fbpx
ვინ ისარგებლა განახლებული რეგიონების პროგრამით

ფასადებს მიღმა კორუფციაა: ვინ ისარგებლა „განახლებული რეგიონების“ პროგრამით?

ავტორი: შორენა ლაღაძე და მარიამ კაჭკაჭაშვილი

ტყიბულის მთავარ ქუჩაზე გარემონტებულ ფასადებს შვეიცარიას ადარებდნენ. თავიდან ხალხიც ბედნიერი იყო და ადგილობრივი მთავრობაც. მაგრამ კედლებზე აკრულმა პანელებმა წყალი მალევე გაატარა და იქ მცხოვრებთა სახლებში ნესტმაც იმატა.

“ლამაზია. ფოტოს რომ აჩვენებენ, მტერს უფსებენ თვალებსო, რომ ამბობენ, ისეა და შიგნით ასეთი სურათია. ფურთხით გაკეთებულია, ბოდიში ამ სიტყვაზე და…” – გვითხრა რეაბილიტირებული კორპუსის ერთ-ერთმა მობინადრემ, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია.

ქვეყანაში ბოლო ხანებში მიმდინარე მოვლენები და მთავრობის მხრიდან მოქალაქეებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ძალადობა ხალხს აიძულებს, მათ გარშემო არსებულ წვრილმან პრობლემებზე საუბრისაც კი ეშინოდეთ. სულ უფრო გახშირდნენ ისეთი რესპონდენტები, რომლებიც ძალიან ბანალურ პრობლემებზეც კი საუბარს გაურბიან და ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურთ. ამიტომ, ჟურნალისტები იძულებული ვართ, სტატიაში ან მათი სახელები შევცვალოთ ან ვთქვათ, რომ ანონიმურად დარჩენა სურთ. ჩვენი მიზანია პრობლემების გაშუქება, ინფორმაციის გავრცელება და არა ჩვენი რესპონდენტებისთვის რაიმე ფორმით ზიანის მიყენება.

ტყიბულში საბჭოთა დროს აშენებული კორპუსებისთვის “ახალი სიცოცხლის” მინიჭება სახელმწიფო პროგრამის, “განახლებული რეგიონების” ფარგლებში გადაწყდა. პროექტი 2021 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო. 4-წლიანი პროგრამით საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს უნდა ესარგებლა და მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის დაახლოებით 500 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.

პროგრამის მიზანი რეგიონების ურბანული  განახლებაა, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს. 

ამ სტატიაში იმერეთის მაგალითზე გიყვებით, თუ როგორ იხეირა ამ პროგრამით მთავრობასთან დაახლოებულმა კომპანიამ და როგორ შერჩა ტყიბულისა და ზესტაფონის  მოსახლეობას მხოლოდ ფასადურად ჩატარებული სამუშაო. დასავლეთ საქართველოში ამ პროგრამით 34 მუნიციპალიტეტში გაარემონტეს ინფრასტრუქტურა. ჩასატარებელი სამუშაოებისთვის 160 მლნ ლარი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოყო. ტყიბულსა და ზესტაფონში შენობების განახლება შპს “საბა კონსტრაქშენს” დაევალა. 

“განახლებული რეგიონის” პროგრამის ძირითადი განმკარგავი მუნიციპალური განვითარების ფონდია. სწორედ მგფ აცხადებდა ტენდერებს და ირჩევს სამუშაოს შემსრულებელ კომპანიასაც. 

ფონდის დაკვეთით ტყიბულში გაარემონტეს 37 შენობა: ადმინისტრაციული და საცხოვრებელი კორპუსები. პროექტის მიხედვით მრავალსართულიანი შენობები გარედან შეღებეს, ზოგი მათგანი გადახურეს, მოაპირკეთეს კიბეები, მოაწყვეს წყალსაწრეტი სისტემა, სანტექნიკა და ჰიდროიზოლაცია; ჩასვეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, კედლები თეთრი პანელებით შეფუთეს და თერმოიზოლაციისთვის ქვაბამბაც გამოიყენეს. 

