fbpx
სოფელში მერის წარმომადგენლები

ვინ მართავს სოფელს?

იცით, ვის უნდა მიაკითხოთ, როცა სოფელში გზა გაფუჭდება, წყალი არ გექნებათ, ბავშვს ბაღში ვერ გაუშვებთ, რადგან ბაღი არ გაქვთ და ქალაქში ვერ წახვალთ, რადგან ტრანსპორტი არ დადის?

ახლა საქართველოს ყველა სოფელს ჰყავს მერის წარმომადგენელი, რომელიც, წესით, სოფლის სამსახურში უნდა იყოს. მაგრამ რადგან ისინი მერიის მიერ არიან დანიშნული, ხშირად, მმართველი პარტიის სამსახურში უფრო არიან, ვიდრე ხალხის. წინასაარჩევნოდ იმერეთის სოფლებში მერების წარმომადგენლები “ქართული ოცნების” პოლიტიკურ კამპანიაში იყვნენ ჩართული, კარდაკარ დადიოდნენ და ხალხს სხვადასხვა მეთოდით არწმუნებდნენ რომ ხმა მმართველი პარტიისთვის მიეცათ. ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაგალითია.

სწორედ ამ სტატიაზე მუშაობისას გაგვიჩნდა ინტერესი, უფრო სიღრმისეულად გამოგვეკვლია მერის წარმომადგენლების საქმიანობა, რას აკეთებენ, რამდენად ეფექტიანად და რა თანხა უჯდება ბიუჯეტს მათი შენახვა.

მოვიარეთ ხარაგაულის, ჭიათურისა და ვანის სოფლები. 60 ადამიანს ვესაუბრეთ, რომ გაგვეგო, რას აკეთებენ მერების წარმომადგენლები მათ სოფლებში.

იმერეთში 529 სოფელია. ჯამში, მერებს ამ სოფლებში 186 წარმომადგენელი ჰყავთ. ამ წარმომადგენლებს კი 278 ასისტენტი, თითოეულს ერთი ან ორი, გააჩნია, რამხელაა თემი და რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ. 2023 წელს ამ ხალხის ანაზღაურებაზე 7 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. მერის წარმომადგენლის ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 1800 ლარია, მისი ასისტენტის კი 900 ლარის ფარგლებში.

იმერეთის სოფლებში ჩასულებს მოსახლეობა მუდმივად იმაზე შემოგვჩივის, რომ არ აქვთ გზა, წყალი, ბაღი, ტრანსპორტი და ა.შ. “აი, ფაქტი” იმერეთის ამბებს 2020 წლის შემოდგომიდან აშუქებს. ამ ოთხ წელში თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს ისეთი შემთხვევა, როცა სოფლებში მერების წარმომადგენლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს, გვესაუბრებიან და პრობლემების გადაჭრას ნამდვილად ცდილობენ.

ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ იმერეთის თორმეტივე მუნიცპალიტეტის მერიას,  რომ მათი წარმომადგენლების შესრულებული საქმეების ამსახველი დოკუმენტები მოეწოდებინათ. თუმცა, არც ერთ მათგანს ეს ინფორმაცია არ მოუცია. სავარაუდოა, რომ ამგვარი ანგარიშები წერილობითი ფორმით არც არსებობს. რამდენიმე წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ანგარიშს მერს სიტყვიერად აბარებენ ხოლმე. 

კანონში “საჯარო სამსახურის შესახებ” არაა ჩანაწერი იმაზე, რამდენჯერ ან რა ტიპის ანგარიშს უნდა აბარებდეს მერის წარმომადგენელი მერიას. ამგვარი ჩანაწერი ვერც იმ ხელშეკრულების შაბლონურ ფორმაში ვიპოვეთ, რომელიც მერის წარმომადგენელსა და მერიას შორის ფორმდება.

იმერეთის სოფლებში არაერთმა ადამიანმა გვითხრა, რომ მერის წარმომადგენელი,  სურვილის შემთხვევაშიც კი, მოკლებულია შესაძლებლობას, რამე გააკეთოს სოფელში. რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ სოფლებში მერების წარმომადგენლებმა რეალურად მეტი ფუნქცია შეიძინოს და ხალხის პრობლემებიც უკეთ მოაგვარონ?

ყველა სპეციალისტს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს: დეცენტრალიზაცია და ნამდვილი თვითმმართველობა, სადაც ხალხი აირჩევს სოფლის წარმომადგენელსაც და ის მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული და არა პოლიტიკური პარტიის მიმართ. დეცენტრალიზაციამდე, ამ გადმოსახედიდან, შეიძლება შორი გზა ჩანდეს, მაგრამ თუ ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა, ეს გზა აუცილებლად გასავლელია.

ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვე გიტოვებთ.

EU Project Georgien logos NARROW GE
მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და
გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური
სამინისტროს თანადაფინანსებით. ამ მასალის შინაარსი "აი, ფაქტის"
პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის
ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს
.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სოფელში მერის წარმომადგენლები – ხალხის თუ სისტემის მსახური?
სოფელში მერის წარმომადგენლები

სოფელში მერის წარმომადგენლები – ხალხის თუ სისტემის მსახური?

რას (არ) აკეთებენ ჩვენი დაქირავებული სოფლის "გამგებლები"?

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share