გელათის ბედს იზიარებს ბაგრატის ტაძარიც, რომელშიც წყალი ჩადის. ვიზუალურ მასალაზეც კარგად ჩანს სველი კედლები. ყველა დუმს, საპატრიარქოც, სამინისტროც, ქუთაისიც.
თუმცა, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კარგად იციან, რაც ხდება ბაგრატის ტაძარში.
წლებია მედიასაშუალებები წერენ, რომ ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის. ბოლო ამბავი ამაზე, 2021 წლის იანვარში გავრცელდა.
ჩრდილო-დასავლეთი კედელი, რომელთანაც რკინის კონსტრუქციაა დამონტაჟებული, დღესაც სველია.
ამ წლის თებერვალში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტებმა დაათვალიერეს გუმბათის ყელის არეალი, მკლავების გადახურვები, კედლების შეპირისპირების მონაკვეთები, აგრეთვე, ჩრდილო-დასავლეთის კედელთან ე.წ. ლიფტის უჯრედის გადახურვა.
ამის შემდეგ, 7 თვე ისე გავიდა, რომ სააგენტოს ბაგრატისთვის არც ერთი შესყივდა გაუფორმებია. არადა, უკვე დაზუსტებით იცოდნენ, რომ წყალი ნამდვილად აზიანებდა ბაგრატის ტაძარს.
“გულდასაწყვეტია, რომ ხელისუფლება წლებია შორიდან აკვირდება ბაგრატის ტაძარში წყლის ჩადინებასა და ფასადების ზედაპირის დახავსებას, არადა უმარტივესად მოსაგვარებელია. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ აშკარა მავნებლობას აქვს ადგილი. ზოგადად, ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია არ არის ერთჯერადი პროცესი და აქტი. ასეთი მოცულობის ძეგლს პერმანენტულად ჭირდება დაკვირვება და პერიოდულად ხელის შევლება, რისი ნება და სურვილიც, როგორც ჩანს, სახელმწიფოს არ აქვს,” – გვეუბნება არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კიდევ ერთი ტენდერი სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა. ამ ტენდერის ტექნიკურ დავალებაში წერია, რომ შენობაში წყალი გუმბათის ყელის სარტყელის დონეზე ჩადის, რადგან მას საჭირო დახრის ქანობი არ აქვს. მისი დახრა გუმბათის ყელისკენაა მიმართული, რაც ინტერიერში ნალექის ინტენსიურ ჩადინებას იწვევს გუმბათის სარკმლების ქვედა ნიშნულზე.
ამჯერადაც სააგენტო იმ კომპანიას ეძებდა, რომელიც შეაფასებს არსებულ სიტუაციას და კვლევა-ფიქსაციის სამუშაოს ჩაატარებს.
გოგოთურ მისრიაშვილი გვეუბნება, რომ ამ ეტაპზე ბაგრატს ფიქსაცია და კვლევა კი არა, პირდაპირ პროფესიონალთა ჯგუფის შედგენა სჭირდება, რომელიც გადახურვის პროცესში დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებს.
სექტემბერში გამოცხადებულ ტენდერში შპს “სენსონმა” გაიმარჯვა. ამ სამუშაოსთვის სააგენტოს 33,880 ლარი აქვს გამოყოფილი. კომპანიას 6 დეკემბრამდე უნდა შეეფასებინა არსებული მდგომარეობა.
რაც შეეხება შპს “სენსონის” გამოცდილებას: 2010-2018 წლებში უმუშავიათ ურავლის აგარის სამრეკლოს, ხობის სამრეკლოს, ხინოს ნაეკლესიარისა და ასურეთში მე-19 საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტორული ღირებულების ეკლესიისა და სამი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციებზე.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ვთხოვეთ, “სენსონის” მიერ ჩატარებული კვლევები მოეწოდებინა, მაგრამ მათ პასუხი არ გამოგვიგზავნეს. არც სააგენტოს პრეს-სამსახური პასუხობს ჩვენს ზარებს.
შესყიდვების სააგენტოს ბაზაში ხელშეკრულების გარდა არაფერია ატვირთული. კომპანიის არქიტექტორ-რესტავრატორმა, შალვა ქურიძემ სატელეფონო ინტერვიუში გვითხრა, რომ სამუშაოები ვადებში ვერ დაასრულეს, რადგან ადმატებითი ლაბორატორიული კვლევები გახდა საჭირო. ქურიძის პროგნოზით, დოკუმენტაცია მზად 16 დეკემბერს იქნება.
ამის შემდეგ სააგენტომ უნდა გამოაცხადოს ახალი ტენდერი, დაიქირავოს კომპანია, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს, მერე დაიქირავოს კომპანია, რომელიც უშუალოდ წყლის ჩასვლას აღკვეთს. ამ ტემპით თუ გააგრძელა სააგენტომ ბაგრატზე “ზრუნვა,” წლები იდენს წვიმის წყალი ტაძრის კედლებზე.