სამუშაოს შპს “საბა კონსტრაქშენი” ასრულებდა და ამისთვის კომპანიამ გასამრჯელოდ  ბიუჯეტიდან 28 მილიონ ლარზე მეტიც მიიღო.

ტყიბულის კორპუსები
ტყიბულის კორპუსების შერემონტებული ფასადი

“საბა კონსტრაქშენმა” ტყიბულში საქმიანობა 2021 წელს დაიწყო და 2023 წლის ბოლოს დაასრულა. საქმეს რომ მორჩა და ფასადები გაალამაზა, პრობლემებმაც მაშინვე იჩინა თავი. ადგილობრივებს საერთო საწუხარი ჰქონდათ: კორპუსების კედლებში, გარედან შეფუთვის შემდეგ, წყალი ჟონავდა და ბინებში ავეჯსა და რემონტს აზიანებდა.

რეაბილიტირებული კორპუსები პირველად საკუთარი თვალით 2023 წლის ნოემბერში ვნახეთ. ვესაუბრეთ ამ ბინებში მცხოვრებ 17 ადამიანს. 

“მერიაში ვიყავით, განცხადებაც გვაქვს დაწერილი, ინფრასტრუქტურაშიც არის გადაგზავნილი, კომპანიის წარმომადგენლებმაც იციან, ვაგვარებთო და… ერთი შეხედვით არაფერია, რომ მოთოვს, ჩვეულებრივად წყალი დგას იატაკზე. დანა-ჩანგლები სოფელში წავიღე, სულ დაჟანგული იყო. დაიჟანგა სამზარეულოს ავეჯის ფეხებიც.

კომპანია გზავნის ხოლმე ამ “პრარაბებს”, გააჩუმეთ ხალხიო, ჯოხი ტყდება ამათზე… რით უნდა გამაჩუმონ, რითი შემაშინებენ მე აქ? თუ რაღაცას არ მოაგვარებენ, ვაპირებ, რომ ვუჩივლო…” – გვითხრა გამსახურდიას 20 ნომერში მცხოვრებმა შუახნის ქალმა, რომელსაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს. 

გასული წლის ზამთარშივე ვესაუბრეთ მუნიციპალური განვითარების ფონდს. ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა ტყიბულში შესრულებული სამუშაოს ავკარგიანობაზე. 

“პროექტის განხორციელების პროცესში კომუნიკაცია მიმდინარეობს მოსახლეობასთან, ხარვეზების არსებობის თაობაზე მოსახლეობის მხრიდან მომართვის შემთხვევაში ხდება დაუყოვნებლივი რეაგირება მათ აღმოსაფხვრელად… მოსახლეობის მხრიდან მიღებული არც ერთი მომართვა არ რჩება რეაგირების გარეშე”, – მოგვწერეს მგფ-დან. 

არადა, ხალხი მაშინაც და ახლაც სწორედ იმას ჩივის, რომ არც სამუშაოების ზედამხედველი გვპასუხობს ტელეფონზე, არც მერია რეაგირებს და არც მუნიციპალური განვითარების ფონდიო. მუნიციპალური განვითარების ფონდი სიტყვით კი ერთს ამბობს, მაგრამ საქმე აჩვენებს, რომ ტყიბულში მცხოვრებთა პრობლემები იგივეა. ერთი წლის თავზე იქ ჩასულებს ისევ იგივე ამბავი დაგვხვდა. 

