სოფელ ბალიჭებში, საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვთან, რომელიც კომპანია RMG–მ შაბათს ააფეთქა, ყველაზე ახლოს მდგარი სახლი 600 მეტრითაა დაშორებული აფეთქების ადგილს. ამ სახლის პატრონი, მაყვალა გურამიშვილი, იხსენებს, რომ პირველი ძლიერი აფეთქება დილით გაიგეს და მობილურით გადაიღეს კიდეც მისმა შვილიშვილებმა, სანამ სკოლაში წავიდოდნენ.
„ისეთი აფეთქება იყო, თითქოს ბომბი დაუდეს ჩემს სახლს“.
საყდრისის მეორე აფეთქება რომ მოხდა, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, მაყვალა გურამიშვილის შვილიშვილები უკვე სკოლაში იყვნენ.
გურამიშვილი ამბობს, რომ ოჯახი კომპანიას წინასწარ არ გაუფრთხილებია, რომ ასე ახლოს, მძლავრი აფეთქება მოხდებოდა.
„ისეთი აფეთქება იყო, რომ ჭერიდან ჭაღი ჩამოვარდა,“ – ამბობს ნელი ბერიძე, სოფელ ბალიჭებში მცხოვრები. მისი სახლი უფრო შორსაა აფეთქების ადგილიდან, ვიდრე მაყვალა გურამიშვილის სახლი.
იგივეს ამბობენ ბორცვთან ყველაზე ახლოს მცხოვრები სხვა ოჯახები.
სოფელი ბალიჭები საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია. მოსახლეობა ამბობს, რომ საყდრისის აფეთქება პირველად 13 დეკემბერს, დილით, დაალოებით 9–დან 10 საათამდე შუალედში, გაიგეს. მათივე თქმით, დაახლოებით ერთ საათში, მეორე აფეთქებაც მოხდა. შემდეგ კი, აფეთქება არ მომხდარა.
ამჟამად, საყდრის-ყაჩაღიანის ბორცვზე ბულდოზერები მუშაობენ.
სანამ მსხვილმასშტაბიანი აფეთქება მოხდება, დასახლებულ პუნქტთან ახლოს, მოსახლეობისთვის შეტყობინების რა სისტემა აქვს კომპანიას? თუ დადგინდა, რომ არის კავშირი სახლების დაზიანებასა და კომპანიის აფეთქებით საქმიანობას შორის, იგეგმება თუ არა, რამე სახით, კომპენსირება?
ნატალი ნოზაძე, კომპანია RMG-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, დაგვპირდა კითხვებზე პასუხის გაცემას.