მოიქცა. 

2019-2022 წლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერიასთან და საკრებულოსთან დაახლოებულ პირებს 230 ათასი ლარის პირდაპირი ხელშეკრულებები გაუფორმა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიებს არც კონკურსი გაატარეს და არც ის ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა მსგავსი საქმის გამოცდილება. ხარაგაულის მერიამ ამ კომპანიებს სოფლებში გზების, ხიდების, წყლის სისტემების შეკეთება, სკვერების და მზის პანელების მოწყობა დაავალა. საუბარია სულ 12 გამარტივებული შესყიდვაზე. 

ჩვენი სტატიიდან გაიგებთ, ვისთვის და რატომ არის “ბნელი ღამე” სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელმაც 2019 წლიდან კორუფციის რისკი საჯარო სამსახურში გაზარდა. მოგიყვებით, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელიც ბოლო წლებში ხარაგაულის მერიასთან დაძმობილდნენ და გამოუცდელობის მიუხედავად, ათიათასობით ლარის შეკვეთებს იღებენ.

რატომ გაზარდა კორუფციის რისკი სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ?

2010 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა”. 2019 წელს პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ყოველწლიურად სოფლებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა 40 მილიონამდე გაიზარდა. აქედან თითო სოფელს 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ხვდება, იმის მიხედვით, რამდენი ადამიანი ცხოვრობს. 

მოსახლეობა იკრიბება და ერთად მსჯელობს, რაში ურჩევნიათ ამ ფულის დახარჯვა. სოფლის კრების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერია ირჩევს სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას. გამოაცხადებენ ტენდერს თუ პირდაპირ დაუდებენ ხელშეკრულებას, ეს უკვე მათ ნებასურვილზეა. 

 მუნიციპალიტეტები თვლიან რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებაა. კანონით, ასეთ შემთხვევაში გამართლებულია გამარტივებული შესყიდვის ფორმას მიმართონ. ამით მერიებს გული მიეცათ და ყოველ წელს უთანხმებენ შესყიდვების სააგენტოს, ტენდერს არ გამოვაცხადებთ, საქმე რომ არ გაჭიანურდეს და სოფლის პრობლემები დროულად მოვაგვაროთო. შესყიდვების სააგენტოსთან ამას ბოლნისის მერია ათანხმებს, ყველა მუნიციპალიტეტის სახელით. 

მერიებს არც ბაზრის კვლევა ევალებათ. კანონი ამას არ ავალდებულებთ, მხოლოდ რეკომენდაციას გასცემს და თქვენი აზრით, შეიწუხებენ თავს?

აი როგორ მოიქცა ხარაგაულის მერია. შესყიდვების სამსახურის უფროსის ზურაბ იჩქიტიძის თქმით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბაზარი არ უკვლევიათ, მაგრამ საქმე დაავალეს იმას, ვინც მერის წარმომადგენლებმა მოხსენებითი ბარათით ურჩიეს.  აი,ფაქტმა” გაარკვია, რომ Საბოლოოდ ეს ხალხი მერიაში და საკრებულოში დასაქმებულთა ნათესავები გამოდგნენ.

მერიისგან 5 ოქტომბერს ოფიციალურადაც მოვითხოვეთ, მოეწერათ, რამდენ გამარტივებულ შესყიდვაზე ჩაატარეს ბაზრის კვლევა. წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. 

კორუფციის მკვლევრები გვიხსნიან, რომ გამარტივებულ შესყიდვებს ყოველთვის ახლავს კორუფციის რისკი, რადგან არ არსებობს პრევენციის მექანიზმები, რომლის დაცვაც შემსყიდველისთვის სავალდებულო იქნებოდა. მაგალითად, ასეთია ბაზრის კვლევა. 

“ერთადერთი გზა, რომ გავიგოთ, რამდენად კომპეტენტურია კომპანია, რომელიც აირჩა, არის გავიგოთ ჩატარდა თუ არა ბაზრის კვლევა. ხშირად საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, გამოთხოვის შემთხვევაშიც ვნახულობთ, რომ რეალურად არ არსებობს ბაზრის კვლევის დოკუმენტები და შემსყიდველი ორგანიზაცია საკუთარი გამოცდილების ან სხვადასხვა პირის შეხედულების მიხედვით აფორმებს ხელშეკრულებებ,”- ამბობს IDFI-ის ანალიტიკოსი მარიამ გოგიაშვილი. 