ტყიბული - ერთ-ერთი კორპუსის სურათი
ტყიბულის ერთ-ერთ კორპუსში სარეცხს ქოლგის ქვეშს აშრობენ, რადგან ჭერიდან წყალი ჩადის

“კედლებზე ახალგაკრული შპალერები გაგვიფუჭდა, ეიხა. ძირს ლამინატი ეიყარა. შკაფი მთლად გაშავდა. წყალი მიდღემჩი არ ჩამოსულა აქანა და მიდღემჩი არ ყოფილა სირისტი. ლამაზად როა გაკეთებული, საერთო ჯამში უხარისხოდაა”, – გვითხრა გამსახურდიას 23 ნომერში მცხოვრებმა ოთარ კუპრაშვილმა. ამ კორპუსში, დაახლოებით, 23 ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ მიერ გამოკითხული მოსახლეობა ამბობს, რომ ამ რემონტამდე მათ ბინებში წყალი არ ჩადიოდა. დარწმუნებული არიან, რომ კორპუსი კომპანიამ ცუდად გადახურა, უკვე გაფუჭდა და წყალიც ამიტომ ჩადის. 

“განცხადება დავწერეთ ორი თვის უკან და ჯერაც არ მოსულან. არჩევნებს ელოდებოდნენ, არჩევნებმა ჩაიარა და ჯერ არაფერი ბაიბური არაა. რამდენი ქარი ამოვარდება, რიკი-რიკინი გოუდის ჟეშტებს სულ. რაღაცით ხო უნდა გაემაგრებიათ? რო არ იყო მყარი, რაღაცა ხო უნდა ექნათ იქ? ჟეშტები მაგენმა მოიტანეს და მაგენმა დააჭედეს”, – გვითხრეს 26-ე კორპუსში მაცხოვრებლებმა. აქ, დაახლოებით, 15 ოჯახი ცხოვრობს.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიხედვით, სატენდერო სამუშაოების ექსპერტიზა შპს “ინდუსტრიას” ევალებოდა. შესყიდვების გვერდზე ჩვენ საექსპერტო დასკვნა ვერ მოვიძიეთ, შესაბამისად დაზუსტებით არ ვიცით რა შეამოწმა კომპანიამ. მხოლოდ ადგილზე გამოყენებული მასალების ფასთა შესაბამისობა საბაზროსთან თუ  ისიც, რამდენად ხარისხიანად ასრულებდა სამუშაოებს “საბა ქონსტრაქშენი”. ვესაუბრეთ “ამ კომპანიის შპს “ინდუსტრიას” დირექტორს, მიხეილ ფაშიაშვილს და ვკითხეთ, შეამოწმეს თუ არა ტყიბულის კორპუსების სამუშაოების ხარისხი.

ფაშიაშვილთან სატელეფონო ინტერვიუმ სულ 2 წუთს გასტანა, გვითხრა, რომ მისმა კომპანიამ ადგილზე პრობლემები შენიშნა და ამაზე მგფ-ს შესაბამისი დოკუმენტებიც აქვსო. გვთხოვა, მეტი ინფორმაცია ფონდში მოიძიეთ, მათ უნდა გიპასუხონ ამ კითხვაზეო. ჩვენ ფონდს, რა თქმა უნდა, ეს კითხვაც გავუგზავნეთ, სხვა რამდენიმე კითხვასთან ერთად, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია. 

ტყიბულის კორპუსებში სამუშაოს შემსრულებელ კომპანიას, შპს “საბა კონსტრაქშენს” ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საგარანტიო ვადა (ანუ ის პერიოდი, როცა კომპანიას ხარვეზების გამოსწორება ევალება) 2025 წელს ეწურება. ანუ კომპანიას ჯერ კიდევ თვეები და ზოგ შემთხვევაში ერთი წელი აქვს წინ, რომ მოსახლეობას სამუშაოებით გამოწვეული პრობლემები მოუგვარონ.

