fbpx
მოუშორებელი ფაროსანა იმერეთში

მოუშორებელი ფაროსანა იმერეთში, მთავრობის 8-წლიანი უშედეგო ბრძოლა  

ავტორები: თამუნა ქიმაძე და მარიამ კაჭკაჭაშვილი 

“ვთესავთ, მაგრამ არაფერი მოდის. ფაროსანა ყველაფერს აფუჭებს. 100 ძირი თხილი მაქვს, მაგრამ 100 კილო არ ამიღია ზედ. ლობიოს პარკში ხოა 10 მარცვალი, იქიდან ორი არის კარგი, დანარჩენი გაფუჭებულია… სიმინდი? იმას ქუჩუჩოში მოგლიჯავს და სიმინიც არა გვაქვს”, – გვითხრა თინა ჯიხვაშვილმა, ჭიათურის სოფელ ჯოყოეთიდან.

იმერეთის მოსახლეობას აზიური ფაროსანასგან გამოწვეული ზიანი იმისთვის მოვაყოლეთ, რომ გაგვეგო, რა შედეგი მოიტანა ამ მავნებელთან ბრძოლამ რვა წლის თავზე. 

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის და 35 სოფლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურებს გადამტერებული ეს მწერი არათუ არ გამქრალა, უმრავლესობის აზრით, არც კი შემცირებულა. 

არადა, 2017 წლიდან დღემდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლას სახელმწიფო ბიუჯეტის 180 მილიონი ლარი დაახარჯა. 

ფაროსანები ხაფანგში - სოფელი დიხაშხო
ფაროსანები ხაფანგში, ვანის სოფელი დიხაშხო, ფოტო: 2024 წლის 12 დეკემბერი

“წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება დასასრულს მიუახლოვდა და წლევანდელი წელი გარდამტეხია,” – ამბობდა ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე 2019 წლის აგვისტოში, როცა ზუგდიდში თხილის ფერმერებს შეხვდა. ამ განცხადებიდან 5 წელი გავიდა, ფაროსანა, იგივე ბაღლინჯო კი გლეხების თავისტკივილად რჩება.

ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება გიყვებათ, რა ზომებს (არ)მიმართა მთავრობამ მავნებლის გასანადგურებლად; რატომ ვერ ივარგა მათ მიერ შერჩეულმა ბრძოლის მეთოდებმა, რომელიც მილიონები დაგვიჯდა; რა (არ) გააკეთა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსახლეობის ინფორმირებისთვის და რატომ იწუნებენ სპეციალისტები იმ კვლევებს, რომელიც ფაროსანას რაოდენობის თუ ზიანის შესაფასებლად ჩატარდა. 

აზიური ფაროსანა, როგორც სოფლის მეურნეობის ჭირი – რას ჰყვებიან იმერელი გლეხები?

“ზევით ერთი ჰექტარი მიწა მაქ, ხოდა, მთელი სიმინდი მუხლებში დამტვრეულია, ჭიანია, მატლიანია, ნახევარი მოსავალი ვერ ავიღე, თხილი ‘ვაფშე’ დავტიე”, – გვითხრეს ვანში, ვინაობის გამხელის გარეშე. ასე, ნაშრომ-ნაწვალები მოსავალი უფუჭდებათ იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. პრობლემა რვა წლის წინ გაჩნდა და დღემდე მოუგვარებელია.

აზიური ფაროსანა საკმაოდ დიდი, ორ სანტიმეტრამდე ზომის მწერია, რომელიც 300-ზე მეტი მცენარით იკვებება და დღეში, დაახლოებით, 30 კილომეტრს დაფრინავს. ძირითადად, ეტანება ბოსტნეულს, თესლოვან და კურკოვან ხეხილს. ყველაზე მეტად, ერჩის თხილს, მზესუმზირას, სიმინდს, ვაშლს, ატამს, მსხალს… ბაღლინჯო განსაკუთრებით საშიში ხდება გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ზამთარში კი ხის ფუღუროებში, ბუჩქნარში, შენობებში ან საცხოვრებელ სახლებში სძინავს. მის მომრავლებას “აფეთქებას” უწოდებენ და ამ დროს მოსავლის 70%-ის დაზიანება შეუძლია. 

ფაროსანას სამშობლო ჩინეთი, კორეა და იაპონიაა. პირველად გამოჩნდა 2001 წელს, ევროპაში გავრცელება კი 2004 წელს, ლიხტენშტაინიდან დაიწყო. საქართველოში ამ მავნებელმა 2016 წელს მოაღწია – მასიურად მოედო ჯერ დასავლეთ, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებს. 

ბაღლინჯო ფაროსანა
აზიური ბაღლინჯო, ე.წ ფაროსანა

ამ მავნე მწერთან ბრძოლა და სოფლის მეურნეობაზე ზიანის შემცირება, ძირითადად, ევალება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კონკრეტულად, სურსათის ეროვნულ სააგენტოს. ისინი ფაროსანას გასანადგურებლად, ყოველწლიურად, მილიონობით ლარს ხარჯავენ. 

„…მინიმუმამდე არის შემცირებული ის ზარალი, რაც უნდა მიეყენებინა ფერმერებისთვის ამ მავნე მწერებს“, – სიამაყით თქვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ 2024 წლის 2 ოქტომბერს. 

ამ ფონზე, სრულიად საპირისპიროს ვისმენთ იმერეთის მოსახლეობისგან, რომელიც ფაროსანას ვერაფერს უხერხებს და ყოველწლიურ მოსავალს ისევ ზარალობს. ყველაზე ხშირად, თხილის გაფუჭებას უჩივიან. აწუხებთ ის, რომ მოსავალი არც სახლისთვის რჩებათ და არც გასაყიდად.  ჭიათურის, წყალტუბოს, თერჯოლის, ტყიბულის, ვანის და საჩხერის სოფლებში გვიყვებიან:

“ფასი რომ ქონდა თხილს, მაშინ გავაშენე აქეთაც და იქითაც. მის მერე აღარ ამიღია რამე, ფაროსანა რო შემევიდა. ყველაფერი უხარისხოა. კარალიოკი მაქვს აგერ და არაფერი, უნაყოფოა. მსხალი მაქვს ეგერ, იმასაც აფუჭებს”, – გვეუბნება წყალტუბოს სოფელ სორმონის მკვიდრი ტარიელ შანიძე. 