 “მაგალითად ბაზრის კვლევა რომ იყოს სავალდებულო, ჰკითხონ რამდენიმე კომპანიას და მერე გამოაქვეყნონ – აი ამათ ვკითხეთ… ასეთი არც ვალდებულება არსებობს და არც პრაქტიკა. პროგრამის ასე გაშვებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა. 40 მლნ მისცეს მუნიციპალიტეტებს და კორუფციის პრევენციის არანაირი მექანიზმი არ მიაყოლეს. პირიქით, გაათავისუფლეს ამისგან. ფაქტობრივად, როგორც გინდათ, ისე დახარჯეთო, ვისაც გინდათ, იმას მიეცითო, ასე გამოუვიდათ და შედეგიც სახეზეა,”- გვითხრა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ კორუფციის მკვლევარმა სანდრო ქევხიშვილმა.

ხარაგაულმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019-2021 წლებში გრანტის სახით სულ 2.7 მილიონი ლარი მიიღო. პროგრამისთვის წელსაც იგივე ოდენობის თანხა გამოიყო. ამ ფულით 188 პროექტი იგეგმება. 

გამრეკელაშვილების ოჯახის ხელშეკრულებები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ კორუფციის რისკი რომ ნამდვილად გაზარდა, ამას რამდენიმე მაგალითით მოგიყვებით. დავიწყოთ კიაზო გამრეკელაშვილის ოჯახით. 

გამრეკელაშვილი 2021 წლის ოქტომბრიდან ხარაგაულის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრი და სოფელ კიცხისა და ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატია. 2006-2007 წლებში იყო დაბა ხარაგაულის გამგებელი, 2009 წლიდან კი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის რაიონულ განყოფილებას ხელმძღვანელობს

kiazo

გამრეკელაშვილის სიძეა (ქალიშვილის მეუღლე) ლაშა ჩაჩანიძე. მან, როგორც ინდ.მეწარმემ შარშან და წელს ხარაგაულის მერიისგან 86 ათასი ლარი მიიღო. ჩაჩანიძე ინდივიდუალურ მეწარმედ მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც კიაზო გამრეკელაშვილის სიძე გახდა. რეგისტრაციიდან სამ თვეში კი მერიის 32,000-ლარიანი ტენდერი მოიგო, თანაც კონკურენტის გარეშე. ამ თანხით ხარაგაულის ოთხ სოფელში გზები შეაკეთა.

მაშინ ჩაჩანიძის სიმამრი კიაზო გამრეკელაშვილი საკრებულოს დეპუტატი არ იყო, წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. ამავდროულად კი სოციალური მომსახურების სააგენტოში მუშაობდა.

წელს დეპუტატის სიძემ ხარაგაულის მერიასთან 56 ათასი ლარის სამი გამარტივებული ხელშეკრულება დადო. ამჯერად ამ ფულით მოხრეშა გზები, გაამაგრა ხიდი, მოაწყო სასაფლაო და შეაკეთა წყლის სისტემები. ჩაჩანიძემ 25 ოქტომბერს ხარაგაულის მერიის კიდევ ერთ, 11,000-ლარიან ტენდერში გაიმარჯვა. კონკურენტი არც ამჯერად ჰყოლია.

“ორი წელია მაგ საქმიანობით ვარ დაკავებული. არაფერ შუაშია ბატონი კიაზო ჩემს შრომა-საქმიანობასთან. უბრალოდ, სიძე ვარ მაგის, სხვა არაფერი,”- გვითხრა ლაშა ჩაჩანიძემ. 

საქმე ისაა, რომ როგორც თვითონ უწოდებს, ბატონი კიაზოს ოჯახის წევრობამდე, ჩაჩანიძეს არც ხარაგაულის მერიასთან უთანამშრომლია და არც სხვა საჯარო უწყებებთან. ეს დამთხვევა გვიბიძგებს ვიეჭვოთ, ხომ არ სარგებლობს ინდ.მეწარმე თავისი სიმამრის სამსახურებრივი პოზიციით.

