fbpx
bereti 03

ხიდის და წყლის მოუგვარებელი პრობლემა ჭიათურაში

ავტორი: თამუნა ქიმაძე

უკვე მეხუთე წელია გიყვებით, რა აწუხებს იმერეთის მოსახლეობას. დავდივართ თორმეტივე მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და სოფლებში, ვუსმენთ მოსახლეობას და ვცდილობთ ადგილობრივ მთავრობას მათი პრობლემების მოგვარება შევახსენოთ. სად არ ვყოფილვართ, მაგრამ ყველაზე რთულ მდგომარეობას ჭიათურის სოფლებში ვაწყდებით. ამჯერად, მანდაეთისა და ბერეთისას ამბავს მოგიყვებით. 

ამ სოფლებს შარშან, დეკემბერში ვესტუმრეთ. დიდთოვლობის მიუხედავად ზედა ბერეთისამდე ავედით. აქ მოსახლეობას ყველაზე მეტად ორი რამ აწუხებს: უწყლობა და ავარიული ხიდი, რომელიც სოფელში მოხვედრის ერთადერთი საშუალებაა.

signal 2025 01 30 164047 007 edited
ბერეთისას ერთადერთი ხიდი, ფოტო: 2024 წლის 3 დეკემბერი

“ზაფხულში ორი თვე მაინც არ არის ხოლმე. ამ ერთ წყაროზე ვართ აქანა დამოკიდებული. ზამთარში წყალი ‘ბასეინიდან’ მოდის, თვითდინებით. ეს ძველი კომუნისტების დროინდელი წყალია და არ კმარა მერე ზაფხულობით. სარემონტოა, მილები დაწყვეტილია და შესაცვლელია… რეზერვუარი არ არის პატარა, მაგრამ ზაფხულზე წყალი რომ იკლებს, აღარ გვყოფნის. მერე დამსვენებლებით სავსეა სოფელი, მეტი ხარჯია და აღარ გვაქვს წყალი. სოფელში 200 გლეხია, მაგრამ ამ წყალზე 50 ადამიანი ვართ, დანარჩენს, ზოგს ჭა აქვს…”, – გვითხრა ბერეთისას მკვიდრმა მარიამ გრიგალაშვილმა. 

“წყალი არ არის საერთოდ, ძალიან გლახა დღეში ვართ, ეგი [წყარო] რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა, არ ვიცი. სამჯერ იყვნენ მოსულები, [მერიიდან] აზომეს, დაზომეს, ზოგმა იქიდან, ზოგმა აქიდან, მარა არაფერი გაკეთებულა”, – გვეუბნება დავით გრიგალაშვილი.

რაც შეეხება სოფლის ერთადერთ ხიდს, ის წლებია უვარგის მდგომარეობაშია და ყურადღებას არავინ აქცევს. მასზე მანქანით გადავლა დიდი დაბრკოლებაა, რადგან ორმოები აქვს და ხშირად წყალი გუბდება. ხიდზე არც ასფალტი ასხია, არც მოაჯირები აქვს… სიტუაცია მძიმდება ნალექიან ამინდში, როცა ქვეშ გამავალი მდინარე დიდდება და ხიდსაც ფარავს. 

ამ ხიდზე ზედა და ქვედა ბერეთისას 500 ოჯახია დამოკიდებული. 

“7 წლის წინ ბეტონის გზა რო გაკეთდა, იქამდე იყო ხიდის პრობლემა და დატოვეს ასე, მერე გავაკეთებთო და არავის გაუკეთებია… დიდი წყალი რომ მოდის, მაგ ხიდზე გადმოდის, მაგაზე გასვლა-გამოსვლა აღარ შეიძლება. რას ვშვებით და ვართ მოწყვეტილი ყველაფერს… რამდენიმე წელია გვპირდებიან, გავაკეთებთო, მარა გამკეთებელი არავინ არაა. ეს მოსაცდელიც რომ არის, ჩვენი სახსრებითაა გაკეთებული”, – გვითხრა დიჟონი გრიგალაშვილმა, ზედა ბერეთისადან. 

ხიდი
ბერეთისას ხიდი, ფოტო: 2024 წლის 3 დეკემბერი

წესით, ამ ამბის საქმის კურსში უნდა იყოს სოფელში მერის წარმომადგენელი, იგივე ‘გამგებელი’. ბერეთისა ნიგოზეთის თემს ეკუთვნის, აქ კი ჭიათურის მერიას გელა ტაბატაძე წარმოადგენს. მას ტელეფონით დავურეკეთ და ვკითხეთ, როდის ეღირსებათ ბერეთისას მცხოვრებლებს წყალი და ხიდი. მისი საუბრით თუ ვიმსჯელებთ, უწყლობას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამს. ასე გვითხრა, ზაფხულობით, “დაჩნიკები” რომ ჩამოდიან, მიშვებული აქვთ წყალი და მაშინ იქმნება ცოტა პრობლემაო. აი, ხიდი რომ გასაკეთებელია, ეს არ უარყო, მაგრამ როდის გაკეთდება, ზუსტად ვერ ამბობს. 