“500 ძირი თხილი მაქვს და 10 კილოს ვერ ვინახავ სახლიზა. ხილი? ხილი რას შვება იცი, სადაც უკბენს, მაგრდება, ვერ შეჭამ მერე იმას, ქვასავით ხდება”, – ისევ წყალტუბო, სოფელი ყუმისთავი.  სახელის და გვარის გამხელა არც ამ შემთხვევაში ისურვეს. 

იმერეთის სოფლებში მცენარეებში ჩაბუდებული ფაროსანა ვერ გადავიღეთ, რადგან ამ სეზონზე ისინი შენობებში იზამთრებენ.

[ფაროსანები სახლში, ტყიბულის სოფელი ორპირი, ფოტო: 10-11 დეკემბერი]

“არის კიარა ბებია, იმდენია, ყოველდღე ვერ ოვუდივარ. ყველაფერი გაფუჭებულია – თხილიც, ხილიც, თუ გინდა ვაშლი ეიღე, თუ გინდა კარალიოკი. ე, რამხელა მსხალი მაქვს გაფუჭებული, ძირს ყრი, დალპება, გადმოვყრით”, – თამარ მაწკეპლიძე სოფელ გელათიდან. 

“ვაშლს ვერ შეჭამ, კომში მიდღემჩი არ არის, ვენახია და ყველაფერი გაფუჭებულია. თხილზე ხო ზედმეტია საუბარი,”- გვეუბნებიან ვანში. ყველა ნახსენები ხილის გარდა, ყურძნის ზარალი გაიხსენეს თერჯოლაშიც: “შარშან, ფაროსანას გამო სულ გადავყარეთ ყურძენი”, – გულნარა ბოჭორიშვილი, სოფელი ქვედა ალისუბანი. 

ფაროსანასგან შეწუხებული მოსახლეობა ამ პრობლემაზე სოციალურ ქსელშიც ხშირად წერს.

ფაროსანასგან შეწუხებული მოსახლეობა

აზიური ბაღლინჯოს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული არც სხვა რეგიონებშია. მაგალითად, ციტრუსის მოსავალს ისევ ზარალობენ აჭარასა და გურიაში. ფერმერები 2024 წლის ნოემბერშიც წუხდნენ, რომ ბაღებში ფაროსანათი დაზიანებული მანდარინის ნაყოფები უყრიათ, რომელიც რეალიზაციისთვის უვარგისია. 

რას (არ) აკეთებს მთავრობა იმერეთში ფაროსანას დასამარცხებლად?

ფაროსანა საქართველოში 2016 წელს, სამეგრელოს რეგიონიდან გავრცელდა. მის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა კი მთავრობამ ორი წლის თავზე, ანუ 2018 წლის იანვარში დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავადაც აღიარებს, რომ პირველი ორი წელი, ფაქტობრივად, ჩაუვარდათ და გატარებული ღონისძიებების მიუხედავად მავნებლის გავრცელება ვერ შეაჩერეს.

“…პირველი წელი იყო საკმაოდ მძიმე. საკმაოდ რთული იყო 2017 წელიც…საბოლოო მიზანი არის მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, დაფასდეს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომა. ამ კუთხით, 2017 წელს, გვქონდა დიდი გარღვევა, შესაბამისად, 2018 წელი დაიგეგმა განსხვავებულად და ეს იყო გარდამტეხი წელი”, – ამბობდა სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი 2019 წლის 16 აგვისტოს ზუგდიდში, ფერმერებთან შეხვედრისას. 

მისი თქმით, მთავარი პრობლემა იყო მწირი ტექნიკური რესურსი – მხოლოდ 17 მანქანა, რომლითაც პრობლემურ ფართობებს ვერ გასწვდებოდნენ.

შემდეგ წლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო არც ტექნიკურ რესურსს უჩიოდა და არც ფინანსურს. ანუ, წესით, ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ მავნებელს ეფექტიანად გამკლავებოდნენ.

[ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მობილიზებული ტექნიკა: ტრაქტორები და ქიმიური შეწამვლის მანქანა. ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო, 2022 წელი ]

“არ შემიძლია, არ აღვნიშნო და მადლობა არ გადავუხადო ყველა სხვა დონორს, მათ შორის ევროკავშირს, რომელიც ამ წლების განმავლობაში, მხარში გვედგა და ჩვენ სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებდა ამ შესაძლებლობების შექმნის კუთხით”, – ასე ემადლიერებოდა ლევან დავითაშვილი ევროკავშირს 2019 წელს. როგორც ჩანს, მაშინ დასავლური დახმარების მიღება უცხოეთის აგენტობას არ ნიშნავდა. ევროკავშირი და მისგან დაფინანსებული ორგანიზაციები საქართველოს მტრად ოთხი წლის შემდეგ გამოაცხადეს. 

დონორების მხარდაჭერას დაემატა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები, თითქმის, ყოველწლიურად, ათობით მილიონი ლარის ოდენობით. 

ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე დახარჯული ბიუჯეტი

საბოლოოდ, მთავრობას ფაროსანას წინააღმდეგ საჭირო ფინანსების და ტექნიკის მობილიზება წარმატებით გამოუვიდა, რასაც ვერ ვიტყვით უშუალოდ მავნებელთან ბრძოლაზე.

სტრატეგია, რომლითაც მთავრობა აზიურ ფაროსანას ებრძვის, 2016-2017 წლებში შემუშავდა და სამი მიმართულება აქვს – საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგი და ქიმიური ღონისძიებები, ანუ ხე-მცენარეების შეწამვლა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაროსანასთან ბრძოლა ეფექტიანი იქნება, თუ ამაზე მხოლოდ სახელმწიფო კიარა, საზოგადოებაც იზრუნებს. 

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაზიანებულ სიმინდს ათვალიერებს ფოტო: reginfo.ge, 2018 წელი

2018 წლის განკარგულების მიხედვით, სახელმწიფო მოვალეა: ქიმიურად, ბიფენტრინის პრეპარატით შეწამლოს ხე-მცენარეები, როგორც დასახლებულ პუნქტებში, ისე კერძო სავარგულებსა და ტყეებში. ნივთიერება უნდა გაასხურონ მანქანით, ტრაქტორით ან მსუბუქი ავიაციით; იზრუნოს მოსახლეობის დროულ და სრულ ინფორმირებულობაზე. ასევე, გასცეს რეკომენდაციები, როგორ ებრძოლონ ფაროსანას სახლის პირობებში; უნდა აწარმოოს მონიტორინგი ფაროსანას რაოდენობის, გავრცელების არეალის და გადაადგილების მარშრუტის დასადგენად; ჩაატაროს სამეცნიერო კვლევები ფაროსანას ბიოლოგიის და მისი ბუნებრივი მტრების გამოსავლენად. 