კორპუსის ჭერი ტყიბულში
გარედან შერემონტებული კორპუსის ჭერი ტყიბულში

მუნიციპალური განვითარების ფონდს ამ პრობლემების შესახებ ტყიბულის მერიამაც აცნობა. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ზაზა ზოსიაშვილმა გვითხრა, რომ ადგილზე იყვნენ, შეისწავლეს პრობლემები და ინფორმაცია მგფ-საც მიაწოდეს. “დამკვეთი არის ფონდი და აღმოფხვრის [პრობლემებს] საგარანტიო პერიოდში. ეს ინფორმაცია მაქვს. ტყიბულის მუნიციპალიტეტი არაფერ შუაშია. მოსახლეობამ სიტყვიერად მომართა ჩვენს სამსახურს და მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღმოვაჩინეთ ეს პრობლემები. ხარვეზები ჰქონდა ობიექტს [დასრულებისთანავე] და საბოლოო მიღება-ჩაბარება მე არ მომსვლია ჯერ, პირადად”, – გვითხრა ზოსიაშვილმა. 

შპს “საბა კონსტრაქშენის” დირექტორს, ლევან თარგამაძეს ვკითხეთ, რა იციან ტყიბულში არსებული პრობლემების შესახებ და მოსთხოვა თუ არა მათ მგფ-მა პრობლემების გამოსწორება იმ საგარანტიო ვადაში, რომელიც დარჩენილი აქვთ. თარგამაძის პასუხებს დღემდე ველოდებით და მიღებისთანავე მასალას შესაბამისად განვაახლებთ. 

დავურეკეთ მგფ-ს და ვკითხეთ, რატომ არ ითხოვენ კომპანიისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას? რატომ ხუჭავენ თვალს დარღვევებზე და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე, რომელიც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის? 

მუნიციპალურ განვითარების ფონდში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ილონა ხვიჩიას ვესაუბრეთ. გვითხრეს, რომ ინტერვიუს ვერავისთან ჩავწერდით და შემოგვთავაზეს, რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა და ამგვარად გვიპასუხებდნენ. წერილი ფონდს 22 ნოემბერს მივწერეთ. პასუხები დღემდე არ გაუციათ. 

ტყიბულელები მგფ-თან კომპანიის მიერ დარღვევებითა და ხარვეზებით შესრულებულ სამუშაოებზე უკვე ერთი წელია ჩივიან. ამის მიუხედავად, ფონდი “საბა კონსთრაქშენისთვის” ახალი ტენდერების მიცემას აგრძელებს. მაგალითად, 2024 წლის აგვისტოში მგფ-მა ამ კომპანიას ახალი, 60-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.  

რა ვიცით შპს “საბა კონსტრაქშენზე”? 

შპს “საბა კონსტრაქშენს” 2013 წლიდან დღემდე სახელმწიფო ორგანიზაციებიდან 1.6 მილიარდი ლარის ღირებულების კონტრაქტები აქვს მიღებული. კომპანია 2012 წელს ბიძაშვილებმა, მალხაზ და სლავა შერაზადიშვილებმა სამშენებლო საქმიანობისთვის დაარსეს. 2013 წელს სახელმწიფო ტენდერებშიც დაიწყეს მონაწილეობა. 1.4 მილიონ ლარის პირველივე ტენდერი ისე მოიგო, რომ მანამდე ტენდერში მონაწილეობის გამოცდილება არ ჰქონია. სამუშაობის დამკვეთი “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” იყო, რომელმაც კომპანიას მცხეთასა და ქარელში ორი სკოლის აშენება დაავალა. სამუშაოების გამოცდილებად კომპანიამ მხოლოდ ერთი, სასტუმრო “ჯინო ველნესის” სამშენებლო სარემონტო სამუშაოები წარადგინა.    

ახლა კომპანიის მფლობელი შპს “საბა ინვესტია”, რომელსაც სლავა შერაზადიშვილი ფლობს. შერაზადიშვილი ქარელიდანაა. შიდა ქართლში მოქმედი ადგილობრივი მედია “მოზაიკა” არჩევნებამდე წერდა, რომ შერაზადიშვილი “ოცნების” ხმების მოსაზიდად ათიათასობით ლარს ხარჯავდა ქარელში. 