“კი ბატონო, ეს პრობლემა [ხიდი] ნამდვილად არის. მაგ პრობლემის გადაწყვეტა მე მართლა არ შემიძლია. ხიდები ცოტა ძვირფასოვანი რაღაცა არის, ეგ ბატონმა გივიმ [ქალაქის მერი] უნდა გადაწყვიტოს. როცა წყალდიდობა არის, მართლაც გადადის წყალი და პატარა მანქანებს უჭირს ასვლა. პირუტყვიც თუ დარჩა იქით, შეიძლება სოფელში ვეღარ გადავიდეს. დაგეგმილია მაგის მოგვარება, რა თქმა უნდა… ბოლოს, ამაზე შარშან გამოზაფხულზე ვისაუბრეთ, მარტი-აპრილის თვეში”, – გვეუბნება გელა ტაბატაძე. 

სტატიის გამოქვეყნებამდე, ჭიათურის მერიის გამოცხადებული ტენდერები კიდევ ერთხელ შევამოწმეთ და ჯერჯერობით, ბერეთისას ხიდის სახელმწიფო შესყიდვა არსად ჩანს. 

რა პრობლემა დაგვხვდა მანდაეთში ? 

ამ სოფელშიც გზა და წყალი აწუხებთ. თუმცა, ბერეთისასგან განსხვავებით, წყალი არც ზაფხულში აქვთ, არც ზამთარში. ძირითადად, წყაროებით სარგებლობენ, მაგრამ თოვლში იქამდე მისვლაც რთულდება, განსაკუთრებით, მოხუცებისთვის. რომ ვიკითხეთ, სახლში ონკანები თუ აქვთ, სიცილნარევად გვიპასუხეს: “ონკანი რათ გვინდა კაცო, ბუტაფორია გავაკეთოთო?”

“წყაროებით ვწვალობთ… ერთი წყაროა და იქ ჩადის ხალხი, ჩემი სახლიდან 300-400 მეტრი იქნება, მარა იქ მისვლაც პრობლემურია, ისეთი ზამთარი იცის აქ. მიწაში ‘შლანგებიც’ არ ყრია, ‘ბასეინები’ არ არის და წყალს რა მოიყვანს? “, – გვეუბნება ადგილობრივი ანგინოზ მუმლაძე. 

“არც წყალი გვაქვს, არც გზა, არც ‘დენი’… არაფერი გვაქვს, თოვლის გარდა. ეს კი მოდის ბარაქიანად”, – გვითხრა გაბრიელ მუმლაძემ. 

[სოფელ მანდაეთის გზა, ფოტო: 2024 წლის 3 დეკემბერი ]

“დაცარიელდა აქაურობა, ძირითადად, მოხუცები არიან. მთავარი გზაც ცუდია, იმიტომ რომ ჯერ მანდაეთი გაკეთდა, მერე მეჩხეთური, გეზრული, ტყემლოვანა და ზედა სოფლები. ამ გზით სარგებლობდნენ და გააფუჭეს დიდმა მანქანებმა… თვითონ საფარიც არ იყო ნორმალური დაგებული, ძალიან თხელი იყო”, – გვეუბნება დავით მაჭარაშვილი.

მანდაეთში ჭიათურის მერის წარმომადგენელი იოსებ ნოზაძეა. მასთან მოვიკითხეთ, რა პასუხი აქვთ მოსახლეობის ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე და როდის მოუგვარებენ.

“ყველა სოფლის მიმართულებით გვაქვს[დაგეგმილი] მობეტონება ცენტრალური გზების. წყლის პრობლემა გვაქვს და მიდის რეაბილიტაცია. წელს დავიწყეთ და გაისად უნდა დამთავრდეს. ამ პროექტში მანდაეთი შედის, მაგრამ ყველა სოფლისთვის გვაქვს მიწოდებული ტუმბო-ნასოსები, ‘შლანგები’ და არც ერთი სოფელი არ გვყავს დატოვებული უყურადღებოდ”, – გვითხრა ნოზაძემ. 

ჭიათურის მერიას, ჯერჯერობით, არც მანდაეთის წყლის და გზის გასაკეთებელი ტენდერი გამოუცხადებია. ბუნებრივია, მათ ნაბიჯებს მომავალშიც დავაკვირდებით, შეისმენენ თუ არა ხალხის მოთხოვნას და 21-ე საუკუნეში წყალს და გზას სანატრელს აღარ გახდიან. 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარები
Total
0
Shares
Next
აქამდე უცნობი დეტალები გელათის კონსტრუქციის გარშემო 
imereti 09

აქამდე უცნობი დეტალები გელათის კონსტრუქციის გარშემო 

რა ვიცით აქამდე გაუხმაურებელ კომპანიაზე, რომელიც ტაძრის ხარაჩოებს აწყობს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share