თავის მხრივ, საზოგადოება მოვალეა: გაითვალისწინოს სახელმწიფოს რეკომენდაციები, ცხელი ხაზის საშუალებით მიაწოდოს მათ ინფორმაცია ფაროსანას გამოჩენაზე თუ “აფეთქებებზე”, დროულად ჩაატაროს აგროტექნიკური სამუშაოები სავარგულებში: ნიადაგის დამუშავება, თესვა, რწყვა, სხვლა, შეწამვლა და ასე შემდეგ. 

2018 წელს საქართველოს მთავრობა ვარაუდობდა, რომ თუ ამ სტრატეგიას ზედმიწევნით გაჰყვებოდნენ, მინიმიზირებული იქნებოდა ზიანი სასოფლო-სამეურნეო და სატყეო კულტურებზე, პარკებზე, სკვერებსა და ურბანულ დასახლებებზე. 

იმერეთის მაგალითზე გიყვებით, რა ხდება სტრატეგიის შექმნიდან რვა წლის თავზე:

  • საინფორმაციო კამპანიამ არ იმუშავა – მოსახლეობა ვერ ერკვევა, როგორ ებრძოლოს მავნებელს სახლის პირობებში;
  • 35 სოფელში ბაღლინჯო არ მოისპო, უმრავლესობაში – არც შემცირდა;
  • მოსავალი ისევ ზიანდება – ფაროსანა აფუჭებს თხილს, ხეხილს და მარცვლოვან კულტურებს;
  • ზოგიერთ სოფელში, ქიმიურმა ღონისძიებებმა ფაროსანას ნაცვლად სასარგებლო მწერები გააქრო;
  • შემწამლავი მანქანა მხოლოდ ძირითად გზაზე დადის, რის გამოც წამალი ეზოებში, ბოსტნებში, ყანებსა და სავარგულებში ვერ ხვდება. 

არაინფორმირებული გლეხები პარაზიტის წინააღმდეგ – “დევინახავ, ჩამოვაგდებ და ვკლავ, მეტი არაფერი ვიცი”

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გვითხრა, რომ შეიმუშავეს საინფორმაციო კამპანია „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, გაავრცელეს საინფორმაციო ბუკლეტები და სარეკომენდაციო ვიდეორგოლები, ცენტრალურ და რეგიონულ მედიაში მოამზადეს გადაცემები და სიუჟეტები, შექმნეს სპეციალური ფეისბუქ გვერდი “STOP ფაროსანა“ და საიტი – farosana.ge, აამოქმედეს ცხელი ხაზი და არაერთხელ შეხვდნენ მეთხილეებს და მეფუტკრეებს. 

[სტატიის განახლება] “მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით შედგა 43 შეხვედრა, რომელსაც დაესწრო 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის იმერეთის რეგიონში ჩატარდა 13 შეხვედრა, რომელსაც დაესწრო 200-მდე ადამიანი. რაც შეეხება დამსწრეთა სიას, აღნიშნული შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და არ გაიცემა”, – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან 2024 წლის 24 დეკემბერს.

სპეციალისტების შეხვედრა მეფუტკრე ფერმერებთან
2019 წლის 25 მაისი , ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები ხვდებიან მეფუტკრე ფერმერებს, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეებთან ერთად. ფოტო: STOP ფაროსანას გვერდი

იმავე წერილით გვითხრეს, “თითოეულ ზარზე ხდება რეაგირება, ადგილზე გასვლა და იგეგმება შესაბამისი ღონისძიებები. რეაგირება ხდება ყველა შეტყობინებაზე. იმერეთიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, შემოდის 250 შეტყობინება”.

ამ ფონზე, იმერეთის 6 მუნიციპალიტეტის 24 სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ არ იციან როგორ ებრძოლონ მავნებელ მწერს. გვიყვებიან, რომ ეს მათთვის არავის უსწავლებია, სატელევიზიო რეკლამები კი უნახავთ, მაგრამ დიდად არც ის გამოადგათ. ვერც საინფორმაციო შეხვედრებს იხსენებენ. 

“არავის უთქვამს, სახლის პირობებში როგორ უნდა ვებრძოლოთ. ერთადერთი, ადრე იყო ხოლმე რეკლამა პირველ არხზე, რაღაცა საინფორმაციო… მაგრამ იქედან ეხლა რაიმეს ვაკეთებდით-თქო, არა. რეკლამის შინაარსიც აღარ მახსოვს. სახლის პირობებში, ბადეები გვაქვს, რასაც ვნახულობთ, ქაღალდში ვახვევთ და ვწვავთ. ვიცით, რომ ძაან სწრაფად მრავლდება და დაწვა არის ერთადერთი გამოსავალი. ვინმეს არ უსწავლებია ეს, ჩვენით…”, – გვითხრა საჩხერის სოფელ კავათაში მცხოვრებმა ირინა ჟორჟოლიანმა.

როგორც ჩანს, იმავე მეთოდს მიმართავენ თერჯოლაშიც. იქაც, თავისით, თვითნასწავლად. “არავინ არ ყოფილა, კაციშვილი. ჩემი ძალებით რასაც ვახერხებ, პლასტმასის ბოთლში ჩავყრი და ვწვავ მერე. რა ვქნა, აბა?” – ამბობს გულნარა ბოჭორიშვილი, თერჯოლის სოფელ ქვედა ალისუბნიდან. 

სახლის პირობებში მავნებელთან გამკლავების ხერხი, ახსნილია STOP ფაროსანას ფეისბუქ გვერდზე
სახლის პირობებში მავნებელთან გამკლავების ხერხი, ახსნილია STOP ფაროსანას ფეისბუქ გვერდზე

ბაღლინჯოს სახელდახელოდ დამზადებული ხაფანგებით უმკლავდებიან წყალტუბოსა და ვანის სოფლებშიც:

“ჩემით თუ მოვკლავ ადგილობრივად, ან გარეთ თუ გავაგდებ, სხვანაირად ვერაფრით… სხვა ინფორმაცია არ გვაქვს”, – მარინა კუპატაძე წყალტუბოს სოფელ გვიშტიბიდან.

