fbpx
imereti 09

აქამდე უცნობი დეტალები გელათის კონსტრუქციის გარშემო 

ავტორი: თამუნა ქიმაძე

30 იანვარს გელათში ავედი, ვიფიქრე, კიდევ ერთხელ დავხედავ, რა მდგომარეობაშია ძეგლი, ხომ არაფერს აკეთებენ ან ვიზიტორებისთვის ჭიშკარი ხომ არ გაუხსნიათ-მეთქი. ასე, შემთხვევით დავადგინე, რომ გელათში სამუშაოები განახლებულა. მონასტრის ეზოში მუშები დამხვდნენ, ხარაჩოებს მანქანაზე ალაგებდნენ და ადგილს უნაცვლებდნენ. 

მათგან გავიგე, რომ თურმე მალე დაიწყებენ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის შეფუთვას, მერე გერმანელებიც ჩამოვლენ და გუმბათიც გადაიხურებაო. ტაძრის გარეთ, სამკაულებით მოვაჭრე ქალმა კი მითხრა, ესენი ორ დღეზე მეტია მუშაობენ, მხატვრობის ჯგუფიც ადგილზეაო. 

ვცადე, რომ ადგილზევე გამერკვია, რომელი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ და კონსტრუქციის ხარაჩოზე მომუშავეებს ქვემოდან ვუქნევდი ხელს, იქნებ, ყურადღება მომაქციონ და გამომელაპარაკონ-თქო. ერთ-ერთმა შემიმჩნია და ასევე ხელის დაქნევით მომესალმა, მაგრამ რომ ვკითხე, საიდან ხართ-თქო, თავიდან მომიშორა – “არ მესმის შენი ხმაო”. არადა, იმავე დისტანციაზე მე მისი მშვენივრად მესმოდა.

ალბათ, სხვისი თვალით, სასაცილო სცენა იყო, ჟურნალისტი რომ ხარაჩოზე ასულ მუშას უსვამდა კითხვებს, თუმცა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა სხვა გზა არ დაგვიტოვა.

თავის ვალდებულებას რომ პირნათლად ასრულებდნენ, ვებგვერდიდან უნდა გვატყობინებდნენ, ვინ, როდის რას აკეთებს გელათში. თუმცა, ასე არ ხდება.

signal 2025 02 03 145018 002 edited
გელათის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის
კონსტრუქცია, ფოტო: 20 იანვარი

ისიც კი დაგვიმალეს, რომ კონსტრუქციისთვის ხარაჩოების მოწყობაში გერმანელებთან ერთად მესამე კომპანია “ქონსთრაქშენ სერვისი” მონაწილეობდა. ეს ინფორმაცია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ იუნესკოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში ვიპოვეთ.

2023 წელს,როცა საპატრიარქომ მონასტრის რეაბილიტაცია გადაიბარა, დაგვპირდნენ, არაფერს დავმალავთო. 

“კომიტეტი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობაზე. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნება ინტერნეტ პლატფორმა, სადაც დეტალურად გაშუქდება გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი და ითანამშრომლებს მედია საშუალებებთან” – ვკითხულობთ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის დებულებაში. 

ეს ტექსტი ტექსტად დარჩა. კომიტეტი არც ინტერვიუზე გვთანხმდება, არც საჯარო ინფორმაციის სახით გაგზავნილ წერილებზე გვპასუხობს სრულყოფილადდა უფრო მეტიც – ჩვენთან კომუნიკაციის უფლებას მოწვეულ სპეციალისტებსაც არ აძლევს. ასე მოიქცნენ ბრიტანელი ექსპერტების, ლიზა შეკედესა და სტივენ რიკერბის შემთხვევაშიც და “ლეიერთანაც”. 

როგორც თვითონ აწყობთ, ისე ამუშავებენ ოფიციალურ პლატფორმას gelatirehabilitation.ge,რომელიც, წესით, დოკუმენტების ორგანიზებულად თავმოყრისთვის შეიქმნა.

აქ ბოლო ორ წელში ასეულობით დოკუმენტი აქვთ ატვირთული, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, მათ შორის, განსაკუთრებით კრიტიკულ დასკვნებს ვერ იპოვით.

signal 2025 02 03 145018 007
მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის კონსტრუქცია, ფოტო: 20 იანვარი

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ჩვენს სტატიებს არ ეთანხმება ხოლმე და უარყოფს, რომ მათი საქმიანობა ბურუსითაა მოცული. ამის დასამტკიცებლად, ერთ უცნობ ამბავს მოგიყვებით.

გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მხოლოდ გერმანული კომპანიები არ არიან ჩართულნი. “ლეიერის” და “ქუადრექსის” გარდა ამ საქმეში მონაწილეობს “ქონსთრაქშენ სერვისიც”, რომელმაც ტაძრის შიდა ხარაჩოები ააწყო, თუმცა ინტერიერში მისი მონტაჟი ჯერ დასრულებული არ აქვს.

ამ კომპანიის სახელი საპატრიარქოს და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ჯერ არსად უხსენებია. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, რომელიც ამ პროცესებს მეორე წელია უძღვება, ყველა საჯარო განცხადებაში გერმანელებს ახსენებდა. 

15 ნოემბერს კომიტეტის მიერ იუნესკოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში ამოვიკითხეთ, რომ ფოლადის კონსტრუქცია “ქონსთრაქშენ სერვისმა” დაამზადა. 

…ფოლადისოვალური სტრუქტურა აწარმოა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა და რეპუტაციულმა კომპანიამ საქართველოში – ‘ქონსთრაქშენ სერვისმა’ ”,-ვკითხულობთ იუნესკოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში.

Screenshot 2025 02 03 at 11.56.53 1

 იმისთვის, რომ გაგვეგო, კონკრეტულად რას აკეთებს ეს კომპანია გელათში, დავუკავშირდით მის დირექტორ გიორგი გაბუნიას და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ დაქირავებულ მთავარ არქიტექტორ ვახტანგ ზესაშვილს. მათი პასუხები კი ერთმანეთისგან აცდენილი იყო.

კომპანიამ გვითხრა, რომ ხარაჩოები ტაძრის ინტერიერში განსათავსებლად დაამზადეს და მომავალში უნდა ააწყონ. ზესაშვილს “ქონსთრაქშენ სერვისის” შესრულებულ საქმეზე რომ ვკითხეთ, გვითხრა, მე არ ვარ ჩართული მშენებლობის მართვის პროცესში და კომპანიების სახელები კარგად არ ვიციო. მხოლოდ ზოგადად გვიპასუხა, დროებითი გადახურვის კონსტრუქციის რომელი მასალა რომელ ქვეყანაშია დამზადებული.

“ ‘ლეიერი’ არის მწარმოებელი მასალის, (ამ პროექტის ფარგლებში მოუწია რამდენიმე არასტანდარტული დეტალის დამზადება) ამ სისტემების… ეს გადახურვა გაკეთდა მისი მასალით, ასევე ჩართული იყო რუსთავის რკინის ქარხნები ისეთ ნაწილებზე, რაც მაგალითად გერმანიიდან ვერ ჩამოვიდოდა ან ლეიერი არ ამზადებს. (მაგალითად, პროექტში საჭირო იყო ორტესები, შიდა ხარაჩო, პლატფორმა, რაზეც უნდა მოეწყოს გუმბათის ხარაჩო). კი ბატონო,‘ლეიერის’ მასალას აწყობდა ‘ქუადრექსი’, რადგან აქ ვერ ვიპოვეთ ამ ხარაჩოს ამწყობი სპეციალისტები… ტაძარი მთლიანად არის გადახურული [გულისხმობს დროებითი გადახურვის კონსტრუქციას] ‘ლეიერის’ მასალით, სხვა არც ერთი კომპანიის მასალა არ არის გამოყენებული. ეს [დროებითი გადახურვის] სტრუქტურა ეყრდნობა ნაწილი მიწაზე, ნაწილი რკინის კოჭებზე და კონსტრუქციებზე, რომელიც არის დამზადებული რუსთავში [ქონსთრაქშენ სერვისის საწარმოც რუსთავშია] და თუ არ ვცდები, რკინა თვითონ თურქეთშია შეძენილი”, – გვიხსნის ვახტანგ ზესაშვილი. 

“ქონსთრაქშენ სერვისის” დირექტორმა კი გვითხრა: “ქვეკონტრაქტორი ვარ იმ კომპანიის, რომელიც რასაც აკეთებს ზუსტად არ ვიცი… [სავარაუდოდ, გულისხმობს ‘ლეიერს’, მაგრამ სახელი არ იცოდა] გავუკეთეთ შიდა, ლითონის კონსტრუქციის სპეციალური ოვალური ხარაჩო, მაგრამ როგორც ვიცით, იუნესკოს გამო რაღაც დეტალი იყო შესათანახმებელი, ამიტომ სამუშაო სრულად დასრულებული არ არის. ველოდებით ოფიციალურ მოწვევას გაგრძელებაზე. …ახლაც ვდგავართ და ველოდებით იუნესკოს გადაწყვეტილებას. დამზადება დასრულებულია დიდი ხანია, უბრალოდ, მონტაჟი არ არის დასრულებული. ერთ თვემდე იქნება, რაც გაჩერებული ვართ ”, – გვითხრა გიორგი გაბუნიამ. 