“ფულის დარიგების გარდა, წინასაარჩევნო პერიოდში სლავა შერაზადიშვილი აფინანსებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა მიზანი “ქართული ოცნების” სასარგებლო აგიტაცია და მოქალაქეთა მხარდაჭერის მოპოვება იყო. მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში, 13 სექტემბერს მისი დაფინანსებით ჩატარდა სოფელ ძლევიჯვარში ჭიდაობის ტურნირი, სადაც საპრიზო ფონდი 175.000 ლარი იყო. მანვე დააფინანსა ტურნირის შემდეგ გამართული “ღამის შოუს ბენდის” კონცერტიც. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე კი, “ერისიონის” და “რეზო და ბავშვების” კონცერტი ჩაატარა აგარაში. მუსიკალური ღონისძიების სავარაუდო ხარჯი 40 000 ლარია”, – წერს “მოზაიკა”. 

2
თასით ხელში ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი. ფოტო: ipn.ge

შერაზადაშვილის გარდა “საბა კონსტრაქშენთან” ირიბად დაკავშირებულია “ოცნებასთან” დაახლოებული კიდევ ერთი ბიზნესმენი – გიორგი კაპანაძე, იგივე “რიჟა”. აი, როგორ: 2013 წლიდან დღემდე “საბა კონსთრაქშენის” დირექტორია ლევან თარგამაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობდა გიორგი კაპანაძის ბიზნესს – სს “რეალ ინვესტს”.  

ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში გიგი უგულავას დაპატიმრებისას მოექცა. ის ოცნების “ოქროს მოწმე” იყო თბილისის ყოფილი მერის საქმეში. 2014 წლის ივლისში უგულავა და მისი ქვისლი სწორედ კაპანაძის ჩვენებებისა და მისი დახმარებით მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერების შედეგად აღმოჩნდნენ ციხეში.

გიორგი კაპანაძე წარმატებულ და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად იყო ცნობილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, თუმცა 2014 წელს ტელეიმედისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობასთან თანამშრომლობა იძულებასა და დაშინებაზე იყო დამყარებული.

ახლა პირდაპირი გზით, პოლიტიკური შეწირულობის სახით არც კაპანაძე სწირავს ოცნებას ფულს და არც შერაზადიშვილი. თუმცა, მედიის ცნობით, შერაზადაშვილი “ოცნებისთვის” საჭირო აქტივობებს თავად აფინანსებს. 

ამ კავშირებით შეიძლება აიხსნებოდეს ის, რომ კომპანია ხშირად უკონკურენტოდ ან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე იგებს მრავალმილიონიან ტენდერებს. 

ეს კომპანია საქმესაც უმეტესად თავდაპირველი ხელშეკრულების ვადებზე გვიან ასრულებს. მაგალითად, 7 თვით გადაავადეს ქუთაისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისთვის ორი 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა. 10 თვით დაგვიანდა ქუთაისის ცენტრალური არქივის მშენებლობაც.

იმერეთის რეგიონის გარდა, საქმე დროულად ვერც სხვა რეგიონებში დაასრულა. მაგალითად, ჩაქვის ძალოსანთა ბაზა 2022 წლის იანვარში უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა. ბათუმს უნივერსალური სპორტული კომპლექსი წესით 2019 წელს უნდა ჰქონოდა, მაგრამ ჯერაც არ გახსნილა. 

მიუხედავად ამ ხარვეზებისა, კომპანია “თეთრ სიაშია” შეყვანილი, როგორც სამუშაოების კეთილსინდისიერი შემსრულებელი. “თეთრ სიაში” მყოფი კომპანიებისთვის მოქმედებს შეღავათებიც. მაგალითად, თავისუფლდება სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების წარდგენის ვალდებულებისგან; გარკვეულ შემთხვევებში უნახევრდება ხელშეკრულების შესრულებისთვის საგარანტიო თანხის ოდენობა, თუმცა შემსყიდველს შეუძლია სრულად გაათავისუფლოს ამ ვალდებულებისგან. 