“სახლში თუ გავუშვებ რაღაცა ბუზის “დიხლოფოსი” როა და მერე ვიხრჩობით ჩვენც. არაფერი არ ვიცი სხვა, რა უნდა ვიცოდე შვილო, არი რამე?”, – ჩვენგან ელოდა პასუხს ვანის სოფელ ქვედა გორაში მცხოვრები ლალი ქურციკიძე. 

ინფორმაციის მისაღებად ისინი არც საიტს იყენებენ და არც “STOP ფაროსანა” ფეისბუქ გვერდს. იმერეთის 13 სოფელში ვერ ვიპოვეთ ერთი ადამიანიც კი, ვინც იტყოდა, რომ აღნიშნული ფეისბუქ გვერდი ან საიტი farosana.ge გაუგია და გამოსდგომია. 

ეს ფეისბუქ გვერდი 2018 წლის მარტში შეიქმნა და დღემდე მხოლოდ 3 500 მიმდევარი ჰყავს. საიტზე farosana.ge არის სპეციალური ინტერაქტიული რუკა, რომელზეც დატანილია მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი რეგიონების, ქალაქების თუ სოფლების მიხედვით. ფაროსანას რიცხვს ადგენენ “მოიზიდე და გაანადგურე” სადგურებით, სადაც დამონტაჟებული აქვთ წებოვანი ხაფანგი.

ფაროსანასთან ბრძოლა - რუკა

ეს რუკა ბოლოს 2023 წლის 30 მარტს განაახლეს, ანუ წელიწადნახევრის წინ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მთავრობას მავნებელთან ბრძოლა და მონიტორინგი აღარ სჭირდება. სინამდვილეში, ეს მწერი იმერეთში ისევ ბუდობს და მოსახლეობას ისევ აზარალებს. 

[სტატიის განახლება] სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წლის 24 დეკემბერს გვითხრა, რომ ვებგვერდის ახალ პლატფორმაზე ჯერ კიდევ მუშაობენ და ამ ეტაპზე მონაცემები თავმოყრილი აქვთ მართვის ცენტრში არსებულ რუკებზე.

უკონტროლო შესხურება – წამალი პრობლემურ არეალებში არ ხვდება 

“აქანა მოვა მანქანა, ჩვენ ყანები გვაქ იქ, გეიფშვიტინებს აქანა და რას აკეთებს, არ ვიცით”, – გვითხრა ჭიათურის სოფელ ჯოყოეთის მკვიდრმა თინა ჯიხვაშვილმა, თავის იმერულ დიალექტზე. აღმოჩნდა, რომ იგივეს უჩივიან სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებშიც. 

“ქიმიური დამუშავებისთვის გამოყენებული იქნება სამანქანო-სატრაქტორო შემასხურებელი საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში – დაუსახლებელ, არასაკარმიდამო ტერიტორიებზე სპეციალიზებული ტექნიკა და მსუბუქი საავიაციო ტექნიკა…”- ვკითხულობთ მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის განკარგულებაში, რომელშიც ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებია გაწერილი. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017-2023 წლებში პესტიციდებით მუშავდებოდა, ყოველწლიურად, ასეულობით ათასი ჰექტარი ტერიტორია, მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, საქმე ისაა, სად შეასხურეს ეს ნივთიერება. 

სურსათის-ეროვნული-სააგენტოს-ქიმიურად-დამუშავებული-ტერიტორია-ფაროსანასთვის

იმერეთის სოფლებში სიტუაციის შესწავლით ირკვევა, რომ მცენარეების და მოსავლის გადასარჩენად სპეციალურ წამალს, ხშირ შემთხვევაში, ზედაპირულად, ქუჩიდან აფრქვევენ. შედეგად, მიუხედავი რჩება ვენახები, ყანები, თხილის პლანტაციები, ბოსტნები, სადაც ფაროსანას გავრცელების ძირითადი არეალია. მოსახლეობის აღწერით, “მანქანები ჩიხებში არ შედიან”, “ცენტრალურ გზაზე გეივლიან და მორჩა”. 

“იმ ტრასაზე რომ ჩამეივლი, ე, ფართობი იქიდან 3 კმ-შია და მივა იქამდე? არ შედიან შიგნით. უნდა გეიარო, სადამდეც მიუდგება გზა, უნდა შეხვიდო და მოხვდება ეფექტურად მაშინ უფრო. შენ რო ამ ტრასაზე ჩამეივლი, მევიდა სუნი და ორ წუთში კი გეიფანტა. ეგ სად ჩავა კილომეტრში იქით? მე ყანები და ვენახი ქვეით მაქ”, – ამბობს რამაზ სოფრომაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩიხორიდან. იმავეს გვეუბნებიან ჭიათურის სოფლებშიც. 

თერმული ნიშნით დამუშავების ტექნოლოგია
2019 წლის 27 ივლისი, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავება. ფოტო: “STOP ფაროსანა”

“მანქანამ უბანში კი არ უნდა იაროს. შემოდგომის პირას, მწერი, ძირითადად, ყანებშია და მერე მოყვება მოსავალს სახლში. გზა კაია ყანებისკენ, ავიდეს მანქანა და მოსპობენ ფაროსანას,” –  გვაჩვენა უბნის მთავარი გზა სოფელ ნავარძეთის მკვიდრმა, სახელის და გვარის გამხელის გარეშე. 

“სოფელში კი დადიან და უბანში არც ამოდის ეს მანქანა, არადა ერთი 40 ოჯახი იქნება აქ. გზის გამო არ მოდიან ალბათ, აპა… ისეთი მანქანები დადიან, იმათ წესით არ უნდა გაუჭირდეთ, “ – ამბობს ტარიელ კუპატაძე, რომელიც სოფელ დიდ კაცხში, ე.წ ცივკუთხის უბანში ცხოვრობს. 

“ჩემი ქუჩიდან მეორე ქუჩამდე ღელე ჩადის და იმ ღელეში ვერაფრით ვერ აღწევს მაგი, რასაც მაგენი აკეთებენ. შანსი არ არის. მაგას თუ მოწამლავენ ზევიდან, ან დრონებით, ან რაღაცით და ხალხს გააფრთხილებენ, დააკეტინებენ. მარა რო დაკეტავ და შიგნით დარჩება, გააღებ, გავა გარეთ და ისევე გამრავლდება”, – ბრაზით გვეუბნება ლალი ქურციკიძე, რომელიც ვანის სოფელ ქვედა გორაში ცხოვრობს. 