signal 2025 02 03 145018 013
გელათში მიმდინარე სამუშაოები, 30 იანვარს

გელათის რეაბილიტაციის პროცესში ერთგვარ ნორმად იქცა ბუნდოვანება და ქაოსი. სწორედ პასუხისმგებელი პირების ზერელე დამოკიდებულებამ და სამუშაოების არათანმიმდევრულმა დაგეგმვამ მიიყვანა ძეგლი კრიტიკულ მდგომარეობამდე.  ფაქტია, სტილი დღესაც უცვლელია და გელათის გადარჩენაში ჩართული მხარეები კვლავ გულგრილად უდგებიან საქმეს.

მთავარმა არქიტექტორმა ხარაჩოების ამწყობი კომპანიის სახელი არ იცის, ხოლო თავად ამ კომპანიას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, ვისი ქვეკონტრაქტორია. ანუ, არ იცის, რომ ‘ლეიერთან’ თანამშრომლობს. იცის მხოლოდ ის, რომ “იშვიათად მოწესრიგებული კომპანიაა”.

ვცადეთ, ჩვენით გაგვეხსენებინა და ვკითხეთ, ალბათ, ‘ლეიერთან’ მუშაობთ, ხომ-თქო?

“არ ვიცი, დირექტორი ვარ ახლა და არ მახსოვს, მაგნაირი კონტრაქტი მაქვს ყოველდღე ათი ცალი”, – ასე იმართლა თავი გიორგი გაბუნიამ.

მის ნათქვამში ჩანს, რომ გელათზე მუშაობას განსაკუთრებულ და საფრთხილო საქმედ არ მიიჩნევს. ისიც ბუნებრივია, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაო კონტრაქტებსაც ყოველდღე ვერ მოაწერდა ხელს. 

რა ვიცით “ქონსთრაქშენ სერვისზე”? 

სამშენებლო კომპანია შპს “ქონასთრაქშენ სერვისი” საჯარო რეესტრში 2012 წელს დარეგისტრიდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სამონტაჟო სამუშაოები. 2015 წლიდან ტენდერებშიც მონაწილეობს და 2015-2024წლებში ჯამში 126 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. 

კომპანიას გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს, მეწილეები კი არიან:  გიორგი გაბუნია – 55%; შპს“ქისთოუნ ქონსთრაქშენი” – 40%;თამაზ ცვარიანი – 5%.

სამი მფლობელიდან ორის კვალს “ქართულ ოცნებამდე” მივყავართ. გიორგი გაბუნიამ 2016 წელს მმართველ პარტიას 59 ათასი ლარი შესწირა. 

signal 2025 02 03 162205 002 edited
მთავარი ტაძრის ის ნაწილი, სადაც “ქონსთრაქშენ სერვისმა” ხარაჩოები უნდა მოაწყოს. აქსონომეტრიული ნახაზი გელათის ღვთისმშობლის ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტიდან

რაც შეეხება შპს“ქისთოუნ ქონსთრაქშენს”, ეს კომპანია “ქართულ ოცნებასაც” უკავშირდება და რუსეთსაც. აი, როგორ:

კომპანიის 75-პროცენტიან წილს ფლობს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე, პეტერბურგელი ბიზნესმენი თემურ ანჩაბაძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ანჩაბაძე რუსეთში logistics and construction of european gas pipelines (lseg) ფლობს, რომელიც “გაზპრომის” სტრატეგიული პარტნიორია. lseg ე.წ სამხრეთის დინების ნავთობსადენის მშენებლობაშიც იყო ჩართული. 

კომპანიის 12,5-პროცენტიან წილს ფლობს გიორგი პერტაია, რომელიც საქართველოს სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრია.

ბუნებრივია, “აი, ფაქტი” თვალს მიადევნებს გელათის რეაბილიტაციის პროცესს და უახლოეს მომავალში, კიდევ მოგითხრობთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

რადგან არქიტექტორმა ზესაშვილმა დეტალებში ვერ გაგვარკვია, ჩვენ შევეცდებით კომუნიკაცია დავამყაროთ კომიტეტთანაც და ყველა ბუნდოვანი საკითხი ავახსნევინოთ. ცხადია, ამ “ახლად გამოჩენილი” კომპანიის შესახებაც უფრო მეტ დეტალს მოგიყვებით. 

მასალის გამოყენების პირობები

მასალაში გამოყენებული წყაროები

კომენტარები
Total
0
Shares
თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share