ფასადების რეაბილიტაცია ზესტაფონშიც ფასადური იყო 

“განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში მგფ-მა შენობების ფასადების რეაბილიტაცია ზესტაფონშიც გადაწყვიტა და ეს საქმეც “საბა კონსტრაქშენს’’ ანდო. აქაც, ტყიბულის მსგავსად, კომპანიამ თავად გადაწყვიტა, რა ტიპის სამუშაოები იყო ჩასატარებელი, პროექტი და ხარჯთაღრიცხვა შეადგინა და შემდეგ თავად გაარემონტა.

ის, რაც მგფ-მა კომპანიას დაავალა ე.წ. Design-Build-ის მეთოდია და რთული და დიდთანხიანი პროექტების განსახორციელებლად გამოიყენება. პასუხისმგებლობა პროექტის ხარისხზე და მშენებლობის სათანადოდ წარმართვაზე გადადის მხოლოდ ერთ პირზე, შესაბამისად პროექტში ცვლილებების შეტანა და ამის გამო სამუშაოების დროში გაწელვა აღარ ხდება. 

ტენდერი ზესტაფონის კორპუსების გალამაზებისთვის მგფ-მა 2022 წელს გამოაცხადა. ჯამში, “საბა კონსთრაქშენს’’ 4.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმეს. რახან არსად იყო ნახსენები, რამდენი კორპუსი უნდა შეეკეთებინა კომპანიას ამ ფულით, მოვიარეთ ზესტაფონი და კითხვა-კითხვით მივაკვლიეთ, რომ 6 შენობის ფასადი შეარემონტეს.

ზესტაფონი - აღმაშენებლის 7 ნომრის კორპუსი
შერემონტებული კორპუსის ფასადი ზესტაფონში, აღმაშენებლის #7.

ის კორპუსები, რომელიც ზესტაფონში “განახლებული რეგიონების” ფარგლებში შეალამაზეს, ქალაქის ცენტრალურ უბანში, აღმაშენებლის ქუჩაზეა. აღმაშენებლის პირველი ნომრის ბინა მწვანედაა შეღებილი. იქაურებმა გვითხრეს, შენობას რაღაც მასალა შემოაკრეს, მერე კი შეაფერადესო.

ტყიბულელების მსგავსად, ნესტი ზესტაფონელებსაც აწუხებთ, მაგრამ ამ პრობლემაზე დიდად არ წუხან. შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ იმითაც კმაყოფილები არიან, რაც აქვთ და არც პრობლემის გამოსწორებას ითხოვენ. 

“ნესტი არის სახლში. აქამდე არ იყო. რად უნდოდათ რო შეფუთეს? უკნიდან არის შეღებილი ახლა და ისე შეეღებათ. ისეთი კაი ფასადი იყო გაკეთებული, რას ერჩოდნენ. მოტეხეს, მიტეხეს, ფული ეიღეს. ნესტი მართლა არი. არ შრება, არაფერი არ შრება აქ. თან მზე არ უდგება ამ სახლებს. ძაან ვიტანჯები”, – გვითხრა ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩის პირველ ნომერში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია.  

განსხვავებული პრობლემა აქვთ აღმაშენებლის 5 და 7 ნომერში მცხოვრებ ადამიანებს. მათი კორპუსებიც “საბა კონსთრაქშენმა” გაარემონტა. მათ ბინებში წყალი სახურავიდან ჩადის, რადგან კომპანიას ძველი სახურავი არ შეუცვლია. მხოლოდ წინა ფასადი შეარემონტა.  