როგორ ასრულებს ფაროსანასთან ბრძოლაში დაკისრებულ ფუნქციებს ადგილობრივი თვითმმართველობები

ქვეყანაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” მთავრობის განკარგულებებიდან ვიგებთ, რომ ფაროსანას საწინააღმდეგო სამუშაოებში მონაწილეობას უნდა იღებდეს როგორც სხვადასხვა სამინისტრო და პარლამენტი, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობები. 

“პროგრამაში ჩართული სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი თვითმმართველობები, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს…”მთავრობის განკარგულება, მუხლი – 1.1, სახელმწიფოს როლი. 

[სტატიის განახლება] ადგილობრივი მთავრობების ჩართულობის მნიშვნელობა სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც დაგვიდასტურა. 24 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში გვითხრეს, რომ მუშაობენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინირებულად, “რაც გულისხმობს მათი წარმომადგენლების ჩართულობას ღონისძიებების ყველა ეტაპზე -დაგეგმვა, მონიტორინგი, შეწამვლა, მოსახლეობის ინფორმირება.”

აქედან გამომდინარე, იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში მოვიკითხეთ, რა ზომები გაატარეს მავნებლის გასაქრობად ან შესამცირებლად; რა თანხები და ტექნიკური რესურსი დახარჯეს ამაში და მათი დაკვირვებით, იკლო თუ იმატა მავნებლის რიცხვმა ბოლო წლებში. ვთხოვეთ, რომ გამოეგზავნათ დოკუმენტებიც, საიდანაც ფაროსანასთან ბრძოლის პროგრესს ან რეგრესს დავინახავდით. 

ჯერჯერობით, [სტატიის გამოქვეყნებამდე] მხოლოდ სამმა მუნიციპალიტეტმა გვიპასუხა. თუმცა, ესეც საკმარისია იმის სათქმელად, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო კრიზისს არათანმიმდევრულად და ქაოსურად მართავს. ფაროსანასთან ბრძოლას ზოგ მუნიციპალიტეტს ავალებს, ზოგს – არა. მაგალითად, ჭიათურის მერია ამ საქმეში საერთოდ არ გარეულა, ბაღდათის და ტყიბულის მერიაში კი ამ მიზნით, სპეციალური სამუშაო ჯგუფები შეიქმნა. 

“…თქვენს მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა”, – მოგვწერა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.

შეხვედრა ბაღდათის მერიაში
2019 წლის 27 მარტი, სამუშაო შეხვედრა ბაღდათის მერიაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან. მერის მოადგილე კახა ენუქიძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია სახნავ -სათესი სავარგულების ფართობის, მიტოვებული სახლების და მეფუტკრეების შესახებ.

“2017 წლიდან ყოველ წელს, ახალი ბრძანების საფუძველზე იქმნება აზიურ ფაროსანასთან მებრძოლი ჯგუფი (მერის პირველი მოადგილის ხელმძღვანელობით) 6 წევრის შემადგენლობით. მათი ვალდებულებაა კოორდინაცია და დახმარება გაუწიოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს. ამ ჯგუფის წევრები აღნიშნულ საქმიანობაში ანაზღაურებას არ იღებენ”, – გვითხრა ბაღდათის მერის პირველმა მოადგილემ, დავით სილაგაძემ. 

Screenshot 2024 12 13 at 15.19.03
“სქრინი” საჩხერის ფეისბუქ ჯგუფიდან

თუმცა, რა საქმეს ასრულებს ეს სამუშაო ჯგუფები ჭიათურასა და ბაღდათში, ბუნდოვანია. რატომ? მერიების საპასუხო წერილებიდან ვიგებთ, რომ არ ევალებათ, ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარუდგინონ. შესაბამისად, დოკუმენტები არც ჩვენთვის მოუწოდებიათ. ისიც გვითხრეს, ზიანმა “საგრძნობლად იკლოო”, ამის დასტურად კი მხოლოდ მოქალაქეების მომართვიანობის შემცირება მოიყვანეს. 

[სტატიის განახლება] იმერეთის კიდევ შვიდმა მუნიციპალიტეტმა სტატიის დასრულების შემდეგ გვიპასუხა.

ხონის, სამტრედიის, ვანის, თერჯოლის, წყალტუბოს, ზესტაფონის და ქუთაისის მერიებიდან არაერთგვაროვანი პასუხები გამოგვიგზავნეს.

მათგან სამმა გვითხრა, რომ ფაროსანასთან ბრძოლა მათი კომპეტენცია არ არის და სამინისტროსთან ან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან გადაგვამისამართეს. ოთხმა კი გვითხრა, მუნიციპალიტეტში სპეციალური სამუშაო ჯგუფებიც არსებობს, რომელიც მოსახლეობის ინფორმირებასა და მავნებლის შეწამვლაშიცაა ჩართულიო. ფაქტია, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი მთავრობების ჩართვა ერთიანი სტრატეგიით არ მიმდინარეობს.

კრიზისის ქაოსურ მართვაზე ისიც მიუთითებს, რომ როგორც ჩანს, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონების მიხედვით არ ახარისხებს ფაროსანასთან ბრძოლაში დახარჯულ თანხებს და ჩატარებულ სამუშაოებს. მათ ასეთი ჩაშლილი ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. გაურკვეველია, მაშინ, როგორ ადგენენ, რა შედეგი გამოიღო მათმა ბრძოლამ, მაგალითად, იმერეთში? 

[სტატიის განახლება] დეკემბერში სურსათის ეროვნულ სააგენტოში რომ დავრეკეთ და ვიკითხეთ, რატომ არ მოგვაწოდეს ცალკე იმერეთის მონაცემები, გვითხრეს, “რეგიონების მიხედვით ეგ ინფორმაცია არ გვაქვს და მაგიტომ ვერ გამოგიგზავნეთო”. ეს კითხვა სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც დავუსვით, ოფიციალურ წერილში, რომელზეც სტატიის დასრულების შემდეგ, 24 დეკემბერს გვიპასუხეს. მათი თქმით, “დამუშავებული ფართობების აღრიცხვას რეგიონების მიხედვით მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ”. დანართის სახით გამოგვიგზავნეს ექსელის ფაილებიც, რომელშიც აღწერილია წამლობების რაოდენობა, მიღებული მოსავალი 2023-2024 წლებში, მოსავლის სიდამპლე პროცენტების მიხედვით და მწერის მიერ ნაკბებების რაოდენობა. თუმცა, ამ ექსელში არსადაა მითითებული რომელი რეგიონიდან მოაგროვეს ეს მონაცემი.