ხარაგაულის ბიუჯეტით კიაზოს ოჯახის სხვა წევრმაც ისარგებლა. მისმა 22 წლის ვაჟმა ერეკლე გამრეკელაშვილმა 2020-21 წლებში მერასთან 82 ათასი ლარის სამი ხელშეკრულება დადო. ყველა გამარტივებული შესყიდვის ფორმით. ამ თანხით მან სოფლებში მოაწყო წყლის ჭაბურღილი, შეაკეთა გზები, ხიდები, ბოგირები და შემოღობა სკვერი.

შეიძლება სიძის მსგავსად მანაც იფიქროს, რას გადამეკიდნენ, მამაჩემი არაფერ შუაშიაო. თუმცა, კითხვებს ამჯერადაც მისი გამოუცდელობა ბადებს. მამამისის საჯარო საქმიანობამდე ერეკლე გამრეკელაშვილს მსგავსი სამუშაოები არც ხარაგაულის მერიისთვის შეუსრულებია და არც სხვა საჯარო უწყებებისთვის. გვენიშნა ისიც, რომ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულია დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კიაზო გამრეკელაშვილი მისი შვილის მინდობილი პირია.

ერეკლეს რომ დავურეკეთ გვითხრა, “თუ შემიძლია რომ არ გაგცეთ პასუხები, მაშინ ასე მოვიქცევიო”. სიტყვაძუნწი არ აღმოჩნდა კიცხში ხარაგაულის მერის წარმომადგენელი პაატა ბერაძე. სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია კიაზო გამრეკელაშვილს შვილს და სიძეს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის სამუშაოები შეესრულებინათ. პაატა ბერაძემ რეკომენდატორობა დაგვიდასტურა, მაგრამ ჩვენმა კითხვებმა მაინც გააბრაზა და გვითხრა: 

“გამოცდილებიდან გამომდინარე გავცემ რეკომენდაციებს. რა მნიშვნელობა აქვს ერეკლე გამრეკელაშვილი კიაზო გამრეკელაშვილის შვილია თუ არა? რატომ მაინცდამაინც მაგ პიროვნებით დაინტერესდით და არა სხვა ინდ.მეწარმით, ვისაც მე კიდევ ვუკეთებ ხელშეკრულებას და აკეთებენ საქმეს სოფლებში? თუ რამეს იძიებთ, სწორად მოიძიეთ და სწორად გაგცემთ პასუხებს, თორემ შემეძლო საერთოდ არ გამეცა პასუხები. ვერც ვერავინ მომთხოვდა ვერაფერს.”

იქამდე, სანამ საკრებულოს წევრი გახდებოდა, კიაზო გამრეკელაშვილს თავის სახელზე ჰქონდა კომპანია “კომპაქტმშენი”. მან 2019 წელს ხარაგაულის მერიასთან 64 ათასი ლარის ხელშეკრულებები დადო. ამ დროს გამრეკელაშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი იყო. 2021 წელს გამრეკელაშვილმა კომპანია სიძეს, ლაშა ჩაჩანიძეს გადაუფორმა. მისი თქმით, “კომპაქტმშენი” გაჩერებულია და სამეწარმეო საქმიანობა აღარ აქვს. 

ბუნებრივია, კიაზო გამრეკელაშვილთან ბევრი კითხვა გვქონდა. თუმცა, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ჩვენს ზარებს არ უპასუხა.

საკრებულოს წევრის მამის ხელშეკრულებები

ოთარ ლუსმანაშვილი ხარაგაულის საკრებულოში “ქართული ოცნების” ფრაქციის წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ცვლილება ოთარ ლურსმანაშვილის ოჯახსაც სასიკეთოდ წაადგა. გასულ წელს ხარაგაულის მერიამ 40 ათასი ლარის სამი ხელშეკრულება გაუფორმა მამამისს, ინდ.მეწარმე ვიტალი ლურსმანაშვილს. ამ თანხით მან სოფლებში შეაკეთა გზები, ხიდები და წისქვილები, მოაწყო სკვერი და აღადგინა წყლის რეზერვუარი. 