ზესტაფონი - აღმაშენებლის 13 ნომრის კორპუსი
შერემონტებული კორპუსის უკანა მხარა. ზესტაფონი, აღმაშენებლის #13

ზესტაფონში ყოფნისას ამ კორპუსებში მცხოვრები სამი ქალი ვნახეთ. თავიდან გვითხრეს, ჩვენთან ყველაფერი რიგზეაო. საუბრის ბოლოს კი გამოგვიტყდნენ, რომ წყალი მათ კორპუსშიც ჩადიოდა. “ჩემთან ჩამოდის წყალი, აგერ აქ ხანდახან”, – გვითხრა და თავისი მაღაზიის კედელზე მიგვითითა ერთ-ერთმა ქალმა. “საწვიმარის პრობლემაა, ალბათ.’’

დასრულებული სამუშაოები ზესტაფონის მერიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2023 წლის დეკემბერში ჩაიბარეს. სამუშაოებს აქაც შპს “ინდუსტრია” ზედამხედველობდა. ამ კომპანიის დირექტორს, მიხეილ ფაშიაშვილს მობილურით დავუკავშირდით, ჯერ ტყიბულის ამბავი ვკითხეთ, შემდეგ ზესტაფონის. ტყიბულის შესახებ ინფორმაცია უფრო მშვიდად გვითხრა, ზესტაფონზე კი ტონს აუწია. 

“რა გნებავთ, ვერ გავიგე. მაგათ აქვთ საგარანტიო პერიოდი 2 წელი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, საგარანტიო ვადა რომ გადის, ამ პერიოდის ბოლოს კიდევ კეთდება ობიექტის დათვალიერება, თუ რაიმე დეფექტი არის, მშენებელს ვასწორებინებთ ყველაფერს, ისე ობიექტს არ ვღებულობთ. საბოლოო მიღება-ჩაბარება ისე არ ფორმდება”, – გვითხრა ფაშიაშვილმა. 

თუმცა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზაში უკვე ატვირთულია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ადგენს სამუშაოების საბოლოო ღირებულებას და აქვე წერია ისიც, რომ სამუშაოები პროექტის მიხედვითაა შესრულებული. საგარანტიო ვადის ათვლაც მას შემდეგ იწყება ხოლმე, როცა სამუშაოები ბარდება და მიღება-ჩაბარების ოქმი შედგება. საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ კი დგება კიდევ ერთი, სულ საბოლოო მიღება-ჩაბარების ოქმი. ტყიბულისა და ზესტაფონის შემთხვევებში კი პრობლემა ისაა, რომ სამშენებლო ხარვეზების შესახებ ყველამ იცის, მერიებმაც და მუნიციპალური განვითარების ფონდმაც, მაგრამ უკვე ერთი წელია პრობლემა პრობლემად რჩება.  

ითხოვს თუ არა ხარვეზები გასწორებას მგფ? – ეს კითხვა მშენებელი კომპანიის დირექტორს, ლევან თარგამაძესაც დავუსვით. სწორედ მისი კომპანიაა ვალდებული დაშვებული შეცდომები გამოასწოროს და მოსახლეობას ზიანი აღარ ადგებოდეს. თარგამაძემ შეხვედრაზე უარი გვითხრა და კითხვები ვოთსაპში გაგვაგზავნინა, თუმცა პასუხები მისგან ამ დრომდე არ მიგვიღია.  

საგარანტიო ვადას რატომ არ იყენებენ? – ეს კითხვა არაერთხელ დავუსვით მუნიციპალური განვითარების ფონდსაც. პასუხი მათგანაც არ ისმის. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ კომპანიის ინტერესს მეტად უფრთხილდებიან (ზედმეტ ხარჯს არიდებენ), ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესს. 

EU Project Georgien logos NARROW GE
მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური
სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი "აი, ფაქტის"
პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის
ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს
.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი როლი საზოგადოებრივ საქმეში
არასამთავრობო ორგანიზაციები NGO

არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი როლი საზოგადოებრივ საქმეში

დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია აქტიური სამოქალაქო

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share