იმავე წერილის პასუხში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთის შესახებ მოგვაწოდა მხოლოდ ერთი ცხრილი, რომელშიც აღწერილია 2018-2024 წლებში 12 მუნიციპალიტეტში გაწეული სამუშაოები, თუმცა რა შედეგი გამოიღო ამ შეწამვლებმა და ფერომონების განთავსებამ, რეგიონების მიხედვით აღრიცხული არ აქვთ .

არასრულყოფილი კვლევები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გვითხრა, რომ 180 მილიონი ლარიდან მავნებლის შესწავლასა და კვლევებს მოხმარდა მხოლოდ 489 000 ლარი. ამ თანხით, ჩაატარეს ცხრა კვლევა, უნივერსიტეტის კათედრების, ქართველი, იტალიელი და ამერიკელი სპეციალისტების ავტორობით. სააგენტოს ამ კვლევების დოკუმენტები ვთხოვეთ, მაგრამ სრულყოფილად არ მოგვაწოდეს. გამოგზავნილი წერილიდან ვიგებთ მხოლოდ კვლევის სათაურს, ავტორის ვინაობას, მიზნებს და შედეგებს, მოკლე შეჯამების სახით. ვრცელი დოკუმენტები ხელახლა მოვითხოვეთ, მაგრამ, ჯერჯერობით, არ უპასუხიათ. 

“მკაცრი შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მსუბუქად რომ ვთქვათ, ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ განათლება არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ამ დროს, თანხის 1% რომ მიდის განათლებაზე და კვლევაზე, ეს, რასაკვირველია არასწორია,” – ფიქრობს ენტომოლოგი [მწერების შემსწავლელი მეცნიერი] გიორგი ჯაფოშვილი.

ბმულებზე, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოგვიგზავნა, კვლევების სრულყოფილი დოკუმენტაცია არ არის. ზოგადად კი ვიგებთ იმას, რომ სააგენტოს დაკვეთით, ძირითადად, იკვლიეს, როგორ აზიანებს ფაროსანა თხილს და როგორ იცვლება მისი პოპულაცია სეზონების და ტემპერატურის მიხედვით. არადა, მავნებელი სიმინდსაც ხშირად აზიანებს. გარდა ამისა, მხოლოდ ერთ კვლევაში, გაკვრით არის ნახსენები, რომელი მწერი შეიძლება გამოდგეს ფაროსანას ბუნებრივ მტრად.

ფოთლებს შესეული ფაროსანა
სიმინდის ფოთლებს შესეული ფაროსანა, ფოტო: geoeconomics

როგორც ენტომოლოგი და აგრონომი გვიხსნის, თუ ვიპოვით, ხელოვნურად გავამრავლებთ და ფართობებში გავუშვებთ ენტომოფაგს, ანუ ისეთ მწერს, რომელიც ფაროსანათი იკვებება, მავნებლის რაოდენობა ბუნებრივად შემცირდება და მხოლოდ ქიმიური შეწამვლა არ იქნება გამოსავალი.

თუმცა, ამ დრომდე [სტატიის გამოქვეყნებამდე] ჩატარებული და ჩვენთვის გამოგზავნილი კვლევებით არ ჩანს, რომ მეცნიერულად არის დასაბუთებული, რომელი მწერი შეიძლება გამოდგეს ბუნებრივ მტრად, საქართველოს პირობებში. 

გიორგი ჯაფოშვილი აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და ენტომოლოგიის [მწერების შემსწავლელი მეცნიერება] ინსტიტუტის დირექტორია. ფაროსანას ზიანის შესახებ ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევას ის თავად ხელმძღვანელობდა, ამიტომ კარგად ესმის რა სამეცნიერო მეთოდებია საჭირო იმისთვის, რომ ამ მავნებელს ეფექტიანად ვებრძოლოთ. 

ჯაფოშვილი გვეუბნება, რომ ენტომოფაგი, ანუ ფაროსანას ბუნებრივი მტერი საქართველოში ნამდვილად არსებობს. ეს მისი მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში დაადასტურა. თუმცა, ეს საკითხი მაშინ მხოლოდ ზედაპირულად, ფრაგმენტულად შეისწავლეს და სრულყოფილი სამეცნიერო ნაშრომი დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, გადაწყვეტილი არ არის, რომელმა მწერმა უნდა შეჭამოს და გაანადგუროს ფაროსანა. 

“ჩვენი კვლევა 2022 წელს უკვე გამოქვეყნებული იყო. შესაბამისად, ენტომოფაგები იყო და არის, სხვა კოლეგასაც ჰყავდა ნაპოვნი, მაგრამ ჩემიც და მისი კვლევებიც იყო ფრაგმენტული. ამ საკითხს სრულყოფილად გამოკვლეულად ვერ ჩავთვლით, ვიდრე არ არსებობს სამეცნიერო პუბლიკაცია. სრული, ფართომასშტაბიანი კვლევა ცოტათი ძნელია, გაცილებით მეტ ცოცხალი ძალის და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. მე მგონია, რომ ფინანსური პრობლემა არ უნდა არსებობდეს. არსებობს ნების უქონლობა (მმართველი რგოლის მხრიდან) და მუშახელის ნაკლებობა. საბოლოოდ, ენტომოფაგების შესწავლა, შეიძლება ითქვას, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს. იმიტომ რომ არ არის პუბლიკაცია და ე.ი. არ არის დასრულებული”, – გვიხსნის გიორგი ჯაფოშვილი. 

სააგენტოს გამოგზავნილი მწირი დოკუმენტაციიდან იმას მაინც ვიგებთ, რომ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ჩატარდა, ძირითადად, აჭარის, სამეგრელოს, გურიის და კახეთის რეგიონებში. არადა, ფაქტია, ფაროსანა იმერეთშიც დიდ პრობლემებს ქმნის. 

