71 წლის კლარა ონიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე გამოცხადებულ 15 ტენდერში გაიმარჯვა. ონიანი ლენტეხის მერიის სამშენებლო რეგულირების განყოფილების უფროსის, მაიზერ ლიპარტელიანის დედაა.
ონიანი ინდივიდუალურ მეწარმედ 2015 წლის აპრილში დარეგისტრირდა, შპს “არქი 4” კი 2016 წლის დეკემბერში დააფუძნა.
მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, ონიანის კომპანიას სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, საპროექტო დოკუმენტაციებისა და ხარჯთაღრიცხვების მომზადება ევალებოდა. 2015 წლიდან დღემდე კლარა ონიანმა ტენდერების მეშვეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 62,417 ლარი მიიღო. აქედან 9 შემთხვევაში ლენტეხის მუნიციპალიტეტმა ონიანი და მისი კომპანია პირდაპირი წესით (კონკურსის გარეშე) შეარჩია და ხელშეკრულება გაუფორმა. 6 შემთხვევაში კი ონიანი კონკურსში მონაწილეობდა. მის შესრულებულ სამუშაოს მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენლებისგან შექმნილი კომისია იბარებდა, რომლის წევრი ონიანის შვილი, მაიზერ ლიპარტელიანიც იყო.
ერთ-ერთი ბოლო ტენდერი, რომელიც კლარა ონიანის კომპანიამ თებერვალში მოიგო, ჯერ დასრულებული არ არის. ამჟამად შპს “არქი 4” სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოებს ლენტეხსა და მის შემოგარენში ასრულებს. ადგილზე ორმა მუშამ გვითხრა, რომ კლარა ონიანს როგორც მათ უფროსს, არ იცნობენ. ერთ-ერთმა – ოლეგ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ისინი კლარას შვილმა, მაიზერმა მოიყვანა აქ სამუშაოდ:
დედის კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი უშუალოდ შედის შვილის სამსახურებრივ პასუხისმგებლობაში, რადგან მაიზერ ლიპარტელიანი იმ კომისიის წევრი იყო, რომელიც ტენდერში გამარჯვებულის მიერ შესრულებულ სამუშაოებს ამოწმებდა და ოქმზე მისი ხელმოწერაც ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, ლიპარტელიანი დედამისის მიერ ტენდერებში გამარჯვებას ინტერესთა კონფლიქტად არ მიიჩნევს:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მკვლევარის, ლაშა სენაშვილის თქმით, როცა მუნიციპალიტეტის მთავრობაში დასაქმებულის ოჯახის წევრი იმარჯვებს ტენდერში, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირდაპირი შესყიდვის წესით აფორმებს მუნიციპალიტეტი მასთან ხელშეკრულებას, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მაღალი რისკია.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი (მე-8 მუხლი) ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევს შესყიდვებში მონაწილე ან მაკონტროლებელ საჯარო მოხელეებსა და პრეტენდენტებს შორის ნათესაურ კავშირს.
საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად (მე-1311 მუხლი) კი “თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვთ, ეკავოთ რაიმე თანამდებობა ან ასრულებდნენ რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება.”
ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი ამ შემთხვევას ჯერ ვერ მიიჩნევს ინტერესთა კონფლიქტის შემცველად:
გარდა ინტერესთა კონფლიქტისა, მეორე საკითხია, თუ რა ხარისხით ასრულებს კლარა ონიანის კომპანია მისთვის ბოლო და ყველაზე მაღალანაზღაურებადი (31,307 ლარი) ტენდერით დაკისრებულ მოვალეობას.
მაიზერ ლიპარტელიანმა განგვიცხადა, რომ ეს გზა ჯერ არ მოუხრეშავთ და რამდენიმე დღეში ყველაფერი მზად ექნებოდათ.
კომპანიას სამუშაოები 2018 წლის 18 მარტს უნდა დაესრულებინა. არადა, იქვე მყოფმა მუშებმა 3 აპრილს გვითხრეს, რომ სამუშაოებს ორ დღეში მორჩებოდნენ და ღობის ბეტონის ჩასხმის გარდა აღარაფერი ჰქონდათ გასაკეთებელი. მოგვიანებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დრო ლენტეხის მუნიციპალიტეტმა 30 აპრილამდე გადაწია. როგორც მაიზერ ლიპარტელიანმა გვთხოვა, 30 აპრილის შემდეგ აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხს კვლავ შევამოწმებთ.