ხარაგაულის მერიის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა ეს ამბავი იცის, მაგრამ პრობლემას ვერ ხედავს. ზურაბ იჩქიტიძემ გვითხრა, ამას კანონი არ უშლის ხელს და ვერ გეტყვით არის თუ არა პრობლემა, არამგონია სოფელში საქმის გაკეთების გარდა ვინმეს სხვა ინტერესი ჰქონოდაო. 

otar

ვიტალი ლურსმანაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ იმ ნომერზე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში აქვს მითითებული, სხვა მამაკაცმა გვიპასუხა. დავურეკეთ ოთარ ლურსმანაშვილსაც. არ გაგვკვირვებია, რომ გვითხრა მამაჩემის საქმიანობასა და ჩემს თანამდებობას შორის კავშირი არ არისო. 

“მამაჩემი ამ საქმიანობას ეწეოდა წინა ხელისუფლების დროსაც, ახლაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა გავლენა უნდა მქონდეს? 2-3 წელია რაც პოლიტიკაში ვარ,”- ამბობს ოთარ ლურსმანაშვილი. საქმე ისაა, რომ ვიტალი ლურსმანაშვილი 2008 წლიდან ინდივიდუალური მეწარმეა, მაგრამ საჯარო უწყებებთან არასდროს უთანამშრომლია. მხოლოდ საკრებულოში მის შვილის გამოჩენის შემდეგ გააქტიურდა. 

ხელშეკრულება მერიის თანამშრომლის ნათესავთან

2022 წლის ივლისში  ხარაგაულის მერიამ პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა მხოლოდ 4 დღით ადრე რეგისტრირებულ ინდ.მეწარმეს. მერიამ გამოუცდელ ბაქარ რობაქიძეს ანდო მარელისში წყლის სისტემის მოწყობა და ამისთვის 23 ათასი ლარიც გადაუხადა. რობაქიძემ მერიას 400 ლარად მზის განათების პანელებიც მიჰყიდა, რომელსაც ლეღვნის ტბის საძოვარზე დაამონტაჟებენ.

ეს გამოუცდელი ინდ.მეწარმე მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ნათესავია. ბაქარს მერიასთან რეკომენდაცია მისივე თანასოფლელმა, მარელისში ხარაგაულის მერის წარმომადგენელმა გელა მაღრაძემ გაუწია. ჩვენთან ინტერვიუს დროს მაღრაძემ თქვა, რეკომენდაციების გაწევა დიდი ხანია მიღებული პრაქტიკააო.

“გამოცდილებით და პატიოსნებით ვარჩევთ. ერთი და იგივე ხალხი გვყავს და ასრულებენ კეთილსინდისიერად. [ბაქარს] კი, არ აქვს [გამოცდილება], მაგრამ ახლა დიდ იმაში იღებს მონაწილეობას და კეთილსინდისიერად ასრულებს ყველაფერს,”- გვითხრა მაღრაძემ.

თავად შემსრულებელს რომ დავურეკეთ, გვითხრა მერიას მე თვითონ მივმართე და ვუთხარი, წყლის სისტემას გავიყვანო.  თან ისიც დაგვიდასტურა, ამის გამოცდილება არასდროს მქონიაო. 

როგორც ჩანს, ხარაგაულის მერიამ საკუთარი შინაგანაწესი შეიმუშავა და რაკი კანონმაც მისცა საშუალება, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახლობლებს იმადლიერებს. ეს არ არის პირველი პრეცენდენტი, როცა ხარაგაულში ხელშეკრულებებს ახლობლებს უფორმებენ. ჩვენ ადრე იმაზეც ვწერდით, როგორ იგებდა ტენდერებს ახლანდელი მერის, კობა ლურსმანაშვილის ძმა.

“აი, ფაქტი” დააკვირდება, რას მოიმოქმედებს ხარაგაულის მერია წლის ბოლომდე, ისევ დადებენ თუ არა ხელშეკრულებებს მერიისა და საკრებულოს ახლობლებთან. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რატომ ვერ სვამენ ტყიბულში სუფთა წყალს?
tkibuli

რატომ ვერ სვამენ ტყიბულში სუფთა წყალს?

უკვე ოთხ მილიონ ლარამდეა დახარჯული იმისთვის, რომ ქალაქის მოსახლეობა გაწმენდილ

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share