გიორგი ჯაფოშვილს გავაცანით ის კვლევები, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა და მათ შესახებ ინფორმაცია გამოგვიგზავნა. ენტომოლოგი თვითონაც საქმის კურსშია, თუ რა კვლევები ჩატარდა ბაღლინჯოს გარშემო და გვიხსნის, რომ ისინი არც საკმარისია და არც ბოლომდე სარწმუნო: 

“აუცილებელი იყო გვეკვლია და დაგვედგინა, რა ტიპის, რომელ კულტურაზე და რა დროს გვაყენებდა ზარალს “ფაროსანა”. ასეთი ტიპის კვლევა ჩვენ, ფაქტობრივად, არ მოგვეპოვება. გვაქვს რაღაცა ცნობები, რომელიც შეკრიბა კონკრეტულმა ორგანოებმა, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებული ზიანის კვლევა არ გვაქვს. გააჩნია კულტურასაც, რა კულტურაზე ვლაპარაკობთ? სიმინდზე, თხილზე, მანდარინზე, ფორთოხალზე, მსხალზე, ვაშლზე თუ რაზე. ასეთი ტიპის ცალკე კვლევაც კი არ არის”.

გარდა ამისა, ენტომოლოგი წუხს იმაზე, რომ არ არის შესწავლილი, რა ზიანის მოტანა შეუძლია ქიმიურ საწამლავს სასარგებლო მწერებზე, მაგალითად, ფუტკარზე. 

სად ვეძებოთ გამოსავალი? 

ფაროსანას სრულად მოსპობა შეუძლებელია, თუმცა მისი რაოდენობის შემცირება ისე, რომ მოსახლეობა ნაკლებად დააზარალოს – შესაძლებელი. როგორ უნდა მოხდეს ეს, ამის გასარკვევად აზრი ვკითხეთ აგრონომს და ენტომოლოგს. ისინი თანხმდებიან, რომ აზიურ ბაღლინჯოს დასამარცხებლად ეფექტიანი გზებია:

  • ინტენსიური კვლევები: მავნებელთან ბრძოლის მეთოდის დასადგენად, უნდა გამოვლინდეს ბუნებრივი მტრები; სრულფასოვნად ამუშავდეს ბიოლოგიური ლაბორატორია;
  • ინფორმირებულობა: სოფლის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს კონკრეტული ცოდნა და ინსტრუმენტები, რომ მავნებელს საკუთარი ძალებითაც გაუმკლავდნენ;
  • კომბინირებულად, ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა: ქიმიური შეწამვლა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენონ, რათა არ დაზიანდეს გარემო და ბუნებისთვის სასარგებლო მწერები;
  • სპეციალისტების მომზადება: ახალი თაობის ჩართვა აგრარული სფეროს განვითარებაში, მათი დატრენინგება და თანამედროვე ცოდნით აღჭურვა.

“კომბინაციაში უნდა იყოს გამოყენებული სამი სხვადასხვა მეთოდი: თუ საჭიროა ფიზიკურად უნდა გავანადგუროთ. თუ ვხედავთ, რომ კონკრეტულ წერტილზე პოპულაცია ძალიან გაიზარდა, იქ უკვე პრევენციულად ქიმიური ღონისძიებებიც შეიძლება ჩატარდეს. თუ ვხედავთ, რომ ბიოლოგიური მეთოდით შეგვიძლია გამკლავება, ანუ ბუნებრივი მტრებით [მწერებით, რომლებიც ბაღლინჯოთი იკვებებიან], ეს ყველაზე მისაღები იქნებოდა… ვისურვებდი, რომ გამრავლდეს ადგილობრივი ბუნებრივი მტრები. როგორც ვიცი, გვაქვს სამინისტროს ლაბორატორია და ისინი ცდილობენ მათ გამრავლებას, მაგრამ საჭიროა უფრო ძლიერი გუნდის შეკვრა. ეს ლაბორატორია მინიმალური დონისაა”. 

“სააგენტო აქტიურად მუშაობს ფაროსანას წინააღმდეგ ბიოაგენტების გამოყენების საკითხზე. სამეცნიერო კვლევების ფარგლებში სააგენტოს მიერ საქართველოში გამოვლენილია 3 ბუნებრივი პარაზიტოიდი: Trissolcus grandis, Anastatus bifasciatus და Trissolcus japonicus. აღნიშნული პარაზიტოიდების იდენტიფიცირებაში დახმარება გაგვიწიეს ტურინის უნივერსიტეტის პროფესორებმა. ასევე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე შეიქმნა ბიოლაბორატორია, სადაც ტარდება
შესაბამისი კვლევები”, – მოგვწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოდან 2024 წლის 24 დეკემბერს.

როგორც ჩანს, სამინისტრომ ბუნებრივი მტრების გამოვლენაზე ზრუნვა დაიწყო, მაგრამ საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის, პარაზიტოიდები ფართობებში არ გაუშვიათ და ფაროსანას განადგურებას ისევ ქიმიური ჩარევებით ცდილობენ. 

უფრო კონკრეტულად, გაირკვა, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში დაიწყო ზრუნვა ფაროსანას მტერი ბიოაგენტების გამოვლენაზე. განკარგულების მიხედვით, ამ მიზნით, გადააიარაღეს ოზურგეთში, ადამ ბერიძის სახელობის დიაგნოსტიკური ცენტრი “ანასეული”. 

“ანასეულის” ცენტრის ფეისბუქ გვერდიდან კი ვიგებთ, რომ 2024 წლის 14 მაისს ესტუმრნენ იტალიელი ენტომოლოგები და შეაფასეს საქართველოში გამოვლენილი ფაროსანას ბუნებრივი მტრების გამოყენების პოტენციალი. გამოდის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ისევ კვლევის და ვარაუდების პროცესში არიან, მავნებლის გამოჩენიდან რვა წლის თავზე. როდის აპირებს სახელმწიფო, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად ბუნებრივი მტრები გაამრავლოს და ბუნებაში გაუშვას, ამის თქმა არ შეგვიძლია. 

“ანასეულთან” დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ მათი ოფიციალური საკონტაქტო ნომერი არ მუშაობს. ბუნებრივი მტრების შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც ვკითხეთ და თუ პასუხს გაგვცემენ, შესაბამის ინფორმაციას სტატიაში ავსახავთ. 

ენტომოლოგი გიორგი ჯაფოშვილი ქიმიურ შეწამვლას იწუნებს იმიტომ, რომ ეს მეთოდი მტერსაც ანადგურებს და სასარგებლო მწერსაც. მაგალითად, დამტვერვაში მონაწილეებს. 

“ეს დამტვერავები ხშირად ცხოვრობენ მიწაში, შემოგარენში, ბაღის პერიმეტრზე და ისინიც იღუპებიან, ქრებიან. ნაწამლი მიწასა და ნიადაგსაც აფუჭებს. ფაროსანა 200-ზე მეტი მცენარით იკვებება. თან მშვენივრად დაფრინავს და წამლობის დროს შეუძლია თავი შეაფაროს, მაგალითად, ტყეს. რაღაცა დროის შემდეგ, ისევ უკან დაბრუნდებიან და ამ წამლობას ექნება ფასი? ”, – გვეკითხება გიორგი ჯაფოშვილი. მავნებლის ბუნებრივი მტრებით განადგურებას ემხრობა აგრონომი გიორგი მახარაძეც. ის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ექსტენციის ცენტრის დირექტორია. 

ადამ ბერიძის სახელობის დიაგნოსტიკური ცენტრი “ანასეული" ოზურგეთში
ადამ ბერიძის სახელობის დიაგნოსტიკური ცენტრი “ანასეული” ოზურგეთში

“ჩვენს ბუნებაში ძალიან ცოტა ენტომოფაგია. ეს არის ჩვენი მეგობარი მწერი, რომელიც მავნებლებს ანადგურებს. ფაროსანა ყოველთვის იქნება ჩვენს ეკოსისტემაში, თუმცა იმისთვის, რომ ძალიან არ გამრავლდნენ და ფერმერებმა ზარალი არ განიცადონ, აუცილებელია შესწავლილი იყოს ენტომოფაგები. უნდა გამოვიძიოთ მათი ზემოქმედება ფაროსანაზე და მის კვერცხებზე,” – ამაში ხედავს გამოსავალს გიორგი მახარაძე. 

სპეციალისტები გვიხსნიან, რომ საერთაშორისო პრაქტიკაც ასეთია – მაგალითად, თურქეთში, ისრაელში, იტალიაში, საბერძნეთში, ჩინეთსა და ამერიკაში მხოლოდ ქიმიურ მეთოდებს კი არ მიმართავენ, ბაღლინჯოსთან კომბინირებული ბრძოლა აქვთ გაჩაღებული. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, რომელიც, ძირითადად ქიმიური პრეპარატებით ბრძოლას მოიცავს, წელს 423 ადამიანი შტატგარეშედაა დასაქმებული. მათ შრომის ანაზღაურებაზე კი 3.8 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2017-2024 წლებში თანამშრომლების ანაზღაურებაზე 30 მილიონ ლარამდეა დახარჯული. 

ფაროსანასთან-ბრძოლისთვის-დასაქმებული-შტატგარეშე-თანამშრომლების-ანაზღაურება
[სააგენტოს შტატში რიცხული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. შტატგარეშეთა სიაში კი არიან: ცხელი ხაზის ოპერატორები, ფოტოსანიტარები, შემასხურებელი ტექნიკის მძღოლები, მექანიკოსები და მართვის ცენტრის სპეციალისტები]

[სააგენტოს შტატში რიცხული თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია. შტატგარეშეთა სიაში კი არიან: ცხელი ხაზის ოპერატორები, ფოტოსანიტარები, შემასხურებელი ტექნიკის მძღოლები, მექანიკოსები და მართვის ცენტრის სპეციალისტები]

ჩვენთან საუბარში სპეციალისტები იმაზეც დარდობენ, რომ ეს სფერო კომპეტენტური ადამიანებისგან დაცლილია. განსაკუთრებით, ჭირს ახალგაზრდა მეცნიერების პოვნა. მათ გარეშე კი მავნებლებთან ბრძოლა სამომავლოდაც გართულდება. 

2019-2023 წლის განკარგულებებში სპეციალისტების გადამზადებაზე არაფერია ნათქვამი. ამ ინფორმაციას ვერც სურსათის ეროვნული სააგენტოს საიტზე ვპოულობთ. ფაროსანასთან ბრძოლაში ახალგაზრდების ჩართვაზე არც უნივერსიტეტის პროფესორებს სმენიათ რაიმე. 

“ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ სტუდენტების ჩართვა და აქტიურად გამოყენება ამ პროცესებში შეიძლებოდა. ახალგაზრდა თაობა, ვინც ახლა აგრონომიული მიმართულებით მუშაობს, უნდა გაიზარდოს, დატრენინგდნენ და ისწავლონ. გამოცდილება უნდა გაიზიარონ მოწინავე ევროპულ, აზიურ თუ ამერიკულ ქვეყნებში. კარგად აღჭურვილი, მომზადებული კადრები რომ გვყოლოდა, შეძლებდნენ ბუნებრივი მტრების გამრავლებას,” – ამბობს გიორგი ჯაფოშვილი. 

“მკვლევარი/მეცნიერი ძალიან ცოტა გვყავს. ჯგუფი უნდა იყოს მეცნიერებისგან შემდგარი, რომელიც მავნებელს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა კლიმატის პირობებში დააკვირდება. სამწუხაროდ, ეს ჯგუფი არ გვყავს. კარგი იქნება, უფრო მეტი ბიუჯეტი გამოიყოს მაგისთვის,” – გვითხრა გიორგი მახარაძემ. 

საბოლოოდ, აშკარაა, რომ სოფლის მეურნეობის მტერი აზიური ბაღლინჯო იმერეთში ისევ მრავლადაა და მოსახლეობა ზიანის შემცირებას რვა წლის თავზეც ვერ გრძნობს. მთავრობა მავნებელს კი ებრძვის, მაგრამ როგორც ჩვენი კვლევა აჩვენებს, იმერეთში მათ მცდელობას რეალური შედეგი არ მოუტანია. სტრატეგია გადასახედია, არსებობს გამოსავლის გზებიც. ახლა, ჯერი სურსათის ეროვნულ სააგენტოზეა, შეისმენს კრიტიკას და შეცვლის ბრძოლის მეთოდებს თუ გააგრძელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტიან ხარჯვას.

მასალის გამოყენების პირობები

EU Project Georgien logos NARROW GE
წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური
სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი "აი, ფაქტის"
პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის
ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს
.
კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ დატოვა ავტობანმა ხარაგაულის სოფლები გზის გარეშე?
ავტობანის გამო ხარაგაული გზის გარეშე დარჩა

როგორ დატოვა ავტობანმა ხარაგაულის სოფლები გზის გარეშე?

ხუნევის და გედსამანიის პრობლემა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share